ავტორი: ლია ხარაიძე
ყველაზე სევდიანი, იდუმალი და თავისებურად მომხიბლავი ადგილი, რომელიც მრავალ ფიქრსა და მოგონებას ბადებს და თავისდაუნებურად ფილოსოფიური ფიქრებისთვის ნაყოფიერ გარემოს ქმნის.
საუკუნეების განმავლობაში ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ერთ-ერთი გამოხატულება საფლავის – ,,საუკუნო განსასვენებლის“ მოწყობაა. მემორიალური ძეგლები ,,დრო და ჟამის“ შესაფერად მუდმივად იცვლებოდნენ. რამდენი რამის მოთხრობა შეუძლიათ საფლავის ქვებს, როგორც პროფესიონალი მკვლევარებისათვის, ისე მოყვარული ან უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის. მემორიალური ძეგლებით არაერთი მკვლევარია დაინტერესებული, მაგრამ მათი ინტერესს წარმოადგენს ეპიტაფიები, როგორც წერილობითი წყარო. საფლავის ქვები და ძეგლები, როგორც ხელოვნების ნიმუში იშვიათად გამხდარა კვლევის საგანი. ჩვენ წერილს რა თქმა უნდა კვლევის, მითუმეტეს სამეცნიერო ნაშრომის პრეტენზია არ აქვს, გვინდა მხოლოდ იმერეთში გავრცელებული გამორჩეული მემორიალური ძეგლების ტიპები და XVIII-XIXს.ს-ის სტილი შემოგთავაზოთ.
მემორიალური ძეგლები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. საქართველოში როგორც ტაძრებზე, ისე საფლავის ქვებზე ვხვდებით ბარელიეფებს და დამახასიათებელი არ არის მრგვლოვანი ძეგლის კულტურა. ძეგლი მოგვიანებით ევროპული გავლენის შდეგია, რაც რუსეეთთან შეერთებას მოყვა.
საქართველოში საფლავის ტიპთაგან ყველაზე გავრცელებულია ქვის ლოდი, თუმცა, XVIII ს-დან ხშირად გვხვდება საფლავის ბალდაქ(ხ)ინები. ბალდაქინის ნიმუში და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მემორიალური ძეგლია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიის ნართექსში მდებარე იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ისა და დარეჯან დედოფლის ბალდაქინი. ძეგლი მათ სიცოცხლეში, მათივე დაკვეთით არის გაკეთებული. ამ ტიპის საფლავთაგან ძალიან საინტერესოა XIX ს-ის, უცნობი მამაკაცის ბალდაქინი, რომელიც ქუთაისში, არქიელის გორაზე, წმინდა გიორგის სახ. ტაძრის ეზოში მდებარეობს. ,,ის წარმოადგენს თლილი ქვით ნაგებ, აგურის სფერული კამარით გადახურულ, თაღოვან ფანჩატურს ოთხ დაწახნაღებულ სვეტზე. სვეტს სტილიზებული მოტივით შემკული კაპიტელები აქვს“. დეკორატიული მოტივით მორთვა დამახასიათებელია ბერძნული ხუროთმოძღვრებისთვის. გუმბათი, რომლითაც ბალდაქინი ბოლოვდება მორჩენილია მხოლოდ მართკუთხა საფუძვლის სახით. ბალდაქინის ქვეშ საკმაოდ მაღალი, მცენარეული ორნამენტით შემკული საფლავის ქვა დევს. თავდაპირველად ქვაში ჩასმული უნდა ყოფილიყო მარმარილოს ფირფიტა ეპიტაფიით. სავარაუდოდ საფლავი ბერძენი ქვითხუროების ნამუშევარია. კიდევ უფრო მეტად იწვევს ინტერესს ეს საფლავი, იმის გათვალისწინებით, რომ იგი იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის ბალდაქინთან ამჟღავნებს დიდ მსგავსებას. აქვე შეგახსენებთ რომ სოლომონ II 1815 წელს ტრაპიზონში გარდაიცვალა. იგი ტრაპიზონის, წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ეზოში განისვენებდა. ,,ეს იყო საკმაოდ მაღალი, გრანიტის კვარცხლბეკზე მდგარი, კვადრატული ფანჩატური ქვის ოთხი მრგავალი სვეტით. შიდა სივრცეს აგურის ცილინდრული კამარა ხურავდა.“ აქაც მცენარეული ორნამეტია გამოენებული მოსახატად. ერმილ ეფენდი საფლავის აღწერაში აღნიშნავს, რომ საფლავის წარწერა შესრულებულია ხუცურად, მხედრულად და ბერძნულად. გავრცელებული მოსაზრებით წარწერები მეფის მოძღვარს, იასე ყანჩაველს ეკუთვნის. რაც შეეხება არქიტექტურულ ტრადიციას სოლომონ II-ის საფლავის ძეგლი ენტონი ბრაიერის აზრით, ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშია, თუმცა იქვე ხაზს უსვამს ვერონასა და ბოლონიაში გავრცელებულ ტიპებთან მსგავსებას.
კიდევ ერთი ტიპი მემორიალური ძეგლებისა არის აკლდამა, რომლის ნიმუშად შიძლება განვიხილოთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ითხვისში, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოში მდებარე სიმონ აბდულიშვილის აკლდამა. დამუშავებული, თლილი ქვით მოპირკეთებული აკლდამის კარისთავზე გაკეთებული წარწერა გულგრილს არ ტოვებს გამვლელს: ,,უსაზღვრო სიყვარულისა და შურყეველი ერთგულებისა“.
მრგვლოვანი ქანდაკებების კულტურა საქართველოში XIXს-დან იკიდებს ფეხს. ,,იშვიათ იკონოგრაფიულ სახეებს შორის უნდა გამოვყოთ ორი ნიმუში-ერთი ეს არის ბორჯომში…მარმარილოს ფეხზე მდგომი ქრისტეს ქანდაკება, მეორე – წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ბრინჯაოს ქანდაკება სახარებით და ფეხთან თავისივე სიმბოლოთი-არწივის გამოსახულებით. ქანდაკება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ქანდაკება მუზეუმში გადმოტანილია ქუთაისის კათოლიკური ტაძრის ეზოდან და ვინმე ბაინდურაშვილის საფლავზე მდგარა. ქანდაკების სადგამზე ამოტვიფრულია წარწერა: ,,DELIN FRERES PARIS, რაც ნიშნავს, რომ ქანდაკება შესრულებულია ძმები დელინების ცნობილ სახელოსნოში. მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ქუთაისის, გოჭოურას სასაფლაოს ბიუსტი, რომელიც ეკუთვნის ახალგაზრდა ქალს, ბაბილინე კახიანს. ჩიხტიკოპში გამოწყობილი, წელსზემოთ ფიგურა თავდაპირველად კვარცხლბეგზე მდგარა. თავდაპირველად ძეგლებს იტალიელი ხელოსნები ამზადებდნენ, რასაკვირველია რომ იტალიაში დამზადება და ტრანსპორტირება ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ძეგლებს მხოლოდ ძალიან შეძლებული ოჯახები აკეთებდნენ და ძირითადათ ახალგაზრდებისთვის ამზადებდნენ. იტალიელიაში დამძადებული იყო ანა ლეონიძის თეთრი მარმარილოს ქანდაკება კაცხის მაცხოვრის შობის ტაძრის ეზოდან, რომელიც სამწუხაროდ გაუჩინარდა. ამავე ტაძრის ეზოში დგას ლეგენდის ბურუსში გახვეული ახალგაზრდა გოგონას ქვის ქანდაკება, ყვავილებიანი კალათით. ამ ტიპის ქანდაკებები უკვე საქართველოში მზადდებოდა ადგილობრივი ხელოსნების მიერ. მაგალითად კაცხის გოგონას ქანდაკება მეზობელ სოფელში, ჭილოვანში დაუმზადებია ხელოსანს, გვარად ტყემალაძეს.
ბოლო პერიოდში საფლავის ძეგლები ყურადღების ცენტრში მოექცა და ბევრ ქვეყანაში ტურიტულ ლოკაციებადაც კი ჩამოყალიბდა. მით უფრო საყურადღებოა შემორჩენილი ძეგლები, როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ისე როგორც პერსპექტივა ტურისტული მიმართულებების მრავალფეროვნების კუთხით.