ოცხელის ქალაქი

otskeli

გააზიარე:

otskeli

ავტორი: მარიამ მებუკე

„აქ არიან არტისტები ცხოვრებაში“ – გურამ რჩეულიშვილი

           ნამდვილ სცენაზე არტისტობა რთული საქმეა. მით უფრო მაშინ, როცა არც ქვეყანაა დასამალი და არც ქალაქი, რომელმაც მხატვრობის რთულ, მაგრამ საინტერესო ისტორიას მნიშვნელოვანი სახელები დაუტოვა. ამჯერად მიზანი, ერთი მხრივ, მეოცე საუკუნის ქუთაისში დაბადებული მხატვრების ნაწილის შემოქმედების გახსენება, მეორე მხრივ კი ოცხელის ქალაქში მცხოვრები თანამედროვე მხატვრების შემოქმედების განხილვაა. ეს ან შექმნის, ან უარყოფს კონტრასტს მათ შორის. ოცხელის ხსენება შემთხვევითი არაა, რადგან ის შეიძლება ერთ-ერთ მთავარ „წინაპრად“, „გზის გამკვლევად“ ჩავთვალოთ. გარესამყაროსადმი პოეტური მიმართება და გამოსახული ობიექტებისადმი დრამატული დამოკიდებულება (როგორც ქეთევან კინწურაშვილი წერს) მის მხატვრობაზე იმდენად აისახა, რომ ერთგვარ გამოხატვის ფორმად დამკვიდრდა და დღემდე შემორჩა. შემდეგ იყვნენ „ორმოცდაათიანელები“, რომლებიც შეგვიძლია, პეტრე ოცხელის იდეებისა და ხედვების „გამზიარებლებად“ ჩავთვალოთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა საქართველოში, მით უფრო ე.წ. „ყაზარმული სოციალიზმის “(მისი ერთ-ერთი მახასიათებელი კულტურის პოლიტიზირება იყო) პერიოდში მცხოვრები მხატვრების ამ გაერთიანებაში ინდივიდუალიზმის  მკაფიო გამოხატულებაა ასევე ქუთაისელი ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილის შემოქმედება. მისი სტილი და ხედვა (თანამოაზრეებთან ერთად), რომელიც საბჭოთა ხალხის „განუსაზღვრელი ოპტიმიზმის“ ნახატებში ასახვას სულაც არ გულისმობდა, გარდამტეხი აღმოჩნდა ამ პერიოდის მხატვრობისთვის. თუ გავიხსენებთ მის ნამუშევრებს, მაგალითად: „ბოლო სართული“, „აფიშების გამკვრელი“, „ქურთი მეეზოვე“, ურბანული ელემენტების გავლენასთან ერთად, შევნიშნავთ ფერების ვრცელ პალიტრას, ამასთან, მხატვრული პერსპექტივის შექმნის მცდელობას. პოეტურობა მის შემოქმედებაშიც იგრძნობა. გაზეთ „მხატვარის“ 1971 წლის აპრილის ნომერში, სადაც ქართველ ფერმწერებს საიუბილეო თარიღს ულოცავენ, ნახსენებია ჟანი მეძმარიაშვილის შემოქმედებაც, ამასთან ერთად მასზე შექმნილ „სალაღობო“ ლექსსაც შეხვდებით, რომელშიც ლექსის ავტორი წერს: „ჟანრის ჟანრია ფერწერა, აქვს ფერთა მძაფრი შეგრძნება“, რაც აზრს მოკლებული ნამდვილად არ უნდა იყოს. კიდევ ერთი მხატვარი, რომელიც ამ ჩამონათვალში უნდა ვახსენოთ, არის იმდროინდელ ქუთაისის გუბერნიაში დაბადებული ბენიამინ (ბენო) გორდეზიანი, რომელიც საკუთარ თავს ფუტურისტს უწოდებდა და ამავე მიმდინარეობის ჯგუფის, ‘H2OSO4’-ის წევრი გახლდათ. ის მონაწილეობდა არაერთ ექსტრავაგანტულ აქტივობაში უკვე ნახსენები ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. თუ გავითვალისწინებთ მის სამხატვრო კარიერასა და იმ მინაწერს, რომელიც ‘H2SO4’-ის ერთ-ერთი ნომრისთვის მხატვრის სახელისა და გვარის გასწვრივ გაუკეთებია უცნობს, ის დადაისტიცაა. ამ ორი მიმდინარეობის სინთეზი მხატვრის მსოფლმხედველობასა და წარმოდგენებზეც გვიქმნის შთაბეჭდილებას – უარყოფილი ტრადიციული გამომსახველობითი ფორმები და ავტორის მიერ საკუთარი განცდების გამოხატვის თავისუფლება. მის ნახატებს თუ განვიხილავთ, დანაწევრებული საგნებისა და სიუჟეტების ნაწყვეტების ამოცნობა არ გაგვიჭირდება. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ, მიუხედავად ჩვენამდე მოღწეული მისი ნამუშევრების რაოდენობრივი სიმცირისა, გრაფიკულ და ფერწერულ ნახატებთან პარალელს ემა ლალაევა-ედიბერიძის შემოქმედებიდანაც გავავლებთ. 

          სამხატვრო ტრადიციების ერთგულად ქუთაისი დიდი ხნის განმავლობაში დარჩა და ახლაც იმავეს თქმა შეგვიძლია. წარსულის ჩრდილიდან გამოსვლა მარტივი სულაც არაა. თუ კონტრასტის დანახვა ან მისი უარყოფა გვსურს, ამ ქალაქის თანამედროვე მხატვრების შემოქმედებასაც უნდა გადავხედოთ.

           მიუხედავად ბევრი მსჯელობისა იმაზე, რომ სახელოვნებო დარგები ნელ-ნელა კვდება და მას უფრო მარტივი გამომსახველობითი ხერხები ანაცვლებს, პოპ-კულტურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და მათ შორის ფერწერასაც გაქრობის საფრთხე ემუქრება, შეგვიძლია რაც „დარჩა“(უფრო სწორია, ვთქვათ, რაც ამ დროის მერე დარჩება), იმაზე ვისაუბროთ. მეტიც, კონკრეტულად ერთი, „ახალი თაობის“ კვალს უნდა გავყვეთ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ წარსულის კვლევისა და ისტორიული კონტექსტების ძიების პროცესში გამოგვრჩება ის, რამაც დღევანდელობასთან უნდა დაგვაკავშიროს. 

           გიორგი ფხაკაძე , როგორც მხატვარი, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფერებითა და სიუჟეტებით, რომლებიც სერიების მიხედვით გარკვეულ ისტორიებს ჰყვება. კონტრასტი დიდია – მის შემოქმედებაში შეხვდებით როგორც შავ-თეთრ ნახატებსა და განსხვავებულ ტექნიკებს, ასევე ფერად გამოსახულებებს. საინტერესოა ის, რომ ნახატებით მხატვრის ცხოვრებაზეც შეგვიძლია რაღაცების გაგება. დღეს, როცა ცხოვრება „თანამედროვე“ აზრს მორგებულ, ნაკლებად რომანტიზებულ რეალობას გვთავაზობს და მკაცრი რუტინის ქვეშ გვაქცევს, ამ რუტინასთან ბრძოლა ყველას სხვადასხვაგვარად გამოგვდის. შეიძლება ითქვას, რომ მისი შემოქმედება სწორედ ამგვარი რუტინის დამარცხების საკმაოდ წარმატებული მცდელობაა. მის მარინისტულ პეიზაჟებს (ნახატები, რომლებზეც გამოსახულია ზღვა. ამ მიმართულების გამორჩეული მხატვრები არიან ივან აივაზოვსკი, თეოდორ ჟერიკო და სხვები) თუ შევხედავთ, გარკვეულწილად ჩვენც ამ რუტინის მსხვრევის თანამონაწილენი გავხდებით. სივრცის იდეა ყველა ნახატში განსხვავებულადაა გამოვლენილი. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო ციკლში, რომელიც მთლიანად მარინისტულ პეიზაჟებს ეთმობა, ფერები იმდენადაა ერთმანეთში შერწყმული, რომ სიმშვიდის განცდასა და მწყობრი ქაოსის ილუზიას ერთდროულად ქმნის.“ გაცოცხლება“ – ესაა სიტყვა, რომელსაც თავად ნახატების ავტორიც ეძებს და ჩვენც მასთან ერთად. მაგიურობისა და სიმსუბუქის განცდა ერთდროულად უნდა დაგეუფლოს. სიმყუდროვის შეგრძნება მარტოობისაზე მეტად უნდა გამძაფრდეს მაშინ, როცა ამ მხატვრის შემოქმედებას აკვირდები. ალბათ ლოგიკურიცაა, რომ თავისუფლება და განცდების გადმოცემა მის მხატვრობაში ერთმანეთის სინონიმებია. „როგორც ქმნი საკუთარ თავს, შენი ხელოვნებაც ასეთია“. გამოდის, რომ საკუთარი თავისა და ხელოვნების შექმნის პროცესი ერთდროულად, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს და აქცევს მის ხელოვნებას იმად, რაც არის. მის მხატვრობაში ისეთ ყოფით სცენებს შეხვდებით, რომელზე გამოსახული ადამიანები საკუთარ თავადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან სიმარტოვის განცდა ყველასთვის ნაცნობია. ფერები, ემოციები და კომპოზიციური მრავალფეროვნება – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ მისი, როგორც მხატვრის, სტილი.

        მნიშვნელოვანია, ხელოვნების განმარტებებიდან რომელიმე ავირჩიოთ და ჩვენი მსოფლმხედველობაც ამაზე ავაგოთ. არჩევანის სირთულის მიუხედავად, არც ერთი მათგანი არ გამორიცხავს მხატვრების წარმოდგენების, გრძნობების გადმოცემას. თუ ამას ისე ახერხებ, რომ საკუთარ მდგომარეობასთან ერთად ის სამყაროსაც ეხმიანებოდეს, მის პრობლემებსაც ასახავდეს შემოქმედება, მეტად საინტერესოა. 

        შემდეგი მხატვარი, რომელიც ასევე უნდა ვახსენოთ, თორნიკე კოხრეიძეა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ნახატები ხელშესახებ და ზედმეტად ადამიანურ ასპექტებს მოიცავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხატვარს ერთი და იგივე ვნებით შეუძლია გამოსახოს ოთახი ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანებით, მეორე მხრივ, კი ისეთი გარემო, სადაც უბრალოდ მარტო ხარ, ეს ადამიანურობა მეტად ხელშესახები გახდება. საინტერესოა, რომ მის ნახატებს ადამიანური სისუსტეების, ცხოვრებისეული სირთულეების კვალი ეტყობა და ისე აღიბეჭდავს ყველა პერსონაჟს, რომ ჩვენ გარშემო არსებული რეალობის დანახვა ასე მაინც იყოს შესაძლებელი. ადამიანის ეგოისტური ბუნება მას ხშირად ეგოცენტრულ პიროვნებად აქცევს და ემპათიის ყველა შესაძლო მცდელობას უკუაგდებინებს. მისი ნახატების ნახვისას კი არა მხოლოდ ემპათიის განცდა, არამედ იმის სურვილიც შეიძლება დაგეუფლოს, რომ კართან მჯდომ პერსონაჟს, ხელები მუხლებზე რომ შემოუხვევია, ფეხსაცმელი არ აცვია, თმაც დაუვარცხნელი აქვს და მის სახეზე სევდის ამოკითხვაც შესაძლებელია, გვერდით მივუჯდეთ და ველაპარაკოთ დაუსრულებლად, ველაპარაკოთ შიმშილზეც და სიყვარულზეც. მერე რაიმონდ კარვერის კითხვა გავიმეოროთ „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე?“ ან რაზე ვსაუბრობთ, როცა არ ვიცით, ნახატები სად გავყიდოთ ან როგორ. კნუტ ჰამსუნის უსახელო პერსონაჟივით გამომცემლობაში მივიდეთ, იქნებ სტატია დაგვიბეჭდონ და ათი კრონის იმედად ვიცხოვროთ. ამ მხატვარს შეუძლია შემოიტანოს იმედიც, თუმცა ამ იმედსაც ჰქონდეს რაღაც სხვა, უცნობი მხარე. მაგალითად, დახატოს ოთახი, სადაც ბიჭს ხელში ზეცისკენ მიმართული ცისფერი ბუშტი უჭირავს, მიმოაბნიოს ისეთი საგნები, როგორებიცაა ნაჭრის სათამაშო, სკამი და სათლი და მაინც, პერსონაჟი ჩვენ არ გვიყურებდეს, სხვა მხარეს იხედებოდეს და იმედგაცრუებული იყოს, ისე რომ ამ იმედგაცრუებით მნახველსაც აფიქრებდეს. უცნაურია, მაგრამ ყველა დეტალზე, სიმბოლოზე საუბარს მაინც იქამდე მივყავართ, რომ ამ მხატვრისთვის ხელოვნება ადამიანურ ვნებებთან ჭიდილის ასახვა და იმედია, რომელსაც გამუდმებით კარგავ, მერე პოულობ.

           შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მხატვრები იკლებენ ყველაფერს, რომ იცხოვრონ და ცხოვრობენ მხოლოდ ხელოვნებით. განახლება, დაცლა და ისევ განახლება. შესაბამისად, იმის თქმა, რომ შემოქმედება იდეებზე დგას, მხატვრის მსოფლმხედველობას აირეკლავს, აზრს მოკლებული არ უნდა იყოს. 

          გიორგი ყვავაძეც ამ თაობის მხატვარია. მისი შემოქმედების ვარიაციულობა მარტივად ასახსნელი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, მხატვრობაც სხვადასხვა საინტერესო გამოვლინებით, სტილით შეიძლება დავახასიათოთ. ერთი მხრივ, მის შემოქმედებაში ყურადღებას მიიქცევს ისეთი ნახატები, რომლებიც ერთდროულად ჩრდილებსა და შუქზე, ხაზებზეა აქცენტირებული, მეორე მხრივ, კი პეიზაჟები, რომლებიც უკვე ნახსენებ სიმყუდროვის განცდას ქმნის. მისი ბოლო ნამუშევრებიდან გამორჩეულია პლენერი “168”, რომელშიც ერთი შეხედვით უტოპიური სივრცეა გამოსახული. მთავარი პერსონაჟი, რომელიც ჩრდილის, სილუეტის სახით ჩნდება ამ სივრცის მიღმაა გამოსახული, გარე დამკვირვებლის როლს ასრულებს, მაგრამ ამავე დროს ის ჩრდილები, რომლებსაც იატაკი  აირეკლავს, სწორედ ამ გალიის, გისოსებიანი კედლის სახითაა გამოსახული და ეს ადამიანიც დაკვირვების ობიექტი, ამ ამბის თანამონაწილე ხდება. ანუ მნახველს კიდევ ერთი პერსპექტივიდან გვაძლევს საშუალებას, ამ სილუეტს დავაკვირდეთ, მეორე მხრივ კი მის მიღმა გამოსახულ მოვლენებს, ყვითელ შუქს, უცნაურ, სიზმრისეულ გარემოს. ამასთან ერთად, ზღვის იდეა არც ამ მხატვრისთვისაა უცხო და ინდუსტრიალიზაციის კვალიც აირეკლება. ზღვა და მას შემოვლებული ჯებირი, მეორე მხრივ კი ჩამწკრივებული შენობები ნახატის ორად გაყოფის საშუალებას გვაძლევს.

            ამ თემაზე წერისას, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ობიექტური, ნახატის მხატვრულ ღირებულებებზე ასე ვისაუბროთ, მნიშვნელოვანი მაინც კონტექსტი და მნახველის სუბიექტური აღქმაა. მთავარი, რაც სახელოვნებო აქტს შეუძლია, ისაა, რომ აღძრას მძაფრი ემოცია და ამასთანავე გავიგოთ ნაწილი მაინც იმ განცდისა, რასაც მხატვარი ნახატის შექმნის პროცესში გრძნობს. 

              საინტერესო ადამიანების ნაკლებობას ოცხელის ქალაქი არც დღეს უჩივის. რაღაც საიდუმლო, ამოუხსნელი გამოცანა ყოველთვის რჩება, ხელოვნება ადამიანებზე დიდია. დანარჩენი მკითხველს უნდა მივანდო. ერთი კი ცხადია, აქ ნამდვილად არიან „არტისტები ცხოვრებაში“.

გამოყენებული მასალები:

კინწურაშვილი, ქეთევან ს. „ოცხელის კოდი“ 

https://www.academia.edu/35537671/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94_%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_pdf?fbclid=IwAR0x8JjSTqb8VMbv_CmJUhcs_akc3t6vy5g4Suq40tsR0Y-b7jzupljvRPkციციშვილი, მაია, და ნინო კეკელიძე. ქართული მხატვრობა – განვითარების ისტორია XVIII-XX საუკუნეები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013.