დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა

kakabadze

გააზიარე:

kakabadze

ავტორი: ნანული ცხვედიანი

იცით, ქუთაისში სად შეიძლება, ერთმანეთს  დაუკავშირდნენ ქართული მხატვრობის ყველაზე გამოჩენილი  წარმომადგენლები? 

რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრში –  რუსთაველის პროსპექტის 8 ნომერში, დავით კაკაბაძის სახელობის  სახვითი ხელოვნების გალერეის მუდმივმოქმედ  ექსპოზიციაში, ან ფონდსაცავებში.

  სიმბოლური დამთხვევის შესახებაც   ვთქვათ: გალერეის  მოპირდაპირე მხარეს  რომ პირველი საჯარო სკოლის შენობაა – ყოფილი კლასიკური გიმნაზიისა, აქ  1851-იდან მრავალი წლის განმავლობაში, ხატვასა და სუფთა წერას  ასწავლიდა ქართული რეალისტური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი დიპლომირებული ქართველი მხატვარი – პორტრეტისტი, რეპინის მეგობარი და თანაკურსელი  გიორგი მაისურაძე (აკაკის, ნიკო ნიკოლაძის, ნიკო მარის, ბესარიონ ღოღობერიძის და სხვა გამოჩენილ ადამიანთა ხატვის მასწავლებელი).

განა არ  ეკუთვნოდა სახვითი  ხელოვნების განძთსაცავის შექმნა  ქალაქს, რომელთანაც სისხლხორცეულადაა დაკავშირებული გიორგი მაისურაძის, დავით კაკაბაძის, იაკობ ნიკოლაძის, პეტრე ოცხელის, კირილე ზდანევიჩის,  ფელიქს ვარლას (ვარლამიშვილის) და სხვათა  დიდი  სახელები?

 ეკუთვნოდა!

  და ამაზე ფიქრი გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს ქუთაისში.

 შესაფერად იქნა მიჩნეული ქალაქის ცენტრში მდებარე ორსართულიანი, საინტერესო არქიტექტურით გამორჩეული შენობა,რომელიც, დაახლოებით, 1900-იან წლებშია  აგებული. იგი მიხეილ გოკიელის საკუთრება იყო, 1911 წელს აქ უკვე მოქმედებდა  მისივე სასტუმრო „ფრანცია“. შენობა შემდეგაც დიდხანს გამოიყენებოდა სასტუმროდ (ფაქტი მოხსენიებულია მ. ბულიას და მ. ჯანჯალიას წიგნში „ქუთაისი,“2006 წ.)… 

სანამ  სახვითი ხელოვნების გალერეა გაიხსნებოდა, 1972- 1976 წლებში უკვე ჩატარდა სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები: შენობას, არქიტექტორების გივი თოდაძისა და  სულიკო გაგუას პროექტით, საფუძვლიანი რეკონსტრუქცია გაუკეთდა; ქალაქის საბჭოს აღმასკომმა და რიგმა ორგანიზაციებმა კი შეიძინეს  ცნობილი ქართველი მხატვრების ნაწარმოებები, რომლებიც მუდმივ მფლობელობაში გადასცეს გალერეას.

„ეს იყო დიდი სახალხო მოძრაობა კულტურის კერის შექმნისთვისო,- წლების შემდეგ გაიხსენებს  გალერეის პირველი დირექტორი  და მისი გულწრფელი  მოამაგე, რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი არჩილ ჩოგოვაძე, – ასე გაჩნდა  გალერეის საგანძურში ნაწარმოებები   ისეთი კლასიკოსი და ცნობილი მხატვრებისა,  როგორიცაა: ნიკო ფიროსმანაშვილი, გიგო გაბაშვილი,  ლადო გუდიაშვილი,  დავით კაკაბაძე, იაკობ ნიკოლაძე, შალვა ძნელაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე,  თამარ აბაკელია, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი,ნიკოლოზ კანდელაკი, უჩა ჯაფარიძე, აპოლონ ქუთათელაძე, კორნელი სანაძე, ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი,  გოგი ოჩიაური,  ზურაბ ნიჟარაძე, თენგიზ მირზაშვილი,  დიმიტრი  ხახუტაშვილი,  ელგუჯა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ იგნატოვი, ვალერიან მიზანდარი და სხვები. გალერეის შექმნას, მის ოფიციალურ გახსნამდე,  დიდი ამაგი დასდო სამხატვრო საბჭოს  თავმჯდომარემ,  მხატვარმა გულდა  კალაძემ. აგრეთვე აღსანიშნავია საქართველოს სახელმწიფო გალერეის  დირექტორის მიშა ყიფიანის, ცნობილი მხატვრის  ჯემალ ლოლუას დიდი პასუხისმგებლობა და მოწადინებაო“,- მოგვითხრობდა  ბატონი არჩილი.  

ამრიგად, 1976 წლის 27 აპრილს, დღის 11 საათზე,  საზეიმო ვითარებაში გაიხსნა  ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა. ამ ფაქტს  საქართველოს  მხატვართა კავშირის  ქუთაისის ორგანიზაცია და ქალაქი  საგანგებოდ მიძღვნილი ღონისძიებებით შეხვდნენ:  ცენტრალურ ბაღში (ბულვარში) მოეწყო მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;  საღამოს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საზეიმოდ დაიხურა მხატვართა კვირეული, შემდეგ კი წარმოდგენილი იყო მარჯანიშვილის  სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის საგასტროლო სპექტაკლი „ფიროსმანი.“

  ქალაქში დიდსტუმრიანობა იყო: ქუთაისს ეწვივნენ  ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები, ხელოვნების მუშაკები და თაყვანისმცემლები, სტუმრები მეზობელი ქალაქებიდან და რაიონებიდან. რესპუბლიკური და საქალაქო პრესაც  აქტიურად გამოეხმაურა მოვლენას, „კულტურის დიდი შენაძენი“ უწოდეს გალერეის გახსნას. ამდენად, შეიძლება, აღვადგინოთ  ის  მასშტაბური და  საზეიმო  სურათი, რომელმაც მოიცვა ქალაქი.

საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ დემურ დვალიშვილმა, ლენტის საზეიმოდ გაჭრის შემდეგ, თავის შესავალ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა:

“გალერეის შექმნაში ფასდაუდებელია  აწგანსვენებული მოქანდაკის  გულდა კალაძის ღვაწლი. ქალაქის ხელმძღვანელობას ამ დიდი საქმის ხორცშესასხმელად მეგობრული ხელი გამოუწოდეს ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა: ჯემალ ლოლუამ, დიმიტრი ერისთავმა,  ლევან  მხეიძემ, გოგი ოჩიაურმა, გურამ ქუთათელაძემ, მიხეილ ყიფიანმა, რევაზ თარხან -მოურავმა და ბევრმა სხვამ. ასევე გვერდით ამოგვიდგნენ ქუთაისის  საწარმო-დაწესებულებები, რესპუბლიკის სამშენებლო ორგანიზაციები.“

„გალერეაში  გამოფენილი  ექსპონატების ავტორები ძველი და ახალი  თაობის მხატვრებია, მაგრამ რაოდენ დიდი იქნებოდა აწგანსვენებულ მხატვართა სიხარული, რომ მათ ოდესმე წარმოედგინათ ქუთაისში გალერეის  არსებობაო!“ – განაცხადა გალერეის დაფუძნების ერთ – ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს  მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის  შემქმნელმა,   რესპუბლიკის დამსახურებულმა მხატვარმა, მოქანდაკე ვალერიან მიზანდარმა და  მადლობა გადაუხადა ამ დიდებული საქმის მესვეურთ (იმ დღეს გაზეთ „ქუთაისში“ დაიბეჭდა მისი საინტერესო ინტერვიუც, სადაც მოგვითხრობს  ქუთაისთან ფესვებით დაკავშირებული დიდი ქართველი მხატვრების შესახებ).

გალერეის ფონდები (ფერწერა, გრაფიკა,  ქანდაკება, კერამიკა)  გახსნის დღეს 360-მდე  ექსპონატს  ითვლიდა, 10 წლის შემდეგ კი უკვე  1100 ერთეულს აღემატებოდა. არჩილ ჩოგოვაძის  გადმოცემით,  შემდგომი  წლების  განმავლობაში  ქალაქის კულტურის განყოფილების,  საქართველოს მხატვართა კავშირის ქუთაისის გამგეობისა და მისი თავმჯდომარის ჯეირან ფაჩუაშვილის, სახვითი ხელოვნების  გალერეის  (საკუთარ თავზე არ ლაპარაკობდა, თუმცა საზოგადოებამ ხომ იცოდა, რა  ფასდაუდებელი იყო თავად არჩილ ჩოგოვაძის  ღვაწლი)  მრავალმხრივი, ერთობლივი საქმიანობით,  საქალაქო საბჭო სისტემატურად იძენდა და ფონდებს  თანდათან ამდიდრებდა მეტად მნიშვნელოვანი ნამუშევრებით. მათ შორის იყო: დავით კაკაბაძის იმერეთის სერია  და პარიზის პერიოდის  გრაფიკული პეიზაჟები, სერგო ქობულაძის გრაფიკული ნაწარმოებები:“დანტე“, „შოთა რუსთაველი“, ირაკლი გამრეკელის, ფარნაოზ ლაპიაშვილის,  ლადო გრიგოლიას, ეკატერინე ბაღდავაძისა და სხვათა  ნამუშევრები.

1985 წელს  სსრკ სახალხო მხატვარმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა უჩა ჯაფარიძემ გალერეას საჩუქრად გადასცა  ნიკო ფიროსმანის ფერწერული სურათი „ქალი თარით.“

1988 წელს ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი მოხდა: მას  დიდი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის,  ხელოვნების მკვლევრის, სტერეოკინოს გამომგონებლის, პროფესორ დავით კაკაბაძის (1889-1952) სახელი მიენიჭა.

მრავალი  წელი გავიდა და  სახვითი  გალერეა კიდევ მეტად შეივსო და გამდიდრდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ   დიდ ქართულ საგანძურს 1989 წელს შეემატა ქუთაისში დაბადებული და უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი მხატვრის – ფელიქს ვარლას (ვარლამიშვილის) ფერწერული ტილო  „ხილის კრეფა“, მისი ორი გრაფიკული ნამუშევარი. ასევე გალერეაში შემოვიდა  ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის  ირაკლი გამრეკელის ესკიზები, ქუთაისში გამართულ მხატვართა საერთაშორისო პლენერზე შექმნილი ნაწარმოებები და სხვა. 

ფონდსაცავებში დღეს ინახება 3000-ზე მეტი ექსპონატი (ფერწერა, გრაფიკა,  ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება). ფასდაუდებელია არამხოლოდ  ფონდებში დაცული ძველ და თანამედროვე საუკეთესო ქართველ მხატვართა ნამუშევრები, არამედ – საერთაშორისო გზებით   შემოტანილი  ევროპული მხატვრობაც.

თავისი არსებობის მანძილზე გალერეამ ასეულობით   გამოფენა მოაწყო. მათგან აღსანიშნავია როგორც ადგილობრივი, ისე რესპუბლიკური და საერთაშორისო მნიშვნელობის  ჯგუფური, პერსონალური  თუ თემატური გამოფენები. ამ გამოფენების მეშვეობით, ფართო საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი  ჩვენს ქალაქში მოღვაწე, სხვადასხვა თაობის არაერთი მხატვარი, მათი   შემოქმედებითი ზრდის პროცესი, რის შესახებაც  პრესაში საყურადღებო რეცენზიებს წერდნენ პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეები. საზოგადოებამ  გაიცნო და შეიყვარა  სხვადასხვა ხელწერის მქონე ქუთაისელი   მხატვრების შემოქმედება. მათ შორის, ვისი  ქმნილებებიც დაცულია გალერეის ფონდებში, არიან: ვალერიან მიზანდარი, არჩილ და მიხეილ (სოსო) ჩოგოვაძეები, გიორგი (გოგილო) ნიკოლაძე, გივი თოდაძე,  გურამ კვიმსაძე, გურამ დოლენჯაშვილი,  ჯეირან ფაჩუაშვილი, ოთარ ქანდარია, ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძე, ჯავა ჭეიშვილი, აკაკი კიკვაძე, რობერტ მნაცაკანიანი, რეზო რამიშვილი, გურამ გაგოშიძე, გიორგი ჩხეტია, შოთა მინდელი, ვიტალი კაპანაძე, თემურ თადუმაძე,  მერაბ გიორგაძე, ავთანდილ აბესაძე, ავთანდილ ჯაყელი, გიორგი (გოგი) ლომთაძე, ზაურ წითაშვილი, თემურ ამბროლაძე,  ავთანდილ ლელაძე, ავთანდილ ამაშუკელი, თამარ (ბაილა) ჭეიშვილი, ზურაბ მგელიაშვილი, თედო მანჯგალაძე, ავთანდილ აფრიდონიძე,თეა სულაბერიძე,  ლალი ზამბახიძე, ვაჟა ქუთათელაძე, დიტო შანიძე,  ვახტანგ ხვედელიძე,  ზურაბ ჯანელიძე, ვალერი მეძმარიაშვილი, ამირან აბულაძე, ამირან ლომთაძე, მამუკა ტყეშელაშვილი, გოჩა ჩხაიძე, ანტონიო და ირაკლი ჩოგოვაძეები, ლევან ვეკუა  და  სხვ. მათ გვერდითაა ახალგაზრდა  მხატვართა თაობების კიდევ   არაერთი ნიჭიერი   წარმომადგენელი.

ცხადია, გალერეა მარტოოდენ შემკრები, დამტეველი და საიმედო საცავი როდია ხელოვნების რჩეული ნიმუშებისა. წლების მანძილზე დიდი  მონდომებით შეგროვებული ეს  ნამუშევრები, უწინარესად, მის უდიდებულესობას – დამთვალიერებელს ეკუთვნის, ადამიანების   ესთეტიკური ტკბობისა და  ნატიფი გემოვნების ჩამოყალიბებისთვისაა გამიზნული. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, მხოლოდ 2010 წლიდან გასულ წლამდე გალერეაში ვიზიტორთა რაოდენობა, დაახლოებით, 40 ათასია. ეს იმას ნიშნავს, რომ სახვით ხელოვნებას ჩვენს ქალაქში საკმაოდ ჰყავს თაყვანისმცემელი – როგორც ადგილობრივი მკვიდრნი, ისე – რეგიონებიდან ჩამოსულნი  და  უცხოელი ტურისტებიც.

ასე რომ, ქალაქის ცენტრი, სადაც  დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა დგას, სწორედ ის ადგილია, „განძის მაძიებლებს“ რომ ფრიად დააინტერესებს…