ავტორი: მარიამ მებუკე
საინტერესო თავგადასავლები მოულოდნელად იწყება. ამისთვის სულაც არაა საჭირო, ათი წელი ომიდან დაბრუნებულმა „ზღვის გულზე” იხეტიალო, ოლიმპოზე მცხოვრები ღმერთები გამოგეცხადონ, „შავეთის აჩრდილებს“ შეხვდე, ისეთი ხალხი ნახო, ღმერთებსა და ადამიანებს შორის რომ არიან, მათი ხასიათი შეისწავლო, საკუთარი თავიც ბევრნაირად, სხვადასხვა სიტუაციაში გამოსცადო და ბოლოს მიხვიდე სახლში, იქ, სადაც გელოდებიან. საინტერესო ამბებს დასაწყისიც მოულოდნელი აქვს. ხოდა, ჩვენც ასე გადავწყვიტეთ თეთრი ქვების ქალაქში, ქუთაისში მოგზაურობა!.. თითქოს რა, წიგნის ერთი არაჩვეულებრივი თავია, რომელიც რომელიმე გვერდზე აუცილებლად დასრულდება, როგორც ყველა ასეთი ტექსტი, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ვირტუალურ რეალობაში აღმოვჩნდებით და ქუთაისის მონახულებას ნებისმიერი ადგილიდან, ჩვენივე მობილური ტელეფონით შემოგვთავაზებენ? ასეთი მოგზაურობის შეიძლება, ოდისევსსაც შეშურდეს. წარმოიდგინეთ ტროას ცხენში მჯდომი ოდისევსი თავის კუნძულზე, ითაკაზე შექმნილ თამაშს რომ თამაშობს! არა მხოლოდ ოდისევსი, მენელაოსიც, აქილევსიც და ყველა, ვისაც ეს კუნძული აინტერესებს! ქუთაისიც სწორედ ასეთი კუნძულია, ოღონდ მისი „სულის“ შესაცნობად სხვადასხვა ეპოქაში უნდა მოვხვდეთ, ყველა ისტორია გავაცოცხლოთ. ისიც გავითვალისწინოთ, რომ კულტურის ქალაქია და ანბანის ყველა ასოზე მოიძებნება ერთი გვარი მაინც, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კვალი რომ დაუტოვებია. კიდევ ერთი პირობა მაქვს… რადგან ჩვენ უკვე თამაშში ვართ, ქუთაისი უცხო ქალაქად უნდა წარმოვიდგინოთ, იმ ადგილად, სადაც არასდროს ვყოფილვართ, იქნებ ჩვენ შორის ისეთებით ვიპოვოთ, ვისაც სურს, თავიდან აღმოაჩინოს. მაქს ფრიშის წიგნის, „ვიქნები თუნდაც განტენბაინის“ პერსონაჟად, თვით განტენბაინად უნდა გარდავისახოთ და მივყვეთ, ვენდოთ თამაშს, რომელმაც თვალებახვეულებს უნდა აგვიხსნას, როგორია ეს ქალაქი. ცოტა ტექნიკურ ტედალებზეც გავამახვილოთ ყურადღება. თამაში სამი ნაწილისგან შედგება, ორ – ქართულ და ინგლისურ ენაზეა – შექმნილი და მოიცავს სხვადასხვა ეპოქას. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მისი შექმნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აქ მცხოვრებთათვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ჯერ კიდევ არ უმოგზაურია აიას, პიკასოს ბიჭისა და ოცხელის ქალაქში. ეს სამი სახელიც არაა შემთხვევითი, ამაში მალევე დარწმუნდებით…
ქუთაისის ისტორია მითებიდან იწყება…
თამაშის პირველ ნაწილში (როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ტრილოგიაა, ოღონდ არც გლუხოვსკის „მეტროს“ სერიაა და არც ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“), შეგვიძლია, უძველეს დროში, კოლხეთსა და ოქროს საწმისის მითში ვიმოგზაუროთ. მედეა და აიეტი არა, მაგრამ იასონის ხომალდი „არგო“ უნდა ვატაროთ შორეულ გზებზე. ცხადია, გადავაწყდებით ოქროს საწმისებსაც, რომელთა შეგროვებაც თამაშის ერთ-ერთი გამოწვევაა „არგოს“ დანიშნულების ადგილამდე ( ეს ადგილი პირობითია, სიყვარულივით ვერტიკალური და ბრუნვადი, თუ გნებავთ – უსასრულოც!) მიყვანასთან ერთად. ფანტაზიაც მოვიშველიოთ და წარმოვიდგინოთ, რამდენი წინააღმდეგობა შეხვდებოდათ გზად, რამდენ ქარიშხალს გადაურჩებოდნენ ხომალდის ეკიპაჟის წევრები. ალბათ ამიტომ ჰქვია ამ თამაშსაც „ოდისეა”. პირველი ნაწილი მართლაც ძალიან ჰგავს თემატურად ზღვაზე მოგზაურობის გაგრძელებას ბევრი მითითა და ისტორიით. ამ თამაშის კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი მუსიკაა, რომელიც დიდი ყურადღებითაა შერჩეული და სპეციალურად ამ თამაშისთვის შეიქმნა. მუსიკაზე კიდევ ვისაუბრებთ, თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ცალ-ცალკე ეს კომპოზიციები კარგად გამოხატავს ქუთაისის სულს და მის კულტურულ ვექტორს. შეიძლება თამაშის შემდეგაც ყურსასმენები მოიმარჯვო და უბრალოდ უსმინო, უსმინო დაუსრულებლადაც კი. ლირიკაც კარგად ეხმიანება ძველ, კარგად ნაცნობ პოეტურ სულს – „პოეზიის შტორმში ტალღებს ვატან სიკვდილს”. ალბათ იმ ხომალდის მგზავრებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ „აიაში“ ჩასვლა ყველა დაბრკოლებად უღირდათ. „მდუმარე ნაპირამდე” მისულები ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ თამაშს, ახლა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის არქიტექტურასა და კინოს უნდა შევეხოთ და აწმყოში ამგვარად აღმოვჩდნეთ. ეს ნამდვილად კონტრასტია! პიკასოს ბიჭად უნდა გარდავისახოთ, თითქოს ის გაცოცხლდა, თეთრ ხიდზე ადამიანებს რომ მასპინძლობს და თავისი ქუდის ქვეშაც ყველას იღებს. ახლა ჩვენ ამ ქუდების შეგროვება და სირბილი მოგვიწევს, ისე, როგორც ბავშვობაში, სამეზობლოში ერთი სახლის სახურავიდან მეორე სახლის სახურავზე რომ აღმოვჩნდებოდით და გვიხაროდა თავმომწონე ქუთაისელი მასპინძლების კისკისი ჩვენს ბავშვურ გულწრფელობაზე. ხოდა, ასე, განტენბაინობიდან პიკასოს ბიჭობამდე არც ისე დიდი გზა ყოფილა! თამაში, ტექნიკური თვალსაზრისით, გრაფიკით, ბევრი საინტერესო დეტალით კიდევ უფრო გვიმარტივებს საკუთარი თავის იმ სივრცეში წარმოდგენას, სადაც ვმოგზაურობთ. ასეც იწყება ეს ნაწილი: ახლა შენ ქუთაისში იმოგზაურებ… მზად ვართ… გალაკტიონი და მისი მუზა, დები იშხნელები, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შენობები, რომლებშიც დადიოდნენ ცისფერყანწელები, ქალთა გიმნაზიაში განათლებამიღებული ქართველი ფემინისტები, მხატვრები და ისინი, ვისაც „ცათმფრენის” აგების სჯეროდა. ცოტა რამ მუსიკაზე აქაც უნდა ვთქვათ. ლირიკასთან ერთად ელექტრონული მუსიკის ელემენტებიც შემოდის, რაც თამაშს მეტად ცოცხალს, ყველა თაობისთვის თანაბრად საინტერესოს ხდის. ზოგი საყვარელ ელექტრონულ მუსიკას აღმოაჩენს, ზოგი ახალ ლირიკას: „მაგრამ მე ზამთარს არაფერს ვერჩი, მე იმ ქალაქის სიცივე გაზაფხულებად მიყვარს, როგორც პირადად ჩემთვის მონაბერი ქარი”. ზოგი იგრძნობს სურვილს, თავადაც ისე შემორჩეს ქუთაისის რიგით აჩრდილად, როგორც სიმღერის ტექსტშია.
პიკასოს ბიჭობაზეც ბევრს უოცნებია, მაგრამ ბავშვობაში ყველა მაინც კოსმონავტობაზე ფიქრობდა… თამაშის მესამე ნაწილი თითქოს ამ ბავშვური ოცნების გაცოცხლებასაც ისახავს მიზნად. წარსულში ვიმოგზაურეთ, მოგონებებიც დავაგროვეთ, ბევრი რამ გავიხსენეთ, აწმყოში ვართ, რადგან ახლა ის წელია, რომელიც არის და ჩვენ ვთამაშობთ იმას, რაც აქამდე არავის შეუქმნია. ვთამაშობთ ერთ-ერთ უძველეს ევროპულ ქალაქზე შექმნილ აპლიკაციას, რომელიც პირველია… საკუთარ ქალაქზე შექმნა თამაში და იყო პირველი, თავისთავად, ყოველგვარი უტრირების გარეშე, საინტერესოა. მომავლის დროა! მესამე ნაწილში პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავი მკაცრად მოითხოვს, მაქსიმალური ყურადღება მივმართოთ ცისკენ, ფანტაზიისკენ. ნახატი გაცოცხლდა, თითქოს დავით კაკაბაძის სახელობის გალერიის კედელზე მიხატული მღებავი მართლა დაფრინავს, გზას ცაში მიიკვლევს. მიწა ავიატორს, ავიატორი მიწას. გავედით! ამ ქალაქში ყველას სხვადასხვანაირად უცდია გაფრენა. უკვე ნახსენები “ცათმფრენით”, „მფრინავი მღებავის” შექმნით, ირაკლი აბაშიძეს კი თავისი ლექსით: როგორც დათბება, უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისშიო, ხომ ასე წერდა… ახლა ჩვენც დავფრინავთ. რამდენი საათი დაგვჭირდება დანიშნულების ადგილამდე – არავინ იცის, თუმცა ისე ვატარებთ ამ დროს, სხვა ამბებზე არც გვეფიქრება. სამივე დრო აქ, ქუთაისში გაერთიანდა. გრაფიკული დიზაინის, მუსიკის, თამაშის შემქმნელი „ჯადოქრების” წყალობით ჩვენც ამ მოგზაურობის ნაწილად ვიქეცით და ამის მერე, არ აქვს მნიშვნელობა სად წავალთ, რამდენად შორს ვიქნებით ამ ქალაქისგან ან რამდენად ახლოს, ჩვენი წილი ქუთაისი სულ თან გვექნება არა მხოლოდ მეტაფორულად, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან აქ და ახლა ის სიძველესთან ერთად სიახლის ქალაქიცაა, ციფრულ ეპოქასაც უწყობს ფეხს. ტელეფონში გადმოწერილ თამაშს შეუძლია მოგგვაროთ სიხარულიც და ნოსტალგიაც, სიხარული იმის, რომ რაღაც ახლის გამოცდის ბედნიერება იმ წიგნივით ტკბილია, ახლა რომ პირველად გადაშლით.
ალბათ განტენბაინს ჩვენს ქალაქში რომ ემოგზაურა, ზუსტად იმ დიდ თუ პატარა ამბებს აღნიშნავდა, რაც უკვე ითქვა ამ თამაშში. გალაკტიონის ძეგლს რომ ჩაუვლით, მისი სიდიდე ზემოთ ახედვის სურვილს გაგიჩენთ, მერე ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მფრინავ მღებავსაც შენიშნავთ.
ქუთაისი ავანტიურისტების, ალტრუისტებისა და ხელოვანების ქალაქი ერთდროულადაა.
ჩვენ ერთად უკვე ვითამაშეთ, ახლა დროა, დამოუკიდებლად სცადოთ…
მზად ხართ? დაუბრუნეთ ავიატორი მიწას! გადაშალეთ წიგნის ახალი თავი.
სამი… ორი… ერთი…
თქვენთვის წერილია:
ქუთაისში უნდა ვიმოგზაუროთ!