ქალთა კლუბი _ ქართული ფემინისტური მოძრაობის ქუთაისური საწყისების მცირე ანალიზი

ქალთა ფემინისტური მოძრაობის საწყისები

გააზიარე:

ავტორი: ნია კუჭავა

როგორი იყო პირველი ,,გვირილობა“ ქუთაისში? პირველი ,,გვირილობის“ წარმოდგენისას გონებაში იქარგება ძაფი წარსულისა და ჩვენ თვალწინ მალე გამოისახებიან გიმნაზიელი გოგონები თავიანთი სპეციფიკური ტანისამოსითა და სინატიფით. ახალგაზრდა ქალების მიერ მოკრეფილი გვირილები საფუძვლად დაედება ჩვენს მდიდარ წარმოსახვას და ამ დროს გაცოცხლდება ცხადი მოგონება იმ გიმნაზიელი ქალებისა, რომლებიც ყვავილების გაყიდვით მოგროვებულ ფულს ქველმოქმედებისთვის იყენებდნენ.  განა არის რამე ამ სურათზე უფრო ნაზი და სპეტაკი? ალბათ, ყველა ქუთაისელის გონებაში კიდევ ერთხელ დაიბუდებს იდეა იმის შესახებ, რომ მართლაც, ჯადოსნური ხალხი ვართ. მსგავსი სილაღე, სილამაზე დამსახურებულად ეკუთვნის ჩვენი ქალაქის მეხსიერებას, ასეთი სიცოცხლის ძაფი მხოლოდ ჩვენთან თუ მოატანდა დღევანდელობამდე. უცნაურად ლამაზია ქუთაისი ,,გვირილობისას,“ ამ დროს გრძნობა იმისა, რომ ხარ ნაწილი რაღაც შენზე ბევრად უფრო დიდისა, რაღაც მისტიკურისა, ყოველდღიურობისგან დაცლილისა და აღმატებულისა,  მეტად მძაფრი და ყოვლისმომცველია. თუმცა მოხდენილი, ნაზი, ნატიფი გიმნაზიელი გოგონას ხატის უკან იმალება ძალიან დიდი ისტორია იმისა, თუ როგორ დაანგრიეს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის მოწაფეებმა მათ წინ თავისუფლების გზაზე აღმართული ყველა კედელი, როგორ გადალახეს ყველა საზღვარი და ჩარჩო, რომელიც მათ მოქმედებას ხელს უშლიდა, მასშტაბებს აუტანლად უმცირებდა და თავის კუთვნილ მცირე ალაგში გამოამწყვდევდა. ქალის სრულფასოვნებისთვის ბრძოლა და ფემინისტური იდეების ხაზი ჯერ კიდევ 1917 წელს უნდა ვეძებოთ, გაზეთ ,,ხმა ქართველი ქალისას“ სვეტებში: ,,ქართველო ქალებო, გაიმსჭვალეთ მოქალაქეობრივი გამბედაობით და ყველგან, სადაც კი დაესწროთ კრებებს მოითხოვეთ ქალების ხმის უფლება და მათი საერო საქმეში ჩარევა.“[1] ამბავი ქუთაისში აღმოცენებული ქართული ფემინიზმისა არის არამხოლოდ ისტორია რომელიმე იდეოლოგიის ქართულ რეალობაში ფეხმოკიდებისა, არამედ მზერის მარადიული ადრესატის, მუდამ დანახულის, ჭვრეტისა და ყურადღების ობიექტის სუბიექტად გადაქცევისა, ანუ იმ ქალის გათავისუფლებისა, რომლის ხმისა და პოლიტიკური აზრის სრულფასოვნებაც არათუ ეჭვის ქვეშ არ დგებოდა, არამედ ნებისმიერი დემოკრატიული ღირებულების ბუნებრივ თანმდევად აღიქმებოდა.      

კატო მიქელაძის სახელი ქუთაისელებისთვის უცხო არ არის, მისი სახე წმინდა ნინოს ქუჩაზე, მე-3 სკოლის წინ მემორიალურ დაფაზეც გამოისახა, თუმცა ცოტამ თუ იცის ის, თუ რამდენად გამორჩეული და საყურადღებოა მისი ნააზრევი და იდეები. კატო მიქელაძე, რომელიც ევროპული განათლებითა და გამოცდილებით შეიარაღებული დაუბრუნდა თავის ქვეყანას, ქალთა თავისუფლებას, საერო საქმეში მათი სიტყვის სრულუფლებიანობას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევდა. გაზეთში ,,ხმა ქართველი ქალისა“ კატო მიქელაძე აჟღერებდა საკუთარ რწმენას იმის შესახებ, რომ თავად დახარისხების, განცალკევებისა და ქალისა და მამაკაცის ინტერესთა სფეროების სეგრეგაცია არაბუნებრივი, შემზღუდავი მოვლენაა, რომელიც მიმართულია ნებისმიერი ადამიანის ნებისა და ბუნებრივი პოტენციალის, კომპეტენციის შევიწროებისკენ და მისი აღმოცენება შესაბამისი ძალადობრივი რეჟიმის შედეგი უნდა იყოს. მისთვის უცნაური იყო ,,დედაკაცთა მონობა,“ სიჯანსაღესა და რაციონალურობას მოკლებული. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფემინისტი ქალის, სიმონ დე ბოვუარის წიგნში სახელად ,,მეორე სქესი“ ვკითხულობთ, რომ ქალი იმედგაცრუებულია ორივე სახით _ სუბიექტისა და ობიექტის როლშიც. სუბიექტად, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მისთვის მამაკაცური ენერგია და მამაკაცურობასთან მიბმული ქმედებები მიუწვდომელია. ის შეიძლება მუშაობდეს, აკეთებდეს უამრავ მნიშვნელოვან საქმეს, აზროვნებდეს, იღვწოდეს,  ისწრაფოდეს _ თუმცა ყოველივე ამას არასდროს მოსდევს შესაბამისი, ადეკვატური შედეგი და აღიარება, რაც დიდი იმედგაცრუების მიზეზი ხდება.[2] თანამედროვე გენდერულ კვლევებში მრავალჯერ შეხვდებით კვლევებსა და ნაშრომებს, რომლებიც ეძებენ პასუხს იმაზე, თუ რამ განაპირობა საოჯახო დონეზე ქალთა მიერ დომინირებულ სფეროებშიც კი ამავე სფეროების ინდუსტრიალიზაციის შემდგომ მამაკაცების წინა პლანზე წამოწევა. ჯერ კიდევ სიმონ დე ბოვუარის ნაწერებამდე, სწორედ მსგავსი იდეები იდგა ქუთაისის ქალთა საზოგადოებების დღის წესრიგში, სწორედ მსგავს პასუხებს ეძებდნენ ისინიც, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, მათთვის ადამიანის უფლებები და თანასწორული ღირებულებები მოცემულობას, თავისთავად ჭეშმარიტებას წარმოადგენდა, რომლის გადახედვისა და ხელოვნურად ფორმის შეცვლის მცდელობასაც მოჰყვა ის სამარცხვინო და ლოგიკურობას მოკლებული რეალობა, რომელიც ,,დედაკაცთა მონობაში“ გამოიხატებოდა. ფემინისტი ქალებისთვის ქვეყნის დაჩიავებას, მისდამი მშობლიური სიყვარულისა და მზრუნველობის შეგრძნების დაკნინებასა და ქალის სრულუფლებიანობის პრინციპის შელახვას შორის ტოლობის ნიშანი არსებობდა. გაზეთში ,,ხმა ქართველი ქალისა“ ამოიკითხავთ ერთ სვეტად გადმოცემულ ისტორიებს ადამიანებისა, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე გრძნობდნენ განსხვავებულობას, მშობელთა ალერსიან მზერასა და მოწადინებაში ვერ ხედავდნენ იმავე სინათლესა და მიზანდასახულობას, როგორსაც მათი ძმების მიმართ ამჟღავნებდნენ, თითოეული სვეტში ჩატეულია ბიოგრაფიები და ამბები ქალებისა, რომელთა ტრაგედიაც, ყურადღებისა და მსმენელის ნაკლულობა, ჯერ კიდევ მოუყოლელი ტრავმები ამ გაზეთში გაცხადდა მყარი და მტკიცე პოზიციებით, აქ ნახავთ სუფრაჟისტის წერილებს, ასევე ქუთაისელი ქალის, ნინო ტყეშელაშვილის ლექსს ევაზე, ანუ ქალზე, რომელიც არ შეუშინდა ცოდვას, რომელსაც სწყუროდა უცხო აზრი, აკრძალული, ტაბუდადებული ამბების გაგება და გაზიარება, ზუსტად განსაზღვრულ ამოცანებსა და, რაც მთავარია, დაუდგრომელ, უდიადეს პროტესტს.[3] თუ სერგეი მესხი წერდა, რომ ქალები ციხიდან ახლადგამოსულ დამნაშავეებს, ან ახლახან გათავისუფლებულ გლეხებს ჰგვანან, რადგან არ იციან როგორ მოიქცნენ, არ წარმოუდგენიათ, რომ მათი ასპარეზი საკანზე უფრო მასშტაბური და დიდია, არ იციან, რომ მათ კავალრებთან კეკლუცობის გარდა კიდევ მრავალი საჭირბოროტო საქმის გაკეთება შეუძლიათ.[4] უკვე  1917-18 წლებში კი ზემოთ ხსენებულ გაზეთში ვაწყდებით ქართველი ქალის სრულქმნილ ნებასა და პროტესტს იმის გამო, რომ ოდესღაც მათ ხელოვნურად დაუწესეს საზღვრები.

ქუთაისში ჩასახული მოძრაობა ამით არ ამოწურულა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრები გახდნენ მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე და ქრისტინე შარაშიძე. ქრისტინე შარაშიძე ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა, თუმცა მოსწავლეთა რევოლუციური მოძრაობის ორგანიზატორობის გამო ის გარიცხეს. ქრისტინე შარაშიძის პროტესტი ადრეული ასაკიდანვე ცხადყოფდა იმას, რომ მისი რევოლუციური იდეებით გატაცება უბრალო თავშესაქცევი არ გახლდათ და მისთვის საზოგადოებრივ სტანდარტებთან ბრძოლა სრულებით შესაძლებელი იყო. მისი ჩანაწერებიდანვე ირკვევა, რომ ქრისტინე ისწრაფოდა სრულყოფილებისგან, მცირედი ხარვეზები და შენიშვნებიც კი საკუთარი თავის მიმართ მკვეთრად გამოხატულ აგონიას ჰგვრიდა. დიპლომატიასა და ორატორობაში გამორჩეული მეამბოხე ქალის ისტორია აკადემიურ სივრცეში გრძელდება, სადაც ის დამსახურებულად მოიპოვებს იმ დროისთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირს ტიტულს პირველი ქართველი ქალი ლექტორისა. ექვთიმე თაყაიშვილის ცხედრის გაცილებისას წარმოთქმულ სიტყვაში კი ჩანს და იგრძნობა ის ღირებულებები, რომლებიც ქრისტინესთვის არამხოლოდ თეორიულ ჭეშმარიტებას, არამედ ქვეყნისა და საჯარო ცხოვრების მოწყობისა და წინსვლის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა.[5] მინადორა ორჯონიკიძის ანტისაბჭოთა ბრძოლა და მოძრაობა კი ჯერ მოსკოვში, შემდგომ ყაზახეთში იძულებით გადასახლებითა და 1937-38 წლების რეპრესიების პარალელურად დახვრეტით სრულდება.[6] ამ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული პიროვნებების ისტორიას ქუთაისში დაბადებული ქალთა მოძრაობის კონტექსტში განვიხილავთ, თუმცა, უდავოა, რომ მსგავსი ხასიათის სიმტკიცე განსაკუთრებული და უნიკალურია. ქუთაისში ფემინისტური იდეების ჩასახვის ამბავი არის ისტორია იმისა, თუ როგორ დაიბრუნა მზერის მარადიულმა ობიექტმა თავისი ავტონომია, იპოვა თავში ძალა და გამბედაობა მოქმედებისა.

ქალთა კლუბი იმსახურებს ისტორიის ხელახლა მოყოლას, რადგან, ერთი მხრივ, ისტორიული რეალობის ხელახალი კონსტრუირებისას ვხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი საქმიანობა, მათი ნააზრევი არ გახლდათ სხვათა ნათქვამი სიტყვის ციტირების ან განვრცობის მცდელობა, არამედ ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიქმნა სრულიად ავთენტური, ადგილობრივ პრობლემებსა და საწუხარზე დაფუძნებული მსჯელობა და ფიქრის უწყვეტი ხაზი, რომელიც არამხოლოდ ქალების, არამედ ადამიანების ფუნდამენტური და ხელშეუხებელი უფლებების უზენაესობის პრინციპით იყო გაჯერებული. ქუთაისში განათლების მიღებისას, შემდგომ ევროპაში მოგზაურობისას ამ ქალების სევდა და სატკივარი უცვლელი რჩებოდა, მათი ამბოხი უბრალოდ მდიდრდებოდა უცხოური იდეებითა და მოქმედების ზუსტი ფორმულით. თუ ზემოთ მოცემული მსჯელობის შემდგომ მკითხველს მაინც გაუჩნდება შეკითხვა იმაზე, თუ რატომ იმსახურებს ქუთაისური ფემინიზმის ფუძემდებელი ქალების იდეები და ნააზრევი ცალკე თხრობას, მხოლოდ იმის თქმა შეგვეძლება, რომ ხშირად ჟამთა სვლას შესაძლოა თან მოჰყვეს მრავალი სიმახინჯე, საკუთარ კულტურად იმის მიღება, რაც არასოდეს ყოფილა ავთენტური, არასოდეს წამოსულა ჩვენთვის ნაცნობი და მშობლიური კონტექსტიდან, შესაბამისად, ღირებულია მათი განცდებისა და ბრძოლების გაცოცხლება და გახსენება.

      ბიბლიოგრაფია

100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან.

,,მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე.“ Accessed July 20th, 2024. https://www.26may.ge/ka/qristinesharashidze

100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. 

,,მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე,“  Accessed July 20th, 2024, https://www.26may.ge/ka/qristinesharashidze

მესხი, სერგეი. ,,რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს).” საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა. https://gdi.ge/ge/poetebi/sergei-meskhi

ქალთა კლუბი. ხმა ქართველი ქალისა №1. ქუთაისი: 5 აპრილი, 1917. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/44512

ქალთა კლუბი. ხმა ქართველი ქალისა №17. ქუთაისი: 20 ივნისი, 1918. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/48021

Beauvoir, Simone de. The Second Sex. London: Jonathan Cape, 1953.


[1] ქალთა კლუბი, ხმა ქართველი ქალისა №1 (ქუთაისი: 5 აპრილი, 1917), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/44512

[2] Simone de Beauvoir, The Second Sex, (London: Jonathan Cape, 1953), 658-661.

[3] ქალთა კლუბი, ხმა ქართველი ქალისა №17 (ქუთაისი: 20 ივნისი, 1918), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/48021

[4] სერგეი მესხი, ,,რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? (ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს),” საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, https://gdi.ge/ge/poetebi/sergei-meskhi

[5]100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან, ,,ქრისტინე შარაშიძე,” accessed July 20th, 2024, https://www.26may.ge/ka/qristinesharashidze

[6] 100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან, 

,,მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე,“  accessed July 20th, 2024, https://www.26may.ge/ka/qristinesharashidze