ფრინველკაცის ამბავი
მთამსვლელი და სპელეოლოგი ალექსანდრე (ატე) ნემსიწვერიძე
ნანული ცხვედიანი
რა თქმა უნდა, ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოების შემოთავაზებას არ ვაპირებ, ერთი საინტერესო კაცი მინდა, გავიხსენოთ.
„ფრინველკაცი“ უახლოესმა მეგობარმა- ქართული მწერლობის თვალსაჩინო ფიგურამ და ქართული ალპინიზმის კოლორიტულმა წარმომადგენელმა, მრავალტანჯულმა კაცმა – ლევან გოთუამ უწოდა ალექსანდრე (ალიოშა) ნემსიწვერიძეს, ანუ, უბრალოდ, ატეს (როგორც შინაურულად მიმართავდა ხოლმე).
რატომ – „ფრინველკაცი?“
მოვუსმინოთ ლევან გოთუას:
„მე მრავალჯერ მივლია ატე ნემსიწვერიძესთან მწვერვალებზე, ქვაბულებში, ძველ ძეგლებზე, კარსტულ მღვიმეებში.“
„ჰაერში არწივივით ყივის და ბზრიალასავით ბრუნავს თოვლზე მინდობილი, ამ კლდის წარმომადგენელი და მომრევი ვაჟკაცი.“
„კეფაზე შერჩენილი კაუჭა თმა ჯაგარივით ედგა.“
„ატე ნემსიწვერიძემ ისე „აჰკეცა“ ამ სიგრძე კიბე, რომ მისი მოქნილი ტანი მდინარის წიაღიდან ჰაერში შეთამაშებულ თევზს მივამსგავსე.“
დანარჩენი იხილეთ ლევან გოთუას ნაწარმოებებში „ხვამლის ციხე-ქვაბული“ და „ფიქრები თოკის კიბეზე“ ან იმ რამდენიმე სქელ საქაღალდეში, რომლებშიც დაცულია ალექსანდრე ნემსიწვერიძისა თუ ქართული ალპინიზმისადმი მიძღვნილი მასალები, ფოტოსურათები, ალ. ნემსიწვერიძის პირადი ჩანაწერები, საგზაო რუკები და სქემები, გამოჩენილ პიროვნებათა მიმოწერები, სხვა დოკუმენტები. საბედნიეროდ, ეს ყოველივე ნემსიწვერიძეების ოჯახში საკმაოდ შემორჩა. ქართული ალპინიზმის ისტორიის, სპელეოლოგიისა და კულტურის ძეგლების მკვლევრებს მის არქივში მდიდარი და ხელუხლებელი „ნაკრძალი“ დახვდებათ…
1973 წლის 13 მარტს „ქუთაისში“ დაბეჭდილ გამოსათხოვარ წერილში აღნიშნულია:
„დიდია ალექსანდრე ნემსიწვერიძის დამსახურება საქართველოში ალპინიზმის განვითარების საქმეში. მისი ალპინისტური ცხოვრება დაიწყო 1945 წელს, ლეგენდარულ მთამსვლელ ალექსანდრე ჯაფარიძესთან, გამოჩენილ მწერალსა და ალპინისტ ლევან გოთუასთან ერთად, ხვამლის მთის შესწავლით.
ნემსიწვერიძე იყო პირველი ინიციატორი, რომელმაც საქართველოში საფუძველი ჩაუყარა სასიმაღლო ალპინიზმს.
მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენს ქალაქში სპორტულ ალპინიზმს, გამოჩენილ მთამსვლელთა მრავალი თაობა აღზარდა.
დიდია მისი წვლილი მიუვალი და უძველესი გამოქვაბულების შესწავლის საქმეში. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს სპელეოლოგიას“.
ცხადია, მოკლე საგაზეთო ნეკროლოგი სრულყოფილად ვერ მოიცავდა გამოჩენილი მთამსვლელის, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მთელ ცხოვრებას. მაგრამ
„ამხანაგების ჯგუფმა“ ( როგორც ხელს აწერენ ამ ნეკროლოგს) იმთავითვე მისცა შეფასება მის ღვაწლსა და დამსახურებას.
საარქივო მასალებში კი გაცილებით მეტს ამოიკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორ უნარიანად, ვაჟკაცურად და ერთგულად უძღვებოდა ალიოშა ნემსიწვერიძე ექსპედიციებს, როგორ იცავდა მთის დაუწერელ კანონებს,
როგორ ამშვენებდა ვეტერან ალპინისტთა დიდ კოჰორტას თავისი პიროვნული ღირსებებით, როგორ ხსნიდა მღვიმეებისა და ქვაბულების საიდუმლოს, როგორ ეტრფოდა ყოველივე ქართულსა და მამაპაპურს.
მთამსვლელი
ალპინიზმის დღევანდელ მოღვაწეებთან შედარებით, რასაკვირველია, მთამსვლელთა ძველი თაობის მონაპოვარი მოკრძალებულია, მაგრამ, მაშინდელი პირობების გათვალისწინებით, მათ მთელი ეტაპი შექმნეს ალპინიზმში. სწორედ ალიოშა ნემსიწვერიძის თაობამ ჩაუყარა საფუძველი პროფესიული ალპინიზმის აყვავებას საქართველოში, ცალკეულ მამაც ენთუზიასტთა თავდადება დიდ სპორტად იქცა.
ალიოშა ნემსიწვერიძე თავისი დროის გამოჩენილი მთამსვლელი იყო, იშვიათი პროფესიული მონაცემების მქონე.
გავიხსენოთ მისი ალპინისტური ბიოგრაფიის რამდენიმე მომენტი:
-1952 წლის აგვისტოში განხორციელდა კავკასიონის ქედის უმაღლესი და ურთულესი ნაწილის ტრავერსი. ალიოშა ნემსიწვერიძის ხელმძღვანელობით, გრიგოლ გულბანმა, რამინ კვიციანმა, სოზარ გუგავამ და ლევან ახვლედიანმა ბრწყინვალედ ჩაატარეს წურუნგალის, ნამყვამის, რუსთაველის პიკის, ჯანღას, კათინის, თეთნულდის, რამდენიმე უსახელო მწვერვალის ტრავერსი და მანამდე გაუვლელი – აილამას ხერხისებური ქედით ავიდნენ შხარაზე. ამ დროისათვის ეს ფანტასტიკური მიღწევა იყო. 15 დღეში განხორციელებულ ამ ურთულეს ექსპედიციას, რომელიც საბჭოთა კავშირის ოქროს მედლებით აღინიშნა, მაშინდელმა გაზეთმა „კომუნისტმა“ასეთი შეფასება მისცა: „ტრავერსი ასეთი დიდი დისტანციით ჯერ არ იცის მსოფლიო ალპინიზმის ისტორიამ“.
-1954 წელი ქართულმა ალპინიზმმა ჰამირის დიდი დალაშქვრით აღნიშნა. 23 აგვისტოს შვიდმა მთამსვლელმა, რომელთა შორის ალიოშა ნემსიწვერიძეც იყო, მარქსის სახელობის მწვერვალი აიღო. შემდეგ კი ოთხი
კაცისაგან შემდგარმა ჯგუფმა (ალიოშა ნემსიწვერიძე, მაქსიმე გვარლიანი, კ.კუზმინი, გრიგოლ გულბანი) ათასმეტრიანი კლდოვან-ყინულოვანი კედლით დაიპყრო ენგელსის სახელობის მწვერვალი. ამ წლის სეზონის
მიღწევა მხოლოდ ეს ორი უმაღლესი მწვერვალი არ ყოფილა: „ქუთაისელმა ალპინისტებმა ა.ნემსიწვერიძემ, ლ. და ზ. ახვლედიანებმა და გ. გუგავამ დაიპყრეს ხუთი 6 000 მეტრზე უფრო მაღალი მწვერვალი, აქედან ოთხზე
პირველად განხორციელდა ასვლა… _ იხსენებს გაზეთ „ქუთაისის“ 1973 წლის 19 ოქტომბრის ნომერში ქუთაისის პედინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის კათედრის გამგე ა. აფრიდონიძე, – ამ ასვლებში ქართველმა ალპინისტებმა დაამტკიცეს, რომ ისინი უძლიერესნი არიან საბჭოთა კავშირში; შეუძლიათ, დასძლიონ სიმაღლოვანი და ამავე დროს ტექნიკურად რთული მწვერვალები. ამით მათ სსრ კავშირში დაიკავეს მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს“.
– 1963 წელს ქუთაისელმა ალპინიტებმა, ალიოშა ნემსიწვერიძის ხელმძღვანელობით, კავკასიონზე ბეზინგის ტრავერსი განახორციელეს, რისთვისაც საბჭოთა კავშირის პირვლობაზე ტრავერსების კლასშიპირველი ადგილი და ოქროს ხუთი მედალი მოიპოვეს.
ალიოშა ნემსიწვერიძის პირად ანგარიშზეა 100-ზე მეტი მწვერვალი,მ ათგან ოცამდე – უმაღლესი კატეგორიისა.
მან ცხოვრების დიდი მონაკვეთი ახალგაზრდა თაობების აღზრდას მიუძღვნა. ალპინიზმის საქალაქო ფედერაციის თავმჯდომარე, ტურისტული კლუბ „ოქროს ჩარდახის“ გამგეობის წევრი, პედინსტიტუტის ალპინიზმისა და ტურიზმის მასწავლებელი, თავის უანგარო წვლილს დებდა ახალგაზრდა მთამსვლელთა გამარჯვებებში.
მკვლევარი
ალექსანდრე(ალიოშა) ნემსიწვერიძე ქართული სპელეოლოგიის სათავეებთან იდგა. იგი გამოქვაბულებისა და მღვიმეების საიდუმლოთა თავდაუზოგავი მაძიებელი იყო, ამიტომაც უნიკალური გამოკვლევები დაგვიტოვა.
ცხადია, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს,მხოლოდ იმ ფაქტს გიამბობთ, 1957 წლის „ლელოსა“ და „ქუთაისის“ ფურცლებზე სენსაცია რომ მოახდინა: ალიოშა ნემსიწვერიძეც დაინტერესებულა, პეტრე ჭაბუკიანის მსგავსად: რამდენად სწორი იყო ხალხური თქმულება იმის შესახებ, რომ მერვე საუკუნეში, მურვან ყრუს დროს, დავით და კონსტანტინე მხეიძეები ქუთაისში, რიონის პირას, საიდუმლო გამოქვაბულში აფარებდნენ თავს. და, აი, შედგა დაზვერვითი ექსპედიცია, – ალიოშა ნემსიწვერიძემ, გივი ყალაბეგიშვილმა და ფოტოჟურნალისტმა ბონდო მაღლაფერიძემ ქუთაისის კარსტული გვირაბის გამოკვლევა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ცენტრში, წითელი ხიდის მახლობლად, რიონის მარჯვენა სანაპიროზე, არსებობს ბუნებრივი გვირაბი, რომელიც კარსტულ მოვლენათა რთულ კომპლექსს წარმოადგენს. ალიოშა ნემსიწვერიძემ და გივი ყალაბეგიშვილმა მკითხველებს მოუთხრეს „ქუთაისის ფსკერზე“ განთავსებულ მიწისქვეშა დარბაზებზე, წყალვარდნილობებსა და ტბებზე, უნიკალურ კარსტულ ბუხარზე“.
დრო გაარკვევს, ალბათ, ქართული სპელეოლოგიის ისტორიაში ამ ერთ-ერთი პირველი ექსპედიციის მონაწილეთა ჩანაფიქრის მნიშვნელობას..
ახლა კი ალიოშა ნემსიწვერიძის მორიგ ნაღვაწს გაგაცნობთ. ესაა მისი გამოკვლევა – „ლეონტი მროველის ქვაჯვარი“, რომელიც ქვეყნის მრავალმა მეცნიერმა აღიარა.
„ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს იმ პიროვნებას, ვინც გაარკვია „ქართლის ცხოვრების“ მემატიანის _ ლეონტი მროველის მოღვაწეობის პერიოდი,- წერს ენათმეცნიერი მიხეილ ალავიძე (გაზ. „ქუთაისი“, 1973
წ. 14 მარტი),- ალექსანდრე ნემსიწვერიძე 1957 წელს პირველად შევიდა ქართლის ერთ მიუვალ გამოქვაბულში -ქარელის რაიონის სოფელ თრეხვის მახლობლად მდებარე კლდეში და იპოვა წარწერიანი ქვის
ჯვარი, რაც ამტკიცებს, რომ ლეონტი მროველი მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში (1066 წელს) ცხოვრობდა. გამართლდა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის ნავარაუდევი“.
ეს გამოკვლევაც (31 ნაბეჭდი გვერდი), ფოტოებდართული, ალ. ნემსიწვერიძის არქივში ინახება…
უაღრესად საინტერესოდ იკითხება მასალები ხვამლის ექსპედიციაზე.
გამოკვლევაში „ხვამლი“ (იხ. გაზეთი „ქუთაისი“, 1969 წ.№39) ალ. ნემსიწვერიძე , ფაქტობრივი მასალების მოხმობით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხვამლის გამოქვაბული სახელმწიფო განძთსაცავი ყოფილა დავით აღმაშენებლის დროიდან. ხვამლი მას განსაკუთრებით აინტერესებდა (სხვა რომ არაფერი, ამ მთის მისადგომებთან , სოფელ ტვიშში დაბადებული კაცი იყო). პირად არქივში დაცულია რესპუბლიკის ხელმძღვანელების სახელზე დაწერილი მიმართვის ასლი, სადაც ქუთაისის, ცაგერისა და წყალტუბოს ხელმძღვანელები საუბრობენ ალექსანდრე ნემსიწვერიძის კომპლექსური ექსპედიციის მონაპოვარზე (ამ ექსპედიციაში აგრეთვე შედიოდნენ: საბაგირო გზების ცნობილი მშენებელი, დამსახურებული ინჟინერი გ. ფანცულაია, ინჟინერ-გეოლოგი ო. უკლება, არქიტექტორი ა. ფხაკაძე, ექიმი ე. გოლეთიანი, მხარეთმცოდნე ჯ. საღინაძე, მთამსვლელი სპელეოლოგები მ. ჭიჭინაძე, ნ. ნემსიწვერიძე და სხვები). ექსპედიციის დასკვნით, ხვამლის მთის გამოსაყენებელი ფართი (12 კმ) , რომელიც ხშირი ტყითაა დაფარული, შესაძლებელია, წლის ყველა მონაკვეთში იქცეს დასვენების კერად, რელიეფი კი – ტურიზმის და სამთო სპორტის რიგი სახეობის განვითარების ასპარეზად. ამდენად, ხვამლი ქვეყნის ერთ-ერთი სრულყოფილი, ულამაზესი ბაზა გახდეს და, ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდი მოგებაც მოიტანოს; მიზანშეწონილია, სოფელ მექვენადან გაკეთდეს ხვამლზე ასასვლელი საბაგირო გზა…
ეს ორიგინალური წინადადება, რომელიც ალიოშა ნემსიწვერიძის ექსპედიციამ საბაგირო გზის მშენებლობის ტექნიკურ -ეკონომიკური დასაბუთებით, მთის არქიტექტურული დაგეგმარებით, კლიმატო ბიოლოგიური, ჰიდრო-გეოლოგიური და სხვა გამოკვლევებით გაამდიდრა, 1969 წელს გაეცნო ხელისუფალთ. სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია…
ალბათ, ის დღეც დადგება, როცა ამ იდეის ავტორებს გაიხსენებენ!
პიროვნება
ალიოშა, ალექსი, ატე, ალექსანდრე – როგორც არ უნდა დაეძახათ, მიმართვაში მუდამ იგრძნობოდა მისდამი უსაზღვრო სიყვარული. იგი ბევრისათვის რომანტიკული, პატიოსანი და ჭკვიანი პიროვნება იყო,
პოპულარული, თუმცა თვითონ მუდამ ჩრდილში დგომას არჩევდა. ჰქონია კიდეც ამის მიზეზი: არქივში დაცულ კერძო თუ ოფიციალურ წერილებს შეუძლიათ, დაგვიდასტურონ, როგორი სუსხიანი ახალგაზრდობა დაჰბედებია. 1937 წლიდან, ვიღაცის კერძო ინტერესისა და ცილისწამების საფუძველზე, სხვადასხვა შორეულ ბანაკში უტანჯია ამ თავმდაბალ, შრომისმოყვარე, უსაზღვროდ გულთბილ ადამიანს. 1956 წლის 2 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში იგი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს ვ. მჟავანაძეს და რესპუბლიკის პროკურორს მ. თოფურიძეს უამბობს თავის მწარე თავგადასავალს და რეაბილიტაციას სთხოვს.
საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მდივნის, ემენ ტაკიძის სახელზე დაწერილ განცხადებაში მოკრძალებით წერს:
„დღეს ჩემთვის სამწუხაროა, რომ პირად საქმეზე გაწუხებთ და თან დამსახურებასაც აღვნიშნავ. მაგრამ გაწუხებთ იმისათვის, რომ არ მაქვს მუშაობისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობები, გასული წლის სექტემბრიდან არ მაქვს სამსახური და არსებობის საშუალება. შვიდი წელია ვცხოვრობ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში, რის გამოც 45 წლის ჰასაკის კაცს საკუთარი ოჯახიც ვერ შემიქმნია…“
ადვილი წარმოსადგენია, ამ პატარა, შეკუმშული განცხადების მიღმა უსამართლოდ დასჯილი და ცხოვრებადანგრეული კაცის რამდენი ტკივილი, ტანჯვა, სტრესია მიმალული. იგი მხოლოდ სიჭარმაგის ჟამს მოეკიდა ოჯახს, ცხოვრების საუკეთესო მეგობარი იპოვა ზინა ჟვანიას სახით.
არქივში დაცულია ლევან გოთუას გულთბილი წერილი:
„ძმაო, ატე! დღეს, 15/1, მივიღე შენი სასიხარულო ბარათი, ისევ შენია ლელო და გაიხარე… მე და ციცოც დიდის გულისხმიერებით გილოცავთ შენ და შენს მეუღლეს პირველძეობას. თუ ჩემი სახელი მოგეწონებათ, ბავშვს დავარქვათ ნათო (ნათია). დეპეშით მინდოდა მეცნობებია, მაგრამ აქ ხომ რუსული ანბანია და ნატო გამოუვიდოდათ…
ძველი ქართული სახელია… ეკლესიაში, ალბათ, ნათელას ჩასწერენ. აბა, კვლავ მოგილოცავთ ნათია ნემსიწვერიძის ქვეყნად მოსვლას…“
ცოტა მოგვიანებით ლევან გოთუა ბაადურის შეძენასაც ულოცავს მეგობარს. არქივში დაცულია ქართული კულტურის ძეგლების სურათები, რომელთაც მწერალი პატარა ნემსიწვერიძეებს უგზავნის წარწერით:
„ნათლიასაგან“, „ლევანისაგან“.
საერთოდ, ლევან გოთუასა და ალიოშა ნამსიწვერიძის ურთიერთობაზე ცალკე შეიძლება დაიწეროს წერილი. არქივში ვიპოვე ალიოშა ნემსიწვერიძის მიერ მეგობრისადმი მიწერილი წერილების „შავი პირები“, რომელთა გადაკითხვა უამრავ საინტერესო ინფორმაციას იძლევა, ამავე დროს, ალიოშა ნემსიწვერიძის საერთო განათლებისა და აზროვნების დიაპაზონზეც მიგვანიშნებს.
ალექსანდრე (ატე) ნემსიწვერიძე 66 წლისა გარდაიცვალა: 1973 წლის 9 მარტს, თავის დაბადების დღეზე.
დავარქვათ „დაზვერვითი ექსპედიცია“ ალექსანდრე ნემსიწვერიძის არქივში ჩვენს სტუმრობას. უფრო სერიოზულ სამუშაოს,ალბათ, სხვები ჩაატარებენ.
ფრინველკაცის ამბავი არც ისე მარტივია და არც ისე იოლად მოსაყოლი.