ავტორი: ნია კუჭავა
მედიის როლი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში ნაციონალიზმის შესახებ დისკურსისთვის უცხო არ არის. ბეჭდვითი მედიის, განასკუთრებით კი, ჟურნალ-გაზეთების კოლოსალური გავლენა ცალსახად გადამწყვეტი აღმოჩნდა ნაციონალიზმისა და ეროვნული იდეების, ეროვნული წარმოსახვის ფორმირებისთვის. რამდენიმე მსგავსი გამოცემა და გაზეთი მე-19 საუკუნის ქართული აზრის ნაყოფიც გახლავთ, რომელთაც ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ ქართული ნაციონალიზმისა და ეროვნული იდენტობის რაობისა და წარმოშობის შესახებ დებატისთვის. მოცემულ სტატიაში კი განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციასა და ფუნდამენტურ იდეურ ცვლილებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო სახელმწიფოს არსის გადააზრებისა და ერი-სახელმწიფოების იდეის ჩამოყალიბებას გლობალურ დონეზე, ასევე, მიმოვიხილავთ ქართულ, კერძოდ, ქუთაისურ კონტექსტს და მოკლედ გავაანალიზებთ იმ უნიკალურ მნიშვნელობას, რომელიც უშუალოდ რუსეთის იმპერიის მხრიდან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის ჩახშობის მუდმივი მცდელობის თანადროულად შექმნილ ქართულ გაზეთებს ჰქონდა.
პირველ რიგში, ეროვნული ცნობიერების წარმოშობის შესახებ მსჯელობისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ბენედიქტ ანდერსონის ,,წარმოსახვითი საზოგადოებები.”[1] ანდერსონის მიხედვით, ერი, ნაცია, ერთგვარი წარმოდგენილი ერთობაა, რომელიც ადამიანთა წარმოსახვის უნართან თანაარსებობის პარარელურად ყალიბდება. სწორედ ადამიანების წარმოსახვის უნარისა და იმ ხატებისა და სიმბოლოების გაძლიერების შედეგად ყალიბდება ცნობიერება ნაციის შესახებ, რომლებიც ზემოთ ხსენებულ ერთობას სიმყარეს, მარადიულობის განცდას დაუკავშირებს და ამავე ერთობის თოთოეული წევრის გონებაში ერთობის შეგრძნებას გაამძაფრებს. ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც სწორედ ზემოთ ხსენებულ დინამიკას წაახალისებდა, სწორედ მედია გახლდათ. ბენედიქტ ანდერსონის მიხედვით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. გუტენბერგის გამოგონებასა და რეფორმაციას თან მოჰყვა ბეჭდური მასალის სატურაცია _ ადამიანებმა წმინდა ტექსტების საკუთარ ენაზე თარგმნა დაიწყეს, დინასტიური სახელმწიფოების შიგნით, ბიუროკრატიით შემოსაზღვრულ და შეზღუდულ, ხალხისთვის არაბუნებრივი ენების საპირწონედ მშობლიურ, ყოველდღიურ ცხოვრებასა და საუბრებში გამოყენებულ ენებზე დაიწყეს წერა და აზრების გაცვლა. მსგავსი შესაძლებლობების ჩაბღაუჭებამ ადამიანების კომუნიკაციის უმთავრესი საშუალება, მათივე ენები დაუახლოვა ერთმანეთს როგორც სრულად ლინგვისტური თვალსაზრისით, ისე იდეურ განზომილებითაც, ადამიანებმა დაიწყეს ერთსა და იმავე პრობლემებზე ფიქრი, საერთო საწუხრისა და დღის წესრიგის ფონზე კი მათ შორის სოლიდარობის განცდაც გამყარდა. სწორედ საერთო აზრების გავრცელებისა და საერთო ინფორმაციული ველის შექმნას ემსახურებოდა ბეჭდური მედია, რომელიც მარადიულობის განცდასაც ქმნიდა. პერსონაჟები, ამბები, რომელთა შესახებაც გაზეთებში ამოიკითხავდით, ადამიანების გონებაში არსებობას აგრძელებდა, მათზე ხელახალი ცნობების წაკითხვის გარეშეც, გაჩნდა სივრცული ორიენტაციის სრულიად ახალი უნარი. გაზეთში მოთხრობილი ამბები უტყუარად არსებობდნენ ბეჭდური სახით, ამ ფურცლის გარეთ კი ადამიანთა ცნობიერებაში იმკვიდრებდნენ ადგილს, როგორც განგრძობადი, განცდილი გამოცდილებები, რამაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანებს ეროვნული წარმოსახვა განუვითარა. ეს შეხსენება წარმოსახვითი საზოგადოების შესახებ კი მუდმივობითაც ხასიათდება _ ბეჭდური მასალის ეკონომიკურმა ტრიუმფმა მისი სიჭარბეც გამოიწვია, შესაბამისად, ადამიანების გონება მუდმივად განიცდიდა მათ ზეგავლენას.
პირველი ქართული გაზეთი 1819 წელს დაიბეჭდა.[2] ,,საქართველოს გაზეთის” ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ინტერესი ქართული ინფორმაციული ველის რუსეთის იმპერიის ნარატივებთან შეზრდისა და იმპერიასთან მიმართებით ახლობლობისა და იმპერიის აღმატებულობის განცდების გაჩენა იყო. მიუხედავად ამისა, სრულყოფილად ვერ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ გაზეთმა ეს ფუნქცია პირნათლად შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი სავსე იყო ამბებით, რომლებიც რუსეთის იმპერიისა და იმპერატორის კარის, როგორც დიდებული, განვითარებული და ცივილიზაციასთან ნაზიარები ,,ცენტრის” ხატის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა, ქართული გაზეთი მაინც ქმნიდა ახალ სივრცეს, რომელიც ქართველებისთვის კომუნიკაციის ერთ-ერთ გზად შეიძლებოდა ქცეულიყო. გაზეთის თემატიკა განსაზღვრული იყო სრულიად ტრივიალური ამბებით, მას ერთგვარი გასართობი და შემეცნებითი ფუნქცია ჰქონდა, რაც, თავისთავად, თანხვედრაში იყო რუსეთის იმავე ხასიათის მიზნებთან ,,ახალშემოერთებული” ტერიტორიის მიმართ. ეს ტაქტიკა ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. კერძოდ, ქართულ წარმოსახვაში მკვეთრად არ უნდა შემოსულიყო პოლიტიკური საკითხები _ საქართველოს ფენომენი უნდა დარჩენილიყო ერთგვარი შესწავლის, გარეშე ძალის დახმარებით განვითარების სივრცედ, რომლის არსებობის გარანტიც ისევ იმპერია იყო. შესაბამისად, ქართულ ენაზე დისკურსი არ უნდა შეხებოდა სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებს, რადგან მსგავსი იდეები დაბადებდა ნაციონალისტური ელემენტების გაჩენის მნიშვნელოვან საფრთხეს. იმპერიის მიზანი იყო როგორც ქართული ინფორმაციული სივრცის იმპერიასთან ინტეგრირება, ისე აზრის კონტროლი და უზრუნველყოფა იმისა, რომ ზემოთ ხსენებული მოტივები ამავე ველის ფარგლებში არ დაბადებულიყო. სწორედ ამ ზრახვებზე მეტყველებს ის, რომ 1820 წლისთვის გაზეთს სახელი შეეცვალა და ,,ქართული გაზეთი” დაერქვა, რაც ისევ საქართველოს, როგორც წარმოსახვითი ერთობისა და ფენომენის შექმნის საფრთხის თავიდან არიდებასა და ქართველების მიმართ ეთნოგრაფიზაციის დინამიკის გაგრძელებას მოიაზრებდა საკუთარ თავში. ქართულ ენაზე მსჯელობა უნდა ყოფილიყო დაცლილი პოლიტიკური არსისგან, პოლიტიკური მნიშვნელობებისგან და, შესაბამისად, დაუშვებელი იყო ადამიანებისათვის პოლიტიკურ ერთეულის გამომხატველი შინაარსის მქონე სიტყვის ასე მარტივად მიწოდება მედიის საშუალებით. გაზეთის ხანმოკლე არსებობის შემდეგ მაინც მიმდინარეობას მნიშვნელოვანი ძვრები პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელთა მთავარი ბიძგი ისევ საერთო ინფორმაციული ველის შექმნაა.
1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავებისა და შედეგად ჩამოყალიბებული შიშისა და მადლიერების, უკმაყოფილებისა და იმედგაცრუების ერაში ქართული პოლიტიკური აზრი მნიშვნელოვანი დაბრკოლების წინაშე დგება _ სახელმწიფოებრიობის, პოლიტიკურად შემდგარი საზოგადოების ჩამოყალიბების რწმენა ხელშესახებად შეირყა. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გრძელდება დუმილი, წყდება ნებისმიერი ტიპის პოლემიკა, დავა, კამათი მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე, არ არსებობს დაპირისპირების წყარო, რომელიც გამოკვეთილ იდეოლოგიურ მრწამსს ჩამოაყალიბებს და ამ ნიადაგზე მაინც წარმოშობს მიზანმიმართულ სწრაფვას ცვლილებისაკენ. სწორედ ზემოთ ხსენებული ბიძგის მისაცემად იბრძვის ილია ჭავჭავაძე, რომელიც მზად არის დაუპირისპირდეს ნებისმიერ არსებულ გამოცემას, იდავოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც ეს გააჩენს პოლემიკას, დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი საზოგადოება და ამ საზოგადოებასთან ერთად ჩვენი სახელმწიფო. იდეოლოგიური დაპირისპირებები, ანტაგონიზმის გაღვივება და პოზიციების გამოკვეთა არის ის, რაც ქართულ დისკურსში დააბრუნებს სახელმწიფოს იდეას და ადამიანების გონებაში დაბადებს აზრს საქართველოს, როგორც პოლიტიკური ერთეულის არსებობისა და მისი სასურველი მოწყობის აუცილებლობის შესახებ, ზემოთ ხსენებული მოწყობა კი ის ცვლადია, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდებიან მოაზროვნეთა განსხვავებული ჯგუფები.
სწორედ სახელმწიფოს იდეის გამოღვიძების, ბანკის, თეატრის, გაზეთებისა და გამოცემების, თარგმანებისა და ლიტერატურული გემოვნების შესახებ დავების ფონზე წარმოიშვა პირველი ქუთაისური გაზეთი ,,შრომა,” რომელიც 1881-1883 წლებში გამოდიოდა და უშუალოდ პოლიტიკურ და ლიტერატურულ საკითხებზე კონცენტრირდებოდა.[3] თუ თბილისში ,,დროება” არსებობდა, ქუთაისსაც უნდა ჰქონოდა ერთგვარი სივრცე, რომელშიც დაიბადებოდა პოლიტიკური აზრი და რომელიც შეძლებდა საერთო ეროვნულ დისკურსში თავისი წვლილის შეტანას. გაზეთის რედაქტორი გახლდათ დიმიტრი დადიანი, რომლის ინტერესებშიც შედიოდა ქართული პლურალური საზოგადოების ბუნების, მისი ერთობისა თუ დანაწევრებულობის პოლიტიკური გადააზრება. ,,შრომაში” დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილები, რომელთა შორის აკაკი წერეთლის რამდენიმე ნაშრომიცაა, ხშირად ხასიათით ირონიული და კრიტიკული გახლდათ, ემსახურებოდა მუდმივი კითხვის ნიშნების გაჩენისა და მთელი რიგი საკითხების მუდმივ, განგრძობად გადააზრებას და, რაც მთავარია, გახლდათ ზემოთ ხსენებული მოვლენების უშუალო გამოძახილი, მემკვიდრეობითი ფაზა, რომელიც ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისა და გამყარების გრძელვადიანი პროექტის ნაწილი იყო.
ბიბლიოგრაფია
Anderson, Benedict. Imagined Communities: Reflections on the Origin and Spread of Nationalism. London: Verso, 2006.
კობერიძე, მარიამ. “ქუთაისი და გაზეთი შრომა.” ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული (2019): 70-76.
ჯოლოგუა, თამაზ. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. თბილისი: გამომცემლობა არტანუჯი, 2013.
- Benedict Anderson, Imagined Communities: Reflections on the Origin and Spread of Nationalism (London: Verso, 2006), 37-47. ↑
- თამაზ ჯოლოგუა, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (თბილისი: გამომცემლობა არტანუჯი, 2013), 13-32. ↑
- მარიამ კობერიძე, “ქუთაისი და გაზეთი შრომა,” ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული (2019): 70-76. ↑