ურბანული სივრცის მცირე ანთროპოლოგიური ანალიზი: ქუთაისის მაგალითი

ურბანიზაცია

გააზიარე:

ავტორი: ნია კუჭავა


ურბანული სივრცის სოციალური და კულტურული კონსტრუირება დღემდე რჩება სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში ურბანული კვლევების ერთ-ერთ ძირითად, მიმდინარე და აქტუალურ საკითხად, რომელზე დაკავშირებითაც ეთნოგრაფიული კვლევები და ჩართული დაკვირვების გზით მოპოვებული მონაცემები კიდევ უფრო აღრმავებს და ამრავალფეროვნებს ადამიანების წარმოდგენას ამ საკმაოდ ფართო და აქტუალური თემის შესახებ. ურბანული კვლევებში გადადგმული ახალი ნაბიჯები, ადამიანების, ქალაქის მაცხოვრებლებისა და მის წიაღში მყოფების მუდმივი ურთიერთქმედება არქიტექტურასთან, მოედნებთან, პარკებთან, სადგურებთან, ცენტრალურ უბნებთან, ავტობუსის გაჩერებებთან, ქმნის უნიკალურ სოციალურ კლიმატს, რომელიც, თავის მხრივ, ხასიათდება გამორჩეული მოწყობითა და ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმებით. ამჯერად კი განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას იმავე ტიპის ურბანული კვლევების ფარგლებში, რომელიც უშუალოდ ქუთაისს უკავშირდება და კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ იძენს ადამიანებისათვის კონკრეტულ ემოციებსა და შეგრძნებებს ურბანული სივრცეები.

პირველ რიგში, უშუალოდ ქუთაისური მაგალითის განხილვამდე, უნდა გავნსაზღვროთ ძირითადი ტერმინებისა და სიტყვათა შეთანხმებების ზუსტი მნიშვნელობები. სოციალური სივრცის ჩამოყალიბება და შექმნა დაკავშირებულია მთელი რიგის ეკონომიკური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური და სოციალური ფაქტორების კვეთასთან, რომლებსაც მატერიალური მოცემულობა ფიზიკურ განზომილებაში მოჰყავს, ხოლო სოციალური კონსტრუქცია მოვლენათა ჯაჭვია, ერთგვარი გარდაქმნაა, რომელიც ზემოთ ხსენებული ფაქტორების ურთიერთქმედებებითა და აღრევებით ყალიბდება. წარმოვიდგინოთ მოედნები, ხიდები, რომელთა სივრცეშიც ადამიანი აღმოჩნდება უნიკალურ სოციალურ რეალობაში, რომელიც გამოიხატება თუნდაც გამორჩეული აკუსტიკით, შეძახილებითა და სიტყვებით, ადამიანებით, რომლებიც მეხსიერებაში უშუალოდ ამ სივრცეებთან და ადგილებთან ასოცირდებიან, მათი ქცევითა და მანერებით. სოციალური კონსტრუქციების შესახებ მრავალი თეორია არსებობს, ზოგიერთი

მათგანი ეკონომიკურ კონტექსტში ხსნის მის არსსა და შესწავლის გზადაც ეკონომიკური ფაქტორებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭებას მიიჩნევს. ზოგიერთი კი, მაგალითად, ცნობილი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო, სოციალურ კონსტრუქციებს უკავშირებს ტექნოლოგიებისა და ძალაუფლების თეორიებს, რომლებიც არქიტექტურასა და ადამიანების შორის არსებულ ურთიერთქმედებაში გამოიხატება.1 ამ შემთხვევაში კი განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ცნობილი ანთროპოლოგის, პოლ მენინგის მიერ შემოთავაზებულ თეორიას, რომელიც ქუთაისში შექმნილ ,,ლაღიძის წყლებს“ წარმოაჩენს, როგორც პერიფერიულ კაფეს, სოციალურ კონსტრუქციას, რომელსაც თავისი უნიკალური მახასიათებლები აქვს.

პოლ მენინგი თავისი მსჯელობას ალფრედ პოლგარის ცენტრალური კაფის თეორიაზე აგებს. ცენტრალური კაფე (Café Central) ვენაში მდებარეობს, ალფრედ პოლგარისეული აღწერითა და კონცეპტუალიზაციით კი ფაქტობრივად ვიღებთ განზოგადებულ სახეს ყავის სახლისა, რომელშიც მუდმივად ირევა უამრავი ადამიანი და თითოეული მათგანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, ქმედებები, გაზეთის კითხვა, უშინაარსო საუბრები, ურთიერთობები აყალიბებს უნიკალურ სოციალურ კლიმატს, რომელიც სულიერ დონეზეც შესამჩნევია.2 ალფრედ პოლგარი მსგავს სოციალურ კონსტრუქციის აგებულებასა და მოწყობას ქაოსისას ადარებს, რომელში მყოფი ადამიანებიც ერთდროულად განიცდიან ამბივალენტურ შეგრძნებებს. პოლ მენინგის მიერ განვითარებული თეორია კი პერიფერიულ კაფეს გვთავაზობს, რომელიც სწორედ 1900 წელს მიტროფანე ლაღიძის წამოწყებას უკავშირდება, რომელმაც ააშენა ლიმონათის ქარხანა და დაიწყო უალკოჰოლო სასმელების წარმოება.3

პოლ მენინგი პერიფერიულ კაფეს გვაცნობს, ანუ ახლებულ სოციალურ სივრცეს,  შენობას,  რომელშიც  მუდმივად  მიმდინარეობს  კომუნიკაცია,

მუდმივად თამაშდება სოციალური სცენარები.4 მე-20 საუკუნის დასაწყისში ძირითადი სტანდარტი, რომელსაც პერიფერია უნდა მისდევდეს, არის ევროპული ურბანული მოდერნულობა. მსგავს სურვილსა და სწრაფვას გამოხატავდა ლაღიძის წყლები, რომელიც ქუთაისის შემდგომ თბილისშიც გაიხსნა. პერიფერიული კაფე მუდმივად მტკიცების რეჟიმშია _ ორიენტია, რომელიც ცდილობს ოქსიდენტისგან სწავლას, მასთან მიახლოებას, თუმცა, საბოლოო ჯამში, თავადვე აღიქვამს საკუთარ თავს მეორეხარისხოვნების ლინზებიდან. პერიფერიად ყოფნისა და მეტროპოლიისკენ მსვლელობის დინამიკა აჩენს განგრძობით და კიდევ უფრო მძაფრ შეგრძნებას პერიფერიულობისა, რომელსაც შფოთამდე მივყავართ.

ევროპული კაფე მე-20 საუკუნის დასაწყისში ცვლილებების, დიალოგების, იდეების გაზიარებისა და და თვითგანვითარების სიმბოლოა. ევროპული ურბანული მოდერნიზმის გავლენით კი დუქნის, ანუ ყოველდღიური სოციალიზაციისა და სუფრის იდეალი უნდა შეერწყას ცხოვრების წესის რევოლუციურ ცვლილებას. სწორედ ამიტომ, იმდროინდელი ურბანული სცენები და ჩანახატები კარგად გამოხატავს კონტრასტულ ბუნებას, რომელიც დუქანსა და კაფეს შორის არსებობს.

ლაღიძის იდეა თავის თავში მოიაზრებდა ურბანული სივრცის განვითარებას, ცივილიზაციის შეტანასა და ევროპული მოდერნიზმისკენ სწრაფვას. როგორც კოლაუ ნადირაძე იხსენებს, ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე ქუთაისის ,,მაღალი საზოგადოების“ შეკრების ადგილად ითვლებოდა, სწორედ აქ აანთეს პირველად გაზის სანათები, რომლებიც ტროტუარს ანათებდა. ,,ლაღიძის წყლის“ მიზანი პირდაპირი და მეტაფორული გაგებითაც გახლდათ პროგრესთან და განვითარებასთან ერთად მოტანილი სინათლის შემქმნელი, რომელიც ევროპული ურბანული სივრცეების სტანდარტებისკენ დგამდა პირველ ნაბიჯებს. თუმცა ამ დინამიკას არ აკლდა ცარისტული რეჟიმის მიერ თავს მოხვეული ქილიკი, შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში პერიფერიულობისა და მეორეხარისხოვნების განცდის, ორიენტის ფსიქოლოგიის გააქტიურების მცდელობები. ამ დროს ევროპული ურბანული სივრცის სტანდარტული და სამაგალითო მოდელი პარიზული კაფეები გახლდათ. პოლ მენინგის ნაშრომში განხილულია 1903 წლის ცნობის ფურცლის  სურათებიანი  დამატებაც,  სატირული  კარიკატურა  ,,ქუთაისური

გასართობი,“ რომელშიც ასახულია ,,ლაღიძის მინერალური წყლები,“ მისი სტუმრები, რომლებიც ევროპულ ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი, სივრცე კი ძალიან ჰგავს პარიზულ კაფეებს, თუმცა პარალელურად ვხედავთ, რომ ქუთაისში ჯერ კიდევ არ დაწყებულა გასართობი ურბანული სივრცეებისა და სანიტარული სისტემების სეგრეგაცია. საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა/არარსებობის გამოხატვა სურათზე კიდევ ერთი მწარე შეხსენებაა  იმისა,  რომ  პარიზული  კაფე  ვერ  შეცვლის  ორიენტის

,,ჩამორჩენილობას,“ ორიენტი, როგორც პროვინცია, როგორც პერიფერია, ისე აგრძელებს არსებობას. მიუხედავად მსგავსი სატირული ხასიათის ჩანახატებისა, ,,ლაღიძის წყლები“ მართლაც წარმატებით ახერხებდა ყოფილიყო მოდერნული იდეებისა და პოეტური ამბოხის, რევოლუციური სულისკვეთებისა და დაუდგრომელი ტანჯვისა და სწრაფვის გაზიარების, გამომჟღავნებისა და დაბადების ადგილი. საინტერესოა სწორედ ის, თუ როგორ გადაიქცა ურბანული სივრცე, ფიზიკური, მატერიალური რეალობიდან სოციალურ  კონსტრუქციამდე,  რომელიც  ქალაქში  ,,მოდისა“  და

,,საზოგადოების“ ყოველდღიური თუ ინტელექტუალური ცხოვრების ძირითადი ტენდენციების შემქმნელი აღმოჩნდა.

წლების განმავლობაში მსგავსი ურბანული სივრცეები ადამიანებში კონკრეტულ ემოციებს აღძრავდა, თუ ადრე კაფეები ევროპულ სალონებთან, ცოდნისა და ახლებური კულტურული ღირებულებების გაზიაარებასთან ასოცირდებოდა, პოსტსაბჭოთა ერაში ისინი სოციალიზმთან ასოცირდებოდა. ბრენდირების მიუხედავად, ურბანული სივრცეები ადამიანების მიერ აღიქმებოდა კონკრეტული ისტორიული კონტექსტისა და განცდების სიმბოლოებად. პოლ მენინგის ნაშრომის ბოლოს უკვე ვხვდებით პოსტსაბჭოთა ერაში ადამიანების მიერ გამოთქმულ წუხილსა და სინანულს იმის გამო, რომ ,,ლაღიძის წყლები“ აღარ ასოცირდება იმ კონტექსტთან, რომელშიც ის შეიქმნა, რესპონდენტები გამოხატავდნენ სევდის, სირცხვილის, შიშისა და სასოწარკვეთის განცდებს. რადგანაც საბჭოთა რეჟიმის შემდგომ მსგავსი მნიშვნელოვანი სივრცეებისათვის ძალიან რთული იყო რებრენდირება, პოლიტიკური და იდეოლოგიური ძვრების პარარელურად ადამიანებისათვის მსგავსი სივრცეები ნოსტალგიისა და შფოთის მიზეზი ხდებოდა.

ზემოთ მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, ურბანული სივრცეები თავის  თავში  აერთიანებს  არამხოლოდ  სპეციფიკურ  არქიტექტურას,

სპეციფიკური დანიშნულების მქონე ნაგებობებსა და შესაბამისი დანიშნულების მქონე შენობებს, არამედ სოციალური კავშირების უდიდეს ჯაჭვს, კომუნიკაციის, საუბრის თავისებურებებსა და რაც მთავარია, კოლექტიურ მეხსიერებაში ამ ურბანული სივრცეებთან დაკავშირებულ იდეებს, ემოციებსა და განცდებს.

1 Setha M. Low, “Spatializing Culture: The Social Production and Social Construction of Public Space in Costa Rica,” American Ethnologist 23, no. 4 (1996): 861–79. http://www.jstor.org/stable/646187.

2 Alfred Polgar, “Theory of the Café Central,” Washington.Edu, accessed on September 20, 2024, https://depts.washington.edu/vienna/documents/Polgar/Polgar_Cafe.htm

3 ლაღიძის წყლები, „მემკვიდრეობა,“ accessed on September 20, 2024, http://lagidze.ge/ka

4 Paul Manning, “The Theory of the Café Peripheral: Laghidze’s Waters and Peripheral Urban Modernity,” Forum for Anthropology and Culture. no. 7 (2012): 189-210.


ბიბლიოგრაფია

ლაღიძის წყლები. „მემკვიდრეობა.“ Accessed on September 20, 2024, http://lagidze.ge/ka

Low, Setha M. “Spatializing Culture: The Social Production and Social Construction of Public Space in Costa Rica.” American Ethnologist 23, no. 4 (1996): 861–79. http://www.jstor.org/stable/646187.

Manning, Paul. “The Theory of the Café Peripheral: Laghidze’s Waters and Peripheral Urban Modernity.” Forum for Anthropology and Culture. no. 7 (2012): 189-210.

Polgar, Alfred. “Theory of the Café Central.” Washington.Edu. Accessed on September 20, 2024, https://depts.washington.edu/vienna/documents/Polgar/Polgar_Cafe.htm

ურბანიზაცია