ვიცე-კანცლერის იმერული ცხოვრება

გააზიარე:

ავტორი: ლია ხარაიძე

 

ნათქვამია ,,ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო“ მაგრამ, აგერ უკვე ორ ასწლეულზე მეტია XVIII-XIX ს.ს-ების ბობოქარი ისტორიული მოვლენების კვალი დღესაც ვნებათაღელვას იწვევს და ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემის საშუალებას კითხვაზე – რომელი იქნებოდა ქვეყნის გადარჩენისთვის ყველაზე კარგი გზა, არ იძლევა. ეს იმიტომ, რომ სამ იმპერიას შორის მოქცეული პატარა, დაშლილი და ერთმანეთს წაკიდებული ქვეყანა ურთულესი პოლიტიკური ქარბორბლის შუაგულში მოექცა. ამ ბრძოლას ჰყავდა გმირები და ანტიგმირები. ჩვენი სტატიის გმირი, სოლომონ ლიონიძე უდავოდ პირველთა შორისაა.

სოლომონ ლიონიძეზე საუბრისას განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ იგი იყო უზომოდ განათლებული, თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული და ერთგულებით გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე. ,,… დიპლომატი და საყოველთაოდ აღიარებული ბრძენი კაცი. სოლომონი დაწინაურდა არა მარტო, როგორც სწორუპოვარი ნიჭის მქონე პიროვნება, არამედ როგორც სამშობლოსათვის თავდადებული ლომგული მეომარი“. (მ.დუმბაძე – ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები“). მამამისი, ანდრია, ერეკლე II-ის კარის მოძღვარი იყო, რაც სოლომონს გზას უხსნიდა განათლება ბატონიშვილებთან ერთად მიეღო სამეფო კარზე. XVIII ს-ის მეორე ნახევარმა ღრმა კვალი დაატყო იმჟამინდელ ქართულ კულტურას განვითარების თვალსაზრისით. სოლომონი ფლობდა, როგორც აღმოსავლურ ენებს, ისე რუსულს. მისი დიპლომატიური უნარები კი მტერსაც აღაფრთოვანებდა. ,,კარგად იცნობდა საბერძნეთ-რომის ისტორიასა და ლიტერატურას, ბერძენ ფილოსოფოსთა ნაშრომებს.“

სოლომონი ყველაზე დიდ პრობლემად ქვეყნის დაქსაქსულობასა და ურთიერთდაპირისპირებას მიიჩნევდა. მის თავგამოდებულ მცდელობას მეფე-მთავართა ერთმანეთთან დასაკავშირებლად და ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შესაქმნელად, პლატონ იოსელიანი (XIXს-ის ისტორიკოსი) ასე აფასებს: ,,თვით სოლომონ ლეონიძე მისრული კართა ზედა იმერთა მეფისა და მთავართა დადიანისა გრიგორისა და გურიელისა სვიმონისა, მრავლად დაშვრა, რათა მოეყვანა ერობასა მტკიცესა ერთნათესაობა ქართველთა, მეცადინეობა შინაკავშირთა გაეუქმებინა გარეკავშირი.“ ლიონიძის თავგამოდებული მცდელობით მომზადდა ,,ივერიელ მეფე-მთავართა ტრაქტატი“. დიდი მამულიშვილის თავგანწირული მცდელობა და ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის ზედმიწევნით აქვს აღწერილი პლატონ იოსელიანს. ტრაქტატის მუხლობრივად განხილვას აქ ვერ შევუდგებით, მხოლოდ მეოთხე მუხლის ამონარიდს შემოგთავაზებთ, რომელშიც კარგად ჩანს დოკუმენტის სულისკვეთება: ,,უკეთუ აღდგეს მტერი თქვენზედა …სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისამებრ მზა ვიყო შემწედ თქვენდა“. აქვე განიხილავს რა ტრაქტატს, პლატონ იოსელიანი დასძენს ,,ერი დაცული გარეთითა უცხოთა ნათესავთაგან მფარველობით, არის მარადის დამდაბლებული…“ (პლატონ იოსელიანი -,,ცხოვრება გიორგიXIII-სა) ზემოთ ნახსენები ტრაქტატი საინტერესოა არამარტო როგორც პოლიტიკური აქტი, არამედ მჭევრმეტყველებისა და დიპლომატიური აზროვნების საუკეთესო ნიმუში.

სოლომონ ლიონიძის, როგორც ერეკლე მეფის მსაჯულს ასე თუ ისე კარგად იცნობს საზოგადოება, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავისი უკვდავი პოემის ,,ბედი ქართლისას“ გმირად აქცია. შედარებით უცნობია ამ დიდი მამულიშვილის იმერული ცხოვრება, რომელიც მას შემდეგ იწყება, რაც დარეჯან დედოფლისა და გიორგი XIII-ის დაპირისპირების შემდეგ, ლიონიძე დაიჭირეს. დავით ბატონიშვილის ჩარევითა და სოლომონის მოღვაწეობის გათვალისწინებით იგი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ლიონიძემ იმერეთის სამეფოს მიაშურა. იმერეთის მეფე სოლომონ II, ერეკლე II-ის შვილიშვილი თელავში იზრდებოდა და ორი სოლომონის ურთიერთობა ჯერ კიდევ ადრეულ წლებში, თელავის სამეფო კარზე დაიწყო. მტრებით გარშემორტყმულმა მეფემ ლიონიძე დიდი სიხარულით მიიღო. მართლაც, ასეთი ერთგული, განათლებული და თავდადებული პიროვნების გვერდით ყოლა ნამდვილი ღვთის წყალობა იყო მტრებით გარშემორტყმული მეფისათვის. მეფემ ლიონიძეს მამულები უბოძა კაცხსა და ბარაკონში. კაცხის მამული მიწის გარდა მოიცავდა სასახლესა და XIს-ის ბაღვაშთა ფეოდალური სახლის (შემდეგ აბაშიძეების) კარის ეკლესიას. სამწუხაროდ დიდ მამულიშვილს კაცხში მშვიდი ცხოვრება ვერ ეღირსა ან როგორ შეიძლებოდა მშვიდად ეცხოვრა, როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ვინ იცის უკვე მერამდენედ, წყდებოდა. სოლომონ II-მ და სოლომონ ლიონიძემ ხელშეკრულების პირობები მოამზადეს და 1803 წლის აგვისტოში იმერეთის დარბაზი პეტერბურგში აგზავნის ელჩის რწმუნებით. მიუხედავად იმისა, რომ ლიონიძეს როგორც გამორჩეულ დიპლომატს პატივს სცემდნენ, პეტერბურგში მას ცივად შეხვდნენ. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ქართველი ფეოდალები ცალ-ცალკე უპირობო მორჩილებას უცხადებდნენ ცარიზმს, რაც ბევრად უფრო მომგებიანი იყო რუსეთისთვის. ასე რომ მეფისა და მისი ვეზირის მცდელობა რუსეთთან ისეთი ხელშეკრულება გაეფორმებინათ, სადაც იურიდიულად მაინც იქნებოდა გათვალისწინებული სამეფოს ინტერესები და შენარჩუნებული ქართული წეს-წყობილება მარცხით დასრულდა. ამის შემდეგ იწყება სოლომონ II-ისა და მისი მცირერიცხოვანი ერთგული ჯგუფის თავგანწირული ბრძოლა. რადგანაც ეს არ გახლავთ სამეცნიერო ნაშრომი აღარ განვიხილავთ სიღრმისეულად 1910 წლამდე მიმდინარე მოვლენებს. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს მაგალითზე იმერეთისთვის ცხადი გახდა რუსეთის ინტერესები. სოლომონ მეფემ სცადა საერთაშორისო მდგომარეობა, ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ტრაპიზონს შეფარებული მეფე, სოლომონის ვაჟს, იოანე ლიონიძის ხელით წერილს უგზავნის ჯერ სულთანს, მისი დახმარებით კი ნაპოლეონს. არც აქ გაუმართლათ ქართველთ. ნაპოლეონი დამარცხდა. მართალია ოსმალეთში დიდი პატივით მიიღეს სოლომონი, მითუმეტეს რომ ტრაპიზონის ფაშა ქართული წარმომავლობის იყო მაგრამ, სოლომონისათვის იმთავითვე ცხადი იყო რომ ამ პატივს ოსმალთა იმპერიის კავკასიური ინტერესები განაპირობებდა.

უკვე ღრმად მოხუცებული სოლომონ ლიონიძე ახალციხეში დარჩა. იგი კათოლიკე ბერმა პადრე ნიკოლა ბაინდურაშვილმა შეიფარა. (ამ დროს ახალციხის საფაშოში მართლმადიდებლური ტაძრები არ იყო) 1810 წელს ახალციხეში შავი ჭირი მძვინვარებდა, რომელმაც დიდძალი ხალხი შეიწირა. მათ შორის სოლომონ ლიონიძეც. დაკრძალულია ახალციხის კათოლიკური ტაძრის ეზოში. ისტორიკოსი რეზო ანდღულაძე სინანულით ამბობს – მართლმადიდებელი მოძღვრის შვილი, კათოლიკური ტაძრის ეზოში განისვენებსო, რომლის საფლავსაც კათოლიკე მონაზვნები შეამკობენო. მართალია სოლომონს არ დაცალდა კაცხში ცხოვრება, მაგრამ მისი ვაჟი იოანე, სოლომონ მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამ დროისათვის რუსეთს უკვე დასრულებული ჰქონდა საქართველოს მიერთებაც და სახელმწიფოებრივი მოწყობაც. ბუნებრივია მეამბოხე მამისა და მეფის ერთგულ პირს დიდი პატივით არ შეხვედრიან. იოანე კაცხში დამკვიდრდა და იქ გააგრძელეს ცხოვრება მან და მისმა შთამომავლებმა. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა პერიოდში სოლომონის სასახლე სკოლას გადაეცა. კიდევ ერთხელ მოუწიათ ლეონიძის შთამომავლებს საცხოვრებელო ადგილის შეცვლა და ზესტაფონში დასახლება. კაცხის მაცხოვრის შობის ტაძარი კი ბაღვაშებთან და აბაშიძეებთან ერთად მათ საგვარეულო საძვალედ იქცა.