ჭიათურა- საჰაერო ვენეცია

გააზიარე:

ავტორი: ლია ხარაიძე

 

ქალაქი, რომელიც თავისი გამორჩეული ლანდშაფტით სხვა ქალაქში არასოდეს აგერევა. გამორჩეულმა მდებარეობამ ბევრი რამ განაპირობა ყვირილის ხეობის განაშენიანებაში, მაგალითად ის, რომ სწორედ კლდეებისა და მღვიმეების სიმრავლემ და სიმარტივემ მოიყვანა აქ ჯერ კიდევ მეზოლითელი ადამიანი. მდებარეობის დამსახურებაა, რომ ამ ტერიტორიებზე შემორჩენილია არაერთი ,,სახიზარის“ ნაშთი. ( ტყეც კი გვაქვს სახელწოდებით-,,ნახიზნევი“). მდებარეობის დამსახურებაა, რომ ქალაქში, რომლის მოსახლეობა 12 ათას მცხოვრებს არ აღემატება 36-მდე საბაგირო გზა ფუნქციონირებდა. აი ამიტომ უწოდა ენამოსწრებულმა ვიზიტორმა საბაგირო გზებით დაქსელილ ქალაქს ,,საჰაერო ვენეცია“.

ჭიათურაში საბაგირო გზების მოწყობის საკითხი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს დაისვა, თუმცა იდეამ ფართო გასაქანი მხოლოდ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მიიღო. ადგილობრივმა სპეციალისტებმა არაერთი სატვირთო და სამგზავრო საბაგირო გზა ააგეს. საბაგირო სისტემის განვითარებას ხელი შეუწყო რთულმა რელიეფმა და საბაგირო მალევე გადაიქცა მოსახერხებელ და სწრაფ ტრანსპორტად. ჭიათურაში აიგო საბჭოთა კავშირში პირველი საჰაერო საბაგირო გზა. 1953წ-ს ექსპლუატაციაში შევიდა მძიმე ტიპის, ქანქარიანი ჭიათურა-პერევისას („ოცდახუთის“) სამგზავრო საბაგირო, რომელიც ითვლება სსრკ-ში პირველ სახალხო საბაგირო გზად. მოგვიანებით კიდევ ერთი ხაზი – „საშევარდნო“ დაემატა. საშევარდნოს ხაზი დახრილობის კუთხით მსოფლიო საბაგირო გზების ათეულში შედის.ჭიათურის ბაგირ-გზების განვითარება ინჟინერ გიორგი ფანცულაიას (1911-1982) სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მისი თაოსნობით აიგო მრავალი საჰაერო საბაგირო გზა საქართველოში და საბჭოთა კავშირში. ჭიათურა-პერევისის საბაგირო გზა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს ატარებს. შეუძლებელია ჭიათურის საბაგირო გზებზე ისაუბრო და გიორგი ფანცულაია არ ახსენო. ჯერ კიდევ 1948 წელს ზესტაფონში აიგო პირველი მსუბუქი ტიპის სამგზავრო საბაგირო, რომელსაც მუშები გადაჰყავდა ყვირილის ერთი ნაპირიდან მეორეზე. გიორგი ფანცულაიას პროექტით აიგო ბაგირ-გზები თბილისში, ტყიბულში ახალციხეში, აბასთუმანში, გურჯაანში, ყაზბეგში, კისლოვოდსკში, ლატვიის კურორტ სიგულდაში. როგორც თავისი საქმის უზადო სპეციალისტს იწვევდნენ არამარტო სსრკ-ში, არამედ გერმანიაში, შვეიცარიაში… ერთ სახალისო ამბავს დიდხანს იგონებდნენ ჭიათურაში: ნაგუთის დასახლება რთულად მისასვლელ უბნად ითვლებოდა გასული საუკუნის შუა ხანებში. ამ პერიოდში ნაგუთში ფანცულაიას მეუღლე ქსენია ქუთათელაძე მუშაობდა სტომატოლოგად. მალე ნაგუთში საბაგირო აიგო. ქალაქში ხუმრობდნენ გიორგიმ ქსენიას საკუთარი საბაგირო გაუკეთაო.

სამგზავრო საბაგირო გზების სადგურები გაბნეულია ჭიათურა-საჩხერის გზაზე, ზეგნებზე განლაგებულ დასახლებებსა და სოფლებში, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. ყურადღებას იქცევს საბაგირო გზების საინჟინრო გადაწყვეტა და სადგურების სტილისტური მრავალფეროვნება. აქ შეხვდებით, როგორც მცირე ზომის ფარდულის ტიპის შენობებს, ასევე საბჭოთა არქიტექტურის სხვადასხვა ეტაპისთვის დამახასიათებელ ტიპურ, თუ საავტორო პროექტებით შექმნილ ნაგებობებს. ,,ქალაქის ლანდშაფტში აქცენტებად იკითხება საბაგირო სადგურების მონუმენტური, „სტალინური“ არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მოცულობები, გვიანი საბჭოთა მოდერნიზმისთვის სახასიათო სადა სწორხაზოვანი და პლასტიკური ფორმები, ლითონის მაღლივი კონსტრუქციები, ბრუტალისტური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი უხეში ბეტონით დამუშავებული მონოლითური ფორმები.“

საბაგირო გზების სადგურები გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობებია. პირველი სამგზავრო საბაგირო გზის სადგური ცნობილი არქიტექტორის ზაქარია მინდორაშვილის პროექტით აიგო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზაქარია მინდორაშვილს ეკუთვნის წყალტუბოს, ზესტაფონის, თელავის და ა.შ.საცხოვრებელი, დასასვენებელი სახლებისა და საწარმოების საინტერესო ნაგებობების ავტორობაც.მიუხედავად საბაგირო გზების სიმრავლისა, არცერთი სადგურის შენობა ერთნაირი არ არის. საჰაერო საბაგირო გზების კარგად განვითარებული სისტემა და სადგურების დახვეწილი და მრავალფეროვანი არქიტექტურული იერსახე განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ქალაქს და მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 250მ რადიუსში შეგიძლია ნახო, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბაგირ-გზა, ისე 70-იანი წლების ბრუტალისტური ხელოვნების ნიმუში- ე.წ ,,საავადმყოფოს საბაგიროს“ სრულიად განსხვავებული სადგური და იქვე ორიოდე ნაბიჯში თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობა, ოთხმხრივი, გონდოლებიანი საბაგირო გზის სადგური.

ჭიათურის ინდუსტრიული მემკვიდრეობა და საბაგირო გზები მხოლოდ ტრანსპორტის სახეობა არ არის – ეს არის ქალაქის კულტურული სიმბოლო, ,,ტურისტული მაგნიტი და უნიკალური ინჟინრული გადაწყვეტილება, რომელიც დღესაც აინტერესებთ ვიზიტორებს.“ ინდუსტრიული კულტურის მიმართ მზარდი ინტერესი ქმნის შესაძლებლობას, რომ ქალაქმა დაიკავოს ღირსეული ადგილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ინდუსტრიულ ტურიზმშიც.