„Livin’ In The Mirror, ანუ პანკი ქუთაისურად“

mebuke

გააზიარე:

mebuke

ავტორი: მარიამ მებუკე

   თუ მარკესს ვენდობით, იმისთვის უნდა ვიცხოვროთ, რომ მოვყვეთ. ამბავი ბევრია, მოსაყოლიც, მაგრამ ახლა „სხვა“ თაობის მამებსა და შვილებზე (ივან ტურგენევი და ილია ჭავჭავაძე არაფერ შუაშია) ვისაუბროთ,  უფრო ზუსტად კი იმაზე, რასაც „ქუთაისურმა ტალღამ“ გადაუარა. პარადოქსულია, მაგრამ ეს ტალღა ერთდროულად მშვიდიცაა და ხმაურიანიც.  თხრობაში მოვლენათა ინტერპრეტაცია მარტივია, ამიტომ სამართლიანი იქნება, აღვნიშნო: ჩემი თაობა ამ ამბის უშუალო მონაწილე არ ყოფილა. სარკის მიღმა დავდგები და დანარჩენს ასე მოგითხრობთ.

      1990-იანი წლების ქუთაისს ცვლილებები სჭირდებოდა. ვის უნდა მოეტანა სიახლე? ახალგაზრდებს. რა უნდა ექნათ? რაც ყველა მსგავს სიტუაციაში კარგი გამოსავალია – ხელოვნება შეექმნათ და „უცხო ჩიტის“ პერსონაჟებივით აეგოთ ცათმფრენი. შეიძლება მეტაფორულად ჟღერდეს, მაგრამ, ფაქტია, ყველასთვის სამყოფი ენთუზიაზმით დაეწერათ ახალი ოდა თავისუფლებაზე.

            ხელოვნების ძალით ემზადებოდა ქალაქი ცვლილებისთვის ისე, როგორც ეს შეეძლო მუსიკას, ლიტერატურას, მხატვრობას. ამ დროს ქალაქში შეხვდებოდით ახალ თაობას განსხვავებული ინტერესებით, ჩაცმის სტილით, ჩვევებითა და შეხედულებებით. მიუხედავად ამისა, ერთფეროვნება მაინც ყველას თანაბრად  მოიცავდა. „ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს“(ამ შემთხვევაში კი ქუთაისს), ანუ „ ახალი სიტყვის“ მომტანი აღმოჩნდნენ ამ თაობის ბიჭები. მათ გადაწყვიტეს, რომ მუსიკით გამოხატულ პროტესტს, ეპოქის მანკიერი მხარის მხილებას, საკუთარ საფიქრალზე საუბარს მოაქვს ცვლილება, რაც ის თავის თავში უარყოფს ძველს და ქმნის ახალს.         

          ქუთაისურ პანკს უფრო დიდი ისტორია აქვს და ის 1990-იან წლებში არ იწყება, მაგრამ თუ კონკრეტულ თაობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთ „ახალ ტალღაში“ სწორედ ეს ჯგუფები ერთიანდება: „ბურუსი“, „ალკო“ (უფრო ადრე ცნობილი, როგორც „კომა“), „Best History“, „პულსი“, „ბუნკერი“ და სხვები. სახელებიც ისეა შერჩეული, რომ შეიძლება ესეც პროტესტის ფორმად ჩავთვალოთ.

       ამ პანკ-თაობის უთქმელი მანიფესტი ალბათ ასე ჟღერს: „მათ, ვინც მუსიკას ქმნის, უნდა ჰქონდეთ საკმარისი გამბედაობა, თავისუფლად გამოხატონ აზრი, ისაუბრონ პრობლემაზე. ვინც მოსაწყენი ყოფით და ყოველდღიურობასთან გადარჩენისთვის თამაშით დაიღალა, სურს უკეთესი.“  შეიკრიბნენ. ბევრი დრო არ დასჭირვებიათ, ლადო ბურდულს და რობი კუხიანიძეს უსმენდნენ, თან რაღაცას ელოდნენ, პირველ რიგში, საკუთარი თავისგან. 

      პულსი და მაჯისცემა მათი თაობის ჰქონდათ, შეხედულებები – განსხვავებული. სხვა რით აიხსნება ერთ წერტილში მომზირალი ახალგაზრდებისადმი მუსიკით მოწოდება, მით უფრო მაშინ, როცა ეს თაობა რაღაც სხვას უსმენდა, უკვე მოძველებულს და მელანქოლიურს, პოპს სიყვარულზე, წვიმასა და აქა-იქ წვიმის მერე გამოჩენილ ცისარტყელაზე დაწერილ სიმღერებს. სიყვარულზე წერა კარგია, მაგრამ რომანტიზმი მაშინ, როცა ეპოქა შველას ითხოვს, არც ისე სწორი არჩევანია. 

      „@ქუთაისი, 2003 წელი. ჩაწერილია გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაში.“ ასე, სახლის სტუდიაში ჩაიწერა პანკი, რომელსაც, პოეზიისგან განსხვავებით ერთი ფურცელი არ ჰყოფნის, ქაღალდის ნაგლეჯებზე ვერ იწერება, ინსტრუმენტები და შესაბამისი ტექნიკაც სჭირდება. როგორ ქმნიდნენ პანკს ქუთაისში? რთული უნდა ყოფილიყო 90-იანებში არათუ მუსიკალური ინსტრუმენტების, არამედ თბილი სახლის პოვნაც. მრწამსიც იყო და მრწამსიც, „უშუქო სარეპეტიციოებიც, დასარტყამ ინსტრუმენტებად გამოყენებული ტროლეიბუსის სკამებიც“(როგორც ლაშა გაბუნია წერს კიდეც ალბომის აღწერაში). ამ ყველაფრის მიუხედავად, იყო „შეუძლებლის ცდის“ სურვილი. 

            90-იანი წლებიდან შექმნილი სიმღერები ორ ალბომში გააერთიანეს და ისტორიადაც შეუნახეს ქუთაისს. კონცერტები არც ისე იშვიათად, მწერალთა სახლის იმდროინდელ შენობაში ტარდებოდა. მთავარი, რაც ამ თაობას გამოარჩევდა არა მხოლოდ მუსიკალურად, საერთო იდეა იყო. ყველაფერი მოძველებული დამღუპველია, „Viva“ რაღაც ახალს. 

        „ვერ ვიტან რითმულ ცხოვრებას“ – ბურუსის ერთ-ერთ სიმღერაში გაჟღერებული ეს ფრაზა პირდაპირ გამოხატავს იმას, რისი თქმაც მათ სურდათ. ერთია, საუბრობდე პრობლემაზე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შესთავაზო სხვებს გამოსავალი. ახლა რაღა ვქნათ? „ბარბაროსები გაქრნენ“, არაფრის მიზეზი აღარ არსებობს, კედელიც ნელ-ნელა ინგრევა (ბერლინის დიდი ხანია, დაინგრა), ჯინსიც ჩავიცვით, მაგრამ რაღაც მაინც გვაკლია. მოძრაობაა საჭირო. ამიტომ დავარღვიოთ რითმული ცხოვრება, შემოვიტანოთ მწყობრი ქაოსი და ახალგაზრდები მუსიკით გავაერთიანოთ. ამ თაობას საკუთარი თავის გამოხატვა უნდა ესწავლა, თავად ყოფილიყო ჭერზე ბზარის შემნიშნავიც და წარსულის „ნგრევის“ მონაწილეც.  ეგრძნო თავისუფლება, რომელიც თავის თავში, ცოდნას, ახლის გაგების სურვილს მოიცავს.               

       დაგმო უძრაობა და გამოიწვიო მწყობრი ქაოსი, ისეთი ქაოსი, რომელსაც რაღაც დადებითის მოტანა შეუძლია, რთული და მნიშვნელოვანია.  მით უფრო მაშინ, როცა პანკს, როგორც მუსიკალურ ჟანრს, არაელიტური საზოგადოების პროდუქტად აღიქვამდნენ და პირველსკოლელების (და არა მხოლოდ) განათლების ხარისხში, ერუდიციაში ეჭვის შეტანა დაუფიქრებლად შეეძლოთ დრომოჭმული კლიშეების, სტერეოტიპების გამო. რეალურად კი ყველაფერი პირიქით იყო. ამ სიმღერებში გერმანულ ტექსტებსაც შეხვდებით, მუსიკალურ ინდივიდუალიზმსაც, სევდასაც და თავისუფლების ჟინსაც. ახალი თაობისთვის, სარკის მიღმა მდგომებისთვის კი ეს დღესაც მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყველა იპოვის თავის წილ „მეს“. ალბათ, უნდა შეჩერდე, თუ ფიქრობ, რომ „სინათლე ქრება“(Raplix –„შეჩერდი“), რადგან ამ ბიჭებმა გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოაჩინეს და იმაშიც შეგვატანინეს ეჭვი, რომ „სამყარო ბრუნავს“ და შემდეგ თავადვე გადაგვარწმუნეს. „კმარა“ ყველაფერი ძველი – ამით დაიწყეს და დაასრულეს კიდეც 2003 წელს. მაშინ, როცა ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. ალბათ ესეც სიმბოლურია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ თავად ამ ჯგუფების წევრებიც კი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ისინი ყოველთვის იტოვებენ რაღაც გზას, „გზას შინისაკენ“(„ბუნკერის“ ერთ-ერთი სიმღერის სახელწოდება). ამიტომ, როგორც ერთ ლექსშია, „გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი“…

          როცა ვამბობთ, რომ ახალი თაობის ყველა წევრი საკუთარ თავს აღმოაჩენს ამ ტექსტებში, მხოლოდ მელოდიის მოწონებას, სიმღერის აკვიატებას არ ვგულისხმობთ. ქუთაისი ყველა ეპოქაში იყო ხელოვნების ქალაქი და იმ ძველი კულტურული წარსულის გაგრძელება ახლაც საჭიროა. ერთი ეპოქა დასრულდა, იმ ტალღამაც გადაიარა. რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს დასასრული, ის რაღაც ახლის დასაწყისსაც მოიაზრებს. კულტურა ხშირად არასწორადაც გვესმის და არქაული ტრადიციების განდიდებად აღვიქვამთ. თქვენ დღეს ქუთაისის ქუჩებში შენიშნავთ თაობას, ერთი „სახით“ და ათასი განსხვავებული შეხედულებით. დღესაც ამ ახალგაზრდებს მუსიკა აერთიანებთ, უყვართ პანკი და ზუსტად იციან, რომ ცვლილება მათ თავებში იხარშება, რომ კიდევ ერთი საყვარელი ჯგუფის სიმღერა გააერთიანებთ, ისე, რომ მათი „მდევრებიც“ (SKAZZ – „მდევარი“) გახდებიან. ამ ქალაქში პანკს დღესაც ქმნიან და შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფი „SKAZZ“ ჩვენს სათქმელს ამბობს, თაობის ხმაა, ახლის დასაწყისი…

         კონტრასტი და ჩარჩოების მსხვრევა ქუთაისს აქცევს „კულტურულ და კულტურის“ ქალაქად. მთავარი შაბლონების უარყოფაა. ამ შაბლონებს უარყოფდნენ 90-იანი წლების მიწურულს, 2000-იანებში და ახლაც, როცა პანკს შეიძლება უსმენდეს ისიც, ვისაც ფიზიკა აინტერესებს და ისიც, ვინც ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში კლასიკური მუსიკის ისტორიას ეცნობა, ან „სიყვარულის ბაღთან“ მხოლოდ იმიტომ ჩაივლის, რომ ორი „ცისფერყანწელი“ მოინახულოს.

      თქვენც, როცა ამას წაიკითხავთ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: რას მოუსმენდა ქუთაისი, სული რომ ჰქონდეს? ქუთაისს სული აქვს, ქუთაისი უსმენს პანკს და ამ ქალაქში „სიმართლის მთქმელებს“, ახალ თაობას რომ არ გვდევნიან, ეს ძველი ტალღის დამსახურებაა. თანამედროვე ქუთაისური პანკიც შექმნის თავის ოდას თავისუფლებაზე და მას ახალი თაობის ხმა გააჟღერებს.

ალბომის ლინკი – „ქართული (ქუთაისური) ტალღა“