კომუნიკაციის ქუთაისური ფორმა – მცირე სოციოლინგვისტური ანალიზი

კომუნიკაცია

გააზიარე:

კომუნიკაცია

ავტორი: ნია კუჭავა

ლინგვისტური ეთნოგრაფია საკმაოდ ფართო ცნებაა. ის გულისხმობს კონკრეტული საზოგადოებისა და ჯგუფის ენობრივი თავისებურებებისა და კომუნიკაციის კვლევისას როგორც ლინგვისტური, ისე ეთნოგრაფიული მიდგომების გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს ენობრივი რეპერტუარის უდიდესი დიაპაზონი გააჩნიათ, მათ კონკრეტული ლინგვისტური სიმბოლოების ამოღება, ჩანაცვლება, ახალი მნიშვნელობებით გამდიდრება, განსხვავებულ კონტექსტებში გამოყენება და მათთვის ფორმისა თუ შინაარსის შეცვლაც კი შეუძლიათ. სწორედ ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ ზემოთ ხსენებული მრავალფეროვნება შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში დიალექტის ჩამოყალიბებით, კონკრეტული გრამატიკული ფორმების დამკვიდრებითა თუ ნაცვალსახელების თავისებურებებით გამოიხატოს. არაერთი კვლევა გვევლინება მაგალითად იმისა, რომ ენას გააჩნია თავისი იერარქია, ეკონომიკა და გენდერიც კი. ლინგვისტური ეთნოგრაფიის ფარგლებში ჩატარებულა არაერთი კვლევა, რომელიც, მაგალითად, გვაჩვენებს კონკრეტულ სასაუბრო ენაში ქალების ასახვის, მათზე საუბრის, მათთან მიმართვისა და კომუნიკაციის გზებს, ამ თავისებურებებს კი ისტორიული კონტექსტითა და მემკვიდრეობით, კონკრეტული კულტურული ჩარჩოებითა და მოვლენათა მიმდევრობებით ხსნის.  ენობრივი რეპერტუარიდან კონკრეტული ფორმების ამორჩევისა და კომუნიკაციის გზად გამოყენების ფენომენთან დაკავშირებითაც არსებობს მრავალი ჰიპოთეზა, კერძოდ, წარმოდგენები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა გენდერის ან სოციალური კუთვნილების, ან სხვა რომელიმე იდენტობის მარკერების მქონე ადამიანები მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ენის სიმბოლურობას, ისეთი ფორმების გამოყენებას, რომელიც სცდება ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების პრაქტიკულ დანიშნულებას და ხაზს უსვამს მოსაუბრის სოციალურ კაპიტალს, მის ძალაუფლებრივ დინამიკასა და ბალანსს საზოგადოების სხვა წევრებთან. ლინგვისტური ეთნოგრაფიის მრავალფეროვნება და ის, რომ ზოგიერთ საზოგადოებაში კომუნიკაციისას ორ ენას შორის მონაცვლეობას ვაწყდებით ადამიანთა სოციალური სტატუსის მიხედვით, ან ვხვდებით ერთ საზოგადოებაში ორი განსხვავებული ენის მიერ სასულიერო და საერო სფეროების შესისხლხორცებასა და გავლენის სფეროების დანაწილებას _ სწორედ მსგავსი ემპირიული მონაცემების ერთობლიობა გვაძლევს საშუალებას იმის აღნიშვნისა, რომ კონკრეტულ სივრცესა და საზოგადოებაში ენა არ არსებობს ისტორიისგან, კულტურისგან, გაზიარებული წარსულისგან და მისგან დამკვიდრებული სიმბოლოებისგან დამოუკიდებლად და განცალკევებულად, არამედ ენის გამოყენების თითოეული მანერა თავის თავში აერთიანებს უამრავი სოციალური ფაქტორისა და იდენტობის მარკერის კვეთას. სოციოლინგვისტურ კვლევებში განსაკუთრებული ადგილი უნდა დავუთმოთ ქალაქსაც, რომელშიც ყოველდღე იქმნება რიტუალები, კოდები და კომუნიკაციის საშუალებები, რომლებიც ქალაქების მაცხოვრებლებს სჭირდებათ ურბანული დინამიკის შესანარჩუნებლად. ქალაქებში გამოყენებული ენა არ არის ერთგვაროვანი, მას არ უნდა შევხედოთ, როგორც ცალკე წესების მქონე სისტემას, რომელსაც ახასიათებს განმეორებადი და კანონზომიერი ცვლილებები, არამედ ის გახლავთ გამოცდილება, რომელიც ირეკლავს როგორც ახალ სიტუაციებთან მუდმივი ადაპტაციის მცდელობას, ახალი ფორმების მუდმივ შემუშავებასა და ჩამოყალიბებას, ისე კულტურულ კონტექსტთან კავშირისკენ მიდრეკილებას. მოცემულ სტატიაში სწორედ ურბანული სოციოლინგვისტიკის განხილვაზე ვკონცენტრირდებით და ამას ქუთაისის მაგალითზე დაკვირვებით შევძლებთ.

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქის ენა სალიტერატურო ენის პარალელურად არსებობს და საკუთარ განზომილებას ქმნის, ქუთაისურ მეტყველებაშიც გამოიყოფა რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა და თავისებურება.  აქ შეგვიძლია გამოვყოთ როგორც იმერული დიალექტისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ისე ქალაქისთვის უნიკალური მეტყველების ფორმები. ქუთაისური მეტყველება ძალიან ხშირად მიჰყვება ქართულ სალიტერატურო ენას, თუმცა, რა თქმა უნდა, გვაქვს გამონაკლისები. მაგალითად, სახელთა ბრუნებისას ძალიან ხშირია თანხმოვანფუძიანი სახელების სალიტერატურო ქართულისგან განსხვავებული ბრუნება იქიდან გამომდინარე, რომ სახელობითი ბრუნვის ,,-ი“ ფუძისეულად აღიქმება და თანხმოვანფუძიანი სახელები ხმოვანფუძიანებთან არის გაიგივებული. მაგალითად, ხშირად გვესმის ,,ვახტანგიმ“ და არა ,,ვახტანგმა,“ ,,ნოდარიმ“ და არა ,,ნოდარმა,“ ,,მერაბიმ“ და არა ,,მერაბმა.“ ქუთაისურ მეტყველებაშიც თანდებულებიც გარკვეული სახე-ცვლილებითაა წარმოდგენილი, მაგალითად ,,-თვის“ თანდებულის დაბოლოება იცვლება და ვიღებთ ,,-თვინ“ ფორმას, მაგალითად ,,ჩემთვის“-,,ჩემთვინ“ ფორმა. სამეტყველო ენაში არსებული მსგავსი ცვლილებები ცალსახად კულტურული კონტექსტისა და ადგილობრივი  სოციალური მოვლენების შედეგად ყალიბდება. არსებობს მცდარი და სტერეოტიპული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მეტყველების თავისებურებები თავისთავად არსებობს და კონკრეტული ადამიანთა ჯგუფები უბრალოდ მიდრეკილნი არიან სალიტერატურო ენის ,,დამახინჯებისკენ.“ რეალურად ურბანული სამეტყველო ენის ჩამოყალიბება ბევრად უფრო კომპლექსურ მოვლენათა ჯაჭვის შედეგია.  

საინტერესოა ის, თუ როგორია ქუთაისელ ახალგაზრდათა სამეტყველო ენა. ახალგაზრდულ სამეტყველო ენას ხშირად აიგივებენ ხოლმე ჟარგონულ ფორმებთან, ასევე ნეოლოგიზმებთან, ენაში ახალი სიტყვების დამკვიდრებასთან. ახლად დამკვიდრებული სიტყვები შესაძლოა ნასესხებიც იყოს უცხო ენებიდან. ქუთაისელ ახალგაზრდათა საუბარში განსაკუთრებულად იკვეთება სახელთა შეკვეცისა და გამარტივების ტენდენცია. აგრეთვე, ხშირია უცხოური სიტყვებისთვის ქართული ზმნებისთვის დამახასიათებელი ფორმის მიცემა და ყოველდღიურ საუბრებში გამოყენება. ახალგაზრდების ენაში არსებული გამორჩეული ფორმები ასევე მნიშვნელოვანია სოციოლინგვისტური ანალიზის თვალსაზრისით, რადგან მათ უკან შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომლებიც ახალგაზრდებისთვის, კონკრეტული თაობისთვის აქტუალური და არსებითია. სხვადასხვა თეორიის თანახმად, მოზარდი ორი ლინგვისტური ჯგუფის წევრი ხდება. ერთი, რომელსაც მას ზრდასრულები სთავაზობენ და რომელიც, თავის მხრივ, ზრდასრულების ღირებულებებს, სტანდარტებს, ნორმებსა და საჭიროებებს ასახავს. მეორე კი გახლავთ სწორედ ახალგაზრდული სალაპარაკო ენა, რომლის დამკვიდრების თანმდევი გახლავთ თაობის მიერ საკუთარი იდენტობის გააზრება, ზრდასრულთა მიერ შექმნილი მემკვიდრეობისგან გამიჯვნა და სოციალური მოვლენებისადმი საკუთარი მიმართებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდული სასაუბრო ენა უნდა მივიჩნიოთ როგორც თვითიდენტიფიკაციის, წარსულის გადააზრებისა და გადაფასების შედეგად, ისე ინდივიდუალიზმის, ძველი ნორმათა სისტემის მიმართ თანხმობის ან მათი უარყოფის გამოხატულებად. შესაბამისად, ახალგაზრდების მიერ კონკრეტული სამეტყველო ფორმებისთვის უპირატესობის მინიჭება ავლენს მათ სოციალურ პროტესტს, კონფორმულობის ჩარჩოების განსაზღვრასა და სუბკულტურის შექმნის მცდელობასაც მოიაზრებს. ახალგაზრდების მხრიდან არაოფიციალური, თუმცა ნაგულისხმევი ცენზურების მოხსნა სალაპარაკო ენიდან, რაც ხშირად ზრდასრულების მხრიდან ლოგიკური თუ არალოგიკური მიზეზებით მიუღებელი სიტყვების გამოყენებაში გამოიხატება, გარკვეულწილად, ახალგაზრდების კომენტარია სოციალურ პრობლემებსა და მოვლენებზე, იმ პრაქტიკებზე, რომლებიც, მათი აზრით, მოძველებული და გამოუსადეგარია.

ქუთაისური კომუნიკაციების ფორმებისა და საზოგადოებრივი ინტერაქციების უკან არსებული კოდების განხილვისას საინტერესოა ,,ნაცნობი უცნობების“ თეორიის პერსპექტივიდან დანახული რეალობა. ,,ნაცნობ უცნობებთან“ ურთიერთობის დინამიკა კომუნიკაციის თავისებური, განსხვავებული ფორმაა.  ,,ნაცნობი უცნობების“ თეორია სტენლი მილგრემს ეკუთვნის, რომელსაც აინტერესებდა კოლექტიური კანონზომიერებების იდეა. კერძოდ, ადამიანები, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, ხშირად იმახსოვრებენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებთანაც ერთი კონკრეტული გაზიარებული გამოცდილების გარდა არაფერი აკავშირებთ, თუმცა ეს გამოცდილება იმდენად რეგულარულია, რომ მოვლენის განმეორებადობის გამო უბრალო დაკვირვება მეხსიერებად იქცევა. მაგალითად, თუ ორი სრულიად უცნობი ადამიანი ერთსა და იმავე დროს, ტრანსპორტის ერთნაირი საშუალებით მიდის სამსახურში ერთსა და იმავე მარშრუტით, მათ ყოველგვარი სხვა ემოციური ბმის გარეშე უყალიბდებათ ერთმანეთის ამოცნობის უნარი. სრულიად უცხო პიროვნება მარტივად შეიძლება იქცეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად. მიუხედავად ამისა, მილგრემის თანახმად, ადამიანები ხშირად მსგავს კავშირებს ,,გაყინულ ურთიერთობებად“ ტოვებენ, ანუ ერიდებიან დამახსოვრებისა და ამოცნობის პროცესის გაცხადებას, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში ემოციური ინვესტიციის ჩადებას ვერ ბედავენ, თუმცა ამ პიროვნებათა დინამიკაში ცალსახად შეინიშნება განსხვავებული სოციალური ინტერაქციები. ქუთაისში, მოსახლეობის რაოდენობიდან და თავად ქალაქის სახიდან გამომდინარე, მრავალი ადამიანი მუდმივად ერთი კონკრეტული წერტილისკენ, ქალაქის ცენტრისკენ მიემართება ხოლმე. აქ განსაკუთრებით ხშირია უცხო ნაცნობების შეძენა, ადამიანების დამახსოვრებისა და ამოცნობის გამო ხშირად ჩნდება სიმშვიდის განცდა, რომელიც გამოიხატება იმის ცოდნაში, რომ, ერთი შეხედვით, უცხო ადამიანსაც კარგად იცნობ და თუნდაც ტრანსპორტით ერთად სარგებლობის განმავლობაში ამ დინამიკისგან მოულოდნელობებს არ უნდა ელოდო. საინტერესოა ის სხეულის ენისა თუ მეტყველების გამოხატულებები, რომლებსაც ,,უცნობი ნაცნობების“ მიმართ იყენებენ ხოლმე. ქუთაისში მსგავსი მიმართებები შედარებით მარტივად აღმოსაჩენი გახლავთ, რადგან მსგავსი პროცესების შედეგად დამახსოვრებული ადამიანების რაოდენობა თითოეული მგზავრისთვის საკმაოდ დიდია, რის გამოც ემოციური ინვესტიციის ჩადების რისკიც შედარებით იკლებს და ,,უცნობ ნაცნობებთან“ გამართული დიალოგები მარტივად შეიძლება გასცდეს ფორმალურ, მოკლე წინადადებებს, რომლებსაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყენებენ ხოლმე. შესაბამისად, ანონიმურობის საჭიროების არარსებობასა და დაკარგვას ,,უცნობ ნაცნობებთან“ ადამიანები ხშირად თავად ქალაქის მახასიათებლად აღიქვამენ და თვლიან, რომ კონკრეტულად ქალაქისთვისაა დამახასიათებელი უშუალობის, პირდაპირობისა და სიახლოვის განცდა, თუმცა ამის უკან, რაციონალიზაციის საშუალებით მარტივად დავინახავთ მთელ რიგ სოციალურ მოვლენებსა და გავლენებს. ქალაქში დანახული უშუალობა, ინტიმურობისა და სიახლოვის განცდა, არაფორმალური სამეტყველო ენის გამოყენება უკვე დამახსოვრებულ ადამიანებთან სწორედ ,,ნაცნობ უცნობებთან“ კომუნიკაციის თეორიას ეფუძნება და ზემოთ ხსენებული იდეა სწორედ ასეთი სახით გამოიხატება ქუთაისურ რეალობაში. 

ქალაქის თავისებურებებზე, მის კულტურასა და სოციალურ თუ ლინგვისტურ მოვლენებზე დაკვირვებით აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი უნიკალური კონტექსტი და თავისებურებები, რომელთაც ვერ გამოვაცალკევებთ ქალაქში მიმდინარე ცხოვრებისგან, კონკრეტული სიტუაციებისაგან და სოციალური დინამიკისგან.  

ბიბლიოგრაფია

 ლომთაძე, თამარ. ,,ქალაქური მეტყველების თავისებურებები (ქ. ქუთაისის მაგალითზე).” დისერტაცია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2001. 

Bilaniuk, Laada. “Gender, Language Attitudes, and Language Status in Ukraine.” Language in Society 32, no. 1 (2003): 47–78. http://www.jstor.org/stable/4169240.

Hymes, Dell. Foundations in Sociolinguistics: An Ethnographic Approach. New York: Routledge, 2001. 

Nelsen, Edward A.  Rosenbaum, Edward. “Language Patterns Within the Youth Subculture: Development of Slang Vocabularies.” Merrill-Palmer Quarterly of Behavior and Development 18, no. 3 (1972): 273–85. http://www.jstor.org/stable/23084611.

Rojek, Chris. Presumed Intimacy: Parasocial Interaction in Media, Society and Celebrity Culture. Cambridge: Polity Press, 2016. 

Shaw, Sara. Copland, Fiona. Snell, Julia. “An Introduction to Linguistic Ethnography: Interdisciplinary Explorations.” In Linguistic Ethnography, ed. Sara Shaw, Fiona Copland, Julia Snell. London: Palgrave Macmillan, 2015. https://doi.org/10.1057/9781137035035_1

Smakman, Dick. Heinrich, Patrick. “Why Cities Matter for a Globalising Sociolinguistics.” In Urban Sociolinguistics: The City as a Linguistic Process and Experience. Ed. Dick Smakman, Patrick Heinrich. New York: Routledge, 2018.