ავტორი: ნანული ცხვედიანი
ისტორია ასე დაიწყო:
1961 წლის 29 მაისი. უამრავი ქუთაისელი შეკრებილა რიონის მარცხენა ნაპირას, ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სკვერში – ახლადნაგები ბაქნის მიმდებარედ. ყველა ზემოთ იცქირება, მძლავრად გაჭიმული ბაგირისაკენ, რომლის მეორე ბოლო კულტურისა და დასვენების პარკში აღმართული მეორე სადგურისაკენ მიემართება. სულ ცოტაც და… მოხდება ქალაქის უახლოესი ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ამ ბაგირის მეშვეობით, სადგურებიდან ერთმანეთის საპირისპიროდ დაიძვრება ხალხით სავსე ორი ვაგონეტი და საჰაერო გზით გადაუვლ-გადმოუვლის რიონის ფართოდ გაშლილ კალაპოტს.
ვაგონეტებში მყოფი, ცოტა არ იყოს, დაძაბული პირველი მგზავრები აღტაცებით გახედ – გამოხედავენ ახლო თუ შორეულ პეიზაჟებს: წმინდა გიორგის ეკლესიას, ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს, ხვამლის მთას, ნაქერალას ქედს, მწვანეყვავილას ბორცვებს, ქალაქის ცენტრს, ოქროს ჩარდახს, ბალახვანისკენ გაჭრილი რიონის კოხტა ნაპირებს, ჯაჭვის, წითელ, თეთრ ხიდებს, მწვანეში ჩაფლულ კოკროჭინა სახლებს, ვარდებიან ეზოებს…
მანამდე კი, სრულ 5 საათზე, იმდროინდელი წესისამებრ, ლენტს საზეიმოდ გაჭრის საქართველოს კპ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, ამხანაგი შოთა სიმონის ძე კობახიძე, სწორედ ამის შემდეგ, ზემდგომი პარტიული ამხანაგების, ქალაქის მუშა-მოსამსახურეების, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, მეზობელი რაიონებიდან მოწვეული სტუმრების ტაშის გრიალში, დაიწყება პირველი მოძრაობა პარკისაკენ და პირიქით…
„მანძილი სადგურებს შორის 400 მეტრამდე აღწევს. სიმაღლეთა სხვაობა სადგურებს შორის 55 მეტრია. ამ ხაზზე მგზავრობის ხანგრძლივობა 80 წამს შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე წამში 5 მეტრია. ორივე მიმართულებით, საათში შეიძლება 700 კაცის გადაყვანა“. -აღნიშნავს მეორე დღეს საქალაქო გაზეთი „სტალინელი“და მოვლენის ამსახველ მოზრდილ ფოტოსაც გამოაქვეყნებს თავისივე „კლიშეს წარწერით“, როგორც მაშინ პრესის ენაზე ერქვა სურათზე მინაწერ ტექსტს…
მაინც, როგორ ხორციელდებოდა ეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საჰაერო – საბაგირო გზას ქალაქის ცენტრთან უნდა დაეკავშირებინა არა მარტო კულტურისა და დასვენების პარკი, არამედ – მის ირგვლივ მდებარე ქუჩების მოსახლეობა (მაშინდელი მონაცემებით, დაახლოებით, 20 000 მცხოვრები)?
მოკლე მონაცემებით: მშენებლობა 1960 წელს დაიწყო საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების ეგიდით. პროექტი დაამუშავა საქართველოს „გიდროშახტპროექტმა“ – პროექტის მთავარმა ტექნოლოგმა ვ. ლეჟავამ. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისელი არქიტექტორები: შოთა ნოსელიძე, გივი თოდაძე, დავით ლევიძე.
მთელი რიგი საჭირო მოწყობილობანი დაამზადეს ქუთაისის საავტომობილო და ელექტრომექანიკურმა ქარხნებმა, ხოლო მონტაჟზე იმუშავა ტყვარჩელის „სოიუზპრომეხანიზაციის“ მემონტაჟეთა ბრიგადამ.
ეს ყველაფერი დაჯდა 180 000 საბჭოთა მანეთი.
ასეთი საერთო ძალისხმევით და მონდომებით შეიქმნა იმ დროის ქუთაისისათვის უნიკალური საინჟინრო ნაგებობა, რომელიც, თავისი ფუნქციითა და ესთეტიკური სახით, აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია, ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული.
60-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენი საბაგირო გზა არაერთი ქართული მხატვრული ფილმის ეპიზოდშია გადაღებული ქუთაისისადმი მიძღვნილი ცნობილი სიმღერების თანხლებით; გადაღებულია დოკუმენტურ ფილმებში, ტელესიუჟეტებში, ჟურნალ-გაზეთების რეპორტაჟებში, აღბეჭდილია სამახსოვრო ფოტოებზე, სტიკერებზე, ალბომებში, სელფებში… დიდი თუ პატარა, ადგილობრივი მკვიდრი თუ ტურისტი – ყველა სიამოვნებით მიაშურებს ხოლმე ქვემო ბაქანს, რომ არამარტო შეიმოკლოს გზა პარკისაკენ, არამედ – ულამაზესი სანახაობითაც დატკბეს.
ბოლო წლებში, ისევე როგორც საერთოდ ქალაქმა, საბაგირო გზამაც შეიცვალა იერი. ახლა საჰაერო სივრციდან სულ სხვანაირი პეიზაჟებიც მოჩანს: აღდგენილი და გადახურული ბაგრატის ტაძარი, რეკონსტრუირებულ-რესტავრირებული ცენტრი, მრავალსართულიანი შენობები, ახალი ქუჩები, სკვერები, დაწესებულებები, ახალი ფერები და სივრცე. 1966 წლიდან, თითქმის საჰაერო-საბაგირო ხაზის ქვემოთ, არსებობს რუსთაველის სახელობის ხიდი. და კიდევ – წულუკიძის სახელობის სკვერს, სადაც ერთ დროს დიდი რევოლუციონერის მაღალი ძეგლიც იდგა, დღეს ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი ჰქვია, მხატვართა საერთაშორისო პლენერზე უცხოელი ავტორების მიერ ქუთაისში შექმნილი, ქვაში გამოკვეთილი კომპოზიციები ამშვენებს და ახალგაზრდები აქაურობას „სიყვარულის ბაღსაც“ უწოდებენ.
გათანამედროვდა საბაგირო გზაც. რიგითი მგზავრებისა თუ ხიდებზე და ქუჩებში ყოველდღიურად ქვეითად მოძრავი ადამიანებისათვის ეს ჰაერში დაკიდებული წყვილი ვაგონეტი, რომელთაც დღეს გონდოლებად მოიხსენიებენ, თვალის გამახალისებელი და სასიამოვნოდ აღსაქმელია, სპეციალისტებმა და პასუხისმგებელმა პირებმა კი იციან – წლების მანძილზე რა სერიოზული მუშაობა და მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს, რომ ეს სილამაზე, დადებითი ემოცია, ამავე დროს, უსაფრთხოც იყოს… უამრავი ქუთაისელი და შორით მოსული სტუმარი გადაჰყავს მთელი დღის მანძილზე ჰაერში მოძრავ ამ კოხტა გონდოლებს და, ცხადია, შესაბამისი სამსახურიც ფხიზლადაა.
ბესიკ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, 2007-2008 წლებში კაპიტალურად შეკეთდა ქვედა ბაქანი, ზედა ბაქანი, ამძრავი მექანიზმი, ძრავა, მუხრუჭი, წესრიგში მოვიდა ბაგირები. შემდეგ ჩამოიხსნა გონდოლები… ვინაიდან საბჭოურ პერიოდში შექმნილი პროექტის მთლიანად შეცვლა შეუძლებელია, ისინი, მოწვეული სპეციალისტის მეშვეობით, სათანადოდ დამუშავდა, გამოყენებულია თვითმფრინავის გამძლე მასალა .
და ბოლოს, იმათ გასაგონად, ვისაც ჩემსავით ეშინია საბაგიროთი მგზავრობისა და სიმაღლის: თურმე, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, კომისია სპეციალური ხელსაწყოთი მკაცრად ამოწმებს საბაგირო გზის გამართულობას და საიმედოობას, ბაგირების დაჭიმულობას, სიმყარეს, გონდოლების მუშაობას…
ასე რომ, შეგვიძლია უშიშრად ავსრიალდეთ „ სულ ზევით, ზევით!..“
მერე კი, გაბაშვილის პარკში დასვენებულნი და გახალისებულნი, იმავე გზით დავბრუნდეთ, თან საუცხოო ხედების დათვალიერებით მიღებული შთაბეჭდილებებიც ჩამოვიყოლოთ.