„როცა კულტურა თვლემს, ეს კოლაფსია ლექსის“ (ზურაბ რთველიაშვილი).
ავტორი: მარიამ მებუკე
ყოველ წელს თეთრი ქვების ქალაქში უცნაურად გაზაფხულდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ ერთ მერცხალს ალბათ არ, მაგრამ „წითელ ხიდთან“ აყვავებულ მაგნოლიას ნამდვილად შეუძლია მისი მოყვანა. ქუთაისი უფრო მეტს, ვიდრე ამ ქალაქის მცხოვრებთა სიყვარულია, არც არასდროს ითხოვდა. მიუხედვად ამისა, „ერთი ნახვით შეყვარება“ ყველასთვის განსაკუთრებული, ემოციური იყო. უფრო მარტივი გახლდათ მათთვის, ვისაც ამ ქალაქთან თავისი შემოქმედება აკავშირებდა. ალბათ არც ერთს უძებნია მუზა სხვაგან. ახლადაყვავებული მაგნოლიას სანახავად გამოდიოდნენ ქალები, მათ შორის კი ისიც, ვინც ეპოქის ჩარჩოები დაამსხვრია და სიგარეტით ხელში მოუვლია ქუთაისის ქუჩები. ჩვენი ამბავი აქედან უნდა დაწყებულიყო…
ქალაქი. გვირილობა. პოეზია და რამდენიმე მამაკაცი (განრისხებულნი – არა). ამ წარმოსახვას ახლა ის მისტიკური ქალიც დავურთოთ და სულ ესაა. რთული წარმოსადგენი არაა, რომ ეს ქალი ელენე ბაქრაძეა, ან, როგორც პაოლო ეძახდა, ელლი. ეპოქის ქალებზე, მესამე სკოლასა და ფემინსტურ მოძრაობაზე ნაკლებს ვისაუბრებთ. ახლა ჭლექიანი და საკუთარ ბედს არდამორჩილებული მეოცნებე ნიამორები იქნებიან მთავარი პერსონაჟები, ისინი, ვინც მე-20 საუკუნის ქუთაისს „კულტურის თვლემის“ პროცესში, უფრო სწორად კი, პოეზიის გარეშე, ვერ წარმოიდგენდნენ.
თურმე შეიძლება, გავიდეს საუკუნე, ბევრი რამ შეიცვალოს, ახალი შენობები ხავსივით გამრავლდეს, ის მაგნოლიაც მეასედ აყვავდეს და მაინც, ქალაქის სულს ვერაფერი შეეხოს, ისეთად დარჩეს, როგორიც არის. თეთრი ქვების ქალაქში ყველაფერი კულტურაა, ხელშესახები კულტურა, გინდ თეთრ ხიდზე ჩაგივლია და გინდ რომელიმე ქუჩაზე, რომლის კუთხეშიც შეიძლება მოულოდნელად უამრავ ნაცნობს გადაეყარო. მეტიც, ერთს უეჭველად პაოლო ერქმევა, მეორეს – ტიციანი, იქვე შალვა კარმელიც(გოგიაშვილიც) რომ დალანდოთ და სანდრო ცირეკიძეს შეხვდეთ ლელი ჯაფარიძესთან ერთად, ნუ გაიკვირვებთ. ამ ორდენისადმი პატივისცემის ან გაუთქმელი გრძნობის შედეგს კი ტიციანისა და პაოლოს ძეგლები ადასტურებს და მეც, როგორც ამ ქალაქის ბინადარს, წესად მაქვს იქვე გავლისას მივესალმო მათ.
„როცა საუბარი ედგარ პოეზეა“, უფრო სწორად, კი პოეზიასა და ქუთაისზე ერთად, „ცისფერყანწელები“ უნდა გავიხსენოთ. სწორედ ქუთაისიდან იწყებენ ისინი ევროპული იდეების გავრცელებასა და კულტურის გამოცოცხლებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოეტური ორდენის ყველა წევრი ამ პროცესში თანაბარი მნიშვნელობისაა, შედარებით უცნობ, დაკარგულ ბიჭებზე გადავწყვიტე წერა. მათზე, ვინც არ იციან, ჭლექის ბაცილებს როგორ ებრძოლონ და წამები ჰყოფნით სამყაროსთან გამოსამშვიდობებლად, რამდენიმე ნაწერი და ჩანახატი, ან ფოტო, რომლებზეც დარჩებიან ქალაქის სულს შვილობილებად მიბარებული ბიჭები. ისინი, ვინც სხვებს უძღვნიან ნაწერებს, თავად კი შეუმჩნევლად ქრებიან. ისიც უნდა ვთქვა, რომ მათზე წერა სულაც არაა მარტივი, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ არის დრო, ვისაუბროთ წარსულზე, როგორც მომავალზე, იქნებ ამ ბიჭებსაც მოუნდეთ მზის სხივებთან თამაში და ამ ქალაქში გაცოცხლდეს პოეზია, მეგობრებმა იარონ სკვერებში გამართულ სპონტანურ პოეზიის საღამოებზე და აღმოაჩინონ ახალი სიტყვა.
ცისფერყანწელთა ორდენის ბიჭებიდან ერთ-ერთი ერთი ალექსანდრე (სანდრო) ცირეკიძეა. ქუთაისში დაიბადა და მიუხედავად იმისა, რომ სულ ოცდაცხრა წელი იცხოვრა, დიდი ამბიცია ჰქონდა, საქართველოში „პოეტის სახელი“ მას და მის თაობას შესაბამისად წარმოეჩინა და ამისთვის თავისივე დაარსებული ჟურნალი გამოეყენებინა.
გრიგოლ რობაქიძისადმი მიწერილ წერილში სანდრო ცირეკიძე სწორედ ლიტერატურის, კერძოდ, პოეზიისთვის ხელშესახებ პრობლემებზე საუბრობს, მასალების სიმწირის გამო ჟურნალ „შვილდოსნის“ მეოთხე ნომერს ალბათ ვერ გამოვცემთო, ამასაც აღნიშნავს. ეს წერილი 1920 წელს არის დაწერილი, მაშინ როცა ჯერ კიდევ ახლად ჩამოყალიბებულ ორდენს დაბრკოლება უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე მეხოტბე ჰყავდა, რაც არ იყო გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ იმ რეჟიმს, რომლის პირობებშიც ის არსებობდა. უფრო ადრე, კერძოდ, 1911 წელს დაწერილ ესეში „ინდივიდუალიზმი“ ავტორი იმ პრობლემას აჟღერებს, რასაც „ცისფერყანწელები“ თავისი სიმბოლიზმითა და ხედვებით მკვეთრად უპირისპირდებიან. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ზოგი ინდივიდუალიზმს აღიქვამს როგორც პრიმიტიულ მოვლენას. ამავე წერილში სანდრო ცირეკიძე აღნიშნავს: „პოეტი მხოლოდ მაშინაა პოეტი, როდესაც ის შეძლებს თავის ნაწარმოებში მთელი თავისი სული, ინდივიდუალობა ჩაწნას და მისი პირადული განცდები ჩვენ განგვაცდევინოს.“ ფაქტია, თავისი შემოქმედებით (თუმცა ეს სიტყვა, ჩემი აზრით, პოეტს ყველაზე ნაკლებად ახასიათებს) მაინც ამტკიცებს, რომ გრძნობების კაცია. საინტერესოა ისიც, რომ მის ნაწერებში ყველა ნაბიჯზე შეხვდებით მშობლიურ ქუთაისს.
„შუა ბაზარში ტაძარია. ცოდვებით მძიმეა ძველი კედლები.
ნოტიოთი და საკმევლით სუნთქავენ ფრესკით გამხდარი წმინდანები.
სათნოა თვალები მოზაიკის ღვთისმშობლის. შეშლილ დიაკონს უყვარს იგი.
წირვის დროს ის ოცნებობს კიბეზე, რომ ასწვდეს და კოცნით დაფაროს შიშველი ფეხები.“
(„მოზაიკის ღვთისმშობელი“ – ნაწყვეტი, სანდრო ცირეკიძე).
შალვა გოგიაშვილიც ქუთაისში დაიბადა, ის „ცისფერყანწელების“ ყველაზე პატარა წევრი და , როგორც კოლაუ ნადირაძე წერს, „ყველაზე უმცროსი ძმა იყო, ძმა ბენიამინი“. კარმელი ფსევდონიმად „კარმელისტების ორდენის“ გამო აურჩევია და ოცდაოთხი წლის ასაკამდე ატარებდა, იქამდე, ვიდრე ვერც გვირილობას ქუჩაში ყვავილების გასაყიდად გამოსული მარო დაეხმარებოდა ჭლექის მკურნალობაში. რატომღაც ისე მოხდა, რომ შალვა გოგიაშვილის ლექსებსაც თავისი ბედი ეწერა, როგორც ყველა ავტორის შემოქმედებას უმზადებს ხოლმე ეპოქა უცნაურ თავგადასავალს. მხოლოდ ერთი კრებული გამოსცა სიცოცხლეში, კიდევ ორის გამოცემას აპირებდა, თუმცა მალევე გარდაიცვალა. მერე კიდევ ერთი ცისფერყანწელი, რაჟდენ გვენეტაძე ინახავდა თურმე ამ კრებულებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაქრნენ, დაიკარგნენ პოეტთან ერთად. სავარაუდოა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ბოლო ლექსთაგანია:
„ვწყევლი ანგელოსს, მეშინია – არ მიმიკაროს.
დავიღუპები – ფრთაგაშლილი ზღვაზე იკაროს.
ისე კი ბედი კორიანტელს არ ამაცილებს,
ვებრძვი ჰაერში მოთამაშე ჭლექის ბაცილებს“.
( „ფირუზისფერი აბაჟურით ჩაქრა შანდალი“- ნაწყვეტი, შალვა კარმელი).
ასეთი გამოვიდა „სიკვდილის პირველი სტუმრობა“(კოლაუ ნადირაძე) და შემდეგ კიდევ ბევრი გამოაკლდა „ცისფერყანწელთა“ მისტიკურ ორდენს(სიტყვა მისტიკური შემთხვევითი არაა, პაოლო თავის „მანიფესტში“ გიჟური მისტერიების სიყვარულზე საუბრობს).
პოეტების (უფრო ზუსტად კი პოეზიის) ქალაქში მოგზაურობას ლევან (ლელი) ჯაფარიძესთან ერთად დავასრულებ. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომლის სახელ-გვარსაც, სამწუხაროდ, აწ უკვე აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის წინ, ორ ქვის ფირფიტაზე ამოტვიფრულს ვერ შეხვდებით (თუმცა იმ ადამიანებზე, რომლებიც ფირფიტებს ამშვენებენ, კიდევ ბევრია სალაპარაკო). ლელი აქტიურად თარგმნიდა და სურდა, ოქსფორდში ესწავლა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, თუმცა ზოგიერთი ოცნება მხოლოდ ფურცელზე რჩება.
ასე მოხდა ყველა „ცისფერყანწელის“ შემთხვევაში, თუმცა იმედია, ამ ორდენის უმცროსი კავალერების სახელებს, ნიკოლო მიწიშვილთან, რაჟდენ გვენეტაძესთან და სხვებთან ერთად აუცილებლად შეინახავს ქუთაისი ისეთად, როგორებიც არიან ცისფერსისხლგადასხმული მამაკაცები, რაც მთავარია, განრისხებულნი – არა.
„დრო დადგა შვების და აინგრა ცისფერი ზეცა,
წითელ ზოლებით დაიხაზა მზის სარეცელი“
( „ორსული მზე“ – ნაწყვეტი, ლელი ჯაფარიძე, გამოქვეყნდა „ცისფერი ყანწების“ მეორე ნომერში).
