ავტორი: იზა ვეფხვაძე
ხარაგაულის და მისი მცხოვრებლების ისტორიული ფესვები უხსოვარი დროიდან მოდის. მის ტერიტორიაზე ადამიანი ბინადრობდა ადრეულ და ზედა პალეოლითის ხანაში და აღმოჩენილია უძველესი არქეოლოგიური ნაშთები.
მთელ მუნიციპალიტეტში უხვადაა მიმოფანტული ისტორიული ძეგლები – ეკლესია-მონასტრები, ციხე-კოშკები, საფორტიფიკაციო ნაგებობები.
ამჯერად, ისტორიაში საკმაოდ ცნობილ – ვახანის ციხის შესახებ მოგითხრობთ.
სოფელ ვახანის ჩრდილო- აღმოსავლეთით, მაღალი მთის წვერზე დგას ვახანის ციხე. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი მე-10, მე-11 საუკუნის ძეგლია. ამ მოსაზრების საფუძველს წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის ცნობა იმის შესახებ, რომ დავით აღმაშენებელმა ღამე გაათია ვახანის ციხეში. ამასვე იმეორებს მწერალი კონსტანტინე გამსახურდია „დავით აღმაშენებელში“, ე.ი. ციხე აგებულია დავით აღმაშენებლის გამეფებამდე და შეიძლება კიდევ უფრო ადრეც.
ვახანის ციხე მე-16, მე-18 საუკუნეებში წარმოადგენდა ქართლისა და იმერეთის სამეფოებს შორის ერთ-ერთ ძირითად სასაზღვრო სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტს. ვახანიდან ერთი გზა მიდიოდა ლიხზე გავლით ქართლისკენ, მეორე კი მესხეთისკენ რკინისჯვრის გავლით. როგორც ივანე ჯავახიშვილი გვამცნობს, 1120 წლის ზამთარში თავისი ამალით აქ აფხაზეთიდან მომავალ დავით აღმაშენებელს გაუვლია.
ვახანის ციხით განსაკუთრებით დაინტერესებული ყოფილა რუსეთი, რომელიც მიისწრაფოდა ამიერკავკასიაში გაბატონებისაკენ. ამიტომაც, იმერეთის სამეფოში რუსი დიპლომატის – ტოლიჩანოვის მიერ ციხე-სიმაგრეთა აღწერილობაში ერთ-ერთი პირველი ვახანის ციხეა მოხსენიებული.
მე-18 საუკუნეში ვახანის ციხე ლეკ-ოსმალთა გაუთავებელ თავდასხმებს განიცდიდა. 1774 წელს იმერეთის სამეფოს ვახანის გავლით შემოესია ლეკ-ოსმალთა 4000 -იანი ლაშქარი. ბრძოლა დაიწყო 6 თებერვალს ჩხერის ციხის მიდამოებიდან და დამთავრდა ვახანის ციხესთან მტრის სრული განადგურებით.
საშინელი ტრაგედია დატრიალებულა ვახანის ციხის მიდამოებში 1785 წლის შემოდგომაზე, როდესაც საქართველოს შემოესია ომარ-ხანი 20 000 -იანი ლაშქრით.
ვახანის ციხე ომარ-ხანმა დიდი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ 1785 წლის 1 ნოემბერს აიღო. ციხის მამაცი დამცველნი, 700 კაცზე მეტი, მთლიანად გაჟლიტა და სისხლის ღვარი დააყენა ციხის მიდამოებთან, ხოლო ციხის მფლობელი ივანე აბაშიძე დაატყვევა და აწამა. გადმოცემის თანახმად, სისხლის ნაკადულები მდინარე ვახანურამდე აღწევდა და იმ ადგილებს დღემდე ნასისხლარს უწოდებენ.
ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს: ვახანის ციხის მფლობელ ივანე აბაშიძეს ორი ლამაზი ასული ჰყოლია. ომარ-ხანს უთხოვია მისთვის, ერთ-ერთი ქალიშვილი ცოლად გამატანეო. თავადს მტკიცე უარი შეუთვლია. გაბრაზებული ხანი თავს დასხმია ციხეში გამაგრებულ ივანე აბაშიძის ოჯახს. ციხეში ივანესთან ერთად ყოფილა მისი სიძე, გვარად კანდელაკი, რომელსაც სიმამრისთვის უთქვამს – მე ციხიდან უნდა გავიდე, რაც არ უნდა დამემართოსო. ივანე დათანხმებია. ის კი მისულა ომარ-ხანთან და უთხოვია: ჩემს ცოლ-შვილს და მე ნუ მომკლავთ და ციხეს აგაღებინებთო.
მართლაც, ლეკებს ციხე აუღიათ, მოუკლავთ ივანე და მისი ცოლი. ომარ-ხანს ერთი ყველაზე კარგი ვაჟკაცი აურჩევია და დავალება გაუცია — ამ ვაჟკაცსა და ივანეს ქალიშვილებს ხელი არ ახლოთო. ლეკებს ტყვეები წაუყვანიათ და წასულან.
ლეკები ლომის მთასთან რომ მისულან, ომარ-ხანს უთქვამს, ეს კარგი ვაჟკაცი ლომის მთას უნდა შევწიროთო. კაცს უგრძნია მოსალოდნელი საფრთხე და კლდეზე გადამხტარა, საბედნიეროდ, გადარჩენილა და სოფელ მარელისში ჩასულა.
ადგილობრივებს ომარ – ხანის შესახებ ასეთი ხალხური ლექსი შეუთხზავთ:
„ ვახანის ციხე მაღალო
ძირი გაქვს სალი კლდისაო,
ომარ ხანი რომ მოვიდა
ჩამოხტა ციხის ძირსაო.
ბრძანება გასცა მაშინვე
ჩრდილსა და ნებოძირსაო,
რაც არის ოცი წლის ზევით
ყველანი დასცით ძირსაო,
კარგ-კარგი პატარძლები კი
დამისვით მუხლის პირსაო“…
1785 წლის შემოდგომაზეც არაერთხელ განიცადა ვახანის ციხემ უცხოელ მოთარეშეთა ბარბაროსული შემოსევები, რამაც მკვეთრად შეამცირა სოფლის მოსახლეობის რაოდენობა.
ვახანის ციხის მისადგომებთან ახლაც დგას სათვალთვალო კოშკი, რომელიც, გადმოცემით, მე-6, მე-8 საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს, ასეთივე კოშკებია ახლომახლო სოფლებში – ჭარტალსა და ჩრდილში.
1801 წლიდან, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთდა, ვახანის ციხე და მისი მისადგომები გამოყენებული იყო რუსეთის მეფის წარმომადგენელთა და იმერეთის მეფეს შორის შეხვედრა მოლაპარაკების ადგილად.
1804 წლის აპრილში, ვახანის ციხის მიდამოებში, „ ელაზნაურში“ მოხდა შეხვედრა მთავარმართებელ პავლე ციციანოვსა და იმერეთის უკანასკნელი მეფეს – სოლომონ მეორეს შორის. მათი მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება და ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომელსაც ისტორიაში „ ელაზნაურის ტრაქტატი“ ეწოდება. ამ ტრაქტატით იმერეთის სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა.
დაზიანებული ციხე უკანასკნელი ბრძოლის შემდეგ აღარ აღდგენილა.
სპეციალისტების თქმით, ვახანის ციხე თავისი სტრუქტურით, დამუშავებული მაგარი კლდის ქვის დამახასიათებელი წყობით და მძლავრი, ოთხკუთხა კოშკის აგებულებით, ადრეული ხანის საუკეთესო ციხე-სიმაგრეთა ჯგუფში ექცევა და მათ შორის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია.
მიუხედავად გალავნის კედლების, ბურჯების, ეკლესიისა, თუ სხვა ნაგებობათა მეტ-ნაკლები დაზიანებისა, ციხე-სიმაგრის სიმძლავრე, მასშტაბურობა, მონოლითურობა, სტრატეგიული გამართულობა და მაღალი სამშენებლო ხელოვნება დღესაც ძალზედ შთამბეჭდავია.