ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) 2024 წლის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა.
ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ემერიტუს პრეზიდენტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი; გერმანული ტრანსნაციონალური საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია „ბოშის‘‘ მომავლის კვლევისა და ტექნოლოგიების სტრატეგიის ვიცე პრეზიდენტი, დოქტორი ანდრეი ჰეინკე; ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) გენერალური მდივანი, პროფესორი კურტ დეკეტელარე და უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ანანო შავერდაშვილი.
გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში, 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, TUM-ის ემერიტუს პრეზიდენტთან, KIU-ს საპატიო პრეზიდენტთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან ერთად გადასცა.