უორდროპები და ქუთაისი

გააზიარე:

რუსუდან მიქაუტაძეისტორიის და არქეოლოგიის დეპარტამენტი; ასოცირებული პროფესორი

მადონა რობაქიძე – ისტორიის და არქეოლოგიის დეპარტამენტი; ასოცირებული პროფესორი (აწ გარდაცვლილი)

თომას  უორდროპს და მის მეუღლე  მარჯორი კამერონ სკოტს  სამი შვილი ჰყავდათ: ოლივერი, მარჯორი და ტომასი. ისინი შოტლანდიური წარმომავლობის  წარჩინებული ოჯახიდან იყვნენ.  ოლივერ უორდროპმა შოთა რუსთაველის შესახებ პირველად 1887 წლის 19 თებერვალს, პალესტინაში მოგზაურობისას შეიტყო, როცა ჯვრის მონასტერში მისი ფრესკა ნახა. აქედან იწყება მისი და მისი ოჯახის დაინტერესება რუსთველითა და მისი პოემით. 

ოლივერი ბრიტანეთის სამეფოს  წარმომადგენელი გახლდათ  სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. საქართველოს მან უძღვნა წიგნი: “საქართველოს სამეფო ანუ მოგზაურობის შთაბეჭდილებები ქალების, ღვინის და სიმღერების ქვეყანაში“.  აი, რას წერს ოლივერი ქუთაისის შესახებ თავის წიგნში: „ქუთაისი ლამაზი ქალაქია, 25 ათასი მცხოვრებით. თითქმის ყველა ქართველია. დიდი ტაძრის ნაშთები მდინარის გაღმა ადასტურებს, თუ სად იყო გაშენებული ძირითადი ქალაქი წინა საუკუნეებში. აქედან მოჩანს ქალაქის შესანიშნავი ხედები. ქალაქში ბევრი  მშვენიერი ქვის სახლია,  უამრავი სიმწვანე, ნაყოფიერი მიწა, იმერეთის ეს ქალაქი მართლაც დიდად თვალწარმტაცია. მგზავრს, რომელსაც სურს გაიგოს, როგორ ცხოვრობს  ქართველი კაცი ქალაქებში, უნდა ერთი-ორი თვე მაინც გაჩერდეს ქუთაისში“1( Oliver Wardrop. 1888, გვ. 6 ).  ამავე წიგნში მიუთითებს, რომ „ქართველი  მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი,  ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი,  დაღვრემილობა, მელანქოლია და მიზანთროპია, იმაზე უკეთეს წამალს ვერ იშოვის, რომ წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელგაშლილ, პატიოსან და გულუბრყვილო ხალხს შორის“. 

სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიყვარა საქართველო მისმა დამ, მარჯორიმ და  ცხოვრების მიზნად დაისახა ქართული ენის, მისი ისტორიისა და კულტურის შესწავლა, საქართველოს მონახულება და ქართველებთან ურთიერთობის დამყარება. 1894 წელს ლონდონში გამოვიდა სულხან-საბა ორბელიანის წიგნის “სიბრძნე სიცრუისა” და “ქართული ხალხური ზღაპრების” ოლივერ უორდროპისეული ინგლისური თარგმანი კომენტარებით  და მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“. 

1894 წლის დეკემბერში მარჯორი ჩამოვიდა საქართველოში დედასთან ერთად. თავისი მოგზაურობის შესახებ  მან დაწერა დღიურები სახელწოდებით: „შენიშვნები 1894-1895 წლებში საქართველოში მოგზაურობის შესახებ“. დღიურებში ქუთაისის აღწერისას, ის  მითიურ საბურველში ახვევს  ჩვენს ქალაქს და მიუთითებს, რომ „აქ, უძველეს ქუთაისში, კოლხეთში, რიონის ჩრდილოვან ტყეებს შორის მოსულა იაზონი ოქროს საწმისის საძებრად, აქ ჰპოვა მან ის განძიც – რომელსაც დიდხანს ეძებდა და აქვე ჩასჩურჩულებდა სიყვარულის ზღაპრებს მშვენიერ ჯადოქარ მედეას“ 2  (ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე; 1965. გვ. 40-41)

მარჯორის და დედამისის პატივსაცემად ქუთაისში დიდი წვეულება გაუმართავთ. სპეციალურად გამოგზავნილი ეტლით წაუყვანიათ გორაზე, სანადიმო დარბაზში, სადაც 150 კაცი ეტეოდა. ნადიმს ესწრებოდნენ თავად-აზნაურთა წინამძღოლი, ქალაქის თავი და სხვა წარჩინებული პირები მეუღლეებით. მარჯორი, რომლისთვისაც უცხო იყო ქართული სუფრა და  მისი წესები, დეტალურად აღწერს სუფრის წესებს, თამადის ინსტიტუტს, სადღეგრძელოებს, ეროვნული სიმღერების შესრულებას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  ცეკვა „ქართულის“ შესრულებას ადგილობრივების მიერ. „ქართული ცეკვა  შეიცავს მოძრაობათა მთელ პოეტურობას, იგი გვარწმუნებს, რომ ცეკვა ხელოვნებაა, სავსებით განსხვავებული მოუხეშავი, თავბრუდამხვევი სამეჯლისო ვალსისაგან“ 3 (ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე; 1965.;  გვ. 40 )

ქუთაისში ყოფნისას უორდროპებმა მოინახულეს გელათი, მოწამეთა. მარჯორი დეტალურად წარმოაჩენს  მათ მშვენიერებას  და მნიშვნელობას  საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის. მართალია  ისტორიული ფაქტების აღწერისას ზოგჯერ ვხვდებით სინამდვილისგან გადახვევას, მაგრამ ეს არ აკნინებს მის ნაშრომს. ჩანს, რომ ის ისე იყო აღფრთოვანებული ყველაფერი ქართულით, რომ ზოგჯერ გრძნობები აღემატებოდა სინამდვილეს. 

უორდროპები ქუთაისში შეხვდნენ  იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს, რომლის ზოგიერთი ქადაგება  ინგლისურად გადათარგმნილი და გამოცემული ჰქონდა ცნობილ ინგლისელ თეოლოგს მალანს. სოლომონ მალანი გაბრიელ ეპისკოპოსის გასაცნობად  1872 წლის მაისში ჩამოვიდა ქუთაისში და ქუთაისის საკათედრო ტაძარსა და გელათში  წირვა და ქადაგებაც კი ჩაუტარებია  ქართულ ენაზე4. ( მ. სურგულაძე. ევროპაში ქართული კულტურის პროპაგანდის ისტორიიდან. „საბჭოთა ხელოვნება“ 1973. # 10; ჟ. „ცისკარი“ 1957 # 4. გვ, 140). მარჯორი აღფრთოვანებით აღწერს ეპისკოპოსის სიმშვიდეს,  დახვეწილობას და შენიშნავს, რომ  ეპისკოპოსმა მათ დაათვალიერებინა ბევრი საინტერესო საგანი, თუმცა, სამწუხაროდ, არ მიუთითებს რა საგნებზეა საუბარი. მარჯორი იმდენად იყო მოხიბლული გაბრიელ ეპისკოპოსით, რომ მისთვის სურათიც გადაუღია და ჩაკრული ჰქონდა   საკუთარ ალბომში. 

ქუთაისიდან უორდროპების ოჯახი გაემგზავრა გურიაში, ნიგოეთში თავად მაჭუტაძის ოჯახში, რომელსაც ინგლისელი ცოლი ჰყავდა. სწორედ ამ დროს უნდა გაეცნო  მარჯორის, ტელემაქ გურიელის (ცნობილი პოეტის-მამია გურიელის ძმა) ოჯახში ქუთაისელი ქალბატონი ვენერა ბერიძე, რადგანაც ტელემაქს ცოლად ჰყავდა ვენერას და ნინო. აქედან იწყება მათი მეგობრობა. ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში ათობით წერილია შემონახული  ვენერა ბერიძის მიერ მიწერილი  უორდროპებისადმი.

ვენერა ( ბარბარე) სიოს ( სიმონის) ას ბერიძე ძალიან განათლებული ახალგაზრდა ქალი ყოფილა. გარკვეული პერიოდი ევროპაშიც სწავლობდა. ქუთაისში ჯერ ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ კი მ. ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიაში ფრანგულს ასწავლიდა. საგნის შესანიშნავი სპეციალისტი, ეროვნულად მოაზროვნე ქალბატონი. მის დასთან, ნინოსთან ერთად, იგი  აქტიურად მონაწილეობდა საზოგადო საქმეებში. ვენერა ბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. იმდროინდელ პრესაში გვხვდება რამდენიმე ცნობა იმის შესახებ, რომ მას და მის დას ნინოს  გარკვეული თანხები შეუწირავთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების  ფონდში, რუსთაველის და ბარათაშვილის  ძეგლების ასაგებად და ა.შ.5. (  შორენა შტოიერი. სადისერტაციო ნაშრომი, 2012. გვ. 156 )

ოლივერისადმი მიწერილი 1911 წლის 3 სექტემბრის წერილით ჩანს, რომ ვენერა ძალიან განიცდიდა ძველი ქართული ხელნაწერების დაკარგვის საშიშროებას და მიუთითებდა მასში  რუსი კოლექციონერების  როლზე. იმდროინდელ ქართულ პრესაში არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, რომ რუსი კოლექციონერები   არა მარტო ხელნაწერებს, არამედ არქეოლოგიურ არტეფაქტებს ურმებით აგზავნიდნენ საქართველოდან. “… რაც შეეხება იმას, რომ მწერ ძველი ნაწერების შესახებ, რასაკვირველია, მეც და სხვა შეგნებული ვინც არის, ვცდილობთ რომ არ დაიბნეს. ვეძებთ, მაგრამ მაინც ბევრი იკარგება, და უფრო ბევრი რუსებს უვარდება ხელში.6 ( შ.შტოიერის დასახ, ნაშრომი, გვ. 157)

1896 წელს უორდროპების მთელი ოჯახი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში. ისინი სტუმრობდნენ ქუთაისს, გურიას და ი. ჭავჭავაძეს თბილისში. ამ დროს მარჯორის დაწყებული ჰქონდა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა, რომელსაც 18 წელიწადი მოანდომა და მის სიცოცხლეში გამოცემა ვერ მოასწრო. „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისას იგი რჩევას ეკითხებოდა  ქართველ მეცნიერებს: ალ. ხახანაშვილს, ნ. მარს, ალ. ცაგარელს, დიდ ყურადღებას უთმობდა თითოეული სიტყვის გამოკვლევას, ადგენდა ტექსტის გაუგებარ ნაწილებს, ერთმანეთს ადარებდა სიტყვების ძველ და ახალ მნიშვნელობას, ცდილობდა ეპოვა  ქართული სიტყვის შესაფერისი ინგლისური თარგმანი. მარჯორის წერილებიდან ირკვევა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისას მას ცალკეული სიტყვების მნიშვნელობების განმარტებაში სხვა ქალბატონებთან ერთად ვენერა ბერიძეც ეხმარებოდა.7 ( შ. შტოიერი; გვ. 150) . 

1896 წელს, საქართველოდან გაბრუნებულმა მარჯორიმ, რომელიც ყოველდღიურად ადევნებდა თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს,  ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მეთაურს, სიმონ წერეთელს გამოუგზავნა წერილი და 100 მანეთი, რომ დახმარებოდა წყალდიდობისგან დაზარალებულ გლეხებს.8 თამარ თათა ცოფურაშვილი. მარჯორი უორდროპი 4 ივნისი 2014 (https://feminism-boell.org/ka/2014/06/04/marjori-uordropi). გარდა ამისა, უორდროპები  საცხოვრებლით და ფინანსურად ეხმარებოდნენ ინგლისში მყოფ ქართველ სტუდენტებს, აძლევდნენ რეკომენდაციებს უნივერსიტეტებში სასწავლებლად. 

ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცულია ათობით წერილი ვენერა ბერიძისა, მათ შორის მარჯორისადმი მიძღვნილი ლექსიც კი. ვენერა უყვებოდა მარჯორის ქუთაისელ ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ. მარჯორის  ძალიან მოსწონდა ვენერა სარძლოდ. წერილებიდან ირკვევა, რომ მან გამოუგზავნა ინგლისური სახელმძღვანელოები, გაზეთები, ჟურნალები,  წიგნები, სთხოვდა ესწავლა ინგლისური და ჩასულიყო მასთან ინგლისში. რამდენიმე წერილში ვენერა ატყობინებდა, რომ ის ჯერჯერობით ვერ ახერხებდა ინგლისში გამგზავრებას, თუმცა ინგლისურს სწავლობდა. მარჯორიმ სიკვდილის წინ ( 1909 წლის დეკემბერი) მოიხსნა მისი სამკაულები, გადასცა ოლივერს და სთხოვა ცოლად მოეყვანა ვენერა ბერიძე. 

მარჯორის გარდაცვალებას დიდი გლოვით შეხვდნენ საქართველოში. ოლივერის არქივი სავსეა საქართველოდან და საზღვარგარეთ მყოფი ქართველების მიერ გაგზავნილი სამძიმრის წერილებით და ღია ბარათებით.   დის გარდაცვალებამ მასზე მძიმედ იმოქმედა, დიპლომატიური სამსახური დატოვა და დაიწყო ქართველოლოგიური ნაშრომების გამოქვეყნება. მან განაგრძო ქართული წიგნებისა და ხელნაწერების შეძენა და შევსება, შემდგომში კი ისინი ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკას გადასცა. 1909 წელს ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორის საქველმოქმედო ფონდი დააარსა. ფონდის შექმნის მიზანი ქართული ენის კათედრის დაფუძნება და ქართველოლოგიური კვლევა-ძიების ხელშეწყობა გახლდათ.9 (გ. შარაძე. 1984, გვ.75) ოლივერმა 1912 წელს სამეფო აზიურ საზოგადოებასთან ერთად გამოსცა “ვეფხისტყაოსნის” პირველი ინგლისური (არასრული) თარგმანი, რომელზეც მუშაობასაც მარჯორი უორდროპი ჯერ კიდევ ლონდონში შეუდგა და რუსეთში განაგრძო, სადაც დახმარებას უწევდა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი. “ვეფხისტყაოსნის” ინგლისურ ვერსიას ოლივერმა წინასიტყვაობა დაურთო. ოლივერ უორდროპს ეკუთვნის ასევე გიორგი ბრწყინვალის “ძეგლისდების” თარგმნა და 1914 წელს სამეფო აზიური საზოგადოების ჟურნალში დაბეჭდა, “ვისრამიანისა” და “წმინდა იაკობის ცხოვრების” ინგლისური პუბლიკაციები.

1910 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე ის აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1911 წელს მან მესამედ იმოგზაურა საქართველოში. 1911 წელს „სამეფო სააზიო საზოგადოების“ ჟურნალში გამოაქვეყნა ინგლისურ-სვანური ლექსიკონი, იმავე წელს დაბეჭდა ალექსანდრე ცაგარელის ნაშრომის, ათონის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის თარგმანი. 

 1911 წელს ოლივერი მართლაც ჩამოვიდა ქუთაისში ვენერას ხელის სათხოვნელად, მაგრამ იგი  უკვე დანიშნული დახვედრია როსტომ წერეთელზე, თუმცა მას მარჯორისეული  საჩუქრები უკან არ წაუღია და მისთვის დაუტოვებია.

როგორც ჩანს, ამ საჩუქრების  საპასუხოდ მოუხერხებია   ვენერას გაეგზავნა ოლივერისათვის   წერეთლების კუთვნილი უძვირფასესი რელიქვია „ ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ძველი,  ფერადი მინიატიურებით შემკული  ხელნაწერი, რომელიც ამჟამად ინგლისში, ოქსფორდის ბიბლიოთეკაში ინახება. როგორც პ. მარგველაშვილი აღნიშნავს, როსტომ წერეთლის მეუღლის, ვენერა ბერიძის თხოვნით, გიგა ( გიორგი) სიმონის ძე წერეთელმა გადადგა შეიძლება სადავო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან გამართლებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ერთის მხრივ, ძვირფას ხელნაწერს მოუძებნა ყველაზე უკეთესი განძთსაცავი ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის სახით და მეორეს მხრივ, ამავე ქმედებით, ღირსეულად გამოხატა უორდროპებისადმი ქართველი ხალხის მადლიერება“.10 (პარმენ მარგველაშვილი.“კულტურა პლუს“ 2(4), 2016.   კულტურა+, 4 მარტი, 2020 https://www.facebook.com/permalink.php?id=1848161462077281&story_fbid=29052720696995) 

ლიტერატურის მუზეუმში დაცული ერთი წერილის მიხედვით, რომელიც შ. შტოიერს აქვს მოტანილი თავის სადისერტაციო ნაშრომში, და რომელიც დაწერილია ტელემაქ გურიელის ას ნინოს მიერ, ვიგებთ, რომ „ოლივერს ნინოს განათლებული დის, ვენერას ცოლად შერთვა სდომებია, მაგრამ  ვენერას შინაურები წინააღმდეგი წასულან, ამ სიშორეს ვერ გავათხოვებთ, ხომ სამუდამოდ დავკარგავთო“

1912 წლის 4 თებერვალს  ვენერა ბერიძე, სამწუხაროდ მშობიარობიდან სამ თვეში გარდაიცვალა, ფაქტიურად, მშობიარობას გადაჰყვა.  როსტომ წერეთლის თხოვნით, ეს ამბავი ოლივერს შეატყობინა ნიცა ბაგრატიონ-წერეთელმა. როგორც ჩანს, ოლივერისა და ვენერას ახლო ურთიერთობა არავისთვის არ იყო დამალული. გარკვეული ხნის შემდეგ, როცა ოლივერი დაქორწინდა, საქართველოში გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში წერდა, რომ პირველი შვილი რომ ქალი ყოფილიყო, აუცილებლად ვენერას დავარქმევდიო.

1927 წელს ოლივერ უორდროპმა მიატოვა საჯარო სამსახური და მთელი თავისი დრო მარჯორი უორდროპის ფონდს მიუძღვნა, რომელიც უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებდა. ფონდი მატერიალურად ეხმარებოდა ინგლისში მყოფ ქართველ სტუდენტებს, რომელთა შორის მიხაკო წერეთელიც ყოფილა. ოლივერი განაგრძობდა ქართული წიგნებისა და ხელნაწერების შეძენას ოქსფორდის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის მუზეუმისა და ლონდონის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისთვის. ცნობილ ინგლისელ ისტორიკოს უილიამ ე. დ. ალენთან ერთად მან ინგლისში “საქართველოს საისტორიო საზოგადოება” დააარსა (1930 წ.) და ჟურნალი „გეორგიკა“ გამოსცა. ოლივერ უორდროპი მატერიალურად ეხმარებოდა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტს თბილისში (დაარსდა 1917 წელს).

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ოლივერ და მარჯორი უორდროპები არიან ქართველოლოგიის მიმართულების ფუძემდებლები ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, მათ შეძლეს ინგლისის საზოგადოებისთვის გაეცნოთ საქართველოს  ისტორია, მდიდარი ლიტერატურა, კულტურა  და  ტრადიციები. 2019 წელი ოქსფორდის უნივერსიტეტის შუამდგომლობით, იუნესკომ მარჯორი უორდროპის წლად გამოაცხადა და ამით ერთხელ კიდევ პატივი მიაგო საქართველოს მოყვარული ამ ორი უდიდესი ადამიანის ხსოვნას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე. მარჯორი უორდროპი. თბ., 1965   
  2. გ. შარაძე. ბედნიერების და სათნოების საუნჯე. უორდროპები და საქართველო.თბ., 1984
  3. შ. შტოიერი. მარჯორი უორდროპის მოგვიანებით მიკვლეული თარგმანები. სადისერტაციო ნაშრომი, 20124http://eprints.iliauni.edu.ge/2925/1/1441%20%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%20%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98.pdf). 
  4. თ. თ.  ცოფურაშვილი.მარჯორი უორდროპი 4 ივნისი 2014 (https://feminism-boell.org/ka/2014/06/04/marjori-uordropi)
  5. Wardrop Oliver. The kingdom of Georgia. Notes of Travel  in a land of Women, Wine and Song.   https://www.gutenberg.org/files/48403/48403-h/48403-h.htm
  6. გაზ. კვირის პალიტრა”    25 აგვ. 2019.  ახლა ჩემი ორი სიყვარული ერთმანეთის გვერდითაა: შენ და საქართველო!” – უორდროპები და საქართველო .
  7. შ. შტოიერი; გვ. 150 
  8. თამარ თათა ცოფურაშვილი. მარჯორი უორდროპი 4 ივნისი 2014 (https://feminism-boell.org/ka/2014/06/04/marjori-uordropi)
  9. გ. შარაძე. ბედნიერების და სათნოების საუნჯე. უორდროპები და საქართველო.თბ., 1984, გვ.75
  10. პარმენ მარგველაშვილი.“კულტურა პლუს“ 2(4), 2016.   კულტურა+, 4 მარტი, 2020 https://www.facebook.com/permalink.php?id=1848161462077281&story_fbid=29052720696995
უორდროპები