ვერა წერეთელი და ისიდორე ვარაზაშვილი

isidore

გააზიარე:

isidore

ავტორი: ლია ხარაიძე

ჭიათურიდან მიმავალი, მას შემდეგ რაც ,,დევის ნამუხლს“ გაივლი, სვერის ციხესა და ,,კოტიას მღვიმესაც” უკან მოიტოვებთ, მიადგებით  სოფელ ცხრუკვეთს, სადაც ძველ სასაფლაოზე,  წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ქვეშ,  მცენარეებში ჩაკარგული აკლდამა, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. აკლდამა ვერა ვარაზაშვილის ეკუთვნის, რასაც წარწერაც მოწმობს. სამუდამო ძვალთშესალაგი  ისიდორე ვარაზაშვილმა უზომო სიყვარულისა და მწუხარების   ნიშნად აუგო ძვირფას მეუღლეს.

                 ,,ჩემო სიცოცხლე, ჩემო ვერიკო….შენით ვცოცხლობ და შენით შევხარი წუთისოფელს, ადვილად ვიტან ყოველ გაჭირვებას იმ იმედით, რომ შენ და ჩემი ბავშვები კარგად მეყოლებით. ეს გახსოვდეს ჩემო იმედო“.

                   ვინ იყო ვერა წერეთელი, ვისაც ასეთი სიყვარულით და პატივისცემით წერს ისიდორე ვარაზაშვილი?.. ცნობილი მეწარმე და  მეცენატი, სააქციო საზოგადოება ,,ჩემოს” ერთ-ერთი ფუძემდებელი და პირველი თავმჯდომარე. (ზოგი ვერსიით ნიკო ნიკოლაძე მოიწვია პირველ თავმჯდომარედ. სამწუხაროდ ძმები ვარაზაშვილების შესახებ საზოგადოებამ ნაკლები იცის, რადგან მათი ოჯახები რეპრესირებულები იყვნენ და ვარაზაშვილებზე ხმამაღლა საუბარს ვერავინ ბედავდა.)  

ვერა, წერეთლების ცნობილ, წერეთელ-მოძღვრიშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა. ამ ოჯახმა არაერთი დიდებული  პიროვნება აჩუქა საზოგადოებას: ვასილ, მიხაკო, ალექსანდრე, გიორგი, თინა წერეთლები. ასეთ გარემოცვაში გაიზარდა ვერა, ოჯახში სადაც სტუმრად მოდიოდნენ აკაკი წერეთელი , გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ზდანოვიჩი, ნიკო ნიკოლაძე, კიტა აბაშიძე… ბუნებრივია, რომ იგი აქტიური და საზოგადოებრივი საქმიანობით ფრიად გატაცებული იყო.

                  რაც შეეხება ვერას  სიყვარულის ისტორიას, მას შემდეგ დაიწყო, რაც ისიდორე კომერციული საქმიანობით ჩამოვიდა ჭიათურაში. ისიდორე სამეწარმეო საქმიანობას მრავალ საზოგადოებრივ საქმესაც უთავსებდა.  შეუძლებელია გვერდი ავუარო და გაკვრით მაინც არ ვახსენო ისიდორე ვარაზაშვილისა და სააქციო საზოგადოება ,,ჩემოს“ საქველმოქმედო საქმიანობა. უშუალოდ ისიდორეს ძალისხმევით ჰამბურგსა და მიუნხენში დაარსდა  ,,რუსთაველის საზოგადოება“, რომელიც ქართველ სტუდენტებს ყოველგვარ დახმარებას უწევდა.  საზოგადოების დაფინანსებით ევროპაში სწავლის გაგრძელება შეძლეს: დავით კაკაბაძემ, სერგო  კლდიაშვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ და სხვებმა.   ახლადგახსნილ უნივერსიტეტს შეუძინეს ბიბლიოთეკა, ხელთ გვაქვს ივანე ჯავახიშვილის წერილი გერმანიაში მყოფი ისიდორესადმი მიწერილი, რომელშიც ისიდორეს სთხოვს უნივერსიტეტისათვის ლაბორატორიის შეძენას. საზოგადოების საქველმოქმედო საქმიანობის ნუსხა ბევრად ვრცელია და ამაზე სხვა დროს შევჩერდებით. ახლა კვლავ ვერას ისტორიას  დავუბრუნდეთ. 

               ისიდორემ ჭიათურაში, გიორგი ნუცუბიძესთან ერთად დააარსა სცენისმოყვარულთა საზოგადოება. სპექტაკლებში თვითონაც თამაშობდა.  ახალგაზრდა და ენერგიული ვერიკოც  დასის წევრი იყო. ამას გარდა ისიდორეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვერას  ოჯახთან, განსაკუთრებით მის ძმასთან ალექსანდრესთან. შეუძლებელი იყო აქტიური, ენერგიული და მშვენიერი ვერა ყურადღების მიღმა დარჩენოდა ისიდორეს. 

1907 წელს ვერამ და ისიდორემ იქორწინეს.  ვერას მშფოთვარე ცხოვრება არც გათხოვების შემდეგ შეუწყვეტია. მის პიროვნებას კარგად ახასიათებს მეგობრების, ლიდა ლეჟავას და ნინა ასამბაძის  მოგონებები: ,,1912 წლის ზაფხულის დასვენების შემდეგ, სექტემბრის 15-ში გამოვცხადდით ტფილისის ქალთა უმაღლესი კურსების შენობაში… აქ ჩვენი ყურადღება მიიქცია ლამაზი ქართულით მოსაუბრე, ცქრიალა შუატანის თავშიშველა ქალმა… გავიგეთ, რომ ის იყო ჭიათურიდან წერეთლის ქალი. ეს ის დრო იყო, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებს ქართველი ქალები სხვებთან შედარებით ნაკლებად ეტანებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა კურსები უკვე მეოთხე წელიწადი არსებობდა საქართველოს დედაქალაქში, პირველ კურსზედ სულ სამი თუ ოთხი მსმენელი ვიყავით. დანარჩენი რუსობა და სომხობა იყო.“  არც ვარაზაშვილების უფროს თაობას მოსწონდა ახალგაზრდა, გათხოვილი ,,ქალის სიარული ტფილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე.“ მაგრამ, ახალგაზრდა ქალს გვერდში ედგა და ამხნევებდა მეუღლე -. ,,შენი ჭირიმე, თუ მაცადინობის დაწყებას არ დააგვიანებ, კარგი იქნება“.  წერს ჟანდარმერიას გარიდებული ისიდორე თავის მეუღლეს. ,,კარგი იქნება მოახერხო მაისში ეგზამენის ჩაბარება. ეს ძალიან გაგვიადვილებს მომავალში ერთობლივ მუშაობას, ჩემო კარგო ვიშრომოთ და ჩვენი შემწე ღმერთი იქნება.“ რამდენად შეზღუდული და მიუღებელი იყო გასული საუკუნის დასაწყისში ქალის, განსაკუთრებით გათხოვილი ქალის განათლების მიღება ეს ზემოთ ნახსენები მეგობრების წერილიდანაც ჩანს: ,,ვერა ჩვენთან მოვიპატიჟეთ, მან სიამოვნებით მიიღო ჩვენი წინადადება და იმ საღამოსვე სამივენი ერთად შევექცეოდით ჩაის და ტკბილად ვმუსაიფობდით. ამ დღემდე ჩვენ ვერას ვიცნობდით, როგორც წერეთლის ქალს, აქ კი გამოირკვა, რომ ის ისიდორე ვარაზაშვილის მეუღლე იყო და დედა პაწია სოსოსი და თალიკოსი. ამ ცნობამ ჩვენ განცვიფრებაში მოგვიყვანა, რადგან ვერა ქმარ-შვილიანი ქალის შთაბეჭდილებას არ ახდენდა, იმდენად ცქრიალა და სიცოცხლით სავსე იყო.“    ვერას მეგობრების ვრცელი წერილი მრავალ საინტერესო  საკითხს ეხება, რაც  XX საუკუნის დასაწყისისთვის იყო დამახასიათებელი. კარგად ჩანს ახალგაზრდების სულისკვეთება და იმედები: ,,მან (ვერამ)  მაშინვე იწინასწარმეტყველა, რომ საქართველოს განთავისუფლების  განთიადი მოახლოებული იყო. გოგოებო – გვითხრა მან – მე მწამს რომ 100 წლის მონობის შემდეგ საქართველო გათავისუფლდება, ჩვენი ამდენი ხნის ოცნებაც განხორციელდება და ეს ყოველივე ჩვენ თვალწინ მოხდებაო.“  სამწუხაროა, რომ ვერა ვერ მოესწრო საქართველოს რესპუბლიკის დაბადებას. 1918 წელს ევროპაში პანდემია მძვინვარებდა, რომელმაც 50 მილიონი ადამიანი შეიწირა და ბუნებრივია საქართველომდეც მოაღწია. ,,ისპანკა“, როგორც უწოდებდნენ ამ ვირუსს სწრაფად მოედო ქალაქს. თბილისში ბაზრის ტერიტორია სახელდახელოდ გადაკეთდა ავადმყოფების მისაღებად. აბა ამ ,,ცქრიალა და სიცოცხლით“ სავსე ქალს მშვიდად რა მოასვენებდა. ვერამ მაშინვე მოირგო მოწყალების დის ფორმა და ავადმყოფებს უვლიდა. მოხალისეების დახმარება კი ნამდვილად სჭირდებოდათ, რადგან, მედ-პერსონალი ვერ აუდიოდა მოზღვავებული ავადმყოფების ნაკადს. სამწუხაროდ ვერას თვითონაც გადაედო  ,,ისპანკა“, რასაც შეეწირა კიდეც, სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის ასაკში. როგორც თავშივე ვთქვით იგი მშობლიურ სოფელში, ცხრუკვეთში დაკრძალეს.  ისიდორეს ვერ წარმოედგინა ძვირფასი მეუღლის, თანამოაზრის და თანამებრძოლის მიწისთვის მიბარება. ამიტომაც აუგო აკლდამა და მთელი გრძნობები ჩუქურთმებში ჩააქსოვა. 

                        კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ვარაზაშვილების ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს. დაიჭირეს ისიდორე, ცოლისძმასთან ალექსანდრე წერეთელთან და ქალიშვილ თამართან ერთად. ისიდორე გადასახლებაში გარდაიცვალა, სავარაუდოდ დახვრიტეს. ვაჟი სოფრომი კი გაუსამართლებლად, დაჭერისთანავე დახვრიტეს. სწორედ სოფრომის ქალიშვილმა, ბებიის მოსახელემ, ქალბატონმა ვერა ვარაზაშვილმა მოგვაწოდა ვერასა და ისიდორეს პირადი წერილები. ამ მშვენიერი, ტკივილამდე მისული, სიყვარულით სავსე წერილიდან ამონარიდით მინდა დავასრულო ეს ისტორია.

                                                                   ,,ჩემო სიცოცხლე ვერიკო!                                                                                                                                                                                                                                                                                             

                 …ამასა გთხოვ, ხშირ-ხშირად მომწერე წერილი. შენ არა ხარ ისე მოწყვეტილი ქვეყნიერებას, როგორც მე. გამიზიარე შენი აზრები და შთაბეჭდილებები. მაცნობე ჩვენი ქვეყნის ამბები, რომელიც მე უთუოდ… ძალიან დამაინტერესა შენმა სიზმარმა. იცი ვერიკო მე სრულიად არ მაკვირვებს, რომ შენ ასეთ სიზმრებს ხედავ. ისეთ მგრძნობიარე და ფაქიზ სულს, როგორც შენ ხარ, ჩემო კარგო უსათუოდ ასე ძლიერად უნდა სწვდებოდეს ყოველივე… კეთილად აგიხდინოს ღმერთმა შენი სიზმარი. მე იგი ბევრ რამეს მეუბნება შენი და საზოგადოდ ჩვენი ოჯახის როლის შესახებ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ბავშვებს ურიცხვად ვკოცნი. შენ წერილს ველი მოუთმენლად. კარგად იყავი ჩემო სიცოცხლე და ბედნიერებავ. არ დამივიწყო.

                                                                                                                   შენი ისიკო“