ავტორი: მარიამ მებუკე
რამდენიმე ხნის წინ კიდევ ერთხელ „გადავიმეორე“ კარვერის მოთხრობის აუდიო ვერსია – „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე.“ საკუთარ თავთან ეს კითხვა ამ სათაურის ყოველი გახსენებისას მიჩნდება და გულწრფელი რომ ვიყო, პასუხი არ მაქვს. ალბათ – ყველაფერზე.
მერე იმაზეც დავფიქრდები ხოლმე, რომ არა ვუდი ალენისეული პარიზი, ხომ იქნებოდა ქუთაისიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ასეთივე და იქნებოდა „ცისფერყანწელების“ დამსახურებით.
„ყვითელი დანტე“ და ყვითელი ამბები იქით იყოს, მე არც იმის დამტკიცება მინდა, რომ ელენე დარიანი პაოლოს მისტიფიკაციაა და არც იმის, რომ ლექსები ელენე ბაქრაძეს ეკუთვნის და ვიღაცებმა იაშვილს მიაწერეს. ამდენად, არც ერთ მხარეს არ გავანაწყენებ, არც ლიტერატურული მკვლევრების საქმეს შევითავსებ. უბრალოდ შეყვარებული ადამიანების ქუთაისზე მოგიყვებით, ქალაქზე, სადაც სიყვარული და მისი თანმხლები ვნება ზოგჯერ ტაბუა, ზოგჯერ კი აკრძალვას არ საჭიროებს.
საუბარი დავიწყოთ პაოლოს მიერ „ელისადმი“ მიწერილი იმ წერილით, რომელიც 1915 წლით თარიღდება და ქუთაისშია დაწერილი. 1912 წელს, ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მათ გარკვეული გრძნობა აკავშირებდათ, თუ მათი მიმოწერის მიხედვით ვიმსჯელებთ. ცხადია, პირად წერილებში არც ერთი ერიდებოდა საკუთარი გრძნობების, ხშირად კი სურვილების გაზიარებასაც. ამ წერილში როგორც ჩანს, „ელის“ პაოლოსთან შეხვედრა სურდა. შეხვედრის ადგილი – ქუთაისი. 22 რიცხვში ელოდებოდა პაოლო ელის ქალაქში და დასძენს, 26 რიცხვისთვის მეც ჩამოვალ თბილისში, თუმცა აქ კარგი, უკეთესი იქნება შეხვედრაო.
„ბავშვობაში ელენეს ქართული ზღაპრის გმირის ელიჯათხანის სახელით მიმართავდნენ და ახლა მოულოდნელად ეს სახელი შეიცვალა ელლით. ასე მიმართა მას პირველად პავლე იაშვილმა, რომელიც თვითონაც ქართველი საზოგადოებისათვის შემდეგ პაოლოს სახელით გახდა ცნობილი.
15 წლის ელლიმ ყმაწვილების თვალი აიდევნა. ლესევში[1] იმერეთის სხვადასხვა მხრიდან ამოდიოდნენ: წერეთლები, აბაშიძეები, მაჭავარიანები თუ ლორთქიფანიძეები, მაგრამ ყველანი შეუფრთხო პაოლო იაშვილმა.“[2]
აუცილებელია ვახსენოთ „დარიანული“, რომელიც აბსოლუტურად ღია და თამამია ვნებისა და სიყვარულის გამოხატვის ფორმის თვალსაზრისით და ავტორის ვინაობის დადგენა სულაც არ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ ციკლის 14 ლექსის ლიტერატურული ღირებულება შევაფასოთ, გვერდით დავუყენოთ დენის დიუჰამელს თავისი ლექსით „ქალი ორი საშოთი“ (და არამხოლოდ).
უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ სწორედ ქუთაისია ქალაქი, სადაც პირველად კითხულობს პაოლო „დარიანული“ ციკლის ლექსებს. ხშირად მიფიქრია, რა რეაქცია ექნებოდა ქუთაისის იმდროინდელ საზოგადოებას, პოეზიის საღამოზე შეკრებილ ხალხს მაშინ, როცა პოეტმა წაიკითხა:
„და ისევ ზმორება, ვნება უწინდელი,
კატასთან თამაში და თრთოლვით ხუმრობა.
ძვირფასმა მაჩუქა პატარა ცინდალი;
მე მიყვარს ზამთარში სიჩუმის სტუმრობა.”[3]
თუმცა ამ დროს ევროპული იდეები ქალაქში კარგა ხნის გავრცელებული იყო და პროგრესულად მოაზროვნე პოეზიის მოყვარულები ისმენდნენ, შემდგომ კითხულობდნენ ელენე დარიანის სახელით გამოქვეყნებულ ლექსებს, ისინი კი, ვისაც პოეზია მხოლოდ სამშობლოსადმი მიძღვნილი ოდები ეგონათ – დარბაზს პროტესტის ნიშნად ტოვებდნენ. თუ ელენე დარიანი – „ამორალურია“, რაღა ვთქვათ გიგო გაბაშვილის ფოტოგრაფიაზე, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის, თუმცა მისი თამამი, გაბედული სიტყვა ფოტოხელოვნებაში – ხან „ორთაჭალის ტურფას“, ხანაც კი – „დიონისეს“ ან ჰომოსექსუალი წყვილის ფოტოგრაფიაში გადატანით რომ გამოიხატა – ამაზე ნამდვილად დაგაფიქრებთ.
წერილების კითხვისას უამრავი ლიტერატურის კრიტიკოსის ქილიკით სავსე ტექსტს წავაწყდი – ზოგი ერთმანეთს ედავებიან, ზოგი – კარგა ხნის გარდაცვლილ ელენე დარიანს, ზოგიც კი პაოლოს – ფანტაზია აქვს, ნუ იტყვიო. მთავარი, რაც მოცემულობაა და არ იცვლება – ორი ადამიანის რომანია, რომელიც, ფაქტია, გასცდა მხოლოდ მათ პირად სივრცეს. ამ ამბის ირგვლივ არსებულ მითქმა-მოთქმას შორის ყველაზე უცნაური მაინც ელენე ბაქრაძეზე გაბრაზებული მკვლევართა ნაწილის აზრებია, რომლებიც „ცისფერყანწელების“ და არამხოლოდ მათ, ასევე, გალაკტიონის, რობაქიძის, გამსახურდიას მეგობარს (თუ სხვა ყველაფერს დავივიწყებთ) „ქალბატონად“ მოიხსენიებენ და შეიძლება, არც პაოლოს მუზობას პატიობდნენ. ამის ფონზე, რაღა ეთქვათ ან დაგნი იუელს, ბოჰემური ცხოვრების მოყვარულ ქალს – სხვადასხვა დროს მუნკის, სტრინდბერგის მუზას, ფშიბიშევსკის მეუღლეს, ან ლუ ანდრეას-სალომეს – ნიცშეს, ფროიდის, რილკეს გერმანელ მეგობარს.
ერთ-ერთ წიგნში, რომელიც ისევ ამ საკითხს მიმოიხილავს, იკვლევს, ვკითხულობთ, პოეტურ ნიჭს არამცთუ ქალის, ხოჭოს „ვნებანიც“ კი შეუძლია, წარმოაჩინოსო.[4] პაოლო იაშვილის პოეტურ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას არავინ ცდილობს, თუმცა კაცმა რომ თქვას, კაფკას შემოქმედების მოტრფიალეებს ხოჭოს და ქალის ხსენება ლიტერატურაში მაინც სხვანაირად უყვართ. ეს ცუდი სულაც არაა, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ისევ „ყვითელ დანტეს“ დავუბრუნდეთ.
რუსულად დაწერილ წერილთა შორის, რამდენადაც მათი თარგმნა შევძელი, უმრავლესობა პაოლო იაშვილს ქუთაისში დაუწერია. ამ დროს ელენე უკვე მის პირველ მეუღლეზეა დაქორწინებული. „ჯვარდაწერილია“ – პაოლო სწორედ ამ სიტყვით იწყებს წერილს. ბოლოს კი ელლის „ღვთაებრივ სხეულზე“ საუბრობს. ალბათ ორივე ცდილობდა, მეგობრული თავშეკავება გამოეჩინათ, თუმცა აშკარაა, რომ მხოლოდ ცდილობდა, თანაც უშედეგოდ.
შეიძლება, ჩემი ახირებაა და პოეტური მიმართების ბრალიცაა, რომ ყველაფერს ამ ქალაქს ვუკავშირებ, თუმცა, ფაქტია „ელლისთან“ შეხვედრა პაოლოს მაინც ქუთაისში ერჩივნა.
„ცისფერყანწელთა“ მე-13 წევრად ელენეს განხილვაც არაა აზრს მოკლებული. თავად ლიტერატურული გაერთიანების წევრებიც საუბრობდნენ ამ ლამის „რუხ კარდინალად“ ქცეულ წევრზე. ელენე ბაქრაძესთან კარგი ურთიერთობა, ან როგორც მინიმუმ, კომუნიკაცია რომ ჰქონდა ტიციან ტაბიძეს, მოსკოვიდან მის მიერ გამოგზავნილ წერილშიც ჩანს. ისიც პაოლოს მიერ შერქმეული სახელით, „ელლით“ მიმართავს ქალს, რომელიც იმ დროს გიგო ბერიშვილის მეუღლე იყო.
„ელლი!
ვაგზავნი ამ წერილს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მიიღებთ…
…ჩემი ამდეხანს აქ დარჩენა მარტო იმით თუ გამართლდება, რომ შვიდი ეგზამენი ჩავაბარე კიდეც, თუმცა საშინლად დავიღალე. მოსკოვი გამოიცვალა სრულიად, ქუჩა ლაპარაკობს ძალიან ხმამაღლა და, როგორც ყოველთვის, მისი ხმა ძალიან შეურაცმყოფელია ესტეტიზმისთვის. მეოთხეჯერ მივიღე ტელეგრამმა ტფილისიდან, რაც მაიძულებს წამოსვლას…
ალბად ერთი თვე იქ მომიხდება დარჩენა, რასაკვირველია, უქუთაისოთ ვერ გავძლებ. საქართველოში ალბად გნახავთ. იყავით მზიანი და მაპატიეთ პროზა წერილი.“
წერილები და მეგობრობის ამსახველი სხვა მტკიცებულება არსებობს გალაკტიონის შემთხვევაშიც. მათ შორისაა ორი ლექსიც, რომლებსაც ის ელენეს და მის მეორე მეუღლეს, შალვა ქართველიშვილს უძღვნის. რეპრესიების პერიოდში მეორედ დაქვრივების შემდეგ ტაბიძემ ასეთი სტრიქონიც დაუწერა:
“წერილი ელიკოს”
წამებას, ბევრის დაკარგვის გამო
ვერ გამოხატავს დღეთა მირონი.
მისთვის უდაბნო იყო მიდამო,
სადაც შელია და ბაირონი
ელიკო! გელის გალაკტიონი.
25\ I – 37. შენს ბინაში.”
სამართლიანობისთვის (და უფრო იმ აურზაურის განსამუხტად, ბაქრაძე-იაშვილზე საუბარს რომ მოჰყვება ხოლმე) გალაკტიონის ოლიასადმი მიწერილ იმ წერილებსაც გადავხედოთ, ქუთაისი რომ არის ნახსენები. „თბილისელ ქუთაისელი“ პოეტისთვის 1916 წლის ნოემბრის ბოლოს, ზამთრის დასაწყისში ზაფხულის ამინდებით ყოფილა. იების მოკრეფაც შეიძლებაო, „ოლის“ წერს. ისე კი, პოეზიის საღამოს გამართვას აპირებს.
***
ოლი!
თუ გავნთავისუფლდი, მე აქ მალე საღამოს გავმართავ! საღამოს დიდებულად მოვაწყობ. ფული შემოვა. რა ამიდებია! რა ამიდებია, რომ იცოდე! ზაფხულია პირდაპირ!
შეიძლება იების მოკრეფა. თუ მოვკრიფე, მოგიტან უსათუოდ.
ჩემს საღამოზე მომიტანენ ყვავილებს? ვინ იცის!
როგორი ხმაურიანი და ხმამაღალიც არ უნდა იყოს პაოლოსა და ელენე ბაქრაძის სიყვარულის გახსენება, „დარიანული“ ციკლი და მისი განხილვა, ცოტა ხნით ისევ სტატიის დასაწყისს დავუბრუნდეთ და დავსვათ კითხვა: „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე?“
იქნებ იმაზე, რაც პაოლომ ელლის ასე მისწერა:
„შენ ყოველთვის მიცნობდი მხიარულად, ალით გასხივოსნებულად, ექსტაზით სავსეს. მაგრამ როცა გემშვიდობებოდი — ჩვენი ყოფნის ბოლო წუთებში ქუთაისში — მოულოდნელად შენს თვალებში ამოუხსნელი სევდა ამოვიკითხე და მეც ვიგრძენი, როგორ მოედო ჩემ ირგვლივ რაღაც აუხსნელი დარდი — იქნებ შენი დარდის ნათესავი.“[5]
გამოყენებული ლიტერატურა:
კვაჭანტირაძე, თამაზ, რედ. 2000. “ელენე დარიანი”. შემდ. ზეინაბ ლომჯარია
პაოლო იაშვილი, წერილი ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს
ჯავახიშვილი, გიორგი. 2009. “”ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფალი.”” ბურუსი.
https://burusi.wordpress.com/2009/04/02/elene-dariani-2/.
- ლესევი – ასეთი სოფელი იმერეთში არ არსებობსო, ზეინაბ ლომჯარიას თავის ესეში „უვიცობის ტოლფასი უნებლიე შეცდომები“ საწინააღმდეგო არგუმენტი მოჰყავს. ↑
- გიორგი ჯავახიშვილი, „ცისფერყანწელთა ცისფერი დედოფალი“ ↑
- ”მე და კატა“ ↑
- თამაზ კვაჭანტირაძე, „ელენე დარიანი” ↑
- პაოლო იაშვილი, წერილი ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს https://niamorebi.ge/iashvili/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-7/ ↑