გოგილო ნიკოლაძის არაჩვეულებრივი გამოფენა

არაჩვეულებრივი გამოფენა

გააზიარე:

ავტორი: მანანა ქურციკიძე

არაჩვეულებრივი გამოფენა იწყება. 

საფიჩხია – დავით კლდიაშვილი,  ბულვარი – დები იშხნელები,  მესხიშვილის თეატრის ეზო – ლადო მესხიშვილი და კოტე მარჯანიშვილი, მწერალთა სახლი – ლადო ასათიანი, “ზასტავა” – ვასილ კიკვიძე. მწვანეყვავილას გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონი – ერთი, ორი, სამი…

ხომ გახსოვთ “არაჩვეულებრივი გამოფენა”… მთელი თუ არა ნახევარი ქალაქის “ქვაში გამცოცხლებელი” აგული ერისთავი ქუთაისურ სასაფლაოზე _ საკუთარ პერსონალურ გამოფენაზე. ეს ერთი ადამიანის კი არა ყველა პატარა ქალაქის მოქანდაკის “ტრაგიკული ბედია”. მაგრამ მაინც, ამ შემთხვევაში აგულის ერთი პროტოტიპი ჰყავს, რომლისთვისაც მთელი ქალაქი მართლაც არაჩვეულებრივი გამოფენაა. თვითონ, გოგილო (გიორგი) ნიკოლაძე, მას შემდეგ რაც საკუთარმა ცოლისძმამ, რეზო გაბრიაძემ აგული ერისთავში უკვდავყო მხოლოდ ქუთაისს აღარ ეკუთვნის. 

ისევ… ძველი ქალაქის ძველი და პრესტიჟული ქუჩა. სახლი – სუროში ჩაფლული, უცნაურად მიმზიდველი. ეზოში დიდი ცისფერი ნაძვი. მწვანე ბალახზე. მიწიდან “ამოზრდილი”, “ფესვგადგმული” ქანდაკებები. აქ ხელოვანი ცხოვრობდა, რომელიც თავის თავს “იაკობ ნიკოლაძის შვილს და როდენის შვილიშვილს” უწოდებდა. 

მაშ ასე, დავიწყოთ…

***

თვალს ხუჭავს და ხედავს… როგორც ფილმშია… ერთ წამში იქააა, “მაწონაშვილების სახლში”, სადაც დაიბადა. ის სახლი სულ ახსოვს. ალბათ უფრო მისი არქიტექტურული სრულყოფილების გამო.  ლამაზი ორნამენტები, ფრთიანი ამურები.  ათასგვარი მიმზიდველი ფიგურა, რომლებმაც (როგორც თვლიდა) მისი მომავლი პროფესია განსაზღვრა.  

პირველი სერიოზული მოგონება. ზემო იმერეთი. სოფელი ითხვისი. ბაბუა სოფლის მოძღვარი, დეკანოზი იოსებ წერეთელი. რვა შვილის მამა. სახლი სერზე, რომბული ფორმის ქვის ფასადით, რომელზედაც მოგვიანებით (ბაბუის სურვილით და) საკუთარი ხელით ამოკვეთა აშენების თარიღი _ 1886 წელი. ეს, ფოტოკადრებია მის მეხსიერებაში. მძაფრად ახსოვდა ის ზაფხული, როცა “კანტორაში” დაბარებულმა ბაბუამ დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ, ჭიშკარი შემოაღო და თავდახრილი შევიდა ჯერ სახლში, მერე თავის ოთახში, რომელიც სამლოცველოც იყო.  ბაბუას წვერი აღარ ჰქონდა. კომუნისტებმა გაპარსეს და წირვა-ლოცვა აუკრძალეს. გოგილო, თავის თეთრწვერა ბაბუს, ზოგჯერ წვერს რომ ულამაზებდა ხოლმე, ახლა იმ ოთახში შესვლასაც ვერ ბედავდა. მოხუცი დეკანოზი კი იქიდან არ გამოდიოდა, იჯდა ფიქრებსა და ლოცვას მინდობილი. 

***

დედა _ ანა წერეთელი და მამა _ ევსევი ნიკოლაძე.

ეკლესიის მგალობელი და პეტერბურგის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული.

დედა დებ იშხნელებთან ერთად ქართულ გუნდში მღეროდა. კულტურული და განსწავლული ადამიანი. ხელოვნების ტრფიალი. ამიტომ ყოველთვის აღნიშნავდა დედის დამსახურებას, პირველი გატაცება და სიყვარული _ ქანდაკება, პროფესიად რომ ექცა. ანა ყოველთვის მზად იყო ეღიარებინა შვილის ნიჭი. აგულიანებდა. უწონებდა. იძახდა _ ჩემი შვილი მომავალი მოქანდაკეა. გოგილოც “თავდაუზოგავად” თლიდა და ძერწავდა ყველაფერს რაც მის თვალსაწიერში მოხვდებოდა. ასე ეზიარა უკვდავებას და მის პირველ ნამუშევრად იქცა ძაღლი – მიმი, პატარა მაესტროს განუყრელი მეგობარი.

***

ხატვით შეპყრობილს სკოლის მასწავლებელმა სამხატვრო სტუდიაში მისვლა ურჩია. იქ, ლეგენდარული პედაგოგი, თითქმის ყველა ქუთაისელი მხატვრის აღმზრდელი, თავად კი, პეტერბურგის საიმპერატორო საზოგადოების სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებული, ილია რეპინის ნამოწაფარი ვანო ჭეიშვილი ასწავლიდა.

მასწავლებელი საოცრება. ბავშვებს მხოლოდ ხატვის ტექნიკურ საიდუმლოებებს კი არა ხელოვნების მაგიას აზიარებდა. 

მისი ოთახი – სავსე მიქელანჯელოს შედევრების პატრა ასლებით, რომლებიც მომავალ სკულპტორში ამოუწურავ ინტერესს იწვევდა.

… და მხატვრის წარმატების მთავარი საიდუმლო, რომელიც მისგან ისწავლა “თუ არ მოგწონს წაშალე და თავიდან დახატე. მანამ, სანამ არ მოგეწონება.”

მას შემდეგ დაუზარებლად შეუძლია – ახლით, ახლად, ახლიდან.  

წაშალე და თავიდან დაიწყე. დაშალე და თავიდან დაიწყე. ეს შემოქმედის დიდი გამოცდაა და ეს სიტყვები უკვე აკადემიის სტუდენტს ისევ გაუმეორა შესანიშნავმა მოქანდაკემ იაკობ ნიკოლაძემ.

***

სწავლობდა. პირველ ნაბიჯებს დგამდა. პირველი მცდელობები ჰქონდა. პირველ მიზნებს სახავდა. მთელს ამ პირველად ემოციებს… (გრამაფონისეულ) მჟღერ და სევდიანი მელოდიად გასდევდა… ომი.

სამხატვრო სტუდიაში – დაფშვნილი და ცარცადქცეული ასლები. სკოლა – ჰოსპიტალი.

ღამღამობით მორიგეობა საფიჩხიაზე. განათებული ოთახების ჩაბნელება-შენიღბვა და შალვა ელიავას სახლთან, ტახტის ფორმის ქვაზე გამოძინებული ღამეები.

ქუთაისის ცენტრალური ფოსტა. თვითონ იქ მუშაობდა. 

სამკუთხა წერილებით კიროვის, გოგებაშვილის და ცხაკაიას ქუჩებზე მიჰქონდა ცრემლი და სიხარული.

***

თბილისი. 1942.

ისევ ომი. დღისით _ ნაცრისფერი. ღამით _ შავი. ყველა ჭუჭრუტანა დაგმანულია. 

გოგილო ნიკოლაძე _ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის სტუდენტი.

პედაგოგები ცნობილი მხატვრები და მოქანდაკეები _ ნიკოლაძე, კაკაბაძე, შარლემანი, ქობულაძე, მერაბიშვილი, მიქატაძე, კანდელაკი.

რაც მთავარია… გამოცდა.

დიდი იაკობი, შევიდა და იკითხა: “ნიკოლაძე აქ რომელია?…”. დახედა ნამუშევარს, თავი დააქნია და გავიდა.

სწავლის პროცესში არ ინდობდა.  აკადემიაში ადრე მისული ჩამოუვლიდა სტუდენტებს. გოგილოსთან გაჩერდებოდა. შეუმოწმებდა სტეკს. სამუშაო იარაღებს. თუ რაღაც არ მოსწონდა, განაჩენი იყო: “დაანგრიე და თავიდან დაიწყე!…”

… ასე იყო მანამ, სანამ კმაყოფილი არ დარჩებოდა.

***

ისწავლა. ძერწა. იმუშავა.

ქანდაკების ქარხანაში… აღმოსავლეთ საქართველოში დაზიანებულ ქანდაკებებს “აცოცხლებდა”. 

მერაბიშვილი, კაკაბაძისა და მიქატაძის სახელოსნოებში ცდიდა საჭრეთელს. აქაც მოუწია დიდ ბელადთან შეხება. ექვსმეტრიანი თიხის ფიგურის მოვლა-პატრონობას კინაღამ შეეწირა. გულმკერდის არეში გაჩენილი ბზარის შესახებ ლენინგრადში მყოფ შოთა მიქატაძეს დეპეშა გაუგზავნა “В раионе кителя появилас трешина” . მეორე დღეს მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დეპეშის შინაარსი პაროლი რომ არ იყო თვალსაჩინოებით დაამტკიცა.

***

ქუთაისი ეძახდა. მოხუცი, მარტო დარჩენილი მამა.

(დედა, აკადემიაში ჩარიცხვის წელს გარდაეცვალა.) 

თვლიდა, რომ ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო. მის მიღებაში წვლილი უჩა ჯაფარიძეს მიუძღვის. ურჩია ქუთაისში წამოსულიყო და სხვა ხელოვანებთან ერთად მხატვართა კავშირის ჩამოყალიბებაზე ეზრუნა.

მის შემოქმედებაში უშეღავათო შრომის ქუთაისური ხანა დაიწყო, რომელშიც არ მოძებნება შემოქმედებითი ტაიმ-აუტი.

საკმარისია მხოლოდ პორტრეტთა ჩამონათვლი და ხვდები  ფიზიკური და სულიერი დაძაბულობის მასშტაბს, რის ხარჯზეც ხდებოდა მისი შემოქმედებითი ზეასვლა.

პეტრე ჭაბუკიანი, კოტე მარჯანიშვილი, ლადო მესხიშვილი, ვასილ ამაშუკელი, დავით კლდიაშვილი, პავლიკა თუმანიშვილი, ნიკო მუსხელიშვილი, ვალერიან მიზანდარი, დავით კვიცარიძე, ლილი ნუცუბიძე. კიდევ ბევრი სახე, ნაცნობის თუ უცნობის.

სახეებთან ერთად იძერწებოდა მისი შემოქმედებაც. უსაყვარლეს პედაგოგთან და მეგობართან ვალერიან მიზანდართან და განუყრელ ჩამომსხმელთან პეტია ბაგრატიონთან ერთად ძველი ქუთაისური იუმორის ფონზე, იქმნებოდა ის, რასაც თავად “მუსიკას” ეძახდა.

***

ვალერიან მიზანდარი მისთვის ცალკე ცხოვრებაა. ცალკე შემოქმედება. 

ერთად და ცალცალკე. მაგრამ იყვნენ კი ისინი ცალ-ცალკე, მას შემდეგ, რაც გოგილო ქუთაისში ჩამოვიდა?

ყველა მოგონება, ყველა შემოქმედებითი წარმატება, ყველა ოხუნჯობა იყო ერთად და ერთი. 

ერთად ათვინიერებდნენ თიხას, ერთად უდგამდნენ ქვას სულს, ერთად ნადირობდნენ, ერთად შედიოდნენ ილოს ფოტოატელიეში. სვამდნენ ხუმრობდნენ. ქუთაისურ ბოჰემას და კოლორიტს “საფუძველს უმაგრებდნენ” და თავისდაუნებურად რეზო გაბრიაძის სცენარებისთვის მოკლე მონახაზებს ქმნიდნენ.

 თითქმის არცერთი მოგონება, ყველაზე სევდიანიც კი არ არსებობს ღიმილის გარეშე…

ეს ღიმილი ნიჭიერი იუმორისგან მოდის. ყველამ რომ ვიცით, ყველას რომ პირზე გვაკერია და ყველაზე ჩვენი რომაა. ვალიკო მიზანდარი, მარტო ეს სახელი ცალკე აღებული რეზო გაბრიაძის წყალობითგაიცნო მილიონობით ადამიანმა. აღარაფერს ვამბობ ვალერიან მიზანდარის ძაღლზე პერიზე…

 ზოგჯერ მათ ერთობლივ მუშაობას შემოქმერდებითი შეხლა-შემოხლა მოჰყვებოდა. ზოგჯერ მიზანდარი უთმობდა ახალგაზრდა მეგობარს და ორივეს თანაავტორობით გოგილო მუშაობდა. 

გოგილო ნიკოლაძეს მიზანდარი ყველანაირი ახსოვს. შემოქმედებით აფექტში მყოფი. მოშვებული. მთვრალი. მიუნჰაუზენივით ტყუილ-მართალ მოგონებებში ჩაფლული.

მიზანა ბრეგვაძის არ იყოს პრასი ჰქონდათ…ბევრი იუმორი, სამუშაოც… ქალაქური საზოგადოების სიყვარულიც.

მაშინ ეს სრულიად საკმარისი იყო რომ ცხოვრების არ შეშინებოდათ.

***

მუდმივად ეძებდა სახეებს. 

დიდი პორტრეტისტის იაკობ ნიკოლაძის მოსწავლეს სისხლში ჰქონდა გამჯდარი.

თავად იაკობს როდენისგან ერგო მემკვიდრეობით ტიპაჟების მუდმივი ძიება.

ერთხელ საინტერესო ტიპაჟს წააწყდა. ნატიფი ნაკვთები. სახე _ დახვეწილი, ინტელიგენტური. წლების განმავლობაში აღმასკომის კიბის ქვეშ, პატარა სამუშაო ჯიხურში “მონტიორად” მუშაობდა.

არადა, ქართული კინოს ლეგენდა გახლდათ. პირველი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი. ვასილ ამაშუკელი. 

გამბედაობა მოიკრიბა და ბიუსტისთვის პოზირება სთხოვა. პირველმა დოკუმენტალისტმა სიხარულით მიიღო ქვაში გაცოცხლების პერსპექტივა და რამდენიმე დღეში, მოქანდაკის სუროში ჩაფლული სახლის ნათელ სახელოსნოში, სავარძელში მოკალათებული, რაჭა-ლეჩხუმში აკაკის მოგზაურობის ფირზე აღბეჭდვის ამბებს ყვებოდა.

ბიუსტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენები მოიარა.

მეორედ უკვე, მოხუც და ავადმყოფ ვასილ ამაშუკელთან თვითონ მიდიოდა. გორაზე, ბაგრატის ტაძართან ახლოს.

 მწვანეყვავილაზე რეჟისორის საფლავს გოგილო ნიკოლაძის მიერ შექმნილი ბრინჯაოს ბიუსტი ამშვენებს. წარწერით “ვუძღვნი ვასო ამასუკელის ნათელ ხსოვნას. მოქანდაკე გოგილო ნიკოლაძე.”

***

სამჯერ გააკეთა პეტრე ჭაბუკიანის ბიუსტი.

თვითონ ამბობს, რომ ამ ადამიანის დიდი სიყვარულით. 

მისი უბრალოების, მისი ადამიანურობის, მისდამი პატივისცემის გამოსახატავად. 

მოხუც მკვლევარს მისი სახელოსნო უყვარდა. Kკარზე ჯოხით აკაკუნებდა და ამით მომენტალურად ამცნობდა თავის ვინაობას. მერე იჯდა და საათობით ლაპარაკობდა თავის სათაფლიაზე.

მოქანდაკისთვის ნაჩუქარ წიგნს წააწერა: “პატივცემულ გოგი ნიკოლაძეს, ვინც მე გამაპატიოსნა და შეუფასებელი ამაგი დამდო. პეტრე ჭაბუკიანი, 1966 წელი.”

***

უყვარდა ეს პორტრეტი. 

მისი გაკეთების სურვილი ესპანეთში ყოფნისას გაუჩნდა. როცა სერვანტესის მემორიალი ნახა.

გაახსენდა ქართველი სერვანტესი. “შემოდგომის აზნაურების” მამა _ დავით კლდიაშვილი.

ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება  მის მიმართ. და როცა საკავშირო გამოფერნისთვის მისი ბიუსტი დაუკვეთეს ძიება დაიწყო.

ისევ ძიება. მიუხედავად იმისა, რომ მწერლის არაერთი ფოტოსურათი ჰქონდა ნანახი.

ქალაქში თითქმის ყველა მოხუცის სახე შეისწავლა. 

საჭირო ტიპაჟს ბაზარში წააწყდა. რკინა-კავეულით ვაჭრობდა. მისი სახის წყობა ძალიან ჰგავდა მწერლისას. დიდხანს იტრიალა მის ირგვლივ, მაგრამ მოხუცის გვერდით მყოფი შვილიშვილი ამ ტრიალმაა დააფრთხო და ბაბუა სასწრაფოდ წაიყვანა ბაზრიდან.

კიდევ დიდი ხანი დასჭირდა, რომ მოეძებნა. ერთ კვირა დღეს შემთხვეით გადააწყდა და სხვისთვის ათასჯერ გამეორებული ნაცნობი ფრაზა, ახლა მას უთხრა. 

პორტრეტს დიდი წარმატება ხვდა. თუმცა, ის, დავით კლდიაშვილი, რომელიც მის ქალაქს ამშვენებს. უკვე სხვა პორტრეტია. ორი ქუჩის გასაყართან ქართველი სერვანტესის ბიუსტი თავადური და “შემოდგომის აზნაურული” გამოხედვის სინთეზით მისი მოთხრობების მარადიულ აქტუალობას უსვამს ხაზს.

***

თითქმის ათი წელი მოუნდა ლადო მესხიშვილისა და კოტე მარჯანიშვილის ბისუტებზე მუშაობას. ერთი მარჯვნიდან, მეორე კი მარცხნიდა უმშვენებს გვერდს მესხიშვილის თეატრის შთამბეჭდავ შენობას. თითქმის ერთდროულად მუშაობდა ორივეზე. 

აკეთებდა არ მოსწონდა, ანგრევდა და ისევ აკეთებდა.

 ორივე ძეგლის გახსნა პომპეზური იყო. დიდი ზეიმებით. საპატიო სტუმრებით. როგორც კომუნისტურ ხანაში იცოდნენ.

კოტე მარჯანიშვილის ბიუსტი გოგილო ნიკოლაძემ ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად გახსნა. ვერიკომ გულში ჩაიკრა. ეს მისთვის სიზმარივით იყო. დიდი ვერიკო და თვითონ. 1985-ში ერთი წლის მერე მესხიშვილის ბიუსტიც გაიხნა და დღეს ორივე ქუთაისი ნაწილია. 

თითქოს ყოველთვის აქ იდგნენ.

***

ქუთაისური ხანა და მისი “პურპურა” _ კაი ოჯახისშვილი, ექიმი, განათლებული, ლამაზი, (მხოლოდ… დიმიტრი გელოვანი არა) _ ნორა გაბრიაძე.

დიდი ხანი მოსწონდა. უყურებდა შორიდან. 

იყო ამ ქალში რაღაც მედიდური მომხიბვლელობა. ქარიზმა. ხიბლი.

“пурпуровая женщиа” .

რეზო გაბრიაძის და…

მეგობრები ეუბნებოდნენ ვერ გაეკარებიო.

გაბედა. მოათვინიერა. 

ცხოვრების მეგზურად გაიხადა.

მათი ოჯახი. თეთრი ქანდაკებებით, თეთრი კედლებით. თეთრი, ნათელი ადამიანებით…

სტუმრები, ჟურნალისტები, მეგობრები.

ბევრი იუმორი. გაბრიაძისეული პერსონაჟების, თითოეული ეპიზოდის დაწერის ისტორიის გახსენება და ჰომერული სიცილი.

გოგილოს ჭიდილი ქანდაკებასთან, რომელსაც მუდმივად გასდევს უკვე გაშარჟებული თემა მოქანდაკეთა ავადმყოფობაზე, რადიკულიტზე. 

ქმარი თითქმის, მუდმივად ქუთაისში იყო. ცოლი_ თბილისში, შვილთან… სამსახურში. 

მაგრამ დაბერება ერთად უნდოდათ და ისევ ერთად მიიყუჟენ იდუმალი და მშვენიერი სახლის კედლებში.

***

დღეს არცერთი აღარ არის. 

ახლა სხვა დროა. 

თბილისის ქუჩაზე, მხატვრის სახლს მარტოობის სევდა დასტყობია. ცისფერი ნაძვი მაღალ ბალახსი დგას და მიწიდან ისევ ამოზრდილია შოთა რუსთაველი. ძველი ლანდები ისევ დადიან.

 (შთამბეჭდავი სანახაობა _ მხცოვანი მოქანდაკე, ადამიანის სულის ლაბირინთებში მოგზაურობს.)

ისევ ისე. ტყავის მოსაცმელით. განუყრელი კეპით. Dდადის, ზის ძველი ცისფერი ნაძვის ქვეშ. შედის უკვე ძველ სახელოსნოში. ოდნავ წელში მოხრილი, მაგრამ ისევ იმპოზანტური. 

ბუზღუნებს. იმდენ ძალას ვეღარ ვგრძნობო.

“მამამისის” იაკობ ნიკოლაძის პორტრეტი აქვს გასაკეთებელი.

არაჩვეულებრივი გამოფენა