ქუთაისის ებრაული უბნის „განმანათლებელი სიდონია“ როზა თავდიდიშვილი

გააზიარე:

ქუთაისის ებრაული უბნის „განმანათლებელი სიდონია“ როზა თავდიდიშვილი

ავტორი: ნანული ცხვედიანი

 

ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ებრაელი ქალისათვის ფანქრითა და რვეულით ხელში, „ქუჩა -ქუჩა“ თუ ოჯახებში, უბნებსა თუ სალოცავის ჯამაათში სიარული – მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში – რა ძნელი იქნებოდა, რამდენი უსიამოვნება და შეურაცხყოფა შეხვდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?

მაგრამ როზა თავდიდიშვილი ის მედგარი, ენთუზიაზმით სავსე ადამიანი იყო, შეუპოვრად რომ მიიწევდა წინ და პირველ სვრელს ავლებდა ქართველ (ქუთაისელ) ებრაელთა ყოფა -ცხოვრების ეთნოგრაფიულად შესწავლის საქმეში. ბუნებას მისთვის დიდი ნიჭი და განსაკუთრებული უნარი მიეცა, ამიტომაც შეძლო შეუძლებელი და შექმნა კიდეც უნიკალური „ეთნოგრაფიული ნარკვევი ქუთაისელ ებრაელთა ძველი ყოფა-ცხოვრებიდან.“

 

როგორი მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ერთი „უბრალო“ ქალის ნაშრომი, რომ წიგნისათვის წინათქმა დაეწერა და რედაქტორობა გაეწია თვით დიდ ქართველ ეთნოგრაფს სერგი მაკალათიას. იგი ამბობს:“როზა თავდიდიშვილის ეს ეთნოგრაფიული ხასიათის ნარკვევი, ქუთაისელ ებრაელთა ყოფა-ცხოვრებიდან, წარმოადგენს პირველ ცდასა და ნაბიჯს ქართულ ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში…“

სერგი მაკალათია იმასაც გადმოგვცემს, რომ საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოებამ დახმარება გაუწია როზა თავდიდიშვილს, რათა დაემთავრებინა მის მიერ დაწყებული ქუთაისელ ებრაელთა ყოფა -ცხოვრების შესწავლის საქმე. „… რ. თავდიდიშვილმა, როგორც პირველმა ებრაელმა ქალმა, სამი წლის ენერგიული მუშაობის შემდეგ შეძლო, დაემთავრებინა და წარმოედგინა დასაბეჭდად. მაგრამ რ. თავდიდიშვილის მიერ დაწყებული მუშაობა ამ ნარკვევის გამოქვეყნებით კი არ ამოიწურება, საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოებას განზრახული აქვს, ასეთივე ეთნოგრაფიული ხასიათის შესწავლა ჩაატაროს საქართველოს დანარჩენ კუთხეებში მოსახლე ქართველ ებრაელებს შორის, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უფრო ფართოდ გავეცნოთ ჩვენში მოსახლე ებრაელთა ძველ ყოფა -ცხოვრებას.“- დასძენს საზოგადოების სწავლული მდივანი სერგი მაკალათია (წიგნი გამოსცა გამომცემლობა „ტექნიკა და შრომამ“.თბილისი. 1940.).

სანამ ფურცლებს წასაკითხავად გადავშლიდეთ, ცხადია, ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ ავტორის „წინასიტყვაობას“, სადაც იგი აღნიშნავს:

“…პატარაობიდანვე დიდი სურვილი მქონდა, შემესწავლა ქუთაისელ ქართველ ებრაელთა ყოფა -ცხოვრება, მაგრამ, როგორც არასპეციალისტი -ეთნოგრაფი, ვერ ვბედავდი ასეთი მუშაობისათვის ხელი მომეკიდა. მხოლოდ ვცდილობდი, მუდამ მათში მეტრიალა და გავცნობოდი ქუთაისელ ქართველ ისრაელთა ყოფა -ცხოვრების ყოველგვარ წვრილმანს და გამეზიარა მათი ჭირ -ვარამი.“

„წინასიტყვაობაში“ აქცენტირებულია ებრაელ ქალთა თემა და განსაკუთრებით საინტერესოა ეს აბზაცი:“ ფრიად მნიშვნელოვანი და საჭიროა შესწავლა იმ ქალებისა, რომლებითაც ქუთაისის ქართველი ებრაელობა ამაყობდა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში (ჩვენი ნარკვევი ეხება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარს); იმ დროს, როდესაც ქუთაისის ქართველი ებრაელი ქალი კერიას ვერ შორდებოდა და ისე ბერდებოდა, რომ თავისი უბნის მეტს არაფერს იცნობდა, იქ იყვნენ ებრაელი ქალებიც – ცნობილი თავისი გამბედაობით, გაჭირვებისა დროს „ღუბერნატორს“ წინ რომ დაუდგებოდნენ, გადაეღობებოდნენ, საზოგადო და სახალხო საქმისათვის თავისი ჯამაათის მიერ მიგზავნილი – თავისუფლად სთხოვდნენ დავალებულს; მათ შორის დარჩენილია სახელები: სარაია-არაბი, თეთენიაი, ხანანაური, მოშიაური, ბინინაური, სიმსილაური და სხვა, რომელნიც თავისი ხალხაის რჩეულნი იყვნენ.“

 

ამ წინასიტყვაობის შემდეგ იწყება საოცარი, შთამბეჭდავი, მრავალი საინტერესო ინფორმაციის დამტევი ტექსტები, რომლებიც წიგნში თემატური პრინციპითაა განთავსებული:

1.ადათ -ჩვეულებანი (ნიშნობა, კაბის ჭრა, ქორწილი, მშობიარობა, ბავშვის აღზრდა, ნათვლა, დაბანგვა, მუცლის მოშლა, ჯალაბის დაყოფა, ჯალაბში უფროსის როლი);

2.მიცვალებულის დატირება და დასაფლავება;

3.„ცრუმორწმუნეობა“( ახალი წელი (როშაშანა)-წლის თავი, წყლის კურთხევა, ქათმის შემოვლება, ქიფური, სუქოთი, ოშაყანა, სიმხათთორა, ხანუქა, ხილის კურთხევა, ფურიმი, დანისწვერი, ფესახი, ხამეზის მობოჭვა, აგადა, ყომერი, შაბუყოთი, მარხვა, სიონის ტირილი, ორმოცი სელიხოთი, შაბათი, ბატონები, დაშაქვრა, განატეხი, ბატონებიანების გარდაცვალება, მოწონებული, ნაღალატი გადაცემა, კუდიანობა, ახალი ბინა, ბინიდან გასვლა, ბინის გამოცვლა, თორის ნაწერი, ტანისამოსის და ფეხსაცმლის ჩაცმა-გახდა, ფრჩხილების მოჭრა, ცოდვილი, მთვარის კურთხევა, რეფუა, ჭექა -ქუხილი);

4.ასოთსამღერელი, მარჩიელობა, დაცდილობა და სხვ.

5.შელოცვები (დალოცვები, წყევლა);

6. ფოლკლორი (ლეგენდები, ზღაპრები, ლექსები, ანეკდოტები, ანდაზები);

ტერმინების საძიებელი.

როზა თავდიდიშვილის მიერ ჩაწერილი ტექსტები იმდენად საინტერესო და შინაარსიანია, ამასთან, ისე დაფერილია ებრაული კოლორიტით, კითხვისას სულ თვალწინ წარმოგიდგება მწვანეყვავილასა თუ საფიჩხიაზე, ქალაქის სხვა უბნებში მცხოვრები ჩვენი ებრაელები – ძველი მეზობლები, ნაცნობ-მეგობრები, თანაკლასელები, თანაკურსელები, თანამშრომლები, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. ამიტომაა,რომ მოთხოვნა გიჩნდება -კიდევ და კიდევ იკითხო, ისევ მიუბრუნდე გამოცემას.

აგერ უკვე 80 წელზე მეტია, რაც პირველად დაიბეჭდა ეს წიგნი და დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. იგი ერთნაირად საინტერესოა თაობებისათვის. ამოუწურავი ინფორმაცია დევს ამ ფურცლებზე ისტორიკოსების, ეთნოგრაფების, ფოლკლორისტებისა თუ ენათმეცნიერებისათვის. ძნელია, განსაზღვრო კონსულტანტების – სერგი დანელიასა და პროფესორ მიხეილ ხანანაშვილის წვლილი ამ ნაშრომის ჩამოყალიბებაში, მაგრამ უნიჭიერესმა ებრაელმა ქალმა რომ საუკუნის ნაშრომი შექმნა და დაგვიტოვა, ეს ხომ ფაქტია. მსგავსი ნაშრომი საქართველოს სხვა კუთხეების ებრაელთა შესახებ, თურმე, დღემდე არც შექმნილა.

ამ წიგნს საკმაოდ საინტერესო ბედიც დაჰყვა:

მრავალი წლის მანძილზე უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ეს ნაშრომი 1996 წელს მკითხველს ნაწყვეტების სახით შეახსენა ჟურნალმა „განთიადმა“, ხოლო 2000 წელს მეტად მცირე ტირაჟით გამოსცა ქუთაისში ( ჩემთვის სრულიად უცნობმა) შემოქმედებითმა გაერთიანებამ „Tantra”. რა თმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი და აუცილებლად უნდა მიექცეს ფართო საზოგადოებრიობის ყურადღება როზა თავდიდიშვილის ამ შესანიშნავ წიგნს, რომელსაც დღეს უკვე ფასიც კი არ დაედება.

რა ვიცით როზა თავდიდიშვილის შესახებ?

ჟურნალისტმა ჩესი ლეზგიშვილმა 1977 წლის 10 თებერვალს გაზეთ „ქუთაისში“ გამოაქვეყნა სტატია „პატივით მოსული მანდილოსანი“, რომლის მიხედვითაც, როზა დაბადებულა ქუთაისში, ებრაელთა უბანში. ცნობისმოყვარე გოგონა ხარბად ეცნობოდა მამის მოტანილ წიგნებს, ბეჯითად სწავლობდა სკოლაში. 1924 წლიდან ქუთაისის საქალაქო გაზეთ „წითელ ვარსკვლავში“ თანამშრომლობდა და სხვაგანაც აქვეყნებდა წერილებს. მრავლისმთქმელია თუნდაც სათაურები: “ახალი ებრაელი“, „8 მარტი და ქართველი ებრაელი ქალი“, „მეტი ყურადღება ებრაელთა უბანს“ და სხვ.

“როზა თავდიდიშვილის მოღვაწეობა ია-ვარდებით როდი იყო მოფენილი. რთულ და დიდ გზაზე მრავალი წინააღმდეგობა, დაბრკოლება, გადაულახავი ყრუ კედელიც შეხვედრია. იყო ჩუმი უკმაყოფილებაც და აშკარა დამუქრებაც, ავი სიტყვაც, მტრული მზერაც, მაგრამ არ შეყოყმანებულა, არ შემდრკალა… საჯარო გამოსვლებში, პირად საუბრებში, შეხვედრებზე, პრესის მეშვეობით იგი დაუღალავად ზრუნავდა და იღვწოდა იმისათვის, რომ მოზარდებს სკოლაში ესწავლათ, ახალგაზრდებს ხელი აეღოთ მეწვრილმანეობა -კერძო ხელოსნობაზე, წასულიყვნენ ფაბრიკა-ქარხნებში, დაწაფებოდნენ კულტურას, ცოდნას, დაკავშირებოდნენ ბიბლიოთეკებს, წითელ კუთხეებს, ქალებს ზურგი ექციათ მომქანცველ-ერთფეროვანი ოჯახური ყოველდღიურობისათვის და საქვეყნო საქმეებს კვალში ჩასდგომოდნენ“. -წერს ჩესი ლეზგიშვილი. როგორც ის გადმოგვცემს, ცნობილ ებრაელ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, პროფ. მიხეილ ხანანაშვილს როზასათვის დიდი საგანმანათლებლო -საზოგადოებრივი საქმიანობის გამო, სიყვარულით, „განმანათლებელი სიდონიაც“ კი უწოდებია.

როზა თავდიდიშვილის აქტიური მონაწილეობით ღარიბკომს გაუხსნია საამქროები და ებრაელობა მის მუშაობაში მიუზიდავს. 1926-1928 წლებში როზა იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და აღმასკომის წევრი. მონაწილეობდა ქალთა სადელეგატო კლუბის მუშაობაში. ხელმძღვანელობდა ებრაელთა უბნის ქალთა სადელეგატო პუნქტს. მასწავლებლობდა ებრაელების წერა -კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლაში.

გარდა ეთნოგრაფიული ნარკვევისა, როზა თავდიდიშვილი ავტორია საბავშვო წიგნებისა: “ორი ძმა“, „თავსატეხი“, „გასართობი“, „საბავშვო მოთხრობები“, „ხატაურას წერილი მეგობრებს“, „ანდაზები რებუსებში“, „რებუსები“…

ქუთაისიდან საცხოვრებლად თბილისში გადასული მისი სტუმართმოყვარე ოჯახი მუდამ გულღიად ხვდებოდა ცნობილ ქართველ მწერალ ქალებს: ნინო ნაკაშიძეს და მარიამ გარიყულს, მაყვალა მრევლიშვილს და ანა ღვინიაშვილს, თეო აბაშმაძესა და მარიკა ბარათაშვილს… მას ხშირად სტუმრობდნენ ქართველი ებრაული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, მეცნიერები, სტუდენტებიო,- გვიამბობს ამ სტატიაში ჩესი ლეზგიშვილი.

 

1886, ქუთაისი -1967, თბილისი! სულ ეს არის როზა თავდიდიშვილის წუთისოფლის მონახაზი. 81 წლის ასაკში წასულა ამქვეყნიდან ქუთაისის ღარიბი ებრაული უბნის „განმანათლებელი სიდონია“ მაგრამ, რამოდენა განძი დატოვა თავისი მარადიული სიცოცხლის ნიშანსვეტად: ესაა მისი „ეთნოგრაფიული ნარკვევი ქუთაისელ ებრაელთა ძველი ყოფა-ცხოვრებიდან.“