დიაქრონიული ადამიანები

დიოქრონული ადამიანები

გააზიარე:

ავტორი: მიხეილ ქურდიანი

ის, რაც თქმამდე მოხდა –  წარსულია, რაც თქმის შემდეგ მოხდება –  მომავალი (თვით ლაპარაკის პროცესის ჩათვლით, სადაც სიტყვა წარმოთქმისთანავე წარსული დროის საკუთრება ხდება).

ჩემთვის ერიც ორწევრიან სისტემად მოიაზრება –  ერთი ერთობლიობაა ცოცხლებისა და მკვდრების. თუ ერს მკვდრები არა ჰყავს, ის ჯერ კიდევ არ არის  ერი. თუ ერს არა ჰყავს ცოცხლები, ის უკვე აღარ არის ერი.

ერი მარადიულია –  რადგან სამყარო და დრო არსებობს ერისათვის მანამ, სანამ არსებობს მისი ენა. ენის გაქრობასთან ერთად ქრება ამ ენით აგებული სამყარო და, ბუნებრივია, დროც. დრო ხომ სამყაროს ერთ-ერთი ელემენტია, შეიძლება – უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი. ხოლო, თუ მოისპობა დრო, მოისპობა მარადიულობაც, რადგან მარადიულობა გასულ და მოსასვლელ დროთა ჯამია.

ერის არსებობაც ამიტომაა მარადიული –  სანამ არსებობს ერი (ერთენოვან არსებათა ერთობლიობა), არსებობს დროც და მარადისობაც, გაქრება ერი (ენა)  და გაქრება მარადისობაც (გაქრა შუმერული ენა და გაქრა მისით აგებული სამყაროც თავისი დროითა და მარადისობით, ვართ ჩვენ – მცხოვრებნი ჩვენი ენით აგებულ სამყაროში, ჩვენ –  შუმერებისაგან განსხვავებული დროითა და მარადისობით). მაგრამ, თუ ერი მარადიულია, მაშინ უნდა არსებობდნენ ადამიანები, ვინც თავისუფლად გადაადგილდება მარადისობაში, ან ვინც მარადისობაშიც ცხოვრობს ერთდროულად, ან ვისშიაც, როგორც გულში სისხლი (თუ ხიდქვეშ მდინარე), გაედინება მარადისობა – დიაქრონიული ადამიანები.

აიზეკ აზიმოვის რომანში – „მარადისობის აღსასრული“ მარადისობა წარმოდგენილია სივრცეში არგანფენილ სართულებად, კონსტრუირებადი საუკუნეების (სინქრონული ჭრილების) ერთობლიობად (ცხადია თითოეულ საუკუნეს თავისი სექტორები აქვს, დროის უფრო მცირე ერთეულების შესატყვისი) და საგანგებო კაფსულით შეიძლება გადაადგილება მარადისობის (დიაქრონიული ჭრილის) ნებისმიერ წერტილში –  თუმცა, გადაადგილება (კაფსულით სარგებლობა) შეუძლია არა ყველას, არამედ მხოლოდ რჩეულ ადამიანებს, მარადისობის მემკვიდრეებს.

თუ იმას არ ჩათვლით რომ აიზეკ აზიმოვის გმირები დროსა და მარადისობაში თვითონ გადაადგილდებიან, მწერალმა არც კი იცოდა, თუ როგორ მიუახლოვდა მარადისობის (დიაქრონიის) ქართულ გაგებას, რომლის თანახმად მარადისობა არის დროული (სინქრონული) ფენების (მონაკვეთების) ერთობლიობა, სადაც წარსულის თითოეული სინქრონული პლასტი აგრძელებს თავის უკვე უხილავ არსებობას მოვლენათა უცვლელად განმეორებადი ციკლის სახით, რომელიც მარადმედინი, მარად განმეორებადი, მარად ცვალებადი ერთი და იგივეს (მარადისობის) შემადგენლობაში მიწყივ გაივლის ჩვენში – დიაქრონიულ ადამიანებში.

რამდენიმე წლის წინ, ენათმეცნიერების ინსტიტუტში დისერტაციას იცავდა მზეთუნახავი ჩერქეზი ქალი, თავადიშვილი. მის მეცნიერ ხელმძღვანელს, ტვერელ პროფესორს, ორი ასპირანტი გოგონა ჩამოჰყვა თბილისში. ორივე ჩრდლოყინულოვანი ოკეანის სანაპიროდან. მათი გიდობა დამევალა. ტრადიციისამებრ, ჯერ ჯვრის მონასტერში ავიყვანე სტუმრები და მისი აგების თარიღიც ვუთხარი. ერთ-ერთი ასპირანტი მომიბრუნდა და გულწრფელი გაკვირვებით მკითხა –  კი, მაგრამ, თქვენ ეს საიდან იცით? თქვენ ხომ მაშინ დაბადებულიც არ იქნებოდითო.

ირმის ტყავის იურტასა და ვიგვამში გაზრდილი ამ ცნობისმოყვარე არსებისათვის, რომლისთვისაც ზეპირსიტყვაობის ავტორიტეტი ბევრად აღემატებოდა წერილობით წყაროებს (მის ენაზე და მის თვალწინ რომ იქმნებიან), რა უნდა მეთქვა ისეთი, რომ სარწმუნო გამხდარიყო –  რა უაზრო და უსარგებლო აღმოჩნდა მთელი ჩემი ცოდნა ჯვრის ასომთავრული წარწერების პალეოგრაფიული მახასიათებლებისა და მისი ბარელიეფების, ან ადრეული შუასაუკუნეების ქართული ქრისტიანული არქიტექტურის სტილური თავისებურებების შესახებ.

მეც და ასპირანტიც უხერხული დუმილიდან მოხუცმა პროფესორმა გამოგვიყვანა, მან სრული დაუეჭვებლობით ახსნა –  მამამ უთხრა, იმან კიდევ თავისი მამისგან იცოდა… შემდეგ კი ჩემთან მოვიდა –  თქვენ, ალბათ, აქამდე არ წასწყდომიხართ ერთი თაობის მეხსიერების პრობლემას.

რამდენი თაობის მეხსიერებას ვატარებთ ჩვენ!

1980 წელს გუდანის საღვთო ხუცესმა გადუა ჭინჭარაულმა პროფესორ ზურაბ კიკნაძეს შესჩივლა – ოთხ მეფეს მოვესწარი: თამარს, ერეკლეს, ნიკოლოზს და ბოლშევიკებს და ახლა როა ეგეთი მძიმე დრო არ მახსოვსო.

გივი გეგეჭკორს პოემაში „მზიანი დღე“(1962) ასეთი სტრიქონი აქვს „მე ვარ ძლიერი, მე დავიბადე ოთხი თუ ხუთი ათასი წლისა“.

ეს სტრიქონი, როგორც არცერთი სხვა, ზუსტად მიგვანიშნებს ჩვენი ძლიერების მიზეზებზე. ჩვენი ბავშვების სიჩვილე მოჩვენებითია, მათი მიამიტი თვალებიდან წინაპართა ათასწლოვანი გამოცდილება იმზირება.

მე, როგორც კომპარტივისტი, „ოთხ თუ ხუთ ათას წელს“ შვიდ თუ რვა ათას წლამდე „დავაზუსტებდი“ და ბედნიერების ცრემლით ამევსებოდა თვალები, ამ მინიმუმ შვიდი თუ რვა ათასი წლის ახალშობილის ხილვისას –  რომელსაც ისე გაუღიმა ბედმა, რომ იმ მიწაზე გაჩენა და ფეხის ადგმა ეღირსა, რომელზეც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, სადაც მისი წინაპრები წვანან და იმ ენაზე მიუწევს ენის ადგმაც, რომელზედაც მისი წინაპრები ლაპარაკობდნენ, ვისი ასაკითაც გაჩენის პატივი ერგო მას.

ქართების, ზანებისა და სვანების ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლით დადგენილია, რომ ქართველები არსაიდან არ მოსულან და მათ დღევანდელ სამკვიდროში კომპარატივისტული მეთოდი აღადგენს –  ამ ენათა ერთიანობის ეპოქისათვის ზუსტად იმ ფლორას და ფაუნას, იმ გეოგრაფიულ გარემოს, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ და არა სხვა რომელიმე ტერიტორიას.

სალიტერატურო ენაზე მეტყველი დღევანდელი ქართველი ბავშვი ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI ათასწლეულის ქართველს უფრო ადვილად გააგებინებს სათქმელს, ვიდრე იტალიელი ვირგილიუსს, ან დღევანდელი ბერძენი – ჰომეროსს.

მისი სიზმრებიც შთამომავლობითი იქნება, მემკვიდრეობითი (აკი ასე დაარქვა კიდევ ერთმა ქართველმა პოეტმა თავის წიგნს).

მაგრამ, მიჯნა ალბათ, არც რვა ათასი წელია.

1978 წელს, როდესაც ლექციების კითხვა ახალი დაწყებული მქონდა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში, ზაფხულის არდადეგებიდან მობრუნებულ ჩემს სტუდენტებს მზედაკრულ მკერდებზე (მე იმ კურსზე ბიჭი არ მახსოვს) ნიჟარების ყელსაბამები უჟღრიალებდათ, ზუსტად ისეთი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე თვრამეტი ათასი წლის წინათ რომ დარჩა მდინარე ძევრულას ხეობაში, საგვარჯილეს მღვიმეში მათ უშუალო წინაპარს, ვისგანაც მათ მემკვიდრეობით მიიღეს გენები, სისხლი, თმის და თვალების ფერი (და ეშმაკუნები, ამ თვალებში რომ ხტიან) და რაც მთავარია, მათი კბილა ბიჭებისათვის თავის მოწონების სურვილი და უმარტივესი საშუალებაც კი (ყველა სამხრეთული ზღვის ყველა დროის ველურისათვის ხელმისაწვდომი) და მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს 20 000 წლის წინანდელი სამკაული ისევ გამოიჩენდა თავის ჯადოსნურ ძალას, რადგან ის ბიჭიც იმის პირდაპირი შთამომავალი იქნება, ვისაც იმ 20 000 წლის წინ მზერა მოჭრა ნიჟარების ყელსაბამით დამშვენებულმა ველურმა ქალწულმა.

და ეს სიყვარული გარდაუვალია, რადგან გოგოც და ბიჭიც ოცი ათასი წლისანი დაიბადნენ.

რაკი სამკაულზე ჩამოვარდა სიტყვა, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარიც მინდა ვახსენო, გენიალური თავისი სისადავით. ოქროს ჩარჩოს თხელი ტიხრით გამიჯნული ოთხი ზურმუხტი ჯვრის ძელებად და ხუთი ლალი ჯვრის შუაში და ბოლოებში, მარგალიტები ჯვრის კუთხეებში და ყუნწზე. უკანასკნელად ეს ჯვარი 1213 წელს იხილა მოკვდავის თვალმა. ის შეახსნეს გარდაცვლილ თამარს და ლუსკუმაში ჩასვენებული გელათის მონასტერში ინახებოდა XIX საუკუნემდე, ვიდრე საქართველოს სამეფო-სამთავროებს და მის ეკლესიას არ დაატყდა თავს ის უბედურება, რომელთან შედარებითაც ყველა სხვა ჭირი, ათასწლეულთა მანძილზე ჩვენს სამშობლოს თავს დატეხილი, ლამის, ლხინად გამოჩნდა.

XIX საუკუნემდე, ეს ჯვარი საიმედოდ იყო დაცული. მაშ ვინ გასცა მისი საიდუმლო –  თბილისელი ოქრომჭედლების მიერ XVIII საუკუნეში დამზადებული გულსაკიდი ჯვრები, არაერთი თბილისელი არისტოკრატი ლამაზმანის მთავარი სამკაული, თამარ მეფის ჯვარს ტყუპისცალივით რომ ჰგავს?

ოკრიბული გიშრის მძივები ძველი წელთაღრიცხვის  VII საუკუნიდან დღემდე უცვლელი ტექნოლოგიითა და სტილით რომ მზადდება, უწყვეტი ტრადიციითაც აიხსნება, მაგრამ ექვსასი საუკუნე რომ აშორებთ თბილისურ ჯვრებს გელათში დაცულისაგან და მათი დამაკავშირებელი რგოლები სადღეისოდ არ მოგვეპოვება, რით უნდა აიხსნას ეს მსგავსება, თუ არა სისხლითა და გემოვნებით, რომელიც ასე უწყვეტად გადაეცემოდა თამარის გულსაკიდი ჯვრის ოსტატიდან თბილისელ ოქრომჭედლებს და არა მარტო მათ, არამედ იმ ქართველ არისტოკრატ ლამაზმანთა მემკვიდრეობითი გემოვნებითაც –  მაინცდამაინც ასეთი ჯვრები რომ უმშვენებდათ დასამიწებლად ვერგასამეტებელ მკერდებს.

… სვანებს დღესასწაული გვაქვს ასეთი – ლიფანალ, რომელიც 18 იანვარს იწყება და ერთი კვირა გრძელდება. ეს სვანთა საოჯახო დღესასწაულია, რომელშიაც ერთიანად მონაწილეობენ ამ ოჯახის (გვარის) ცოცხლები და მკვდრები.  ცოცხლები წინაპართა საფლავებზე მიდიან და სახლში ეპატიჟებიან ყველას, ვისი სახელიც ახსოვთ, ან ვისიც (საუბედუროდ) დაავიწყდათ. ჩემიანებს წინაპართა სახელები უწყვეტლად ახსოვთ მეცამეტე საუკუნიდან. მობრუნებულ სულებს მათთვის საგანგებოდ გაშლილი სუფრა ხვდება და მათ შინ ყოფნის ჟამს მთელი ოჯახი, დიდიან-პატარიანად, უცხო თვალისათვის  უხილავად ემსახურება, მასპინძლობასა და სიამოვნებაში ეჯიბრება ერთმანეთს, ვიდრე კვლავ გაყრის ჟამი არ მოვა და განშორების სევდა არ დაისადგურებს.  ცოცხლები „გამოაცილებენ“ გარდაცვლილებს და შენდობას სთხოვენ, თუ საკადრისი პატივი ვერ მიაგეს. რამდენიმე დღის შემდეგ განშორების სევდას მომავალი შეხვედრის იმედი ჩაენაცვლება და მკვდრებიცა და ცოცხლებიც მომავალ იანვარს დაელოდებიან –  მორიგი თავმოყრის ჟამს.

მე ვიცი, ოდესმე ლიფანალის მასპინძლებიდან „სტუმრებში“ გადავინაცვლებ და ჩემს მამა-პაპასთან და სხვა წინაპრებთან ერთად დაველოდები 18 იანვარს, რათა მშობლიურ სახლში მობრუნებულები დათქმული ვადით კვლავ ერთად შევერთდეთ, –  ცოცხლები და მკვდრები.

ცოცხლები და მკვდრები – გაუნდობელთათვის, თორემ, სინამდვილეში მარადისობის სხვადასხვა სინქრონული ჭრილის ბინადარნი –  ერთი ოჯახი, ერთი გვარი, ერთი ტომი, ერთი ერი –  დიაქრონიული ადამიანები.