ვალიკო მიზანდარი –  გაბრიაძის მუზა და საყვარელი მასწავლებელი 

valiko

გააზიარე:

valiko

ავტორი: ნანული ცხვედიანი

„ვალიკო მიზანდარს რომ იტყვიან, ასოციაციით მახსენდება ზამთრის საღამო, თუნუქის ღუმელი, სველი კვინცხის შიშინი; მიქელანჯელოს „დავითის“ თავი,  ქუთაისელთა პორტრეტები – ზოგი თიხაში, ზოგი – ქვაში, თაბაშირში და ზოგიც – დაუმთავრებელი…და გაუთავებელი ტკბილი ამბების კრიალოსანი, სადაც  ერთმანეთში ჯადოქრულად არეულია ჩვენი ქალაქის უბრალო ადამიანები, პარიზის მონმარტრის  ბოჰემა, ალექსანდრე მაკედონელის  თავგადასავალი, მეკუჭნავე  ხარიტონას (ნათელი დაადგეს!) ოინები,  როდენის ღიმილი, სამონადირეო ფათერაკები კოპიტნარში,   ადამიანის პროპორციები და ყოველივე ეს, იმერული  ვარდისფერი თხელი მაცდური ღვინის თანხლებით,  ახლაც ნელა იღვრება მოგონებებში, ტკბილ ტკივილს  აყენებს  ჩემს გულს  თავის განუმეორებლობით და გარდაცვლილი წუთების  არმოუსვლელობით…“

ვინ იქნება  ამ ფრაზების ავტორი, თუ არა – რეზო გაბრიაძე? დიახ, რა თქმა უნდა, რეზო გაბრიაძე: დიდი მწერალი – დრამატურგი, რეჟისორი,  მხატვარი! და ბოლოს, როგორც აქვე დასძენს,- ვალიკო მიზანდარის „მოკრძალებული მოსწავლე, კინაღამ მოქანდაკე.“

ეს ოსტატ – შეგირდობა  კი მრავალ  წელს ითვლიდა. 

ვალერიან (ვალიკო) მიზანდარი – საქართველოს სახალხო მხატვარი, იაკობ ნიკოლაძის რჩეული შეგირდი, მეგობარი და მის კვალზე პროფესიული ქანდაკების ერთ-ერთი საფუძველჩამყრელი,  ქუთაისის მხატვართა ორგანიზაციის დამაარსებელი და თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე მისი ხელმძღვანელი,  ქუთაისში სამხატვრო ფონდისა და სახვითი ხელოვნების გალერეის შექმნის ორგანიზატორი, ქუთაისელ მხატვარ – მოქანდაკეთა მრავალი თაობის  შესანიშნავი აღმზრდელი, იშვიათი იუმორითა და სამონადირეო თავგადასავლებით განთქმული, კოლორიტული კაცი –   რეზო გაბრიაძის მასწავლებელიც იყო, უფროსი მეგობარიც, მუზაც და მის ნაწარმოებებში არაერთი უკვდავი პასაჟის შთამაგონებელიც (ეს ცალკე განხილვის თემაა). 

ვალიკო  მიზანდარი იმდენად საინტერესო, თვითმყოფადი ხელოვანი და პიროვნება იყო, რომ არამხოლოდ რეზო გაბრიაძეს აღაფრთოვანებდა, მის შესახებ სხვადასხვა დროს გატაცებით წერდნენ ცნობილი მოქანდაკეები: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, თენგიზ ღვინიაშვილი, გოგილო ნიკოლაძე, სახალხო მხატვარი უჩა ჯაფარიძე, პოეტი კოლაუ ნადირაძე, მწერლები: დავით კვიცარიძე, დავით ხუროძე, გონერ ჭეიშვილი, ხელოვნებათმცოდნეები, ჟურნალისტები, სხვა პროფესიის ადამიანები.  მისი განთქმული იუმორი, სამონადირეო თავგადასავლები, გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრების ეპიზოდები, ქუთაისის  ძველქალაქური  ამბები  კი იმდენად შინაარსიანი და მიმზიდველი გახლდათ, რომ,  ვალიკო მიზანდარის მიერ შექმნილ წიგნებსა თუ ასეულობით საგაზეთო და საჟურნალო წერილში დავანებულს, საზოგადოება მუდამ  გატაცებით ეცნობოდა.

იმ ჟურნალისტთა შორის, ვისაც ვალიკო მიზანდართან ხშირი შეხვედრა უწევდა, ერთ-ერთი მეც ვიყავი. ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც გაზეთ „ქუთაისში“ დაიბეჭდა 1982 წლის 5 იანვარს, მოქანდაკის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით,   ისეთი  ცნობებია დაცული, ალბათ, ღირს, რომ ახალი თაობის მკითხველის წინაშეც გამოვიტანო გასაცნობად (ქვეყნდება შემოკლებით).

მაშ, ასე- 

რესპონდენტი: ვალერიან მიზანდარი.

 ჟურნალისტი: ნანული ცხვედიანი.

… ვის არ შეხვედრია თავისი ცხოვრების მანძილზე! იმან, რომ იაკობ ნიკოლაძის უსაყვარლესი შეგირდი იყო და ბევრი დაუვიწყარი საათი აქვს გატარებული დიდი ქართველი მოქანდაკის სახელოსნოში, თავადაც ბევრი შესანიშნავი ნაცნობი შესძინა.

– ო, მაგ მხრივ ბედნიერი ვარ ძალიან! – დინჯად დაიწყო, დაბადების სამოცდაათი წლის მისალოცად შინ რომ ვეწვიეთ, – ვინ არ მიდიოდა სახელოსნოში! იქ გავიცანი დიდი ივანე ჯავახიშვილი. იმხანად უკვე ყურს აკლდა და სასმენი მილის მოშველიებით გვისმენდა… ცნობილი გეოგრაფი  ალექსანდრე ჯავახიშვილიც – პატარა ტანის კაცი, წვრილი თეთრი ულვაშები ჰქონდა… ლადო გუდიაშვილი… ფრანგი მხატვარ-აკადემიკოსი ლანსერე… იქ გავიცანი, ჩემო ბატონო, ტიციან ტაბიძეც. პირმსუქანი, ოდნავ სქელტუჩებიანი, ლამაზი ახალგაზრდა იყო, ჯიბით მუდამ მიხაკს ატარებდა.

მახსოვს, ერთხელაც გვეწვია სახელოსნოში. სავარძლის აქეთ ვუდექი. ვუცქირე, ვუცქირე ტიციანის მიხაკს და, ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ვკითხე: „კი, მაგრამ, სულ ასე ცოცხალ ყვავილებს რომ ატარებთ, არ ჭკნება?“

გაეცინა – რა დააჭკნობს, ხელოვნურიაო.

იაკობ ნიკოლაძის სახელოსნოს სტუმრებიდან განსაკუთრებულად მაგონდება მიხეილ ჯავახიშვილი. ძალიან გამხდარი იყო, მაღალქუსლებიან ფეხსაცმელებს იცვამდა და პატარა წვერს ატარებდა. ნამდვილი ინტელიგენტის გარეგნობა ჰქონდა. იმჟამად ახალი გამოსული იყო მისი „არსენა მარაბდელი,“ თბილისში ხელიდან ხელში იტაცებდნენ. რამდენ საინტერესო რამეს გვიამბობდა მიხეილი! კარგად მახსოვს აგრეთვე პოეტი ნიკოლო მიწიშვილი, მაშინდელი ახალი მოდის შესატყვისად ეცვა ვიწრო შარვალი, წვრილცხვირიანი ფეხსაცმელები, ხელში კი მსხვილ ჯოხს იჭერდა. თავადაც ერთი პატარა კაფანდარა კაცი იყო. ასე რომ, ძალიან საინტერესო საზოგადოება იკრიბებოდა. ვმსჯელობდით ლიტერატურის, ხელოვნების საკითხებზე… მაღალი სულის ხალხი იყო!.. ყოველმხრივ მაღალი!..

– მგონი, დავით კაკაბაძეც მაშინ გაიცანით?

– კი, მაშინ. სხვათა შორის, მოგვიანო პერიოდის ერთი კარგი მოგონებაც მაკავშირებს მასთან.

… გავიხედე და, დილაადრიან, წიგნის მაღაზიასთან ატუზულიყო დავითი. განუყრელი „ეტიუდნიკი“ ეჭირა ხელში და მოწყენილი ათვალიერებდა ვიტრინას. ეს ის პერიოდია, მარჯანიშვილის თეატრი რომ ქუთაისში ჩამოვიდა.

– დავით ნესტოროვიჩ, ამ დილით აქ საიდან გაჩნდით? – ვკითხე გაკვირვებულმა.

– ჩამოვედი. მარჯანიშვილმა გამომიძახა, „სამანიშვილის დედინაცვლის“კითხვას დაესწარიო. სპექტაკლისათვის ესკიზები და დეკორაციები უნდა გავაკეთო. მაგრამ რა ვუყო, თვითონ არ დამხვდა თეატრში, აღარც ბინა მაქვს – სასტუმროში ადგილი არ ყოფილა.

შევთავაზე, ჩემთან წამობრძანდით, ბატონო, ბინა კარგი მაქვს, ოთახს მოგცემთ, ყველა პირობას შეგიქმნით-მეთქი.

დედა და მამა ცოცხლები იყვნენ მაშინ. გაუხარდათ სტუმრის მობრძანება. თანაც, რა სტუმარი იყო! ნამეტანი მორცხვი, მორიდებული, სულ ღიმილი ჰქონდა სახეზე და ხათრიანად გვებოდიშებოდა – რა ვქნა, როგორ შეგაწუხოთო.

მოვუწყვეთ ოთახი, მაგიდა, ლამპა…

მთელი ღამე უკითხავს „სამანიშვილის დედინაცვალი“ და, მოსწავლის სახატავი რვეული რომაა, ისეთ ფურცლებზე უხატავს ესკიზები, დილით გვაჩვენა. მარჯანიშვილი არც მეორე დღეს მოსულა თეატრში, არც მომდევნო  დღეებში. დავითი კი მუშაობს და მუშაობს…

ერთ დღესაც, ჩვეულებისამებრ, ვიკითხე თეატრში და მითხრეს, მარჯანიშვილი ჩამოვიდაო.

დავითმა  ჩანახატები აკრიფა და წავიდა.

მისი წასვლის მეორე საღამოს ვნახე იატაკზე დაგდებული ერთი ნახატი. გავიქეცი, მოვძებნე ჩემი სტუმარი. ვუთხარი,  ეს დაგრჩენია–მეთქი.

-ვიციო, – გაიცინა, – აქ რომ ვერ ვნახე, ხელახლა დავხატე, ეგ კი შენ გქონდესო.

აი, აგერაა, ჩარჩოში, ის ნახატი…

ბატონი ვალიკო ოთახის ჩრდილოეთის კედელზე მითითებს. ჩარჩოში ღია ფერის ფანქრით შესრულებული ესკიზია ქოლგიანი, „კოხტაპრუწად“ გამოწყობილი ქალისა.

-ჩემი აზრით, კაროჟნა უფრო უნდა იყოსო, – თქვა მასპინძელმა და დაუმატა, – ნახატის  კუთხეში  მხატვრის ხელმოწერაცაა, თუ დააკვირდით. სხვათა შორის, “სამანიშვილის დედინაცვალი“ მარჯანიშვილმა თბილისში დაასრულა, აქ ვერ მოასწრო დადგმა.

-გალაკტიონს ხშირად შეხვედრიხართ?-გაწყვეტილ თემას ვუბრუნდებით.

-როგორ არა. ერთ საინტერესო შემთხვევასაც მოგიყვები: ერთხელ გალაკტიონი იაკობ ნიკოლაძის სახელოსნოში მოვიდა – გაპარსული,კოხტად ჩაცმული, „ბანტით“ დამშვენებული, ცოტა ნასვამიც… ცნობილი მათემატიკოსის   ანდრია რაზმაძის პორტრეტს აკეთებდა იმხანად იაკობი, ამიტომაც მის სახელოსნოში ხშირად დაიარებოდა რაზმაძის და. უცნაური ქალი იყო. თან ერთი აკვიატებული ჩვეულებაც ჰქონდა: ვინმეს რომ ხელს ჩამოართმევდა, თავს ასე გააცნობდა: „Сестра  профессора Размадзе“!

ჰოდა, გალაკტიონი რომ მობრძანდა, იაკობმა პოეტი წარუდგინა მანდილოსანს. მან რევერანსი გაუკეთა და… არც ახლა უღალატია ჩვეულებისთვის, ხელი გაუწოდა და დასძინა: „Сестра профессора Размадзе!“

გალაკტიონმა გაიღიმა და საკუთარი ვინაობა დაუსახელა: “Сосед Филипа Махарадзе!“

ის იყო და ის, ანდრიას და აღარც გაჩერებულა სახელოსნოში.

-კოტე მარჯანიშვილსაც იცნობდით თურმე…

– კი, ბატონო. სხვათა შორის, მარჯანიშვილი ორჯერ იყო იაკობის სახელოსნოში, მისი პორტრეტის გაკეთება უნდოდა იაკობს, მაგრამ კოტემ ვერ მოიცალა: „სხვა დროს, სხვა დროსო“…

მერე აღარც მოსულა.

მე ვნახე ქუთაისში მისი სპექტაკლები. მათზე დასწრება მართლაც დიდი ზეიმი იყო. მერედა, რა მაყურებელი გვყავდა, რა მსახიობები თამაშობდნენ!

დიდებული იყვნენ: უშანგი, ვერიკო, შალვა ღამბაშიძე, სერგო ზაქარიაძე!.. ჰაუ, რა იყო ვასო გოძიაშვილი, ეს უზარმაზარი ტალანტი!

ერთხანს ქუთაისის თეატრში ვმუშაობდი, პეტრე ოცხელის თანაშემწედ.

სწორედ მაშინ ვხვდებოდი მარჯანიშვილს… ბევრი მოგონება მაკავშირებს ჩემი ცხოვრების ამ პერიოდთან…

– ბატონო ვალიკო, რაკი ძირძველი  ქუთათური ბრძანდებით, ბარემ ჩვენს განთქმულ „ბულვარზეც“ გეთქვათ ორიოდე სიტყვა. ძველი ქუთაისის უბნებიც გემახსოვრებათ…

-ეეჰ, კაი იყო მაშინ ჩვენი ბულვარი! ერთი გადახურული, ნახევარწრისებრი შენობა იდგა აქ. შიგ სასულე ორკესტრი უკრავდა. ხალხი ცეკვავდა. იყო სეირნობა, ტკბილი სჯა–ბაასი, საპატარძლოებსაც იქ გაატარებდნენ, „ვითომ შემთხვევით შეახვედრებდნენ.

ისიც მახსოვს, ბულვარის კიდეზე ლამაზი ფაეტონი იდგა. მასში კოხტა პონი იყო შებმული. მშობლები აბაზს რომ გადაიხდიდნენ, ერთი–ორი ბავშვი უკან დაჯდებოდა, ერთი–ორიც წინ დასკუპდებოდა. ის პატარა პონი ბაკუნ–ბაკუნით, ნელ–ნელა შემოუვლიდა მთელ ბაღს.

ვუკვირდები ხანდახან და ვხედავ: ტელევიზორმა კინოს და თეატრს მაყურებელი წაართვა, ეზოს – ბავშვები, ქუჩებს -მოსეირნეები. აღარ თამაშობენ ბავშვები… ჩვენს დროს კი რამდენი საინტერესო სათამაშო იყო:„ლახტი“, „თხილობანა“, „რიკ–ტაფელა“, „ვირობანა“, „იალქნები“ და, რა ვიცი, კიდევ რა…

ხსოვნაში ჩამრჩა ძველი ქუთაისის უბნები, ის თერძები, ხარაზები, მეთულუხჩეები, მეკურტნეები… მაგონდება ძველი ქუჩა: ერთ მხარეს თერძების დუქნები იყო ჩამწკრივებული, ყოველდღე ეწყო მათ წინ ნახშირის უთოები, დღენიადაგ რომ ბოლი ამოსდიოდა. ხარაზებს თავიანთი დუქნების წინ კალაპოტზე გადაჭიმული წუღები გამოეფინათ მზეზე. კარგი, გამრჯე ბიჭები ჰყავდათ შეგირდებად, თუმცა ცუღლუტებიც ერიათ: ერთ დღეს ხაფანგით ვირთხა დაიჭირეს, ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, მერე ხაფანგის კარები გააღეს… ცეცხლმოკიდებული ვირთხა ჯაჭვის ხიდის მიმართულებით გაიქცა. იქ, რიონის ნაპირას, ხის თავლა იყო, სადაც ღამეს ათევდნენ სოფლებიდან ჩამოსული გლეხები, ცხენებიც იქვე ებათ. სწორედ იმ თავლაში შევარდა ვირთხა. ცეცხლი გაუჩნდა ხეს, თივას და თავლა ერთიანად გადაიბუგა. დიდხანს იყო იმ ადგილზე ნახანძრალი. მერე ხეები დარგეს. ხომ დაკვირვებიხარ, პატარა სკვერი რომ არის ხიდგამოღმა? სწორედ მანდ იდგა თავლა.

– თქვენს თვალწინ გარდაიქმნა ქალაქი…

-შედარებაც არ შეიძლება დღევანდელ პირობებთან. ბალახვანში ისეთი ჭაობი იყო, კოღოები ღრუბლებივით ადი-ჩამოდიოდნენ. მერე ევკალიპტები გააშენეს ჭაობის დასაშრობად. ზოგ ეზოში დღესაც არის შემორჩენილი მაშინდარგული ევკალიპტები.

რა ჭაობები იყო, რა სინესტე! მალარია მძვინვარებდა. ყოველ მეხუთე– მეექვსე სახლში ტუბერკულოზიანი ავადმყოფი ცხოვრობდა. ახლა რა შედარებაა! – ასფალტმა და სისუფთავემ ქნა ყველაფერი.

ტკბილმოუბრობს ბატონი ვალერიანი. არ ელევა ერთმანეთზე საინტერესო, ფერად-ფერადი ამბები სამონადირეო თავგადასავლებიდან(ძველი მონადირე გახლავთ!), საკუთარი თუ სხვისი ცხოვრებიდან.

შთამბეჭდავად გვიამბობს თავის ძველ მეგობრებზე, ახლა რომ აღარ არიან ცოცხალნი, იმათზეც, თავისებური კოლორიტულობით ეშხსა და ლაზათს რომ აძლევენ ქუთაისს… გვიამბობს დაუვიწყარ შეხვედრებზე ვანო სარაჯიშვილთან, ზაქარია და ივანე ფალიაშვილებთან, ტერენტი გრანელთან…

ყურს უგდებ ამ ამბებს, ასე ლაზათიანად, თავისი კეთილი იუმორით რომ ჰყვება და გრძნობ – ყველაფერი, რაც შენს გარშემო არსებობს, განსაკუთრებულ ელფერს იძენს, უფრო ძვირფასდება. ასე გგონია, ყოველი საათი, ყოველი წუთი ღრმად უნდა ჩაიბეჭდოს მეხსიერებაში, რომ მერე, წლების შემდეგ, ეგებ შენც ასე ლამაზად გადმოსცე იმ ტკივილსა თუ სიხარულზე, სიყვარულსა თუ სევდაზე, შენი თაობის სულიერ სარკეში რომ არეკლილა, იამაყო იმ ძვირფასი ადამიანებით, ახლა რომ გარს გარტყია და ზოგჯერ ვერც კი გრძნობ, რა ბედნიერი ხარ, მათ გვერდით რომ ცხოვრობ!

(ნანული ცხვედიანის წიგნიდან „გახსოვს, ქუთაისო?“)

…………………

აგერ, ამდენი წლის შემდეგ, ამ ძველი საგაზეთო მასალის გადაკითხვის შემდეგ, ვგრძნობ,  რამოდენა ბედნიერება ყოფილა  ვალიკო მიზანდართან  სულ უბრალო შეხვედრაც კი. ის იყო ამოუწურავი მოსაუბრე, უნიკალური რესპონდენტი, რომლის საუბრები და ზეპირი მოთხრობები,  მაშინდელი ტექნიკური პირობების გამო, საფუძვლიანად ჩაწერილი არ არის.

აკი  ამბობდა  რეზო გაბრიაძე გაზეთ „ქუთაისში“, თავისი მასწავლებლისადმი  მიძღვნილ წერილში, 1981 წლის 30 დეკემბერს:

“დაე, ხელოვნების მცოდნეებმა იმსჯელონ მის შემოქმედებაზე, მე კი ვიტყვი ერთს: ვალერიან მიზანდარი ჩემთვის  იყო, არის და რჩება ხელოვნებაში ზედმიწევნით უნიკალურ ქუთაისურ მოვლენად, რომლის სახის შექმნა შეუძლია მხოლოდ დიდ მწერალს.“

თავად რეზო გაბრიაძეა  ეს მწერალი. მან შექმნა ვალიკო მიზანდარის ხაზი და თემა თავის  უკვდავ შემოქმედებაში.