მიწისქვეშა ქუთაისი

გააზიარე:

ავტორი: ნანული ცხვედიანი

ძველად ქუთათური ქალბატონი თუ მოგაძახებდა ”შენ ჩავარდი წკვარამშიო“, ცოცხლად უნდა წარმოგედგინა, რომ, საცაა, ფეხქვეშ მიწა უნდა გაგსკდომოდა და უკუნ სიბნელეში შთანთქმულიყავი.

“წკვარამი“, ჩემო ბატონო, ჩვენებური, ქვემოიმერული გამოთქმაა, რომელიც კარსტულ ძაბრსა და ჭას შეესაბამება, ვუკოლ ბერიძის „სიტყვის კონაში“ უფსკრულის, ქვესკნელის სინონიმადაა განმარტებული.

   ალბათ, ერთ დღესაც, მოაბალახებდა არხეინად თავის ძროხას რომელიმე  გარეუბნელი და… თვალსა და ხელს შუა, ციმციმ გაუქრებოდა ის სიმწრით ნაზარდ-ნაფერები კოკინია; ან კიდევ – მოყვრებიდან მომავალი, შექეიფებულ-შეღვინიანებული, ფაფანაკიანი იმერელი ახალუხის საკინძეს  შეიხსნიდა და გაგრილებულ შუბლს ღამის ნიავს მიუშვერდა, მერე გზას უცხო ბილიკით შეიმოკლებდა, ბილიკზე შემდგარს კი მიწა ფეხქვეშ გამოეცლებოდა და… 

ასე თანდათან, პატარ-პატარა თუ დიდი მარცხებით  სწავლობდა და ადგენდა ხალხი, თუ სად იყო ის საბედისწერო „წკვარამები“, რისთვისაც ფრთხილად უნდა აევლოთ გვერდი.

მგონი, ბევრმა ქუთაისელმა არც კი იცის, რომ ქალაქის ჩრდილოეთით, კირქვების გაშიშვლებულ წყებაში, „წკვარამს“ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები. პროფესორ ლევან მარუაშვილის ცნობით, ქუთაისის მიდამოებში ნაირსახოვანი კარსტული ძაბრების და ჭების რიცხვი, დაახლოებით, ათასამდეა! რიონჰესის გვირაბის გაჭრის დროს, საფიჩხიის მიდამოებში, საოცარი მიწისქვეშა მღვიმე აღმოუჩენიათ. იგი იწყებოდა რამდენიმე ძაბრისმაგვარი  ორმოთი და შემდეგ კარგა მანძილზე გრძელდებოდა აღმოსავლეთით. დიდი რაოდენობით იპოვეს მრავალფეროვანი სტალაქტიტები და სტალაგმიტები, ხოლო გამოქვაბულის პატარა მდინარეში ნახეს მიწისქვეშ  მობინადრე თევზები, რომლებსაც თვალისჩინი დაკარგული ჰქონდათ. ამ მღვიმეს ამჟამად შესასვლელი აღარა აქვს და არავინ იცის, უძველესი ფაუნის ის საინტერესო წარმომადგენლები, „ბრმა“ თევზები, ამჟამად რა  მდგომარეობაშია.

ქუთაისის კარსტული გამოქვაბულების იდუმალებაზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი. მაგალითად, რიონის მარჯვენა მხარეს, წითელ ხიდსა და ჯაჭვის ხიდს შორის, არსებობს ბუნებრივი კარსტული გამოქვაბული.

უძველესი ხალხური თქმულებით, VIII საუკუნეში თითქოს აქ აფარებდნენ თავს დავით და კონსტანტინე მხეიძეები. მურვან ყრუს მეომრებს არგვეთელი გმირების მომსახურე დედაბერი მაშინ შეუპყრიათ, როცა  გვირაბიდან გამომდინარე წყაროზე რეცხავდა არაბების სისხლით გასვრილ  მათ ტანსაცმელს. არაბმა დარაჯებმა აიძულეს დედაბერი, ეთქვა, თუ ვისი იყო სამოსი და ამით მიაგნეს მხეიძეების კვალსაც…

მაგრამ, მკვლევარებს ძნელად დასაჯერებლად მიაჩნდათ, რომ ეს  კარსტული გამოქვაბული ადამიანთა ხანგრძლივ საცხოვრებლად გამომდგარიყო. საკითხს სწავლობდა პეტრე ჭაბუკიანი, რომელმაც ამ ძებნის  დროს, წითელ ხიდთან, მდინარე რიონის ორივე ნაპირას, ძველი ქვის ხიდის ნაშთებს მიაკვლია.

1956 წლის დასაწყისში კი პეტრე ჭაბუკიანმა ამ ცნობილი გვირაბის მახლობლად, კერძო ეზოში, სრულიად უცხო კარსტული გვირაბი  აღმოაჩინა! გვირაბის შესასვლელი მინაყარი ქვებით იყო დაფარული. შესასვლელის გაწმენდამ ცხადყო, რომ მისი თავშესაფრად გამოყენება  შეიძლებოდა: კედლებს ხელოვნური დამუშავება ეტყობოდა და ჩანდა, რომ იგი, თავდაპირველად, ვიწრო კარსტული გვირაბი ყოფილა, შემდეგ კი გაუფართოებიათ.

საინტერესო იქნებოდა ორივე გვირაბის შესწავლა, რაც საკმაო სიძნელეებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული – გვირაბები ხომ კარსტულ მოვლენათა რთულ კომპლექტს წარმოადგენდა.

და, აი, 1956 წლის 27 დეკემბერს ქართველ ალპინისტთა უფროსი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენლები: ალიოშა (ატე) ნემსიწვერიძე და გივი ყალაბეგიშვილი, მთამსვლელი-ფოტოკორესპონდენტი ბონდო  მაღლაფერიძე, სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილები, პეტრე ჭაბუკიანის დახმარებით ჩავიდნენ პირველ გამოქვაბულში. ისინი მაშინვე  წააწყდნენ მიწისქვეშა ღელეს, იარეს 80-90 მეტრამდე მანძილი გვირაბში გამავალ წყალში, რომელიც პატარ-პატარა ტბებს ქმნიდა… ნახეს სტალაქტიტები და სტალაგმიტები – პატარა ზომის, რადგან, ალიოშა  ნემსიწვერიძის ვარაუდით, მათ ზრდაში ხელს უშლით გვირაბში ჰაერის ცირკულაცია და წყლის რაოდენობის ცვალებადობა.

ამ გვირაბის ერთ-ერთ დარბაზში მათი ყურადღება მიიპყრო ვერტიკალურად აღმართულმა ბუხრისებურმა გვირაბმა. მთამსვლელებმა თავამდე მისი აყოლა ვერ შეძლეს, რადგან ხელი შეუშალათ კედლების სისველემ. მაშინდელი ყაიდის ელექტროხელსაწყოს ძლიერმა შუქმაც კი ვერ მიაღწია ამ „ბუხრის“ თავს.

კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა მეორე, უცნობ გამოქვაბულში შესვლა. ალიოშა ნემსიწვერიძე იგონებდა:

„მას 14-15 მ სიგრძის ვიწრო შესასვლელი აქვს, რომელიც საკმაოდ

ფართო, მაღალი და მშრალი დარბაზით მთავრდება. გვირაბს ხელოვნური

გაფართოების კვალი ატყვია. გვეგონა, ამ დარბაზით მთავრდებოდა გვირაბი

მაგრამ, ჩვენი ყურადღება წყლის ხმაურმა მიიპყრო, ცივი ჰაერის ნაკადიც

გვცემდა. ელნათურის შუქზე დარბაზის მარჯვენა კუთხეში ვიპოვეთ ვიწრო

ხვრელი, რომელშიც ადამიანის ჩასვლა შეიძლებოდა. მალე ამ ხვრელით

დიდ დარბაზში აღმოვჩნდით, რომლის ცოტა ქვემოთ წყალი მიედინებოდა.

გავყევით დინებას. ზოგან გვირაბი ვიწროვდებოდა და ზოგან კი კარგა

მოზრდილი იყო. რამდენიმე დარბაზიც შეგვხვდა. გვირაბი ლაბირინთად

არის განშტოებული, რომლის კედლებსა და განშტოებებში საუცხოო

ფორმის ბუნებრივი ჩუქურთმები – სტალაქტიტური, სტალაგმიტური და

ტრავერტინის შრეები ჩანდა. 200 მეტრამდე გავყევით წყლის დინებას.

ბოლოს კი გვირაბი პატარ-პატარა გვირაბებად დაიყო და… წყალვარდნილს

წავადექით. დავრწმუნდით, რომ ეს გვირაბი იმ გვირაბის გაგრძელებას

წარმოადგენს, რომელიც მდინარე რიონის ნაპირიდან იწყება…

ცხადი გახდა, რომ წყალი, რომელიც გვირაბში მოედინება, სათავეს

არქიელის გორის დასავლეთით მდებარე „თეთრა მიწას“ ძაბრებიდან

იღებს, ამიტომ ჩვენთვის საინტერესო იყო, გაგვეგო, ამ გვირაბით

შეიძლებოდა თუ არა ძაბრებამდე ასვლა. პირი ვიბრუნეთ და წყლის დინებას

აღმა ავყევით. გავიარეთ რამდენიმე ვიწრო გასასვლელი და ვრცელი

დარბაზი, ბოლოს კარგა მოზრდილ ტბას წავადექით, რომლის ზედაპირი

გვირაბის ჭერს ეხებოდა. გასვლა მხოლოდ ტბაში ჩაყვინთვით შეიძლებოდა,

მაგრამ შეუძლებელი იყო წყალში სინათლის გატანა. ამიტომ წინსვლა

შეფერხდა. გვირაბის მთლიანად შესწავლა შესაძლებელია. საჭიროა

მხოლოდ სათანადო აღჭურვილობა და წყლის დინების დონის დაკლება.

გვირაბის სიგრძე, დაახლოებით, 2 კილომეტრი იქნება და გზადაგზა

მრავალი ტბა და წყალვარდნილია მოსალოდნელი, რადგან გვირაბის

სათავე რიონის დონიდან 180 მეტრის სიმაღლეზე იმყოფება.“

ალიოშა ნემსიწვერიძეს მიაჩნდა, რომ კარსტული მოვლენები რომელიმე

ქალაქში მანამდე არსად აღმოუჩენიათ, ეს პირველად მხოლოდ ქუთაისში

მოხდა! ცნობილი მთამსვლელი, სპელეოლოგი და პედაგოგი თვლიდა, რომ

საჭიროა ამ ობიექტის ყოველმხრივი, დეტალური შესწავლა, შემდეგ კი

– მისი კეთილმოწყობა: „ისე, რომ ყველას შეეძლოს მისი დათვალიერება.

ქუთაისის კარსტული გვირაბი საინტერესო ობიექტად უნდა გადაიქცეს.“

(გაზ. „ლელო“, №82, 1957 წ.).

„რით არის საინტერესო  მარად ბნელი მღვიმეები? რა აიძულებს ადამიანს, , იფოფხოს ვიწრო და გრძელი ხვრელების  ტალახსა და ყინულოვან  წყალში, ცივ, უსიამოვნო ქვებზე დაიზიანოს  იდაყვები, მუხლები, გადაცუროს მიწისქვეშა მდინარეები და ტბები, ჩაეშვას  ღრმა უფსკრულებში?“ – სვამს კითხვას  ცნობილი გეოგრაფი  ზურაბ ტინტილოზოვი და იქვე უპასუხებს:

-მხოლოდ და მხოლოდ  მეცნიერული ინტერესებით.

 სწორედ  ამ მიზნით ჩაეშვა  1959 წლის ივლისში ჯაჭვის ხიდის კარსტულ მღვიმეში ქართველ  მკვლევართა ჯგუფიც.

ზურაბ ტინტილოზოვმა  რეპორტაჟის  ფორმით, საინტერესოდ  უამბო გაზეთ „სტალინელის“ მკითხველებს ამ მოგზაურობის შესახებ (15 ივლისი, 1959).

ის გადმოგვცემს:

„მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ჯაჭვის ხიდთან, არის კარსტული მღვიმე, საიდანაც მიწისქვეშა მდინარე გამოედინება. რით არის იგი საინტერესო? შესასვლელიდანვე მღვიმეში თავს იჩენს  წყლით სავსე ორმოები, მდინარე ფსკერის  მთელ სიგანეზე იშლება და ზოგან ჭერსაც სწვდება. წინსვლისათვის აუცილებელია წყლით ავსებული ნაპრალების  გადაცურვა. წყლის  ტემპერატურა  13 გრადუსია, ჰაერისა – ოდნავ მეტი. რასაკვირველია,  არასასიამოვნოა  ცივი აბაზანის მიღება და წყალში  ყვინთვა უჩვეულო პირობებში – წყვდიადში…“ მკვლევარი  აღწერს,თუ როგორ გადალახეს  დაბრკოლებები ექსპედიციის წევრებმა: არსენ ოქროჯანაშვილმა, ზურაბ ტინტილოზოვმა,  ბორის გერგედავამ,  ჯუმბერ ჯიშკარიანმა. შესასვლელიდან 90 მეტრში წყალი მთლიანად ავსებს  სიღრუეს, ეხება ჭერსაც და აჩენს  ე. წ. სიფონს.  მღვიმე, ბუნებრივია, სიფონის მიღმაც გრძელდება. და მაშინ, როცა არ გააჩნიათ  წყალში საყვინთი  მოწყობილობა,  სიფონის გადალახვა  დიდად სარისკო საქმეა. მითუმეტეს,  როცა არ იცი, რა სიგრძეზე  ვრცელდება  სიფონი.

წარმოუდგენელი რისკის ფასად, მათ ეს შეძლეს!

უკუგზაზე, მათ მიერ დაძლეული სიფონის  მახლობლად, განშტოებაში  შევიდნენ, – განიერ და  და დაბალ დერეფანში  მდინარე გადაცურეს და მალევე  აღმოჩნდნენ  ვრცელ დარბაზში, რომლის  სიმაღლე  15 მეტრს  აღწევს. დარბაზის  8 მეტრი სიმაღლის საფეხურის  დაძლევით მოხვდნენ მეორე სართულზე, რომელიც ვიწრო ხვრელების, პატარა ტბებისა და  მომცრო დარბაზებისაგან შედგება…

„დარბაზს შესანიშნავი აკუსტიკა აქვს,- წერს ზურაბ ტინტილოზოვი, -განშტოებიდან დაახლოებით 70 მეტრზე დღის სინათლე  შემოგვეგება… ხვრელი გამოდის  მდინარე რიონის  იმავე  შვეულ ფერდობზე და შესასვლელიდან რამდენიმე  ათეული მეტრით  მაღალია.“

ასე რომ, ქუთათურებო, საოცარ ქალაქში ვცხოვრობთ: ჩვენი სახლების, ეზოების, გარაჟების თუ ბაღჩა-ბაღების ქვემოთ, შესაძლებელია, რომელიღაც მიწისქვეშა ტბა, ჩანჩქერი თუ წყალვარდნილი, სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებით მოფენილი მიწისქვეშა დარბაზია…

მოდით, ვიოცნებოთ ამ უჩვეულო სამყაროში მოგზაურობაზეც.