მუსიკის გავრცელება ქუთაისში

მუსიკა გაბუნია ლაშა

გააზიარე:

© ლაშა გაბუნია

 

შესავალი

 

მუსიკასთან ზიარება დიდი სიამოვნებაა და ბევრი მელომანისთვის იგი უკავშირდება არა მარტო ჩანაწერების თუ ცოცხლად კონცერტების მოსმენას, არამედ მათ ფლობასაც. ადამიანი მესაკუთრეა, მას სურს ჰქონდეს და ეხებოდეს იმას, რაც ძალიან უყვარს. ამიტომ მელომანების დიდი ნაწილი მუსიკას აგროვებს. მუსიკის ქონა კი 21-ე საუკუნის დასაწყისამდე მუსიკალურ მატარებლების – ფირფიტების, კასეტების თუ კომპაქტ-დისკების დაგროვებასთან ასოცირდებოდა. მუსიკას ჰქონდა ფიზიკური ფორმა, მისი შენახვა შეიძლებოდა მაგიდაზე, თაროებზე, ჯიბეშიც კი. მასზე მუშაობდნენ არა მარტო ხმის ტექნოლოგები, არამედ დიზაინერები, სტამბის მუშები, გამავრცელებლები, გადამზიდველები და ა.შ. უკვე მზა პროდუქტს ჰქონდა სპეციფიკური ვიზუალი, ფერი, სუნი. შეგეძლო მუსიკა საკრავზე ჩაგერთო და შენ ფირფიტის, კასეტის ან სიდის ყდა და ბუკლეტი დაგეთვალიერებინა.  21-ე საუკუნიდან კი მუსიკის ქონა ნაწილობრივ აბსტრაქტულ ცნებად იქცა. იგი მხოლოდ კომპიუტერის ან აიპოდის მყარ დისკზე შენახული ციფრულ ფაილებს ან ონლაინ ღრუბლებში განთავსებულ მუსიკას გულისხმობს, რომლებსაც არც ფორმა აქვთ, არც სხეული, შესაბამისად ვერც შეეხები, ვერც დაათვალიერებ, ვერც მის სუნს იგრძნობ. ჰოდა, სწორედ ამიტომ 2010-იანების მეორე ნახევრიდან ვინილის ფირფიტები და კასეტები ისევ მოთხოვნადი გახდა.

 

ადრე, როცა ჩვენს ქვეყანასა და შესაბამისად ქუთაისში არ არსებობდა ინტერნეტი, სმარტფონები, თხელი ტელევიზორები, თანამგზავრული ტელევიზიები, FM რადიო და პლასტმასის ბოთლები, როცა ყველაზე სწრაფი კავშირგაბმულობის საშუალება დეპეშის გაგზავნა ან ხაზის ტელეფონი იყო, როცა სხვა ქალაქში დასარეკად ე.წ. სალაპარაკოში უნდა მისულიყავი, ზარი შეგეკვეთა და მერე ხშირად დიდი ხნით დალოდებოდი, როცა ორცხობილას მართლა ორცხობილა ერქვა, ადგილებს კი ადგილები და არა ლოკაცია, როცა ქუთაისში ჯერ კიდევ ტროლეიბუსი მოძრაობდა და მგზავრები გადაჰყავდა, როცა ფალიაშვილის ქუჩაზე სპორტულ მაღაზია „სპარტაკში“ ფეხბურთის ტყავის ბურთი 11 მანეთი ღირდა, როცა სარაგბო კლუბ „აიას“ ჯერ კიდევ „სახლმშენი“ ერქვა, როცა ადამიანები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ფოტოებს მეტწილად ფოტო-ატელიეებში იღებდნენ ისეთ ფოტომეტრებთან, როგორიც ილო ხახიაშვილი იყო, როცა წყალი მაღაზიებში არ იყიდებოდა და სიცხეში წყურვილის მოკვლა პირდაპირ ქუჩებში მდგარი „ფანტანებიდან“ იყო შესაძლებელი, როცა ქალაქში 2-კაპიკიანი ტაქსოფონები და 5-კაპიკიანი გაზირებული ლიმონათების ჩამოსასხმელი ავტომატები იდგა, როცა კინოთეატრების ფოიეებში 15-კაპიკიანი სათამაშო ავტომატებით ვერთობოდით, მუსიკა ისეთი იოლად ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც დღესაა. დღეს მუსიკა ყველგან ისმის – სმარტფონებში, პლანშეტებში, კომპიუტერებში, ტელევიზორებში, FM რადიოებში, სავაჭრო ცენტრებში, სადგურებში, კაფეებში, სტადიონებსა თუ უბრალოდ ქუჩაში. რა თქმა უნდა, მაშინ მუსიკალური ტელე და რადიო გადაცემები არსებობდა, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ დროს და საერთო ჯამში, კვირაში ალბათ 2-ჯერ ან 3-ჯერ იყო მათი ნახვის ბედნიერება. კლასიკური მუსიკის მოსმენა გაცილებით ხშირად შეიძლებოდა ე.წ. ხაზის რადიოებში, რომლებიც ქუთაისის თითქმის ყველა შენობაში იყო შეყვანილი. დიახ, სადენებით შეჰყავდათ და მასზე სპეციალური რადიომიმღებები იყო დაერთებული, რომელსაც მხოლოდ ხმის ასაწევ-დასაწევის ღილაკი ჰქონდა. ამ რადიოების მოსმენაში კი ხალხი ყოველთვიურად ფულს იხდიდა. ხაზის რადიო კი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო რადიოს გადაცემებს უკეთებდა რეტრანსლაციას. ამას ემატებოდა ადგილობრივი ქუთაისური რადიო სტუდიის მაუწყებლობაც, რომელსაც დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათი თუ ეთმობოდა.

 

რა მუსიკა ისმოდა საბჭოთა ქუთაისში

 

სანამ სსრკ დაიშლებოდა, საქართველოს სსრ ჰიმნი ალბათ ყველაზე ხშირად მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოები იყო, რადგან იგი ხაზის რადიოში ყოველ დილით 6 საათზე და შუაღამის ზუსტად 12 საათზე აჟღერდებოდა ხოლმე. მუსიკა ჟღერდა სტადიონზეც, სანამ „ტორპედოსა“ და რომელიმე გუნდის თამაში დაიწყებოდა და შესვენებებზე ტაიმებს შორის. რეპერტუარში ძირითადად ქართული ე.წ. ესტრადა იყო, მაშინდელი ან უფრო ადრინდელი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ან მომღერლების სიმღერები. მუსიკა ისმოდა კაფეებშიც, რომელთა რეპერტუარშიც მეტწილად საბჭოთა საესტრადო მუსიკა გახლდათ. რესტორნებსა და ქორწილებში კი 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე მუსიკალური კოლექტივები (კვარტეტები, კვინტეტები, სექსტეტები და ა.შ.) უკრავდნენ, რომლებიც სწორედ ამ საქმიანობით ირჩენდნენ თავს. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ე.წ. „პერესტროიკის“ ეპოქაში, საქართველოში იაპონური სინთეზატორები (მეტწილად „იამაჰას“ ფირმის) გაჩნდა და სარესტორნო თუ საქორწინო ბიზნესის ბენდებში მუსიკოსების რაოდენობა შემცირდა ჯერ ტრიომდე, შემდეგ დუეტამდე, ბოლოს კი ერთი ადამიანიც მშვენივრად ართმევდა ყველაფერს თავს. სარესტორნო თუ საქორწინო რეპერტუარში შედიოდა იმ პერიოდის პოპულარული საესტრადო სიმღერები, ხოლო 1980-იან წლების მეორე ნახევრიდან მსოფლიო თუ ევროპული ჰიტებიც.

 

სინთეზატორების გავრცელებამ ხელი შეუწყო იატაკქვეშა მუსიკალურ ბიზნესსაც, რომელიც 1980-იანი წლებიდან თანდათან დამკვიდრდა. ეს იყო არალეგალურად, აუდიო კასეტებზე ჩაწერილი ე.წ. საქეიფო სიმღერები, რომელსაც ხალხი იმ პერიოდში „ქართულებად“, „საქეიფოებად“ ან „შოფრულებად“ მოიხსენიებდა. ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ მას ყველაზე ხშირად საქალაქთაშორისო ავტობუსებში მძღოლები უკრავდნენ. ეს მუსიკა სავსე იყო ირანული, თურქული, ბერძნული, სომხური, ბოშური, რუსული და ნაწილობრივ ქართული მუსიკალური ელემენტებით. სხვათა შორის, ამ სტილის დამკვიდრებაში თავისი წვლილი ვია „ივერიასაც“ მიუძღოდა. შეგვიძლია ვახსენოთ სიმღერა „ქეიფს ვიწყებ დილიდან“… ამ სიმღერას ყველა არალეგალი (არაფილარმონიული) მუსიკოსი თავისებურად ასრულებდა. ოდნავ მოგვიანებით, 1990-იან წლებში ამ სტილს მსმენელი „დარი-დურებს“ უწოდებდა. გასაოცარი ისაა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ამ ფსევდოქართული მუსიკის მხარდამჭერი რამდენიმე რადიო გაიხსნა და მათ თითქმის მივიწყებული ეს „შემოქმედება“ ისევ ააღორძინეს.

 

ქუთაისში პანაშვიდებზეც იკვრებოდა მუსიკა. ადამიანები მწუხარებაშიც იწვევდნენ მუსიკოსებს. მუსიკოსების ბირთვს ძირითადად ტრიო წარმოადგენდა და მის შემადგენლობაში შედიოდა: მედოლე, აკორდეონისტი და კლარნეტისტი. იშვიათად მედუდუკეებსაც ქირაობდნენ. მაგნიტოფონების ფართოდ გავრცელებასთან ერთან, საპანაშვიდო მუსიკა მაგნიტურ ფირებზეც იწერებოდა. ასეთი მომსახურება ძირითადად ე.წ. „საყოფაცხოვრებო მომსახურეობის“ ცენტრებში ხდებოდა. გარკვეული თანხის სანაცვლოდ კოჭაზე (ანუ ბაბინაზე) ან კასეტაზე გაამზადებდნენ საპანაშვიდო რეპერტუარს, რომელიც საშინელი ხარისხით ჩაწერილ ქართულ კლასიკურ მუსიკას წარმოადგენდა. ეს ჩანაწერი იწყებოდა ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ უვერტიურით, რომელიც ბავშვობისას და თინეიჯერობისას სწორედ ასეთი გამოცდილების გამო სასტიკად მეზიზღებოდა და დრო დამჭირდა, რომ ამ დიდებული ოპერის ეს შედევრი ხელახლა გამეაზრებინა. კლასიკური მუსიკა ხშირად ქუთაისელების ბინების გამოღებული ფანჯრებიდანაც ისმოდა, როცა ბავშვი ან მუსიკოსი მეცადინეობდა. ისმოდა გიტარაზე დამღერებული ქალაქური სიმღერაც.

 

მუსიკალური მატარებლები

 

ქუთაისის მასობრივ მუსიკიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა მანქანის მაგნიტოფონების და ზოგადად, აუდიო კასეტების მაგნიტოფონების გავრცელებამ. უკვე 1970-იანების მიწურულიდან ის უკვე აღარ იყო ფუფუნების საგანი. იაფი არ ღირდა, თუმცა მათი რიცხვი თანდათან მატულობდა. ამას მაგნიტოფონების საბჭოთა წარმოებამაც ხელი შეუწყო. შესაბამისად უფრო ძველი კოჭებიანი (ბაბინებიანი) მაგნიტოფონების ჩანაცვლება მოხდა საკასეტოებით. კასეტებს თუნდაც ვინილის ფირფიტებთან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ჩანაწერების კოპირება იყო შესაძლებელი, სატარებლადაც ძალიან მოსახერხებელი და მარტივი იყო და მანქანაშიც დიდ ადგილს არ იკავებდა. მასზე შესაძლებელი იყო ვინილის ფირფიტიდან, რადიოდან, ტელევიზორიდან, მეორე მაგნიტოფონიდან და კიდევ სხვა მოწყობილობებიდან ჩანაწერის გაკეთება.

 

კასეტებზე და ბაბინებზე მუსიკის ჩაწერა სახლის გარდა, ზემოაღნიშნულ „საყოფაცხოვრებო მომსახურეობებთან“ არსებულ სტუდიებში, ან მოგვიანებით, უკვე კერძო სტუდიებში ხდებოდა, სადაც მუსიკაში კარგად გარკვეული, ხშირად მელომანი და კოლექციონერი, ერუდირებული ადამიანები მუშაობდნენ, რომელთაც შესანიშნავი რჩევის მოცემა შეეძლოთ, როცა ახალ მუსიკას ეძებდი. ზოგადად ეს სტუდიები ძალიან კარგი დროის გასატარებელი ადგილი იყო, სადაც მელომანები ვიკრიბებოდით და სანამ მაგნიტურ ფირებზე ჩანაწერები კეთდებოდა, ახალ თუ ძველ მუსიკას განვიხილავდით. ასევე იქ ხდებოდა ვინილის ფირფიტების და ზოგადად ჩანაწერების გაცვლა. ქუთაისის ამ სტუდიებში საოცარი ხალხი გავიცანი. მათთან დღემდე ვმეგობრობ. ერთ-ერთ ხმისჩამწერ სტუდიაში ჩემი მომავალი პროფესიის ბედიც კი გადაწყდა.

 

მთავარი მუსიკალური მატარებლები მაინც ვინილის ფირფიტები და კასეტები იყო. არალეგალურად შემოსული დასავლური ვინილის ფირფიტები ჩვეულებრივ, 50-დან 100 მანეთამდე ღირდა. 1960 – 1980-იან წლებში ერთი ამერიკული დოლარის ფასი სადღაც 0,60-დან 0,70-მდე საბჭოთა მანეთს შორის მერყეობდა. უცხოური ფირფიტები ქვეყანაში შემოჰქონდათ მეზღვაურებს, სპორტსმენებს, მოცეკვავეებს, დიპლომატებსა თუ მსახიობებს. მართალი არაა ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაშინდელ საქართველოში ფირფიტების შემოტანის და მელომანობის გამო თითქოს ვინმეს იჭერდნენ. ეს დისკები კონტრაბანდაში კი გადიოდა, მაგრამ ამის გამო, როგორც ვიცი, არავინ დაუსჯიათ. ლეგალური ანუ ადგილობრივი ან სოციალისტურ ქვეყნებში (ანუ სსრკ-სავით კომუნიზმის მაშენებელ ქვეყნებში) დამზადებული ვინილების ყიდვა კი ჩვეულებრივ მაღაზიებში – თუნდაც, უნივერმაღებში ან მუსიკალურ მაღაზიებში იყო შესაძლებელი. სსრკ-ში მხოლოდ ერთი ოფიციალური, 1964 წელს დაარსებული ლეიბლი – „მელოდია“ არსებობდა, რომელსაც შეეძლო ფირფიტების თუ კასეტების ჩაწერა და გამოშვება.

 

საბჭოთა კავშირში წარმოებულ დისკებს სხვადასხვა ფასები ჰქონდა. გააჩნია, რა მუსიკალური შინაარსის მასალა იყო მათზე დატანილი. მაგალითად ადგილობრივი, ანუ საბჭოთა თანამედროვე მუსიკა, ანუ ესტრადა (პოპი, ჯაზი, მოგვიანებით როკიც) 2,50 მანეთი ღირდა. თუ დისკზე საზღვარგარეთული მუსიკა (პოპი, როკი, ჯაზი) იყო შესული, მაშინ მისი ღირებულება 3,50 მანეთამდე იზრდებოდა. კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის ვინილები კი 1,45 მანეთი ღირდა. ამათთან ერთად სსრკ-ში ოფიციალურად შემოდიოდა ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში დამზადებული ვინილები, რომელთა ფასი ოფიციალურად 4 მანეთი გახლდათ. ფირფიტები ძირითადად შემოდიოდა შემდეგი ქვეყნებიდან: რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია, გდრ (ანუ აღმოსავლეთ გერმანია), პოლონეთი და კუბა… ამ ქვეყნებში დამზადებულ ჩანაწერებზე დიდი მოთხოვნა იყო, რადგან თუნდაც იუგოსლავიელები და გერმანელები დასავლეთ ევროპელი ან ამერიკელი შემსრულებლების ლიცენზირებულ ალბომებსაც უშვებდნენ, რომელთა ხარისხიც ორიგინალს არ ჩამოუვარდებოდა. ამიტომაც ხშირად ამ ქვეყნების ფირფიტები დახლქვემოდან იყიდებოდა ორმაგი (ან მეტი) ფასით. დახლქვეშ ყიდვა-გაყიდვა საბჭოთა ჩრდილოვანი ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი იყო. ანუ კარგი ფირფიტები გამოსაჩენ ადგილას კი არ ეწყო, არამედ მოფარებულში და მას მხოლოდ კარგად ნაცნობ კლიენტებზე გაცილებით უფრო ძვირად ჰყიდდნენ, ვიდრე ღირდა.

 

მახსოვს, 1980-იანი წლების მიწურულს მეგობარმა მითხრა, რომ წყალტუბოში ერთ-ერთ მაღაზიაში ამერიკული პროგრესივ როკჯგუფის, Styx-ის მომღერლის Dennis DeYoung-ის 1984 წლის სადებიუტო სოლო ალბომი Desert Moon ჰქონდათ მიღებული, რომელიც იუგოსლავიაში იყო გამოცემული. მაშინვე გავიქეცი, წყალტუბოში მაღაზიას მივაგენი და თანამშრომელს ვთხოვე, ამ შემსრულებლის დისკი მოეცა, რადგან გამოსაჩენ ადგილას არ იდო. მან ჯერ წამიყრუა და მეორეჯერ კითხვისას მიპასუხა, რომ ასეთი ჩანაწერი არ ჰქონდა. ამ დროს სხვა მყიდველმა სთხოვა თაროდან რაღაც ჩანაწერის გადმოღება. ამით ვისარგებლე და დახლს იქით, კლიენეტებისთვის აკრძალულ ზონაში თავხედურად შევედი. დახლის უჩინარ თაროზე ვიპოვე კიდეც სასურველი ფირფიტების შეკვრა. ერთი ცალი გამოვაძვრინე… მაღაზიის თანამშრომელი იძულებული გახდა, მოეყიდა, რა თქმა უნდა, ორმაგ ფასად.

 

ქუთაისში 1980-იან წლებში ფირფიტებს რამდენიმე ადგილას ვყიდულობდი. ბევრი ვინილის ფირფიტა „ნინოშვილის უნივერმაღში“ მექნება შეძენილი, რომელიც ბჟოლებში, ნინოშვილის (ახლანდელი ნოდარ დუმბაძის) ქუჩის დასაწყისისა და გრიშაშვილის ქუჩის კვეთაზე მდებარეობდა. ფირფიტების სექცია უნივერმაღში შესვლისთანავე ხელმარცხნივ იყო განლაგებული. ძალიან ბევრი ფირფიტა მაქვს შეძენილი რუსთაველის ხიდთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც ზუსტად ცენტრში მუსიკალური კიოსკი იყო. 1980-იანი წლების მიწურულს კი ქუთაისშიც გაიხსნა „მელოდიის“ საფირმო მაღაზია ზუსტად „ბავშვთა სამყაროს“ ქვემოთ, რომელშიც ძალიან კარგი არჩევანის საშუალება იყო. ამ მაღაზიის თანამშრომელი ქალი ჩვენთან მეგობრობდა და თუკი რამე ახალს მიიღებდა, სახლის ტელეფონზე გვირეკავდა ხოლმე. მახსოვს, 1990-იანების პირველ ნახევარში მაღაზია სანამ დაიხურებოდა, დაგვირეკა, მოდით, მაღაზია იხურება, საწყობში შეგიშვებთ და წაიღეთ, რაც გაგიხარდებათო. მართლაც მივედით, მაგრამ მაინც მოგვერიდა, ამიტომ ჩემმა მეგობარმა და მე მხოლოდ 20-მდე ფირფიტა წამოვიღეთ. დღემდე მადლიერი ვარ ამ ქალის, რომელიც არა მარტო უბრალოდ მაღაზიის თანამშრომელი, არამედ მუსიკის კარგი მცოდნეც გახლდათ და მასზე ხშირად გვესაუბრებოდა. იაპონურ და სამხრეთკორეულ ორიგინალ ცარიელ კასეტებს კი მეტად უცნაურ ადგილას, – რკინეულობის მაღაზიაში ვყიდულობდი, რომელიც დღევანდელ ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარეობდა. დაახლოებით იქ, სადაც ახლა „კარფურია“. კასეტების ფასები კი ასეთი იყო: 90-წუთიანები 9 მანეთი ღირდა, ხოლო 60-წუთიანები 8 მანეთი.

 

მუსიკა და ჩვენ (დასკვნა)

 

ყველა ადამიანის ცხოვრებაში მუსიკა პირველად სხვადასხვანაირად შევიდა. მაგალითად, ჩემს ცხოვრებაში მუსიკა ჩემი მელომანი ბიძების დამსახურებით ადრეული ბავშვობიდან შემოვიდა. მათ დასავლური ფირფიტების კარგი კოლექციები ჰქონდათ და ხშირად ვუსმენდი ფირსაკრავზე. ჩემი პირველი ფირფიტა კი არის 1977 წელს მშობლებისგან საჩუქრად მიღებული ამერიკელი მომღერლის, დონი ოსმონდის 1973 წლის ალბომი Alone Together, რომელიც „მელოდიის“ გამოშვებულია. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ფირფიტების შეგროვება. 1990-იან წლებში, როცა საქართველოში მუსიკალური მაღაზიები ფაქტობრივად აღარ არსებობდა, ვყიდულობდი კასეტებს. ჩემი სტუდენტური სტიპენდიის დიდი ნაწილი ცარიელი კასეტების შეძენაში მიდიოდა.

 

დღეს ყველა ჟანრის უფასო და ხარისხიან მუსიკასთან წვდომა ძალიან გამარტივდა, რადგან არსებობს სტრიმინგ-საიტები: Spotify, Souncloud, Bandcamp და სხვები, არსებობს YouTube და ფასიანი მუსიკალური სტრიმინგ-საიტებიც, სადაც უმაღლესი ხარისხით შეიძლება მუსიკის მოსმენა. ყველაფერ ამას იმასაც დავუმატებ, რომ ონლაინ-მაღაზიებში შეგვიძლია საყვარელი ვინილის ფირფიტების, კასეტების, კომპაქტ-დისკების პოვნა და ყიდვა. ადრე კი სასურველი მუსიკის შოვნას შრომა და ბევრი ძებნა სჭირდებოდა. ამ ყველაფერს ერთგვარი აზარტი და მუღამიც ჰქონდა. სამაგიეროდ უმაგრესი შეგრძნება იყო, ახალ, ჯერ კიდევ მოუსმენელ და ძლივსნაშოვნ ჩანაწერს რომ ჯიბეში ჩაიდებდი და ერთი სული გქონდა, სახლში როდის მიხვიდოდი და მოუსმენდი. თითქოს  ის ჯიბე გიხურდა. ყველა ფირფიტისა და კასეტის ქაღალდის ჩასადებზე (ან წებოვან ქაღალდზე) ვაწერდი და დღემდე ვაწერ სად ვიყიდე, სად ჩავწერე, ვისგან ვიყიდე ან ვინ მაჩუქა და ზოგჯერ იმდღევანდელ ამინდსაც კი.

 

ქუთაისი რომ მუსიკალური ქალაქია, ამას მტკიცება არ სჭირდება. მათემატიკური ენით რომ ვთქვათ, ეს აქსიომაა. მისი მუსიკალურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ მელომანების ჭარბი რიცხვია, რომლებიც ქალაქს არასდროს აკლდნენ. ამავე დროს, სწორედ მელომანობა და მუსიკისადმი დიდი სიყვარული გახდა საწინდარი თუნდაც 1990-იანი წლების „ქუთაისური ტალღისა“, რომელმაც განაპირობა პირველად სწორედ ამ ქალაქში დაეკრათ პირველად: ქართული ავთენტური პანკი, ელექტრონული მუსიკა და ჰიპ-ჰოპი… თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

 

მუსიკა გაბუნია ლაშა