საპროტესტო მოძრაობა 1900-იანი წლების ქუთაისში

გააზიარე:

საპროტესტო მოძრაობა 1900-იანი წლების ქუთაისში

 

ავტორი: ნია კუჭავა

 

1900-იანი წლები ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია კავკასიისთვის, რადგან სწორედ ამ დროს ვაწყდებით ახალ პოლიტიკურ დინამიკებსა და იდეოლოგიურ ძვრებს, საპროტესტო მოძრაობებსა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი კავკასიური ქვეყნების მხრიდან საკუთარი თავის ხელახალ წარმოდგენასა და გააზრებას. მსგავსი ძვრები და იდეათა აღმოცენება, მათი დაპირისპირება და ჯახი, უცხო არ გახლდათ საქართველოსთვისაც. ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები და ფუნდამენტური საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში აღმოცენებული ნაციონალიზმისთვის, როგორც აზრისა და იდეისთვის, გახლდათ მემკვიდრეობის, ადგილისა და ტერიტორიის გააზრება და საკუთარი ნაციონალური იდენტობის ამ წარმოდგენის შესაბამისად კონსტრუირება.[1] საინტერესოა ის, თუ როგორ პასუხობდა ამ ცვლილებებს ქართული აზრი და პროტესტის ფონზე დაბადებული იდეები, რომელთა ფორმირებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერა ქუთაისი გახლდათ. ამ ყველაფრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს ვიღებთ იტალიელი ჟურნალისტისა და დიპლომატის, ლუიჯი ვილარის წიგნიდან ,,ცეცხლი და მახვილი კავკასიაში.“[2] ვილარის ნაწერები განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც ჩარლზ კინგი, კავკასიის რეგიონული კვლევების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის ავტორი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პროფესორი, აღნიშნავს, კავკასიის შესახებ წარმოდგენა დასავლურ აკადემიაში და ზოგადად დასავლური აზრის ისტორიაში ამ რეგიონის შესახებ რუსეთის იმპერიის მიერ ჩამოყალიბებული სურათის ანარეკლია.[3] ვილარის შემთხვევაში კი, რუსული ხედვა ამ რეგიონისა მეორეხარისხოვანი ხდება, რადგან მისი მოგზაურობა, მისი ერთგვარი საველე კვლევა გადმოსცემს პირდაპირ იტალიელი დიპლომატის მიერ აღქმულ კოლონიას, კოლონიზატორის ჩარევის გარეშე. ლუიჯი ვილარის წიგნში ვაწყდებით მნიშვნელოვან ცნობებს როგორც ქუთაისში არსებული საპროტესტო მოძრაობების შესახებ, ისე ანტროპოლოგიური თვალსაზრისით ღირებულ ინფორმაციას იმდროინდელი ქუთაისური ცხოვრებისა და ყოველდღიურობის, არქიტექტურისა და სახლის სივრცის წარმოდგენის თავისებურებებს. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ იმ პოლიტიკურ ძვრებსა და მნიშვნელოვან იდეოლოგიურ ჭიდილებს, რომლებიც აქტუალური გახლდათ ვილარის მიერ აღწერილ ქუთაისში.

ლუიჯი ვილარმა ქუთაისი 1905 წელს მოინახულა და, როგორც ამას თავად აღნიშნავს, მისი სტუმრობის დროს პოლიტიკური დაძაბულობა ქუთაისში თავის მწვერვალს აღწევდა. ისტორიული კონტექსტი მართლაც ძალიან მძიმე იყო. რუსიფიკაციის პოლიტიკა მკაცრი და ხისტი გახლდათ, რუსული ბიუროკრატია კი აბსოლუტურად ახშობდა ნებისმიერი ტიპის ავტონომიასა და ნაციონალიზმის მცირედ გამოვლინებებსაც კი, რუსი საჯარო მოხელეები ქართული ენის გამოყენებაზე უარს ამბობდნენ, საჯარო პოლიტიკისა და სფეროს ენად კი რუსული იქცა. სწორედ ამ დაძაბულობის ფონზე შეხვდა ქუთაისი 1900-იანი წლების დასაწყისს. სწორედ 1900-იანი წლების დასაწყისში, საერთაშორი ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ომი დაიწყო, რუსეთ-იაპონიის ომი, რომლის მიმდინარეობაც, რაზეც ვილარიც საუბრობს, ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორი იყო კავკასიური კოლონიების შიგნით პოლიტიკური განწყობებისა და დამოკიდებულებების ფორმირებისათვის. შორეულ აღმოსავლეთში გახსნილი ფრონტი და საბოლოო მარცხი, რუსეთისათვის მისი საგარეო პოლიტიკის გადახედვისა და მისი საერთაშორისო იმიჯის შესაბამისი ფორმირების საწინდარი იყო. სწორედ ამ პერიოდში განცდილი რამდენიმე კრახი გახლდათ მიზეზი იმისა, რომ იმპერიის ნაწილად იძულებით მყოფი ადამიანები ალაპარაკდნენ თავისუფლებაზე, თვითგამორკვევასა და ავტონომიაზე, რაც, როგორც ვილარი წერს, განსაკუთრებით აქტუალური იყო ქუთაისში, რადგან აქ, როგორც იმპერიის კოლონიის შედარებით პერიფერიულ ნაწილში, რუსული ბიუროკრატიისა და ენის მარწუხები იმდენად საგრძნობი არ იყო, როგორც თბილისში. ამ დროს აქტუალური გახდა სოციალ-დემოკრატიაც, დროთა განმავლობაში თავდაპირველად თვისებრივად ეკონომიკურმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი ძალის კონსოლიდირება შეძლო საზოგადოებაში. როგორც ვილარის ცნობებიდან ვიგებთ, კავკასიის მთავარმართებელი, გოლიცინი განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი ნაციონალიზმის მიმართ. ნაციონალისტებსა და სოციალისტებს შორის იდეოლოგიური ქიშპი გახლდათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელი იმისა, რომ ქართული აზრის ისტორიაში მნიშვნელოვანი ძვრები იწყებოდა და ადამიანები იწყებდნენ საკუთარი თავისა და ირგვლივ არსებული მდგომარეობის, მომავალში საკუთარი მოთხოვნებისა და სურვილების წარმოდგენასა და წარსულისა თუ მომავლის შესახებ მყარი შეხედულებების ჩამოყალიბებას. თუმცა ქუთაისური პოლიტიკური კლიმატისთვის ისიც საინტერესო გახლდათ, რომ ნაციონალიზმსა და სოციალიზმს შორის ანტაგონიზმი იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, როგორც ზოგადად დამოუკიდებლობის შესახებ ჩამოყალიბებული ნარატივები. ამ დროს პოლიტიკური აზრის მნიშვნელოვანი ნაწილი გალხდათ სოციალისტ-ფედერალისტთა მიერ შემოთავაზებული პროგრამაც, რომელთა დღის წესრიგში კლასობრივი კონფლიქტების გადაწყვეტაზე წინ ნაციონალისტური პროექტი და პრობლემები იდგა.

სწორედ ზემოთ ხსენებული ძვრებისა და მოვლენათა მიმდინარეობების, თვითგამორკვევისა და კუთვნილების აღმოჩენისა და გაანალიზების ფონზე იმყოფებოდა ვილარი ქუთაისში, სადაც, როგორც ის წერს, იმართებოდა საჯარო დისკუსიები, განხილვები რევოლუციის შესახებ. თავშეყრის ადგილებსა და ბაღებში ადამიანები ყოველთვის საუბრობდნენ არსებული მთავრობის შესახებ, არ ერიდებოდნენ თავიანთი რწმენა-წარმოდგენების ხისტ გამოვლინებებს, განსხვავებული შეხედულებები, იდეები და ამ იდეათა შორის მიმდინარე ქიშპი ახალისებდა საერთო ნებას, რომლის მისაღწევადაც განსხვავებულ გზებზე ფიქრი აქტიურად მიმდინარეობდა იმდროინდელ ქუთაისში. ვილარი ერთ საინტერესო შემთხვევასაც იხსენებს რევოლუციური განწყობის შესახებ და ამბობს, რომ თეატრში პერფორმანსიც იხილა, სწორედ ამ წარმოდგენის ბოლოს შეასრულეს ,,მარსელიეზა,” რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რევოლუციური მოძრაობის ადგილობრივი ვერსია, საპროტესტო ტალღა მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა საზოგადოებრივ ცხოვრებას იმდროინდელ ქუთაისში. გამოსვლებისა და ორატორების მოსმენის დროს ვილარი სრულად ვერ წვდებოდა მათ აზრებს, თუმცა მისთვის უტყუარი იყო საპროტესტო განწყობა და ახალი მიმართებები, რომლებიც ქუთაისში რუსული ბიუროკრატიისა და მთავრობის პირობებში არსებობდა და ძალას იკრებდა.

აქედან გამომდინარე, მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისის საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი სწორედ პოლიტიკური მოთხოვნები და პროტესტი გახლდათ და ზემოთ ხსენებული ფაქტი ვლინდებოდა იმდროინდელი სოციალური ცხოვრების თავისებურებებში.

 

 

 

ბიბლიოგრაფია

King, Charles. The Ghost of Freedom: A History of the Caucasus. Oxford: Oxford University Press, 2008.

Villari, Luigi. Fire and Sword in the Caucasus. London: T. Fisher Unwin, 1906.

Wilson Center. “The Ghost of Freedom: Writing a History of the Caucasus.” Accessed January 31, 2025. https://www.wilsoncenter.org/publication/the-ghost-freedom-writing-history-the-caucasus.

  1. Charles King, The Ghost of Freedom: A History of the Caucasus (Oxford: Oxford University Press, 2008), 148.
  2. Luigi Villari, Fire and Sword in the Caucasus (London: T. Fisher Unwin, 1906), 61-84.
  3. “The Ghost of Freedom: Writing a History of the Caucasus,” Wilson Center, accessed on January 31th, 2025, https://www.wilsoncenter.org/publication/the-ghost-freedom-writing-history-the-caucasus