ტერენტი გრანელის უცნობი მუზა

გააზიარე:

ავტორი: ნანული ცხვედიანი

 

ვისაც წაუკითხავს ტერენტი გრანელის “სიკვდილის შემდეგ” (“…მოვკვდები ღამით, გათენებისას…”), უთუოდ განსაკუთრებულად მოაგონდება ამ ნაწარმოების ერთი პასაჟი:

“კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემ საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.”

 

ვინ იყო ეს იდუმალი ქალბატონი?

 

2019 წლის 11 ნოემბერს facebook – ზე, ჩემს კედელზე, ტერენტი გრანელის ერთ-ერთი ლექსი დავდე. მაშინვე გამომეხმაურა ქუთაისელებისათვის კარგად ცნობილი პიროვნება, დამსახურებული იურისტი და უგანათლებულესი კაცი, ჩემი ძვირფასი მეგობარი ივანე (ვანო) აფრიდონიძე. მან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა ე. წ. კომენტარების სახით.

ტერენტის “ვინმე ქალი”, თურმე, ბატონი ვანოს დეიდა (დედის დეიდაშვილი) – თამარ კაჭახიძე ყოფილა.

ამონაწერები ვანო აფრიდონიძის კომენტარებიდან:

– ერთხელ ჩემმა დეიდაშვილმა ციალა ჟორჟოლაძემ, თამრიკო დეიდამ და მე ოჯახური ვიწრო კამპანია მოვაწყვეთ (1966 წელი იყო), ციალამ “გახსნა” იმ “ერთი ქალის” საიდუმლო … ჩანახს თითო სასმისი წითელი ღვინოც მივაყოლეთ და ციალა ეკითხება დედამისს: “დედა, შენ ახლა ტერენტი გრანელის ანდერძზე მოგვიყევიო.

გავიდა თამრიკო თავის საძინებელში, გამოიტანა სამკუთხა წერილი და გადმომცა.

“თვალებს ვერ ვუჯერი, ტერენტი გრანელის ხელნაწერია!”

“ქალბატონო თამარ, როცა გარდავიცვლები, მაშინ მაინც დამდე პატივი, მოდი ჩემს კუბოსთან, ცოტა ხნით გაჩერდი, ორი წვეთი ცრემლი ჩამაყოლე და მერე იცოცხლე საუკუნოდო.”

“დეიდა, შეუსრულე ანდერძი ?!”- ვეკითხები თამრიკოს. “ნაწილობრივ. დაკრძალვის დღეს ვიყავი, ტელოგრეიკის საყელო გავუსწორე კუბოში, მაგრამ ცრემლები ვერ მომივიდაო, სამაგიეროდ, კატორღიდან რომ დავბრუნდი 11 წლის შემდეგ, მოვიძიე საფლავი და ტერენტი და ჩემი ილიკო (უკვე დახვრეტილი ბიძაჩემი ილია ჟორჟოლაძე – ცკ-ს ბიუროს წევრი და ამიერკავკასიის პოლიტსამმართველოს უფროსი) ერთად დავიტირეო”.

– შემდგომი ცხოვრების დეტალები თუ გაინტერესებს, კი ბატონო, მაგრამ, არა მგონია, გრანელთან მიმართებაში საინტერესო იყოს…

თამარა დეიდას შემდეგ ოჯახმა კიდევ ბევრი განსაცდელი გაიარა, აღარაა არც ციალა (ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობი – ბაყუჩიას (ვახტანგ მეგრელიშვილის) პარტნიორი “ოფელია” და “დეზდემონა”, შემდგომში კი სერგო ზაქარიაძის პარტნიორი ათამდე წამყვან როლში, მერე მოზარდების “კუმირი”, საქართველოს დამსახურებული არტისტი) … რამდენჯერმე “დახურდავდა” ბინაც და თამარა დეიდას არქივს დღემდე ვეძებ … ვეძებ ტერენტი გრანელის სამკუთხა წერილს (ხელნაწერს), მიხეილ კალინინის და მისი ცოლის წერილებს, პავლე ანტოკოლსკის, ალ.ფადეევის და მიკოლა ბაჟანის, ალექსანდრა კოლონტაის, ნადია კრუპსკაიას და ლავრენტი ბერიას ავტოგრაფებს და, რაც მთავარია, დეიდაჩემის კატორღის დღიურების ჩანაწერებს … აღარაფერი შემომრჩა, გარდა 1897 წელს გამოშვებული “ბეკერის” პიანინოსი, რომელიც დეიდაჩემმა საჩუქრად დამიტოვა. თავის დროზე ეს ინსტრუმენტი მარშალმა ტუხაჩევსკიმ გამოუგზავნა საჩუქრად დეიდაჩემს, მისი თბილისელი მასპინძელი ბიძაჩემი ილიკო იყო და აკი მის მასპინძლობას შეეწირა მთელი “მოვა ერთი ქალი”-ს ოჯახი .

– გაინტერესებს,ალბათ, ვინ იყო თამარ კაჭახიძე … ის გახლდათ იურისტი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე გამოშვება, 30-იან წლებში აჭარის საოლქო კომიტეტის იდეოლოგიური მდივანი, შემდგომ – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომში კი – საქართველოს განათლების სახალხო კომისრის, მარიამ ორახელაშვილის (მამიას მეუღლის და ქეთუსიას დედის) პირველი მოადგილე; ილია ჟორჟოლაძის (ამიერკავკასიის პოლიტსამმართველოს უფროსის) მეუღლე, ორი შვილის – ციალა ჟორჟოლაძის (მსახიობის) და ლადოს (საგზაო ინჟინრის) დედა…

– ჩემო ნანულიკო, შენ ისეთ შრეებში “შემიტყუე,” ამასაც გეტყვი: ერთხელ თათბირი იყო, თურმე, ცკ-ში და, რომ დამთავრდა, ლავრენტი პავლოვიჩი დეიდაჩემს (ამ დროს თამრიკო განათლების სახალხო კომისრის პირველი მოადგილეა) ეუბნება, – „ჟორჟოლაძე დარჩესო”…. თამრიკო არ დარჩა და აჩერებენ „პროპუსკნოიში”,- თქვენ ხომ “პირველმა” დარჩენა გთხოვათო … თამარს უკმეხად უპასუხია, – მე არ ვარ ჟორჟოლაძე, ჟორჟოლაძე ჩემი მეუღლეა, მე კაჭახიძე ვარო … (მაშინვე იგრძნო დეიდამ, რომ მისი მეუღლის, ილია ჟორჟოლაძის ირგვლივ საბედისწერო რკალი იკვრებოდა).

„რა გინდა, ლავრენტიო”, უკითხავს თამრიკოს … “შენზე ამბობენ, იმ მწვირიანი ფოსტალიონის (ტერენტი გრანელის) საყვარელი იყოო და მართალიაო ?!“ … დეიდას პასუხი: „ მართალია, მე ჟორჟოლაძე არ ვარ, მაგრამ ილია ვასილევიჩის (სტალინისა და შენი თანამებრძოლის) მეუღლე და მისი ორი შვილის დედა გახლავარ, როგორ მიბედავო !.. ლავრენტი, შენ ძალიან ცუდად დაამთავრებ ცხოვრებასო!” – უთქვამს თამრიკოს და დაუტოვებია კაბინეტი …

“დერეფნის ბოლომდე მესმოდა დემონური ხარხარი და იქიდან ვიცოდი, რა ბედიც ელოდა ჩემს ოჯახსო” …

 

– რას შეეწირა, არ იკითხავ ?! … ილიკო რომ გაჰყავდათ, ცოლს შემოსძახა: „თამარა, ხვალვე წადი და ხელი გააწერე ჩემთან, არ დამიღუპო შვილებიო”… „არა, ილიკო, მე შენთან არ გავაწერ ხელს, შენ მართალი ხარ და გამართლდები, ვერ გიღალატებო!..“

ჰოდა, მოადგნენ მეორე ღამეს და თამრიკოსაც „მიუჩინეს ადგილი”, ბავშვები დარჩნენ ქუჩაში, მათ სახლში, პეროვსკაიაზე კი აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი შეასახლეს.

… ახლა ჩვენი გენეტიკა: ვასასი და სოფიო კოხრეიძეები პავლე კოხრეიძის ქალიშვილები იყვნენ იანეთიდან (სამტრედია), ორივენი დიდ ჯიხაიშში გათხოვილები, ვასასი – სპირიდონ კაჭახიძეზე, სოფიო კი – ნესტორ სანაძეზე. ვასასის ქალიშვილი იყო თამარ კაჭახიძე, სოფიოსი კი – დედაჩემი ოლღა სანაძე.

ეს სურათი კი ბატონი გივი თოდაძის ნამუშევარია. ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ მაჩუქა, როცა შეიტყო, ” ვინმე ქალი” – თამარ კაჭახიძე – ჩემი დეიდა იყო.

 

 

***

სამწუხაროდ, ვანო აფრიდონიძე 2022 წლის 8 მაისს მოულოდნელად გარდაიცვალა. ვერ მოვასწარი მასთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა. მან, თავის უზარმაზარ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, უამრავი საინტერესო, ეპოქალური მნიშვნელობის ინფორმაციაც თან წაიღო. ტერენტის მუზის შესახებ დატოვებული ეს „კომენტარები“ კი , ასე მგონია, დიდი საგანძურიდან შემთხვევით გაფანტული ძვირფასი მძივის ორიოდე მარცვალივით შემოგვრჩა…

დავუკავშირდი ბატონი ვანოს დას – ქალბატონ დარეჯან აფრიდონიძეს, რომელიც, ვაჟთან ერთად, ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. მან მომწერა:

– თამარს ჰქონდა არქივი და დღემდე ვეძებთ, მაგრამ ვერ მივაკვლიეთ. ვანოც ეძებდა, მაგრამ – უშედეგოდ. ვანომ ბევრი რამ იცოდა, მე- არა. თამარი რომ დაბრუნდა გადასახლებიდან, მე მალე გავთხოვდი და ვცხოვრობდი შუა აზიაში, ოჯახით. ამდენად, არ მქონდა ხშირი კონტაქტი. ვანო კი სტუდენტობის პერიოდში ცხოვრობდა დეიდასთან. ამიტომ იცოდა ბევრი რამ მის შესახებ. მართალია, დეიდა გამართლდა, მაგრამ – რაღა დროს! ქმრის რეაბილიტაციასაც მოესწრო, სხვათა შორის.

საერთოდ, დეიდა ამ თემებზე. არ ლაპარაკობდა და არც არავინ უსვამდა კითხვებს! ერთადერთი ვანო იყო, ვისთანაც გახსნილად ლაპარაკობდა. რაც შეეხება ფოტოს, არანაირად არ უყვარდა სურათის გადაღება. ვერ უხსენებდი.

მე მახსოვს ერთი ასეთი მონაყოლი მისგან: რომ დამიჭირეს და საკანში ვზივარო, მოვიდა ერთ დღეს ბერია და კარების “ვალჩოკიდან” შემომძახა რუსულადო:“ Как вы себя чувствуете, Тамара Спиридоновна?!“ ანუ, როგორ გრძნობთ თავსო, მთელი ირონიით ჰკითხა თურმე. დეიდამ თქვა: ავწიე თავი ამაყად და ვუპასუხე: – Отлично, Лавренти Павлович, отлично!