ფეხბურთი და ქუთაისი: ადგილობრივი და გლობალური დამოკიდებულებების სოციოლოგიური ანალიზი

ფეხბურთი ქუთაისი

გააზიარე:

ფეხბურთი ქუთაისი

ავტორი: ნია კუჭავა

2024 წლის 26 ივნისს არამხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მოვლენა სამუდამოდ გახდა კოლექტიური თუ ინდივიდუალური მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. მარტივი წინადადება, რომელიც ოფიციოზის ენით აღწერს იმას, თუ როგორ მოახერხა საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა, სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული თავგადასავლისა და ისტორიის დასაწყისი თუ დასასრული, დიდი ამბის განმსაზღვრელი, მოზაიკის ის ნაწილი გახდა, რომელიც მთელს სურათს ასე ოსტატურად ჰკრავს და სრულყოფს. ამ დღეს ქუთაისში ჭარბი ნალექის გამო უამრავი პრობლემა შეიქმნა, წყალმოვარდნა, წყალდიდობა, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები _ ერთი სიტყვით, ქალაქში თავსატეხსა და სადარდებელს არაფერი დალევდა, თუმცა უამრავი ადამიანის გონებაში ყოველთვის ერთი ფიქრი ტრიალებდა _ ის, თუ სად და როგორ უნდა უყუროს დღევანდელ თამაშს. გონებასა და ფიქრს საზღვრებს თუ მოვუშლიდით, სითამამესა და გამბედაობას შევძენდით, ჩვენი დაუდგრომელი ფიქრების დინების ბოლოში მაინც დავინახავდით ერთ უცნაურ კუნჭულს, რომელიც გამარჯვების იმედის გამოჩენას მოასწავებდა, მისი აღმოცენებისთვის ის ფაქტიც საკმარისი იყო, რომ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სახელი მუდმივად აქტუალურია, აქ ჩვენს ქვეყანას აქვს ლეგიტიმური სტატუსი მონაწილისა, რომელსაც თავისი ღირსებისა და ბრძოლისუნარიანობის მანიფესტირებისთვის აუცილებლად სჭირდება თავჩაუხრელი გარჯა, ფსიქოლოგიური მზადყოფნა, ამ გამორჩეული თამაშის სიყვარული და, რაც მთავარია, მოულოდნელი სიხარულისგან მონიჭებული სითამამე და რწმენა გამარჯვებისა. შემდგომ იყო დიდი ზეიმი, ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ადამიანების ყიჟინა, მანქანების ფანჯრებიდან გამოფენილი ქართული დროშა, აივნებიდან მომავალი სინათლე, რომელიც ადასტურებდა სახლის წიაღში იმედით აღსავსე ერთი ადამიანის არსებობას მაინც. ზემოთ მოცემული აღწერა ქალაქის თავს გადახდენილი და მისი მაცხოვრებლების მიერ განცდილი ერთი ღამის ანარეკლი და ისტორიაა, რომელშიც უამრავი ემოცია, რაციონალური თუ ირაციონალური ქცევა და უცნაური მოვლენაა ჩატეული, რომელთა შესახებ შეკითხვების დასმასა და მათზე პასუხის გაცემასაც ამ სტატიაში ვეცდებით. პირველ რიგში, რა განაპირობებს იმას, რომ ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები, საფეხბურთო მოედანზე გამოსული ფეხბურთელები და დანარჩენი მაყურებლები ზუსტად ერთნაირი ემოციითა და შემართებით განვიხილავთ ერთსა და იმავე მოვლენას? ან რატომაა, რომ ქუთაისის ,,ტორპედოსა“ და თბილისის ,,დინამოს“ გულშემატკივრები ერთხმად თანხმდებიან იმის შესახებ, რომ იმავე სპორტის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან, სანაკრებო დონეზე აუცილებლად ერთი მიზნით უნდა გაერთიანდნენ და ტურნირის მასპინძელ ქვეყანასა თუ საკუთარ სახლებში ზუსტად ერთნაირად უნდა აღნიშნონ ერთსა და იმავე წამს გატანილი გოლი? თუ ერთ შემთხვევაში მათი საყვარელი კლუბების მიერ გატანილი ან გაშვებული გოლი მათ შორის სრულიად საპირისპირო სენტიმენტებს უკავშირდება, მაშინ რატომ არიან მზად გადალახონ მათ შორის არსებული სხვაობები, ქიშპი, რეგიონალიზმი, დაპირისპირება, მათი კლუბების საფეხბურთო ტრადიცია და ერთხმად უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს? ან საერთოდ, როგორ შეიძლება სპორტის რომელიმე სახეობამ სრულყოფილად გამოხატოს და ჩაიტიოს ვინმეს იდენტობის მარკერი, ან, პირიქით, როგორ შეიძლება ფეხბურთმა დაიმკვიდროს და გამოხატოს თავი რომელიმე ქალაქის ყოფასა და ცხოვრებაში? სწორედ მსგავს კონტრადიქტულ მიმართებებსა და ემოციურ ანომალიებს, უშუალოდ ქუთაისისა და ფეხბურთის ურთიერთობას დავაკვირდებით ქვემოთ მოცემული მსჯელობის საშუალებით.

პირველ რიგში, ფეხბურთის გულშემატკივრებზე უნდა ვიფიქროთ, როგორც წარმოსახვით საზოგადოებებზე. წარმოსახვითი საზოგადოებების იდეა ცნობილ პოლიტიკურ მეცნიერს, ბენედიქტ ანდერსონს ეკუთვნის, რომელმაც ნაციონალიზმის წარმოშობისა და მის ნიადაგზე აღმოცენებულ ერთიანობის განცდის შესახებ მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა. მისი მიგნებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ წარმოსახვითი საზოგადოებები გახლდათ. წარმოსახვითი საზოგადოება შედგება ადამიანებისგან, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, ერთმანეთთან არ ულაპარაკიათ, თუმცა ერთი ერისა და ნაციის სახელით კოლექტიურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ერთობად მოიხსენებენ საკუთარ თავს და იდენტობის მარკერების ერთგვაროვნებითა და უნიკალურობით გამოირჩევიან. იმავე პრინციპით შეგვიძლია გავიაზროთ ფეხბურთის გულშემატკივრებიც. ,,ბარსელონას“ გულშემატკივრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ცხოვრობენ, თუმცა ტემპორალურ რეალობაში, ანუ იმ დროში, იმ წუთსა და წამში, როცა ,,ბარსელონას“ თამაშს ადევნებენ თვალს, ისინი წარმოსახვით ერთობას ქმნიან, რომელთაც გააჩნიათ საერთო მახასიათებლები, რომელთა საშუალებითაც იმიჯნებიან ისინი ასევე წარმოსახვითი ,,სხვებისგან.“ ბენედიქტ ანდერსონის აზრით, ნაციონალისტური მიმართებების წარმოშობა ინდუსტრიალიზაციის პროცესთან არის მჭიდრო კავშირში, რადგან ინდუსტრიალიზაციამ ადამიანები თავიანთი სპეციალიზაციისა და იარლიყების საშუალებით აქამდე არსებულ ჯგუფებთან შედარებით ბევრად უფრო მასშტაბური ერთობის ნაწილად აქცია. თუ ადრე საფრანგეთის რომელიმე რეგიონში მცხოვრები ადამიანი სხვა რეგიონის ადამიანთან ვერანაირ ემოციურ ბმასა და კავშირს ვერ გრძნობდა, მათი გაერთიანება რომელიმე სამუშაო კლასსა და გაერთიანებაში რეგიონულ სხვაობებს ამცირებდა და საერთო გასაჭირსა და პრობლემებს ქმნიდა. ამით შეგვიძლია ავხსნათ ისიც, რომ ,,რივერ პლეიტისა“ და ,,ბოკა ხუნიორსის“ გულშემატკივრები ყველაზე დაძაბული სუპერკლასიკოს შემდეგაც კი ბუენოს აირესის ქუჩებში აღნიშნავენ არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას. ამ შემთხვევაში რეგიონული სხვაობა საკლუბო მიმართებებში არსებულ სხვაობად იქცევა. ასევე, ქუთაისის ,,ტორპედოსა” და თბილისის ,,დინამოს” გულშემატკივრები გაერთიანდებიან მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ნაკრებსა და ნაციონალურ სიამაყეს ეხება. ინდუტსრიალიზაციამ, რომანებმა, გაზეთებმა ადამიანების ცნობიერება, აზროვნების მასშტაბი და წარმოსახვა გააფართოვეს, სწორედ ამიტომ შეგვიძლია აღვიქვათ თავი ჩვენზე ბევრად უფრო დიდი მოცემულობის ნაწილად. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, ტომ ეს მოცემულობა დროში კალენდრის მიხედვით იყოს გაწერილი. ანდერსონი საუბრობდა დროის აღქმის ცვლილებაზე, როგორც ნაციონალიზმის წარმოშობისთვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფაქტორზე, კერძოდ, თუ ადრე ადამიანები წარსულსა და აწმყოს ერთდროულად განიცდიდნენ მყისიერ აწმყოში, გაზეთებისა და კალენდრის, ზუსტი დათარიღების მექანიზმების ჩამოყალიბების წყალობით ადამიანებმა დაიწყეს კონკრეტული წამის განსხვავებულად გააზრება. ერთი ნაციის წევრები, ან ფეხბურთის გულშემატკივრები კონკრეტულ დროს იმყოფებიან კოლექტიური ,,მე“-ს ნაწილად, ერთდროულად უყურებენ საფეხბურთო მატჩს და დროში თანაარსებობა წარმოსახვითი საზოგადოების ერთიანობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს. ანდერსონისეული ფორმულა ძალიან კარგად ერგება ფეხბურთსაც და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ფეხბურთი ნაციონალურ იდენტობას აუცილებლად ირეკლავს. მაგალითად, მკვლევრები ,,ბარსელონასა“ და ,,ატლეტიკ ბილბაოს“ მიერ გამოხატულ მიმართებებს საფეხბურთო გლობალიზაციის მიმართ კატალონიური და ბასკური ნაციონალიზმის ანარეკლადაც მოიაზრებენ, რადგან ამ კლუბებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობები, კერძოდ, ფეხბურთის გლობალიზაციის ფონზე ,,ბარსელონამ“ გლობალური იდენტობა მოირგო, ბილბაოს ,,ატლეტიკი“ კი არსებობს მკაცრად გაწერილი წესით, რომელიც თავის თავში მოიაზრებს პრინციპს, რომ კლუბის სახელით მხოლოდ ბასკი ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. ასე რომ, ფეხბურთი ძალიან ხშირად ასახავს კონკრეტული ჯგუფების ნაციონალისტურ მიმართებებსა და მოძრაობებს, ის რომელიმე ჯგუფის მახასიათებლების მანიფესტირებას უწყობს ხელს. 

ზემოთ ხსენებული ქუთაისის მაგალითზეც მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი გულშემატკივრისთვის ქუთაისის ,,ტორპედო,“ სტადიონზე გაჟღერებული ფრაზები, საფეხბურთო ფილოსოფია და მიდგომა ძალიან ახლოსაა იმ ღირებულებებსა და მიმართებებთან, რომლებსაც ქუთაისელები ამჟღავნებენ, როგორც ცალკეული ჯგუფი. დედაქალაქთან ქიშპი, საკუთარი თავის პერიფერიად აღქმის მიმართ არსებული წინააღმდეგობის განცდა _ ლიგაში საკუთარი ადგილი ადამიანებს ეხმარებათ საკუთარი ადგილის დანახვაში არამხოლოდ საფეხბურთო, არამედ პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისით.  იმავეს თქმა შეიძლება სანაკრებო დონეზეც. მაგალითად, ბრაზილიაში ძალიან ხშირად ქვეყნის ადგილი გლობალურ დონეზე ფეხბურთის გავლით აღიქმება, ფეხბურთი არის ის ანარეკლი, რომელიც საკუთარ მნიშვნელობასა და იდენტობას გაჩვენებს. აქედან გამომდინარე, მას თვითკორექტირებადი ხასიათიც აქვს. ფეხბურთი მის მაყურებლებს აძლევს საშუალებას იმისა, რომ გულშემატკივრობის გზით არამხოლოდ აქტიური მონაწილენი იყვნენ მოვლენათა ჯაჭვისა, არამედ იმისაც, რომ საკუთარ თავსა და საკუთარ პოზიციას დააკვირდნენ მესამე პირის პოზიციიდან. 

ფეხბურთის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებებზე მსჯელობისას შეგვიძლია გავიაზროთ სოციოლოგის, ემილ დიურკემის თეორია რიტუალების შესახებ. ამ თეორიის თანახმად რიტუალები ადამიანებს ეხმარებათ თანამშრომლობისა და სიახლოვის განცდის გაძლიერებაში, ასევე მათ საკრალურისა და პროფანულის ერთმანეთისგან გამიჯვნისა და რიტუალების ჩატარების დროს ერთ განზომილებაში მოქცევა შეუძლიათ (მაგალითად, ერთად ჭამის ფენომენი, თავის მხრივ, ერთიანობის განცდას ამძაფრებს, რადგან სხვადასხვა კულტურასა თუ რელიგიაში საჭმელი სხეულს გამოხატავს, კოლექტიური ჭამა კი სხეულების ერთ განზომილებაში მოქცევას განაპირობებს). ფეხბურთი თანამედროვეობის რიტუალად ითვლება. პირველ რიგში, რიტუალის მახასიათებლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მისტიციზმის, იდუმალების განცდაა, ასევე ყოველდღიური ემოციებისა და ფიქრების შემდგომ ცნობიერების ახალ დონეზე გადასვლა, ამ გადასვლით მონიჭებული აღტყინება ძალიან ჰგავს ფეხბურთის ყურებისას განცდილ ეიფორიას, ადამიანებს საყვარელი კლუბისა თუ ნაკრების სამკერდე ნიშანზე მითითება, მისი კოცნა, ჰიმნების მოსმენისას მორეული ცრემლები თუ ემოციური შესრულება სწორედ ამ გამორჩეული ემოციური მდგომარეობისა და განცდის გამოხატულებაა. თუ მატჩს რიტუალად აღვიქვამთ, მაშინ ავხსნით კიდეც მიმღებლობისა და თანამშრომლობის იმ უცნაურ ფენომენს, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას იქმნება სტადიონებზე. სწორედ ამ თანამშრომლობისა და თანხმობის როლს უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ იაპონიაში, სადაც ბოლო რამდენიმე ათწლეულში აქტიურად ცდილობენ ფეხბურთის პოპულარობის გაზრდას, საზოგადოების ჩართულობისა გასაზრდელად და ადგილობრივი ლიგის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად იყენებენ ისეთ რეკლამებს, როგორიცაა ,,მაყურებელი მეთორმეტე მოთამაშეა მოედანზე,“ რამაც შედეგი გამოიღო და მაყურებელთა პასიურობა მალე მათ წინ მიმდინარე სპექტაკლში სრულფასოვან მონაწილეობასა და ჩართულობაში გადაიზარდა. სხვა თეორიებზე დაყრდნობით კი ფეხბურთი საომარი მდგომარეობის ერთგვარი სიმულაციაა. დესმონდ მორისი ფეხბურთის მახასიათებლებს ტომობრივი საზოგადოების ნიშნებს ადარებს და მნიშვნელოვან მიგნებებს გვთავაზობს: წესები, რომლებიც ფეხბურთში მოქმედებს, ტომების კანონების ანალოგიაა, ტომობრივი დასახლებების ტერიტორიები და საზღვრები ფეხბურთში გუნდების სტადიონებისა და საშინაო თუ საგარეო ზონების მონიშვნად გარდაიქმნა, ტაბუები შეცდომებში, მეტოქისთვის ტრავმის მიყენებასა და გაფრთხილებაში გამოიხატება, პენალტები იგივე სადამსჯელო ღონისძიებაა, რომელიც სამართლიანობის განცდასა და სასჯელის დემონსტრაციულობას ემსახურება. ცნობილი ფეხბურთელებისგან ხშირად იქმნება გმირის პროტოტიპი, რომელიც ძალიან ჰგავს ტომის ბელადის სახეს. პირველ რიგში, მისი მძიმე წარსულისა და დაბრკოლებების შესახებ უნდა შეიქმნას რწმენა (მაგალითად, პატარა ბიჭის ამბავი როსარიოდან, ჯანმრთელობის პრობლემები, მძიმე ბავშვობისა და სიღარიბის ნარატივები), უნდა ჩამოყალიბდეს მათი საბრძოლო სტილი (ინდივიდუალურად უყვარს თავისი მიზნების მიღწევა თუ გუნდურად, თავმდაბალია თუ მედიდური), ტრიუმფის დემონსტრაციის გამორჩეული სტილი (გოლების აღნიშვნების ტექნიკებში არსებული სახე-სხვაობები), მისი ცრურწმენები და ასე შემდეგ.  ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ემოციების გამოხატვის ზღვარი და ცენზურა ხშირად ბუნდოვანი ხდება, უცხო ადამიანების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი მოედანზე უმთავრეს პრიორიტეტად იქცევა, მსგავსი ემოციური ანომალიების მიზეზი კი სწორედ ის გახლავთ, რომ მათ თავი უფრო დიადი ამბის, ღრმა ისტორიისა და ფილოსოფიის ნაწილად მიაჩნიათ. სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რომ არგენტინულ ფეხბურთში ვარსკვლავებს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირებთან აიგივებდნენ, მათთვის ფეხბურთი და მარადონას ,,ღმერთის ხელი“ შურისძიების, სამართლიანობის აღდგენისა და რეალური პოლიტიკური კონფლიქტის, ინგლისური იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამოხატულება გახლდათ.

ქუთაისის ტორპედოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 4-ჯერ, ხოლო საქართველოს თასი 5-ჯერ აქვს მონაგები, შესაბამისად, ქუთაისური ფეხბურთის სახელით მიღწეული წარმატებები ქალაქისთვის, ზემოთ მოცემული მრავალი მიზეზის გამო, ნიშანდობლივი და აქტუალურია. მნიშვნელოვანი და დაძაბული თამაშების შემდგომ ქალაქის მასშტაბით განსაკუთრებით ხშირია თამაშის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების, უზუსტობებისა თუ სათამაშო მომენტების გარჩევების თავისებური ინტერპრეტაცია, კონკრეტული სოციალური კონტექსტი და ემოციური მიჯაჭვულობა, ემოციური ბმა კლუბთან განაპირობებს გულშემატკივრობის განსხვავებულ კულტურას. 1951 წელს დარტმუთის საფეხბურთო გუნდსა და პრინსტონის საფეხბურთო გუნდს შორის ჩატარდა შეხვედრა, რომლის შემდეგაც ორივე უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთში დაიწერა თამაშის შეფასება. ამ შეფასებების შესახებ ჩატარდა კვლევა, რომელმაც ძალიან საინტერესო მიგნებები შემოგვთავაზა, კერძოდ, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები განსხვავებულად იაზრებდნენ ერთსა და იმავე მოცემულობას, ერთსა და იმავე თამაშს, თამაშის განმავლობაში გუნდების მხრიდან უხეშობის შესახებ ჰქონდათ განსხვავებული წარმოდგენები და შეხედულებები. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სპორტი სოციალური ფენომენია, რომელიც აუცილებლად განიცდის უნიკალური იდენტობებისა და კონტექსტის ზემოქმედებას.  ემოციური მიჯაჭვულობა ამ შემთხვევაში რეალობის კონსტრუირების ორ სხვადასხვა შემთხვევად გადაიქცა. შესაბამისად, ფეხბურთი, თავის მხრივ, გამოხატავს ადგილობრივ იდენტობებსა და კონტექსტს, თუმცა ჩვენც ჩვენივე ინტერპრეტაციებს ვძენთ მას და მისი გააზრებისა და განცდის უნიკალურ გამოცდილებას ვქმნით. 

ერთი სიტყვით, ზემოთ მოცემული მსჯელობით შევეცადეთ წარმოგვედგინა გლობალური და ნაციონალური ფენომენის როგორც ზოგადი აღწერა, ისე მისი მანიფესტაცია და გამოხატულება ქუთაისურ რეალობაში და ვცადეთ გაგვეცა პასუხი მრავალ ურთიერთსაპირისპირო მოვლენასა და ემოციურ, ირაციონალურ ქმედებაზე, რომლებიც ხშირად განუცდიათ ფეხბურთის, მათ შორის, ქუთაისელ გულშემატკივრებს. 

ბიბლიოგრაფია 

Anderson, Benedict. Imagined Communities: Reflections on the Origin and Spread of Nationalism. London: Verso, 2006.

Archetti, Eduardo P. Masculinities: Football, Polo and the Tango in Argentina. London: Routledge, 2020.

Bromberger, Christian. “Football as World-View and as Ritual.” French Cultural Studies. No.6, (1995), 293-311. https://doi.org/10.1177/095715589500601803

Brown, Matthew. Lanci, Gloria. “Football and Urban Expansion in São Paulo, Brazil, 1880-1920.” Sport in History, No. 36(2), (2016): 162-189. http://dx.doi.org/10.1080/17460263.2015.1129646

Durkheim, Emile. The Elementary Forms of The Religious Life. New York: The Free Press, 1995.

Hastorf, Albert H., Cantril, Hadley. “They Saw a Game; A Case Study.” The Journal of Abnormal and Social Psychology, 49(1), (1954): 129–134. https://doi.org/10.1037/h0057880

Morris, Desmond. The Soccer Tribe. London: Jonathan Cape Ltd, 1981.

Nili, Shmuel. “The Rules of the Game—Nationalism, Globalization and Football in Spain: Barça and Bilbao in a Comparative Perspective.” Global Society, 23(3), (2009): 245-268. http://dx.doi.org/10.1080/13600820902958014

Nogawa, Haruo. Maeda, Hiroko. “The Japanese Dream: Soccer Culture towards the New Millennium.” In Football Cultures and Identities, edited by Gary Armstrong, Richard Giulianotti, 223-233. London: Macmilan Press, 1999.

Torpedo Kutaisi. „ისტორია.“ Accessed June 23, 2024, https://torpedo.ge/ka/page/history