ავტორი: თამთა თურმანიძე
ყველა ქალაქის სივრცეში მეორე, მესამე და ზოგჯერ მეათე ქალაქიც ცხოვრობს. ეს ის ძველი ქალაქებია, რომლებიც მანამდე სუნთქავდა და ხმაურობდა აქ.
ეს ქალაქები უცბად და მოულოდნელად ცოცხლდებიან ჩვენს გონებაში, სადმე, ძველ უბანში შერჩენილი სახლის, დროს გადარჩენილი ქვის კედლის, ბებიის მოყოლილი ამბის ან სულაც დასახელების სახით.
ძველ ქუთაისში მოგზაურობა კი. სადღაც ფრანგებისა და ებრაული უბნების გადაკვეთაზე, ან +სულაც გელათის ქუჩის ქვაფენილზე დადგომისას იწყება. თუმცა, ეს მოგზაურობა შეიძლება პასაჟებიდანაც დავიწყოთ, როგორც დღემდე ეძახის ქუთისელთა უმეტესობა ცენტრალური მოედნიდან მწვანე ბაზრამდე გაჭიმულ სავაჭრო რიგებს და უმეტესობამ, შეიძლება, არც კი იცოდეს, რომ ეს სახელწოდება XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქში მცხოვრებ მეწარმესთან, იაკობ ბეგიშვილთან არის დაკავშირებული.
იაკობ ბეგიშვილმა ქუთაისში, სადაც სამრეწველო საქმე მანუფაქტურულ ხელოსნობას არ ცდებოდა, აბრეშუმის საქსოვი და ბამბის სარჩევ-სართავი ქარხნები აამუშავა. სწორედ მან დაიწყო მაშინდელი მიხეილის და დღევანდელი ფალიაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი დიდი სავაჭრო სახლის ე.წ. „პასაჟის“ მშენებლობა, რომლის ზედა ნაწილი საცხოვრებელ ფართს ეკავა, ქვემოთ კი სხვადასხვა პროფილის მაღაზიები იყო განლაგებული. ამგვარი გადაწყვეტა შემდგომში ქუთაისისთვის დამახასიათებელ თავისებურებად იქცა და პირველ სართულად, თითქმის მთელ ქალაქს, დარაბების რიგი გასდევდა, სადაც სხვადასხვა მაღაზიები და სახელოსნოები იყო განთავსებული. სხვათაშორის, იმავე იაკობ ბეგიშვილის ვაჟებმა ჩამოიტანეს 1893 წელს გერმანიიდან დანადგარები, რომელთა მეშვეობითაც ქუთაისში ელექტროსადგური ამოქმედდა და ქალაქს პირველი ელექტროენერგია მისცა.
პასაჟებს, რომ ჩაამთავრებთ და ბაზართან მარჯვნივ. ლერმონტოვის ქუჩისკენ ჩაუხვევთ, ბევრჯერ გადაკეთებული და თაღებამოშენებული შენობის ფასადში, ჯერ კიდევ შეიძლება იცნოთ ქუთაისში პირველი აფთიაქი (დღევანდელი აფთიაქი #8), რომელიც პეტრე-პავლე კოკოჩაშვილმა გახსნა. ამ აფთიაქთან ერთად კი, კათოლიკური ქუთაისის ისტორიაც ვითარდება, რომელიც ჩვენს ქალაქში ცალკეული გვარების: თუმანიშვილების, კოკოჩაშვილებისა თუ ოცხელების საოჯახო ამბებით და თავად ფრანგების უბნის დასახელების სახით ცხოვრობს.
კათოლიკე მისიონერებმა იმერეთში XVII საუკუნიდან დაიწყეს დამკვიდრება. ისინი და მათ მიერ ჩამოტანილი ცოდნა და წიგნები წარმოადგენდნენ ერთგვარ ხიდს საქართველოსა და ევროპულ კულტურას შორის. მისიონერების დიდი ნაწილი, ღვთისმეტყველების გარდა, კარგი ექიმებიც იყვნენ, ხშირად მეფეებისა და თავადების დასტაქრები და თან უფასოდ მკურნალობდნენ ხელმოკლე ავადმყოფებს. მკურნალობის და წამლების დამზადების ხელოვნებას ისინი ქუთაისის ადგილობრივ მოსახლეობასაც გადასცემდნენ. სწორედ კათოლიკე პატერებთან შეისწავლა სააფთიაქო და სამკურნალო საქმე ივანე კოკოჩაშვილმა და მერე თავის შვილს გადასცა.
პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის მიერ გახსნილ აფთიაქთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი ქუთაისური ლეგენდის, ლაღიძის წყლების დაბადებაც.
14 წლის იყო მიტროფანე ლაღიძე, როდესაც სააფთიაქო შეგირდად დაიწყო მუშაობა კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის აფთიაქში. ცეზარ ივანოვსკი ფარმაციის მაგისტრი გახლდათ და საკუთარი პროფესიის ბევრ საიდუმლოს ფლობდა. აფთიაქის გარდა მას ქუთაისში ლიმონათის წარმოებაც ჰქონდა, სადაც მიტროფანეც მუშაობდა. სწორედ ივანოვსკისაგან ისწავლა ლაღიძემ ხილეული წყლების – უალკოჰოლო სასმელების წარმოების მეთოდი, მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ კი, თავად ჩაუდგა წარმოებას სათავეში და ბევრი სიახლეც შეიტანა. მან პირველმა შემოიღო სასმელების ე.წ. „გაკეთილშობილების“ მეთოდი, რაც ხილის წვენთან ერთად სათანადო ესენციის დამატებას გულისხმობდა.
სულ მალე ლაღიძის წყლები, მათი უნიკალური საგემოვნო თვისებების გამო მთელ საქართველოში გაიცნეს და შეიყვარეს. აკაკიმ მათ ექსპრომტად ლექსიც კი, მიუძღვნა:
„სასმელების მეტოქე ვარ,
ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა –
ხილეულთა ესენცია –
მიტროფანე ლაღიძისა“
არავინ უწყის ასეთ რა საიდუმლოს აზიარა ცეზარ ივანოვსკიმ მიტროფანე ლაღიძე, მაგრამ ერთი უდავოა, რომ ლაღიძის წყლების საოცარი გემო ვერავინ გაიმეორა. მინის კონუსებში ჩამოსხმული სხვადასხვა ფერის სასმელი: ტარხუნის, კოწახურის, შოკოლადისა თუ ნაღების საოცარი არომატით დღემდე რჩება უამრავი ადამიანისთვის ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე ტკბილ მოგონებად.
სხვათაშორის, საქართველოში შამპანური ღვინის წარმოების განვითარება ნაწილობრივ ქუთაისთან არის დაკავშირებული, თან საკმაოდ პიკანტური დასაწყისით. დაზუსტებით არავინ იცის თუ რამდენად სიმართლეს შეესაბამება გესლიანი ეპიგრამა: “აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო”, მაგრამ უდავოა, რომ ქუთაისელი აგრაფინა ჯაფარიძისადმი სიყვარულმა რუსეთის იმპერატორის ახლო ნათესავს, პრინც ოლდენბურგს, ბევრი საინტერესო საქმე გააკეთებინა საქართველოში. მათ შორის იყო ქუთაისში, ბალახვნის ქუჩაზე შესყიდული ღვინის ქარხანა, სადაც მან სამუშაოდ ჩამოიყვანა ფრანგი შამპანისტი ვიქტორ ტიებო. სწორედ ოლდენბურგის წარმოებაში იყო რამდენიმე წელი პრაქტიკანტად ფილიპე ჭელიძე, რომელმაც შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შემდეგ, შეიძინა მიწის ნაკვეთი მიხაილოვის ქუჩაზე, სადაც 1895 წელს ააშენა ლიქიორისა და სუფრის ღვინის ქარხანა.
ჭელიძის ფირმამ დიდ წარმატებებს მიაღწია, ყოველწლიურად ის 15000-მდე ლიტრ შამპანურს, 10 000-მდე კასრ სუფრის ღვინოს და 1500-მდე კასრ ლიქიორს აწარმოებდა. მისი მომხმარებელი იყო მთელი კავკასია, ჭელიძის პროდუქცია იგზავნებოდა ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, მანჯურიაში და ა.შ. ფილიპე ჭელიძის მიერ წარმოებული ცქრიალა ღვინო „თამარის“ რეკლამაზე გამოსახულმა მშვენიერმა ბანოვანმა კი, არაერთი მამაკაცს აუჩქარა გულისცემა.
ძველ ქუთაისში სამოგზაუროდ და იქაური გარემოს, ჰაერის, ადამიანების თუ განწყობის წარმოსადგენად ქალაქში კიდევ ერთი ჯადოსნური ადგილი გვაქვს – ცენტრალური ბულვარი, 200 წლის ბაღი, რომლის ფუნქციაც ამ ხნის მანძილზე პრაქტიკულად არ შეცვლილა.
1848 წელს გაშენებული „ბულვარი“ ქუთაისელთა სეირნობის საყვარელ ადგილს წარმოადგენდა, სადაც თავს იყრიდა და ჯამდებოდა ყველა სიახლე, მიდიოდა მსჯელობა პოლიტიკურ საკითხებზე, ადგილობრივ „საჭირბოროტო“ ამბებსა თუ მოდურ ტენდენციებზე. პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე სამსონ ფირცხალავა წერდა: „თუ ვისიმე ნახვა გინდოდათ აქ შეხვდებოდით, აქ იყო ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება, დაქირავება, ფულის სესხება, მაჭანკლობა, აქ იმართებოდა დებატები, აქ იყო ბირჟა და გამოფენა ადამიანების სილამაზის, ტანადობის, ტანსაცმლის. ბაღი ყოველთვის სავსე იყო ხალხით, დღითა და ღამით“. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ეს ფუნქცია ბულვარმა დღემდე შეინარჩუნა.
ცენტრალური ბულვარის ქვის მესერით შემოღობვა და კეთილმოწყობა კი, ლუკა ასათიანის სახელთან არის დაკავშირებული, რომელიც მთელი 13 წლის მანძილზე ასრულებდა ქალაქის თავის მოვალეობას.
XIX საუკუნის დასაწყისში ქუთაისი პატარა, მყუდრო ქალაქს წარმოადგენდა, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებზე მიმოფანტული ამწვანებულ ეზოებში ჩაფლული, აივნიანი ხის სახლებით. 1850-იან წლებშიც კი, ქალაქის 481 სახლიდან მხოლოდ 15 იყო ქვის. ქალაქის მეორე თავის, ლუკა ასათიანის მმართველობის პერიოდში კი, ამ პატარა ქალაქმა, რომლის მოსახლეობაც ჯერ კიდევ 1860-იან წლებში 6000 არ აღემატებოდა თანდათან დაიწყო ზრდა და განვითარება. როგორც დიმიტრი ნაზარიშვილი აღნიშნავდა ლუკა ასათიანმა სოფლის მსგავსი ქალაქი ჩაიბარა, მაგრამ თავისი საქმიანობით შეძლო მისთვის სასურველის იერის მიცემა. ქუთაისი სულ უფრო „ევროპული“ ხდებოდა. ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით ცენტრში აიკრძალა ხის სახლების მშენებლობა და მალე ქუთაისში მისი კიდევ ერთი მხასიათებელი, ეკლარის ქვით ნაგები სახლები გაჩნდა.
ლუკა ასათიანის მმართველობის პერიოდი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ქუთაისისთვის და მისი მიღწევების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია: ვაჭრობისა და ხელოსნობის დაწინაურება, ქალაქის ქუჩების მოკირწვლა და ნავთის ფარნებით განათება, დიდი ხნის მანძილზე ჩანგრეული ჯაჭვის ხიდის რესტავრაცია, პროგიმნაზიის (რომელიც შემდეგ რეალურ სასწავლებლად იქცა) გახსნა, სასოფლო–სამეურნეო სკოლის დაარსება, პირველდაწყებითი სკოლის დაფუძნება და ა.შ.
სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საოჯახო სალონებში ლოტოს თამაშით გატაცებული და ბაფთიან გიტარაზე დამღერებული რომანსების ქუთაისის ისტორიაც. ქალაქისა, სადაც „დიდ მოდაშია ხაბარდა კაბები“ და რომელიც როგორც ზაქარია ერისთავი წერდა, ევროპელი ვაჭრების მაღაზიათა დახმარებით „ასრულებს პარიჟის ბრძანებებს მოდების თაობაზე“.
ქუთაისის ცხოვრების წესს, რიტმსა და სილაღეს საინტერესოდ აღწერს ფრანგი მოგზაური ფრედერიკ დიუბუა დე მონპერიე: „ცხოვრება ქუთაისში წააგავს ძველი ბერძნების ცხოვრებას… ბაზარი აქ არის ისევე, როგორც ათენში, სიცოცხლისა და მოძრაობის ცენტრალური პუნქტი. ხელოსანსაც აქ გამოუფენია თავისი ნაწარმი, მუშაობს ხალხის თვალწინ; ყველაფერი სჩანს, როგორ იზილება ღომი, ცხვება პური, იხარშება წვენი მიკიტანთან, იჭედება ცხენი, ილესება დანა, იკერება წაღა, იპარსება თავი, დუქანი და სახელოსნო ღიაა წინიდან და არაფერია დაფარული საზოგადოებისგან“.
XIX საუკუნის ქუთაისის ქუჩებში “ხეტიალი” უსასრულოდ შეიძლება, ვის და რას არ შეხვდებით აქ: თამბაქოს ქარხნების მფლობელ ფირალოვებსა და გოკიელებს, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩილინგარიშვილების საკონდიტრო საწარმოს ტკბილეული, რომელსაც გიორგი ბოლქვაძის ლიქიორ-კონიაკის ქარხნის წარმოებული სასმელიც მოუხდება, აქვეა სტეფანე თუმანიშვილის „აბრეშუმის ზაოდიც“ და ა.შ. საინტერესოა, რომ უმეტესობა ქუთაისელი მეწარმეებისა აქტიური მეცენატიც იყო, მათი ცხოვრება და საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული თავად ქალაქის და მთლიანად ქვეყნის განვითარებასთან. მაგალითად, გალაკტიონის პირველი პოეტური კრებულის გამოცემა, ისევე როგორც პირველი ქართული მხატვრული ფილმის გადაღება დააფინანსა დასავლეთ საქართველოში ხე-ტყის მაგნატმა, ქუთაისელმა ყარამან დათეშიძემ.
ერთმანეთში გადახლართული ცხოვრების ხაზები, ცალკეული ადამიანებისა თუ მთლიანად გვარების ამბები, საბოლოო ჯამში, ქალაქის ისტორიად ინასკვება, იმ ქალაქის ისტორიად, რომელიც ძალიან ძველია და ამავე დროს შეუძლია ყოველთვის ახალი იყოს.
P.S. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც ამ სტატიაში გამოყენებული მასალა მომაწოდეს და ძველ ქუთაისში მოგზაურობა რეალური გახადეს:
ნანული ცხვედიანი
მერაბ კეზევაძე
ლევან ბეგიშვილი
ნინო აბულაძე