ქუთაისის ლიტერატურული პერიოდიკა

ქუთაისის ლიტერატურული პერიოდიკა

გააზიარე:

ქუთაისის ლიტერატურული პერიოდიკა

ავტორი: მარიამ მებუკე

 

 

ქუთაისში შექმნილ პირველ ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანებისა და მათი ჟურნალის „ცისფერი ყანწების“ (რომლის სულ ორი ნომერი გამოიცა 1916 წელს) შემდეგ სხვადასხვა დროს გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც იმ დროის ლიტერატურულ პროცესებს, ავტორებსა და მათ შემოქმედებას შეეხებოდა. ცხადია, 1916 წლის შემდეგ (და მანამდეც) ასეთი ბევრი გამოცემა იყო და ყველას დასახელება შორს წაგვიყვანს, თუმცა მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან, ეპოქისთვის აღსანიშნავ პერიოდიკაზე უნდა ვისაუბროთ. როგორც ავთანდილ ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ეს გამოცემები უფრო „ქუთაისის მინავლებული სალიტერატურო პროცესების გამოცოცხლებას ემსახურებოდა და ფორმალურად არ არსებობდა“. მართლაც, მარტივი არაა იმ პერიოდის ჟურნალ-გაზეთების შესახებ რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაციის პოვნა, რაც მათი კვლევის პროცესს უფრო ართულებს.

„ცისფერი ყანწების“ შემდეგ არსებობდა „ქუთაისის ხელოვან მწერალთა წრე“, რომელიც „არმაზის“ სახელწოდებით გამოსცემდა ლიტერატურულ გაზეთს. ამასთან, მნიშვნელოვანია ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოცემული ლიტერატურული ალმანახის ერთი ნომერი და შემდეგ ყოველთვიურ ჟურნალად ჩაფიქრებული „ხელოვნების მოამბე“, რომლის ასევე მხოლოდ ერთი ნომერი გამოიცა. ალბათ ამ მოვლენას საქართველოს გასაბჭოება და ამდენად მკაცრი ცენზურის არსებობა უშლიდა ხელს, რადგან ამ პერიოდის არც ერთ გამოცემას არ უარსებია იმდენ ხანს, რა დროის განმავლობაშიც ის ჩაფიქრებული იყო. მათ შესახებ არც ჩანაწერები არსებობს და არც ამ ჟურნალთა ეგზემპლარებია შემონახული ელექტრონული სახით, შესაბამისად, გაურკვეველია მათი დახურვის კონკრეტული მიზეზი.

ნიკო ლორთქიფანიძისა და ერთ-ერთი „ცისფერყანწელის“, სანდრო ცირეკიძის მონაწილეობით 1922 წელს დაარსდა ქუთაისის მწერალთა კავშირი, რომელიც პერიოდულად გამოსცემდა რამდენიმე ჟურნალს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძირითადად მხოლოდ ერთი ნომრით შემოიფარგლებოდა მათი ამ სივრცეში „ასპარეზობა“. საინტერესოა ისიც, რომ ამ ქალაქში მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების დაარსება დაკავშირებულია მთარგმნელისა და პოეტის, იმერეთში, კერძოდ, სოფელ ზედა ილემში დაბადებული ვასო გორგაძის სახელთან, რომელმაც სწორედ ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოსცა თავისი კრებული.

ვასო გორგაძის სახელს მივყავართ კიდევ ერთ პერიოდულ გამოცემასთან, რომელსაც „უქიმერიონის“ სახელით ვიცნობთ. ის 1922 წლიდან გამოდიოდა და სულ 6 ნომერია დაბეჭდილი, რაც იმ პერიოდისა და ზემოთ აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენად შეგვიძლია, მივიჩნიოთ. ამ ჟურნალის რამდენიმე გაციფრულებული ეგზემპლარიც არსებობს. კერძოდ, მის მეორე ნომერში, პირველ გვერდზევე ვკითხულობთ ტერენტი გრანელის ლექსს „აღსარება ქუთაისს“. ამავე ნომერში გვხვდება დავით ჩხეიძის (რომელსაც დია ჩიანელის ფსევდონიმით ვიცნობთ), ქართველი მწერლის, პუბლიცისტიკა „ქუთაისი გიჟებით“, რომელშიც ავტორი ქუთაისის, როგორც ურბანული ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანი ტოპონიმის, ასევე ამ ქალაქის იერსახის შემქმნელი ადამიანების შესახებ წერს. საინტერესოა ნაწყვეტი მისი პუბლიცისტიკიდან: „ქუთაისი ბევრი რამეთი იყო ღირსშესანიშნავი, მაგრამ არავის ყურადღება არ მიუქცევია იმ ხალხისათვის, რომელიც ქუთაისს თავისებურ ელფერს აძლევს. არსად ისე ყურადღებას არ იპყრობს ეს მოვლენა, როგორც ქუთაისში, არსად ისე არ იშლება, როგორც აქ.“ ამ შემთხვევაში სიტყვა „გიჟი“ არა უარყოფითი კონოტაციით, არამედ პირიქით, დადებითად, შემოქმედებითი აღმაფრენის კონტექსტშია განხილული და იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ საქართველოს გასაბჭოების პერიოდშიც კი ქუთაისელი მწერლები და პოეტები ცდილობდნენ, გიჟობა „ამოცანად დაესახათ, ამოცანად მხატვრული განცდების“ („ქუთაისი გიჟებით“).

„უქიმეორიონის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა ნარკვევები სიმბოლისტებსა და ფუტურისტებზეც, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გაერთიანებებზე. სიმბოლისტებზე აქამდეც გვისაუბრია, ფუტურისტებს მხოლოდ ქუთაისელი მხატვრების შემთხვევაში განვიხილავდით, ამიტომ, სამართლიანია, აქაც ვახსენოთ, რომ ფუტურისტები, როგორც ჯგუფი, H2SO4-ის სახელით მოღვაწეობდნენ და ამავე სახელწოდების ლიტერატურულ ალმანახს გამოსცემდნენ. ფუტურისტული პოეზიის საღამოები ვლადიმირ მაიაკოვსკის მონაწილეობით ქუთაისსა და თბილისში იმართებოდა.

ამავე ნომრის „მხატვრულ ქრონიკაში“, რომელიც ჟურნალის ბოლო გვერდზეა, ვკითხულობთ „ახალ ამბებსაც“, მაგალითად, მწერალთა სახლის ქუთაისის განყოფილების შესახებ ნათქვამია, რომ „მწერალთა სახლში სწარმოებს ჩუმი შემოქმედებითი მუშაობა ქუთათური პოეტების.“ ჩუმ მუშაობაში ამ შემთხვევაში არ უნდა იგულისხმებოდეს ცენზურისგან დამალვის მცდელობა, რადგან მწერალთა კავშირი, ისევე როგორც ყველა კავშირი საბჭოთა პერიოდში საბოლოოდ მაინც კონფორმისტული ორგანო იყო, რამდენად გაზვიადებულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს შეფასება. ამ ფურცელზე შევიტყობთ სანდრო ცირეკიძის ავადმყოფობის ამბავსაც. ის ამ ცნობის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა კიდეც. აქვე საუბარია ტერენტი გრანელის ქუთაისში ჩატარებულ პოეზიის საღამოზე. გრანელი „ტფილისელ პოეტადაა“ მოხსენიებული.

1926 წელს ქუთაიში ასევე გამოიცა ორკვირეული ჟურნალის, „უშბას“ 6 ნომერი, რომელშიც სხვადასხვა ავტორები აქვეყნებდნენ თავიანთ ნაწარმოებებს. საინტერესო ფაქტი, რასაც ქუთაისის ლიტერატურული ცხოვრებისა და ამდენად მასთან დაკავშირებული ავტორების შესახებ ვაწყდებით არის ის, რომ ტერენტი გრანელი უკვე აღნიშნულ თითქმის ყველა გამოცემასთან თანამშრომლობდა, თუ ზემოთ ნახსენებ პოეზიის საღამოსაც მივიღებთ მხედველობაში, მარტივია დავასკვნათ, რომ კვირკველია მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ქუთაისელ მკითხველს უყვარდა და პატივს სცემდნენ მას, როგორც პოეტს.

გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ძირითადად ამ პერიოდის ლიტერატურას ქუთაისში, და არა მხოლოდ აქ, პროლეტარი მწერლები ქმნიდნენ, შესაბამისად, სწორედ ისინი აქტურობდნენ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის დაარსების საქმეში და ლიტერატურის ენითაც იყვნენ პროპაგანდაში ჩართულნი. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თუ აქამდე ჩამოთვლილ პერიოდიკას არსებობის ხანმოკლე დრო ჰქონდა, ისეთ გაზეთს, როგორიცაა მაგალითად „საბჭოთა მწერალი“ ორი წლის განმავლობაში, 1932-1934 წლებში გამოსცემდა ქუთაისის მწერალთა კავშირი. ასეთივე იყო „სიტყვა და საქმე“, რომლის სახელწოდებაც კი მიგვანიშნებს საბჭოთა პერიოდსა და სოციალისტურ იდეოლოგიაზე, როგორც ხელოვნების საკუთარ ჩარჩოებში მოქცევის თავისებურ, გამართლებულ მოდელზე. ასეთივე იყო ჟურნალი „დინამიტი“, რომლის ერთი ნომერიც გამოვიდა. მის ნომერში ვკითხულობთ ისეთ ლექსებს, როგორებიცაა „შრომის ატმოსფერაში“, „ქარხანაში“, „სამჭედლოში“ და ა.შ. შესაბამისად, რთული გამოსაცნობი არაა, რომ ჟურნალი სწორედ საბჭოთა ადამიანის შექმნას და ამ პროცესის სოციალური რეალიზმის აქცენტებით ლიტერატურაში გადმოტანას ემსახურებოდა. ამ ჟურნალის წინათქმაში ოქტომბრის რევოლუცია დადებით მოვლენად, „ძველის ნგრევისა და ახლის შენებისთვის“(„დინამიტი“, N1) მნიშვნელოვან წინაპირობად არის განხილული.

იდეოლოგიური კონტროლი და ცენზურა მწერალთა კავშირს არაერთხელ შეეხო ამ პერიოდში, თუმცა ის ქუთაისში დღემდე არსებობს.

რამდენიმე მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი პერიოდული გამოცემის შემდეგ 1975 წლამდე ფაქტობრივად წყდება ქუთაისში ამგვარი საქმიანობა. ქუთაისელ მწერლებს უწევდათ ნაწარმოებების სხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნება.

ამ ჩაკეტილ წრეს ერთგვარად არღვევს თავდაპირველად ალმანახად წოდებული ჟურნალის, „განთიადის“ გამოჩენა, რომელიც დღესაც იბეჭდება ქუთაისში. ამ ჟურნალის წინამორბედად, როგორც მასზე შექმნილ ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში ვკითხულობთ, შეიძლება, ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ამავე სახელწოდების ხელნაწერი ჟურნალი განვიხილოთ. ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა და ერთი წლის განმავლობაში გამოდიოდა. რაც შეეხება უშუალოდ იმ ჟურნალს, რომელიც დღესაც გამოიცემა, 1975 წელს დაარსდა და მისი პირველი რედაქტორი გურამ ფანჯიკიძე გახლდათ. მის შემდეგ ასევე მწერლები რედაქტორობდნენ ჟურნალს, მათ შორის იყვნენ რეზო ჭეიშვილი და კონსტანტინე ლორთქიფანიძე. ამჟამად მისი ახალი რედაქტორი თემურ ამყოლაძეა და წლის განმავლობაში უკვე ჟურნალად ქცეული განთიადის 6 ნომერი გამოდის. მასში იბეჭდება პოეზია, პროზა, წერილები, თარგმანები, პუბლიკაციები, კრიტიკა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში სხვადასხვა დროს არსებული პერიოდული გამოცემები გარკვეულ პრობლემებს აწყდებოდა და ხშირად ვერც ხერხდებოდა ავტორთა თუ რედაქტორთა მიზნების ნაწილობრივ განხორციელებაც კი, მაინც, შეიძლება ითქვას, რომ, ამ თვალსაზრისით, საბჭოთა პერიოდში მოქმედი ცენზურის მიღმა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალა შეიქმნა.

საბოლოოდ, ქუთაისის ლიტერატურული პერიოდიკას, ჟურნალ-გაზეთებსა და ალმანახებს გარკვეული ფუნქცია ჰქონდა ზოგადად ქვეყნის შიგნით ლიტერატურული პროცესების წარმართვასა და მის მიმდინარეობაში. სხვა მხრივ, ამ ტრადიციის გაგრძელება ლოგიკურიცაა, თუ სტატიის დასაწყისში ნათქვამს გავიმეორებთ: სწორედ ქუთაისში დაარსდა პირველი შემოქმედებითი წრე, რომელიც მწერლებსა და პოეტებს აერთიანებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოყენებული მასალა:

 

ნიკოლეიშვილი ავთანდილ. ქუთაისის ლიტერატურული ცხოვრების ისტორიიდან. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, ქუთაისი: 2019.

 

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ჟურნალ „განთიადის“ ანალიტიკური ბიბლიოგრაფია 1975-2009წწ., წიგნი I. ქუთაისი: 2012.

 

დინამიტის პირველი (და ბოლო) ნომერი:

https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/295513/1/Dinamiti_1924_N1.pdf

 

 

„უქიმერიონის“ მე-2 ნომერი:

https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/387986/1/Uqimerioni_1922_N2.pdf