ავტორი: მარიამ მებუკე
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის კულტურულ მიმართულებაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მოდაც, როგორც საზოგადოების კულტურული მოწყობისა ერთ-ერთი ინდიკატორი. ქუთაისური მოდა ამ ისტორიაში საკმაოდ დიდ და საინტერესო ადგილს იკავებს.
აბრეშუმის, როგორც ქსოვილის, წარმოებაც საქართველოში მე-19 საუკუნის ქუთაისთანაა დაკავშირებული. 1889 წელს ქუთაისის იმდროინდელ გუბერნიაში, ჩვენი ქვეყნის პირობებში ყველაზე ადრე, ორი პატარა ძაფსახვევი ფაბრიკა ფუნქციონირებდა და ამავე სახელით („ძაფსახვევი ქარხანა“) იყო ცნობილი. აბრეშუმის ქსოვილსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ქუთაისში ამზადებდნენ და საქართველოში არსებულ ბაზრობებზე ჰყიდდნენ. იმდროინდელი აქაური პროდუქცია საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა, კერძოდ, მისი ღირებულება 75000 მანეთს შეადგენდა. მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის პირველ წლებში ქართველი დიდებულები ჯერ კიდევ ტრადიციულ სამოსს ატარებდნენ, რაც არაა გასაკვირი, რადგან ინდუსტრიალიზაცია ამ პერიოდის შემდეგ იწყება და ამასთან, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ ბევრი რამ შეცვალა კულტურული თვალსაზრისით. მაგალითად, მე-19 საუკუნეში ბრიტანელი მოგზაური რობერტ კერ პორტერი თავის წიგნში „მოგზაურობა საქართველოში, ირანში, სომხეთსა და ახლო აღმოსავლეთში 1817, 1818, 1819 და 1820 წლებში“ ქართველი ქალების ჩაცმულობასა და გარეგნობას აღწერს. ამ ვრცელ მოგზაურობის დღიურში ნათქვამია: ქართველი ქალბატონების კაბები სრული პროპორციებით გამოირჩევა, სიმძიმისა და ორნამენტების თვალსაზრისით… შუბლის გარშემო შემოხვეული აქვს ბანდო, რომელიც მდიდრულადაა მორთული ბრილიანტებითა და სხვა ძვირფასი ქვებით. სახე შეღებილი აქვთ, მხოლოდ დიდი, მუქი თვალები გამოხატავს მსუბუქ ბზინვარებას. აბრეშუმის ქსოვილი ბანდოზეა ჩამოკიდებული და მხრებიდან ზურგამდე ეშვება. ამგვარი ჩაცმულობა ფარავდა ქალის კისერს, რადგან ქსოვილი ნიკაპის ქვემოთ იყო ჩამოშვებული და ამდენად, როგორც ილუსტრაციაზე აქვს ნაჩვენები მოგზაურს, ქალს ნაკლებად ჰქონდა გამოკვეთილი სხეულის, ასევე სახის ნაწილები.
სტატიაზე მუშაობისას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ დაცულ ერთ საინტერესო კარიკატურას წავაწყდი, რომელიც 1910 წლით თარიღდება. ახალი „მოდა“ ასე ჰქვია შარჟს, რომელიც „სახალხო გაზეთში“ დაიბეჭდა. მასზე გამოსახულია ვაჭარი მამაკაცი, თავზე შემოდგმული გობითა და ხელში კალათით, რომელშიც ასევე გასაყიდი ხილი აქვს, ხოლო წინ მიუძღვება ქალი, ტანზე გამოყვანილი კაბით, დიდი შლიაპითა და იმავე ფორმის ხელჩანთით, როგორი კალათაც ვაჭარს უჭირავს. სტატიას ზედმეტად ინტერესიანი მკითხველისთვის ბოლოს ამ კარიკატურასაც დავურთავ.
მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან მოდაში შემოდის მარაო, როგორც აქსესუარი. მასზე ძირითადად ანტიკური მითოლოგიიდან სცენები იყო გამოსახული. ერთ-ერთ წყაროში აღნიშნულია, რომ დიდგვაროვანი ქალები წვეულებებზე სწორედ ამ აქსესუარით ჩნდებოდნენ და ხშირად კაბის ფერს უხამებდნენ თეთს ან სპილოსძვლისფერ მარაოებს. ამერიკიდან ევროპაში იმპორტირებულმა მარაოებმა ქართულ მოდაშიც დაიმკვიდრა ადგილი. შემონახულია იმერელი ქალის გამოსახულებაც, რომელსაც მორგებული აქვს წელში გამოყვანილი კაბა ბეწვთან ერთად, ხელში კი სწორედ მარაო უჭირავს. უფრო გვიანი პერიოდიდან მკვიდრდება ხელთათმანის გამოყენებაც. არსებობს მარო მაყაშვილის ფოტო, რომელზეც ის მაქმანებიანი ხელთათმანებითაა წარმოდგენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქსოვილის წარმოების მიმართულების განვითარება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ზოგადად მოდის განვითარებისთვის, რადგან იმდროინდელ საქართველოში ქსოვილის იმპორტი არც ისე მარტივი საქმე უნდა ყოფილიყო, ამასთან, მნიშვნელოვანი იყო ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებიც ევროპულ ტენდენციებსა და მოდას ქალაქში, ამდენად ქვეყანაში გაავრცელებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმე, სხვებთან ერთად, ორმა ქალმა – აგრაფინა ჯაფარიძემ (შემდგომში გრაფინია ფონ ზარნეკაუ) და მერი შერვაშიძემ (კოკო შანელის მოდელი და ცნობილი, როგორც გალატიონის მუზა) – იტვირთა.
თავდაპირველად აგრაფინა ჯაფარიძეზე, წარმოშობით რაჭველ და ქუთაისში მცხოვრებ იმ ქალზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ცნობილი სახუმარო ტაეპი „აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო“ ეძღვნება. მისი ჩაცმის სტილი კონტრასტშია იმ სტილთან, რომელიც მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოში არსებობდა და ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ემანსიპირებული ქალის დახვეწილ ჩაცმულობასა და ევროპულ ტენდენციებს ასახავდა, კერძოდ, მაქმანებით გაფორმებული კაბები, რომლებიც გულ-მკერდს არ ფარავდა, სამკაულები, რომლებიც ამ ჩაცმულობას დამატებით ელფერს სძენდა. 1903 წელს, ნიკოლოზ მეორის მმართველობის დროს, ზამთრის სასახლეში გამართულ ბალის წვეულებაზე სტუმართა შორის გრაფინია ფონ ზარნეკაუც ყოფილა. შემორჩენილია მისი ფოტო, რომელზეც ის წარმოდგენილია თემატიკის შესაბამისად – მე-17 საუკუნის რუსული არისტოკრატიისათვის დამახასიათებელი ჩაცმის სტილით, რაც მის სტილს არსებითად არ მიემართება. მისი ამდროინდელი კოსტიუმი, გადატვირთულობის მიუხედავად, მაინც საკმაოდ დახვეწილია. აგრაფინა ჯაფარიძე საზოგადოების იმ ნაწილის წარმომადგენელი იყო, რომელსაც ჰქონდათ ფუფუნება, შეერჩია და ეტარებინა მისთვის სასურველი ტანისამოსი. შესაბამისად, უფრო აქტიურად ევროპული მოდის გავრცელება შემდგომ წლებს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისს, მერი შერვაშიძის ეპოქას უკავშირდება, რადგან ამ პერიოდიდან ქართული საზოგადოების ევროპეიზაციის პროცესი კულტურაში უფრო კარგად აისახება და არა მხოლოდ მოდასთან, ევროპულ პოეზიასთან, ცხოვრების სტილთან და იდეებთანაა დაკავშირებული. როგორც უკვე ვთქვით, მერი შერვაშიძე კოკო შანელის მოდელი იყო, ამდენად ფრანგული მოდის სიახლეებს მალევე ეზიარებოდა. ცნობილია, რომ სწორედ მერი შერვაშიძე იყო პირველი, ვინც პოდიუმზე მარგალიტის მძივით გამოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სამკაული მის სავიზიტო ბარათად იქცა და კოკო შანელმა მოდაშიც დაამკვიდრა. მისი ჩაცმის სტილიც, ისევე, როგორც აგრაფინა ჯაფარიძის, იმ დროისთვის საკმაოდ თამამი დეტალებით ხასიათდება. წელში გამოყვანილი სამოსი მე-19 საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში საკმაოდ აქტუალური იყო. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, კაბები, რომლებსაც განიერი ქვედატანი ჰქონდათ, მოდიდან გადავარდა და ახლა უკვე ტანზე გამოყვანილი, ე.წ. „შლეიფიანი“ კაბები იკერებოდა. მერი შერვაშიძის ყველაზე ცნობილი კაბაც სწორედ ამ სტილისაა და ყვავილის ფორმის მაქმანებითაა გაფორმებული. კორსეტიც ამ დროიდან ხდება აქტუალური, თუმცა, ძირითადად, არისტოკრატიულ წრეში. ქალების მიერ თავსაბურავის მოხსნა და თმის მოკლედ შეჭრაც სწორედ აქედსან იწყება.
გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ სტატიაში ვახსენეთ, აღსანიშნავია ქუთაისელი ფერმწერის, პეტრე ოცხელისა და მისი მოდერნისტული მხატვრობის როლი მოდის განვითარებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოცხელი თეატრის კოსტიუმებს ქმნიდა, ამასთან, აღნიშნულ კოსტიუმებზე გავლენა ჰქონდა სხვადასხვა ევროპელი დიზაინერების შემოქმედებას. უნდა ითქვას, რომ მას სრულიად სხვა სიმაღლეზე აჰყავს მოდა იმ თვალსაზრისით, რომ მეტად თამამია, ეროტიკასა და ვნებას მის შემოქმედებაში დიდი როლი აქვს. ევროპული მოდის გავლენა აქაც აისახა. „ქართული მოდის ისტორიაში“ განხილულია ოცხელის მიერ შექმნილი ნატო ვაჩნაძის კოსტიუმი, რომელიც მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის მსოფლიო მოდის წარმომადგენლის, პარიზელი დიზაინერის, პოლ პუარეს ნამუშევარს ჰგავს.
სტატიის კითხვაში გართული მამაკაცი უსათუოდ დამძრახავს იმის გამო, რომ მამაკაცის მოდაზე ერთი სიტყვაც არ მიხსენებია. ამიტომ, სამართლიანად მივიჩნევ, ისიც აღვნიშნო. 1907 წელს გადაღებულ ფოტოზე, რომელზეც ქუთაისის ქართული დასის წევრი მამაკაცები არიან გამოსახული, ევროპული მოდის გავლენა აშკარად იგრძნობა. ისინი ძირითადად მუქი ფერის კოსტიუმებით გახლავთ წარმოდგენილნი, თეთრი პერანგი, ჰალსტუხი და ქუდი კი დამატებით ელეგანტურობას სძენს ამ ჩაცმულობას.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოდას, რომელიც ამ დროინდელ საქართველოში ვრცელდებოდა, ქუთაისური საზოგადოება არა მხოლოდ ფეხს უწყობდა, არამედ ხშირად თავად იყო გამორჩეული სტილისა და ხედვის შემომტანი. ამას, პირველ რიგში, სტატიაში განხილული ქალბატონები და პეტრე ოცხელი მოწმობენ. ქუთაისი დღევანდელ, თანამედროვე ტენდენციებსაც არ ჩამორჩება და პირიქით, ამ თვალსაზრისით, დღესაც ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. სადღაც წამიკითხავს, თანაც არაერთხელ, ბევრი ჩემი ნაცნობისგანაც მომისმენია, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებელს ნებისმიერ სივრცესა თუ ვითარებაში „ამხელს“ მისი გამორჩეული სტილი, ეს შეიძლება ჩვენი თავმომწონეობის ბრალია, თუმცა ასეც რომ იყოს, უარყოფით მახასიათებლად ვერ ჩაითვლება.
გამოყენებული ლიტერატურა:
ახალი “მოდა.” Image. 1910. In სახალხო გაზეთი. სურათებიანი დამატება, № 28. ცოტაცია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექცია.
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/155797
იმედაშვილი, იოსებ. “ბანდო” ქართულ ენათა ისტორიული ლექსიკონი.
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=86&t=3885.
კალანდია, გიორგი, შემდგ. ქართული მოდის ისტორია. თბილისი: ხელოვნების სასახლე.
უგულავა-ჯინჯიხაძე, მადინა. „აბრეშუმის მანუფაქტურული წარმოების ისტორიისთვის ქუთაისში.“ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, X (2019): 143–146.
Olga Kerziouk, “Documenting Georgian Costume in the 19th Century,” European Studies Blog, British Library, March 20, 2019, https://blogs.bl.uk/european/2019/03/documenting-georgian-costume-in-the-19th-century.html.
- ფრ. Bandeau, ქალის სამკაული რაიმე ქსოვილისაგან თავზე ან ტანსაცმელზე ↑