ავტორი: ნანა ქვიშარელი
“ქუთაისი უნდა გამოვაცხადოთ ნაკრძალად, სადაც საშვის გარეშე შემოსვლის უფლება მხოლოდ დარბაისელ, ზრდილ, პატრიოტ ქართველებს ექნებათ.” – ამ ფრაზის ავტორია ცნობილი ქუთაისელი მწიგნობარი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე პიპინია მიქელაძე, რომელიც თავისი იშვიათი იუმორითაც იყო განთქმული. მისი ოხუნჯობანი ახლაცაა შემორჩენილი – სრული ან გადაკეთებული სახით, თუმცა ბევრმა არც იცის, რომ ეს გამონათქვამები, სინამდვილეში, პიპინიას ეკუთვნის.
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდი პიპინია – ამჯერად, მისი ვაჟის მონათხრობით. პროფესორი არჩილ მიქელაძე, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის გამოყენებითი კათედრის გამგე, დევნილის სტატუსით ცხოვრობდა თბილისში და, დროდადრო, ლექციების ჩასატარებლად ჩამოდიოდა ქუთაისში. 2001 წელს, ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს, მოვახერხე მასთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა.
აქვე დავძენ: არჩილ მიქელაძემ მამის რამდენიმე საუცხოო ფოტოსურათიც მიჩვენა და პიპინიასადმი გაგზავნილი პირადი წერილებიც – გიორგი ლეონიძის, შალვა დადიანის, ნინო ჩხეიძისა და სხვათა. თუმცა, როგორც გულისტკივილით აღნიშნა, სოხუმში დარჩენილა პიპინიას ძირითადი არქივი, რომლის სვე-ბედიც გაურკვეველია. არადა, როგორი სამწუხაროა: პიპინია მიქელაძესთან ხომ XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული კულტურის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები მეგობრობდნენ!
პროფესორ არჩილ მიქელაძის ნაამბობი:
საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ პიპინია მიქელაძე იყო კარგი იუმორის პატრონი, კარგი მომღერალი და კარგი მოცეკვავე!
მამაჩემი, მართლაც, გახლდათ ასეთი, მაგრამ, უპირველესად, ის იყო უაღრესად კარგი მწიგნობარი!
პიპინია (პიმენ) მიქელაძე 1869 წელს დაიბადა ქუთაისში, კონსტანტინე მიქელაძისა და ეკატერინე ლორთქიფანიძის ოჯახში.
უმაღლესი განათლება არ მიუღია, მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ უზომოდ ნაკითხი იყო. თვითგანვითარების წყალობით, დიდად ინტელექტუალურ პიროვნებად იცნობდნენ. სარგის
კაკაბაძე ხომ შესანიშნავი მცოდნე იყო საქართველოს ისტორიისა და,პიპინია მიქელაძეს მასთან მუდამ ხელჩართული „ბრძოლა“ ჰქონდა თავისი შეხედულებების დასაცავად. არაერთხელ, არა ათჯერ და არა ასჯერ,
ყოფილა ჩვენსას სარგისი. სხვათა შორის, საქართველოს ისტორიის დიდ სპეციალისტს, პიპინია მიქელაძე თავის წიგნშიც ჰყავს მოხსენებული.
მამას უაღრესად დიდი ახლობლობა ჰქონდა აკაკისთან, ნიკო ნიკოლაძესთან, კირილე ლორთქიფანიძესთან, გიორგი ზდანევიჩთან, ძმებ ღოღობერიძეებთან, დიმიტრი ნაზარიშვილთან, შალვა დადიანთან,გალაკტიონთან, ნიკო ლორთქიფანიძესთან, გიორგი ლეონიძესთან, პაოლო იაშვილთან, საერთოდ, ქართული კულტურის მრავალ ცნობილ წარმომადგენელთან. ისინი დიდად აფასებდნენ პიპინიას, მის პიროვნულ ხიბლს. მაგრამ, რა იყო, იცით? მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მამის მონათხრობს ისე სერიოზულად ვეღარ აღვიქვამდი. ახლა მეტად ვწუხვარ,
მაგრამ რაღას ვიზამ!
სხვა რამეებსაც გიამბობთ მამაზე.
პიპინია მიქელაძის სიმღერა და ენამზიანობა მისი სიჭაბუკიდანვე განთქმული გახლდათ. სავსებით ახალგაზრდა კაცი, 26-27 წლისა, თავის დღეობაზე თამადად მიიწვია ილია ჭავჭავაძემ.
ეს ასე მოხდა. 1896 წელს იმერეთის მთავარეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე გარდაიცვალა. ანდერძისამებრ, გელათს უნდა დაეკრძალათ, მაგრამ დიდი თოვლის გამო დაკრძალვა გადაიდო. მთელი საქართველო ქუთაისში ყოფილა ჩამოსული, მათ შორის – ილიაც. სტუმრებს პატივისცემას ვინ დააკლებდა, მითუმეტეს – მას. და, სადაც კი მიიწვიეს ილია, ყველა ოჯახში პიპინია დაუხვდა თამადად. ქუთაისის ინტელიგენციის მიერ გამართულ დიდ ვახშამზე ილიამ მიმართა ახალგაზრდა თამადას: მომავალ წელს პატივი უნდა დამდოთ, საგურამოში მეწვიოთ ილიაობაზე, ჩემი თამადა უნდა იყოთო.
შეცბუნებულა პიპინია: თქვენთან, ბატონო ილია, გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი და სულ ასეთი ხალხია სუფრის წინამძღოლი, მე, აბა, რა თამადა უნდა ვიყოო!
ილიას კი მოუჭრია: იმერელო, მე თქვენ ერთხელ გთხოვეთო და!..
მოკლედ, ჩაუცვამს პიპინიას თეთრი ჩოხა და თავის რამდენიმე რჩეულ მეგობართან ერთად გამგზავრებულა საგურამოში. ილიას დიდი სიხარულით მიუღია.
– მაინც, რამდენი კაცი გეყოლებათ სუფრასთან, ბატონო ილიაო? –უკითხავს მასპინძლისთვის ახალგაზრდა თამადას.
– ასე, ათასხუთასი-ათასექვსასიო, – უპასუხია მას.
როგორც მამაჩემის მოყოლილი მახსოვს, სუფრასთან ბევრი შესანიშნავი მომღერალი და მოცეკვავე ყოფილა, მაგრამ „იმერულ ჯგუფს“ ყველა დაუჩრდილავს, უდიდესი საყოველთაო შეფასება მიუღიათ. პიპინიას
ბოლომდე უსვამს და უთამადია. უაღრესად კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩენილა თავად ილია.
ლხინის დასასრულს პიპინიას მასპინძლისთვის უთქვამს:
– თქვენ ათასხუთასი-ათასექვსასი კაცი ბრძანეთ, ბატონო ილია, აქ კი ორიათასამდე მობრძანდა…
– ჩემო პიპინია, თაფლი იყოს, თორემ ბუზი თეირანიდანაც კი ჩამოვაო,-გაღიმებია მასპინძელს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, სადღაც, 1911-14 წლებში, ქუთაისში ჩამოყალიბებული იყო რუსთაველის საზოგადოება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც პიპინია მიქელაძე გახლდათ.
მსახიობ გიორგი გეგეჭკორის მამას, ვლადიმერ გეგეჭკორს, სტატია ჰქონდა გამოქვეყნებული გაზეთ „კომუნისტში“. სტატიას ერქვა „ვინ შექმნა „ციცინათელა?“ – და დასახელებული იყვნენ „ციცინათელას“ პირველი
გუნდური შემსრულებლები – პიპინია მიქელაძე და მისი მეგობრები: ბონდო მიქელაძე, კოკინია დგებუაძე, სანდრო ფაღავა, დანიელა ურია. ესენი მღეროდნენ, თურმე, პირველად, „ციცინათელას“, მერე გავრცელებულა სიმღერა მთელ საქართველოში და უდიდესი მოწონება ჰქონია.
მე მახსოვს, ჩვენთან, ოჯახში, ინახებოდა მოპატიჟების ბარათები: საზოგადოებებსა და ოჯახებში რომ იხმობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მაგალითად, კახეთიდან – ქუთაისელ ფოლკლორისტებს, რათა „ციცინათელა“ თუ „ცედური მრავალჟამიერი“ შეესრულებინათ. ეს „ცედური მრავალჟამიერიც“ პირველად ამათ შეასრულეს სცენაზე – განსხვავებული სასიმღერო კილოთი. ქუთაისელი ფოლკლორისტების ნამღერი ვარიანტი ფირზეც იყო ჩაწერილი და ახლა მას ყველგან დაეძებენ, განსაკუთრებით – ცნობილი მომღერალი და ქართული ხალხური სიმღერების დიდი მოამაგე ანზორ ერქომაიშვილი.
იმედი მაქვს, რომ მე მივაგნებ მამაჩემის უახლოესი მეგობრის ნიკო ლორთქიფანიძის შთამომავლობის დახმარებით. სწორედ დიდი მწერლის ოჯახში ინახებოდა პატეფონის ფირფიტა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ნიკო რომ გარდაიცვალა, იყო მის მეუღლესთან, თათუსთან. თათუმ დაუტოვა ნოდარს (შვილს), ნოდარმა – მის ძმას, მერაბს. მერაბი დღეს ცოცხალი აღარ არის. დღეს მის ოჯახში ცხოვრობს ნიკოს უმცროსი ვაჟის, გოგის, ქალიშვილი, ძალიან კარგი გოგონა. მე პირადად ველაპარაკე, ავუხსენი ყველაფერი. მოვძებნი და დაგირეკავო.
ახლა ეროვნული ბანკის შენობა რომ დგას წერეთლისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე, იმის დიაგონალზე იყო ძალიან უბრალო სასტუმრო , შესანიშნავი პატარა რესტორნით, სადაც წლების განმავლობაში სადილობდა აკაკი და სადაც პატივს სცემდნენ ქუთაისში ჩამოსულ ყველა საპატიო სტუმარს.
მე თვითონ მინახავს 1913-1914 წლების აფიშა, ასეთი წარწერით, რომ: ამა და ამ დროს ამ რესტორანში გაიმართება საჩვენებელი ქართული სუფრა. თამადობს პიპინია მიქელაძე.“
ეს აფიშა ჩვენს ოჯახში არ ყოფილა. ბაბო ხუნდაძე რომ იყო ჩამოსული ქუთაისში, პიპინიას დაკრძალვაზე, მან თქვა, ასეთი აფიშა მაქვსო.
ჩავედი და, მართლაც, ვნახე. თამადის გარდა, იქ ჩამოთვლილი იყვნენ სუფრის წევრებიც: კოკინია დგებუაძე, ბონდო მიქელაძე, სანდრო ფაღავა, დანიელა ურია… მოკლედ, პიპინიას სამეგობრო, ქუთაისელი ფოლკლორისტები.
– რაში მდგომარეობდა-მეთქი სანიმუშო სუფრა? – ვიკითხე.
-რაში მდგომარეობდა, გენაცვალე და (ასეთი – მოქცევით საუბარი იცოდა ბაბომ), გადაგვარდა ყველაფერი: ქართული სუფრა სუფრას არ ჰგავს, ქართული ნადიმი – ნადიმს და არც ქართული ქორწილი არ ჰგავს ქორწილს. ამიტომ მაგენი აგიტაციას ეწეოდნენ საზოგადოებაში – როგორ გაიმართოს ქართული სუფრა. თამადობდა პიპინია მიქელაძე და სუფრასთან მომღერლებიც იყვნენ, მოცეკვავეებიც, დეკლამატორიც და
მსმელებიცო.
პიპინიას თამადობა განთქმული იყო. არამარტო სადღეგრძელოებით გამოირჩეოდა, ძალიან კარგად სვამდა და ბოლომდე შემორჩებოდა ხოლმე სუფრას.
მამა გარეგნულადაც გამოირჩეოდა: ახოვანი, ლამაზი კაცი იყო, ერთი მეტრი და 93 სანტიმეტრი ჰქონდა სიმაღლე.
უხდებოდა ქართული ჩოხა, დახვეწილი, მოზომილი მანერები.
პროფესორ ირაკლი ჭუმბურიძეს თავისი მოგონებების წიგნში მოთავსებული აქვს სურათი, რომელზეც გამოსახული არიან: პიპინია მიქელაძე, ცნობილი პედაგოგი სილოვან ხუნდაძე (პიპინიას დის ქმარი იყო)და მისი ვაჟი კუკური.
ამ ფოტოს მიხედვითაც შეიძლება, შევაფასოთ პიპინიას გარეგნული ხიბლი.
მამაჩემის თამადობას მეც მოვსწრებივარ.
1947 წელს ჭიჭიკო და ელენე იოსელიანების ოჯახმა მიგვიწვია მათი ვაჟის (აწ უკვე აკადემიკოსის) თემურ იოსელიანის თანაკლასელები –მშობლებითურთ. იქ დაპატიჟებული გახლდათ სარგის კაკაბაძეც და იქ კიდევ ერთხელ მოხდა, ჩემო ბატონო, სერიოზული კამათი სარგისსა და პიპინიას შორის საქართველოს ისტორიის საკითხებში მათი შეხედულებების შეუთავსებლობის გამო.
იქ იცეკვა პიპინია მიქელაძემ ძველებური „ქართული“! და იმ ცეკვის დავიწყება არ შეიძლება!
სულ ბოლოს იროდიონ ერემეიშვილის ქორწილში გახლდათ თამადა, 84 წლის ასაკში.
იმის მერე პიპინიას აღარ უთამადია. მალე გარდაიცვალა კიდეც.
გარდაცვალებამდე ჰქონდა იშვიათი მეხსიერება. ეს ბევრ რამეში ეხმარებოდა.
სუხიშვილის ანსამბლი იყო ქუთაისში ჩამოსული. ერთ მშვენიერ დღეს მერაბ ლორთქიფანიძემ მოიყვანა ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ჩვენთან, ოჯახში.
გაიმართა სუფრა, ჩემო ბატონო, და მაშინ უთხრა პიპინიამ: ილიკო ბატონო, ქართულ ცეკვაში ბუქნი არ შეიძლებაო. – რაღაც ასეთი ილეთი ჰქონდა ილიკოს და ამაზე მისცა შენიშვნა.
იშვიათი ყოფაქცევის კაცი იყო, ისეთი, ყველას ყურადღებას რომ მიიპყრობდა. მე, ჯერჯერობით, არ შემხვედრია ასეთი კომუნიკაბელური, ამასთან, დარბაისელი, თავდაჭერილი კაცი.
საერთოდ, ადამიანები უყვარდა გაგიჟებით, ყველა პიროვნებაში გამოძებნიდა დადებითს, ყველაში დაინახავდა იმას, რისთვისაც პატივი უნდა ეცა და დაეფასებინა.
სალამს ხომ ვერ დაასწრებდი!
როგორც კი ვინმე გაივლიდა მისი აივნის ახლოს, ის აუცილებლად წამოდგებოდა ფეხზე და ისე მიესალმებოდა; აუცილებლად მოუხდიდა ქუდს.
შოთა შარაშენიძე იყო, ჩემი მეგობრის ძმა. თურმე, ერთხელ, ჩვენი აივნის ქვეშ გაუვლია. პიპინიას შეუმჩნევია. მერე, მისი ძმა რომ მოვიდა ჩვენთან, უთხრა: „შენს ძმას, შოთას, გადაეცი: რომ ჩამივლის, სალამს ნუ მომაკლებსო!“ უთხრეს ეს შოთას და მაშინვე მოვარდა შეწუხებული:„ბატონო პიპინია ბიძია, მე, უბრალოდ, არ მინდა, რომ ფეხზე წამოგაყენოთ, თორემ სხვა დროსაც რამდენჯერ გამივლია ჩუმად თქვენი აივნის ქვეშ, თქვენ რომ არ შემეწუხებინეთო.“
პიპინია საზოგადოებისათვის მეტად მიმზიდველი კაცი გახლდათ, ისეთი ბუნებისა, რომ ყველას სურდა მასთან სიახლოვე.
რამდენჯერ მომისმენია დედაჩემის პაციენტებისაგან: ქალბატონო ჟენია, კი, კბილის სამკურნალოდ დავდივართ თქვენთან, მაგრამ – უფრო მეტად იმიტომ, რომ ბატონ პიპინიას თვალი შევავლოთო. მასაც საუბარი არ ეზარებოდა ხოლმე, მოგეხსენებათ, ენაფხიანი კაცი იყო.
პიპინია მეორე მსოფლიო ომამდე მუშაობდა სათავადაზნაურო, შემდეგ-სახელმწიფო ბანკში, სადღაც, 70 წლის ასაკში დაანება თავი მუშაობას.
რაზე მუშაობდა და რას აკეთებდა, ვერ გეტყვით, არ ვიცი. სამაგიეროდ, გამიგია და მისგანაც მსმენია პიპინიას საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ.
ვიცი, მაგალითად, რომ პიპინიას, ჯაბა ლომინაძეს და სიმონ ეზიკაშვილს(გურამ უგრეხელიძის სიმამრს, მინდიას ბაბუას) ადრეულ პერიოდში ჩამოყალიბებული ჰქონდათ კერძო სასამართლო – ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ოჯახებს დავა რომ ექნებოდათ, თუ სასამართლოში ვერ იპოვნიდნენ გზა-კვალს და სიმართლე მახინჯდებოდა, იტყოდნენ ხოლმე: მივაკითხოთ პიპინიას სასამართლოსო. და, მართლაც, ამ სამ „მედიატორს“ მიუდგომლად გამოჰქონდა სამართალი.
იმ სასამართლოს რაღაც სახელწოდებაც ჰქონდა, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს. მგონი „ჯაპისი“ (ჯაბა, პიპინია, სიმონი), თუ რაღაც ამდაგვარი.
პიპინია მხოლოდ სიმღერის კაცი არ იყო, პოეზიის უსაზღვრო ტრფიალი გახლდათ.
ჰქონდა შესანიშნავი მოგონებები მის თანამედროვე დიდ ქართველ მწერლებზე.
მახსოვს, ერთ-ერთ იუბილეზე გალაკტიონმა დაპატიჟა ქუთაისიდან პიპინია. ვერ წავიდა მამა, ის უკვე ხანშიშესული კაცი იყო, და ძალიან მორიდებული წერილი გაუგზავნა. სხვათა შორის, ეს წერილი ლიტერატურის
მუზეუმში ინახება – ჯერ კიდევ გიორგი ლეონიძის დირექტორობის დროიდან.
პიპინიასთან მუდამ დიდი სტუმრიანობა იყო. ერთხელ შალვა დადიანი დაკონსტანტინე გამსახურდია გვეწვივნენ ფუცუ დგებუაძესთან ერთად.
ფუცუმ რაღაც უთხრა მეგრულად შალვას და კონსტანტინემ უსაყვედურა:ან მეგრულად არ ილაპარაკო, ან კიდევ ის თქვი, რომ შენ მეგრელი არხარო (დაუწუნა მეგრული).
ორმოცდაათიან წლებში, მაშინ მეოთხე-მეხუთე კურსის სტუდენტი ვიქნებოდი, წყალტუბოში დასასვენებლად ჩამოვიდა პაოლო იაშვილის ძმა – ტუპია იაშვილი, შესანიშნავი განათლებული კაცი. დიდებულადაც მღეროდა. საგზური რომ გაუთავდა, თბილისიდან ჩამოაკითხეს უახლოესმა მეგობრებმა. აქ, სადგურზე, დახვდათ მათივე სამეგობრო წრის წარმომადგენლები: ბიძინა ღოღობერიძე, ვასიკო კიკნაძე, კოკი დადიანი, პილა იოსელიანი (ბულბულივით მომღერალი კაცი), ბონდო დადიანი, კოწო რადანაია და სხვები (ამათ, ყველას, პიპინიას მომდევნო თაობას ეძახდნენ).
მათ წინასწარ გააგებინეს მამას: პიპინია ბიძია, თბილისელები არიან ჩამოსული ტუპია იაშვილთან, ახლა წყალტუბოში წავლენ და საღამოს კი მოვალთ თქვენთან, ოჯახშიო.
ჰოდა, საღამოს, მართლაც, ყველანი გვეწვივნენ ტუპიასთან ერთად. მამა პაოლოს მეგობარი იყო; ტუპიას იცნობდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ შეხვედრა კი დიდებული გამოდგა. 12 კაცი იჯდა სუფრასთან, ყველა შესანიშნავი მომღერალი, ვარდენ ჩიქოვანის („ვარდენ-გრადის“) გარდა.
ჩვენ ვცხოვრობდით, „ობეხაესი“ რომ იყო, იმის გვერდით, მეორე სართულზე, ყოფილი კიროვის ქუჩის 42 ნომერ სახლში.
ჩამოსულთაგან ყველა არ მახსოვს, მაგრამ იყო, ჩემო ბატონო, კოწია ლორთქიფანიძე – საუკეთესო მომღერალი და მწიგნობარი კაცი, პეტია ბოკერია…
მოკლედ, თორმეტი მომღერალი ზის სუფრასთან, მაგრამ გადის ნახევარი საათი და არ მღერის არავინ. მაშინ ბიძინა ღოღობერიძემ თქვა: „რა დაგემართათ, ……….. მაინცდამაინც ოცდაათკაციანი გუნდი უნდა იყოს, რომ იმღეროთო?“ ამის თქმა და გაისმა:„ბროლის ყელსა მოგეხვიე…“
პირველს ამბობდა დიდებული მომღერალი კოწო რადანაია. მამა მაშინ ძალიან ხნიერი იყო, 80-ს გადაცილებული, და მაინც… პირველი ხმა წაართვა კოწოს!
ამ დროს სიგარეტის კვამლის გამო გაღებული გვქონდა ფანჯრები – ჩვენი „ზალა“ ქუჩას გადაჰყურებდა. შეჩერდა გამვლელ-გამომვლელი, ჩვენი სახლის წინ დადგა ხალხი, ისეთი ოვაციები გაიმართა, ბოლო არ უჩანდა!
ცოტა ხნის შემდეგ მოკრძალებით შემოდის ვიღაც წითელსამკლავურიანი მილიციის კაპიტანი: დიდი ბოდიში, მაგრამ ქუჩაში საცობი შეიქმნა, ხალხითაა გაჭედილი იქაურობა, იქნებ, ფანჯრები მაინც მოხუროთო. დახურეს, ვითომ, ფანჯრები და ეს კი სუფრასთან მიიწვიეს. მიაწოდეს სასმისი – მიირთვა, მიაწოდეს მეორე – ისიც და, მესამეც რომ დაცალა, თვითონვე ამოუშვა ისეთი მშვენიერი „მრავალჟამიერი“, ყველა გააკვირვა. მერე გამოტყდა: რა გამაძლებინებდა დღეს მე „ობეხაესში“, როცა ასეთი სიმღერა პირველად მესმოდაო.
და წავიდა და წავიდა მერე სიმღერები…
ძალიან ენამახვილი კაცი იყო პიპინია. მისი ოხუნჯობანი ახლაცაა შემორჩენილი – სრული ან გადაკეთებული სახით, ხშირად სხვასაც მიაწერენ ხოლმე ავტორობას. სინამდვილეში, პიპინიასია.
მაგალითად, პიპინიას ნათქვამი იყო (ნიკო ლორთქიფანიძეს ჰქონია ჩაწერილი და მისი არქივიდან ამოიღეს):
გარდაიცვალა ერთ-ერთი ცნობილი ქუთაისელი.
პანაშვიდის დროს კარებში დგას ერთი ქალბატონი და გაიძახის: არ მჯერა, არ მჯერა!..
პიპინიამ დარბაისლურად მიმართა:
– ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ, ქალბატონოო!
ქალაქკომის მდივანი ნარსია ხშირად დადიოდა ჩვენთან, უყვარდა პიპინიასთან მასლაათი. ერთხელ ჰკითხა: ამხანაგო პიპინია, კაცურად მითხარით, კომუნისტების დრო ჯობია თუ ნიკოლოზისო?
– როგორ გეკადრებათო, – ორაზროვნად მოუჭრა წინდახედულმა პიპინიამ, – ამდენი სიხარული, ახლა რომ არის, სად იყო მაშინო?
– რას გულისხმობთო?
– რას, ბატონო, და, წყალი მოვა – გვიხარია, შაქარს ვიშოვით – გვიხარია, თეთრი პური გაჩნდება – გვიხარია, რა გაუძლებს ამდენ სიხარულსო!..
სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე გამოვიდა ერთი პიროვნება და მოჰყვა, ზაქარია ჭიჭინაძის ნათქვამიაო, – სინამდვილეში, პიპინიასეულია ესეც და მე ძალიან კარგად მახსოვს:
თუ არ ვცდები, ანტონ ფურცელაძეს შეხვდა პიპინია თეთრ ხიდზე და ჰკითხა, რა ისმის პოლიტიკაში ახალიო. იმან: მეტი ახალი რა გითხრა, საფრანგეთმა „დე იურე“ გვცნოო.
– სასიამოვნოა, სასიამოვნოო! – პიპინიამ ჩაილაპარაკა, – მაგრამ მაგი იმას ჰგავს, ჩემო ბატონო, თქვენ ამ ხიდზე იდგეთ, მე წყალს (რიონს) მივქონდე, ვყვიროდე: „მიშველეთ! მიშველეთ!..“ – თქვენ ხიდიდან მეძახოდეთ:
„გიცანით, ბატონო პიპინია, გიცანითო!“ – და მე გეხვეწებოდეთ: „თუ მიცანით, ღვედი მაინც გადმომიგდეთ და ამომიყვანეთო!..“
ჰოდა, სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე ზაქარია ჭიჭინაძეს რომ მიაკუთვნა ერთმა პიროვნებამ ორასი კაცის წინ, შამილ ცხვედიანმა და გოგი დადიანმა იქვე უპასუხეს: ეგ ზაქარიას კი არა, პიპინია მიქელაძის
ნათქვამიაო.
…………………………………………….
ყველაფერი, რაც ბატონმა არჩილმა გვიამბო, ძალიან ჰგავდა ცხელ ნაცარში შენახული ნაკვერჩხლის გამოკიაფებას.
განა მართლაც ასე არ უძლებს დრო-ჟამს პიპინია მიქელაძის ჯავარიანი სიტყვა?!
ის 1953 წელს, 86 წლის ასაკში გარდაცვლილა.
დრომ დაამტკიცა, რომ მოხუცი არისტოკრატი „ქუთაისის ნაკრძალის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბინადარი იყო.