ცხოვრება და მოღვაწეობა დიდი ქართველისა და ქუთათურისა ნიკო ნიკოლაძისა

ნიკო ნიკოლაძე

გააზიარე:

ცხოვრება და მოღვაწეობა დიდი ქართველისა და ქუთათურისა ნიკო ნიკოლაძისა

ავტორი: გიორგი ფანცულაია

   დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მოაზროვნე, პუბლიცისტი, ,,ევროპული მნიშვნელობის (და მნიშვნელობით) პირველი ქართველი ჟურნალისტი ნიკო ნიკოლაძე გახლდათ მრავალმხრივი პოლიტიკური და პრაქტიკოსი მოღვაწე. შესანიშნავი ფინანსისტი, ეკონომისტი, იურისტი. ინოვატორი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ტყუილად არ უწოდა მას არჩილ ჯორჯაძემ ,,ულმობელი საქმის კაცი“.

     ,,ნიკო    ნიკოლაძის     გონიერებისა,    მიხვედრილობისა  და  ყველასაგან   ცნობილის   ნიჭიერების   დიდი  პატივისმცემელი   ვარ“ – ამბობდა მასზე ასევე დიდი ქართველი ილია ჭავჭავაძე. გერმანელი  ქართველოლოგი    არტურ   ლაისტი  კი  ასე ახასიათებდა: „იმ  ადამიანთა შორის, რომელთა   გავლენა  საქართველოზე ვრცელდებოდა ეჭვს გარეშეა, რომ ყველაზე უნიჭიერესი ნიკო ნიკოლაძე იყო„.  ხოლო, ცნობილი ქართველი პოლიტიკოსისა და კრიტიკოსის, გერონტი ქიქოძის  თქმით: ,,ნიკო ნიკოლაძე დიდად მნიშვნელოვანი და კოლორიტული ფიგურაა სამოციანი წლების მოღვაწეთა შორის. ესაა სრულიად ახალი ტიპის ინტელიგენტი, ევროპული დემოკრატიული აზროვნების  ერთ-ერთი პირველი მედროშე საქართველოში“.

    ნიკო ნიკოლაძის წინაპრები მამის მხრიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდედან იყვნენ. ნიკოს ბაბუა (მამის მამა) მამუკა (მათე) ნიკოლაძე ახალგაზრდობაში მებატონეს გაჰქცევია და ქართლში უცხოვრია. მე-19 საუკუნის დასაწყისში იგი იმერეთში დაბრუნებულა, ქუთაისში დასახლებულა და ვაჭრობა დაუწყია. ქართლშივე შეურთავს  მეუღლე – ანასტასია (ტასო) ონიაშვილი. 

   ნიკოს მამა, იაკობი მამის მსგავსად  დიდვაჭარი, აღებ-მიცემობის საქმეში კარგად ჩახედული ადამიანი ყოფილა, რომლის სავაჭრო მოღვაწეობის სფერო  მარტო ქუთაისითა და საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა. იგი სავაჭროდ    რუსეთის   და   ევროპის ბაზრებსაც ეწვეოდა  ხოლმე. იაკობი თავის მეუღლესავით დიდად აფასებდა სწავლა-განათლებას, წიგნს. ნიკოს დედა ელისაბედი დიდი ჯიხაიშელი აზნაურის ფირან ლორთქიფანიძის ასული, იმ დროისათვის  ძალზე განათლებული ქალი ყოფილა,  ზეპირად სცოდნია ,,ვეფხისტყაოსანი“,რომელსაც ბევრ სხვა ქართულ ნაბეჭდ და ხელნაწერ წიგნთან ერთად ,,მუდამ დღე“ უკითხავდა მეუღლესა  და  შვილებს.                                                                                                                                                   

  ნიკო ნიკოლაძე 1843 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას დაიბადა ქუთაისში. მას რვა დედმამიშვილი ჰყოლია: ნატალია, ანასტასია, ვლადიმერი, ოლიმპიადა, ეკატერინე, ეფროსინე და კონსტანტინე, (მეშვიდე   შვილი გიორგი ოთხი თვისა გარდაცვლილა). ნიკო იყო მეორე შვილი და პირველი ვაჟი ოჯახში. ნიკოს ძმები ვლადიმერი და კონსტანტინე ევროპაში უნივერსიტეტ დამთავრებული ჟურნალისტები იყვნენ. ნიკო ნიკოლაძის  დები – ეკატერინე და  ოლიმპიადა  ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალები იყვნენ, რომლებმაც უმაღლესი  განათლება საზღვარგარეთ, კერძოდ საფრანგეთსა და შვეიცარიაში მიიღეს.

  ნიკო ნიკოლაძე 1850 წელს  შედის ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

  1860 წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ნიკო ნიკოლაძე ჟურნალ „ცისკარში“ ბეჭდავს თავის პირველ პუბლიცისტურ წერილებს „ხაბარდა და ლოტო ქუთაისში“ და „ქუთაისის ჭორიკანობა“, რომლითაც ის აკრიტიკებდა ქუთაისის მეშჩანურ საზოგადოებას და გამოდიოდა ქართული ენის დასაცავად. ეს იყო მისი დებიუტი ლიტერატურულ  ასპარეზზე, რომელიც ძალზე მოეწონა ისტორიკოს  დიმიტრი ბაქრაძეს და მასში ნიჭიერი ახალგაზრდა ამოიცნო. მას შემდეგ ნიკოს კალამი გარდაცვალებამდე ხელიდან არა გაუგდია.

  1861 წელს მან დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, მიუხედავად იმისა, რომ მამამისს –  იაკობს სურდა შვილი თავის კომერციულ საქმიანობაში ჩაება, ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძისა და ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის გრიგოლ ერისთავის რჩევით ახალგაზრდა ნიკო 1861 წელს პეტერბურგში მიემგზავრება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

 1861 წელს ნიკოლაძე  პეტერბურგის  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსის სტუდენტი ხდება.

  უკვე ოქტომბერში, ხელისუფლების საუნივერსიტეტო პოლიტიკის წინააღმდეგ   სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობისათვის  დააპატიმრეს, ჯერ  ჩასვეს პეტრე- პავლეს, შემდეგ კი კრონშტადტის ციხეში.  სამი თვის პატიმრობის შემდეგ ნიკოლაძე გაათავისუფლეს ციხიდან, გარიცხეს ,,მგლის ბილეთით“ უნივერსიტეტიდან და აუკრძალეს პეტერბურგში დარჩენა, მაგრამ ნიკო რაღაც ახლის მოლოდინში   რჩება პეტერბურგში და არალეგალურად ცხოვრობს აკაკი წერეთელთან, რომელსაც მაშინ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობა  არ მიუღია.

  1862 წელს იგი ტოვებს რუსეთს  და  მალევე  –   1864  წელს  მიემგზავრება  საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად.    1864 -1868  წ.წ.-ში ნიკოლაძე იმყოფება  ლონდონში, პარიზში, ჟენევაში, ციურიხში, ბერლინში. ეცნობა და აქტიურ მონაწილეობას იღებს ევროპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. პირადად იცნობდა, მეგობრობდა, მიმოწერა ჰქონდა და თანამშრომლობდა მაშინდელ ევროპელ საზოგადო, პოლიტიკურ და ლიტერატურულ მოღვაწეებთან, მაგ. ვიქტორ ჰიუგოსთან, ალფონს დოდესთან, ემილ ზოლასთან   და სხვებთან.

    1865 წელს ლონდონში პოლ ლაფარგის დახმარებით ნიკოლაძე ეცნობა კარლ მარქსს, ის ერთადერთი ქართველია, რომელიც პირადად იცნობდა მარქსს.  შეთავაზების მიუხედავად  ნიკო ნიკოლაძემ  კარლ მარქსს უარი უთხრა      წინადადებაზე ყოფილიყო  ამიერკავკასიის წარმომდგენელი პირველ ინტერნაციონალში.

  1864 წლის შემოდგომაზე ნიკოლაძე ევროპის ერთ–ერთი ყველზე პრესტიჟული უნივერსიტეტის – პარიზის  სორბონას უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება,სადაც  ეუფლება ფილოსოფიას და პოლიტიკურ ეკონომიკას.                                                                                  

   სორბონაში სწავლის პერიოდში, მუდამ მაძიებელი და მოუსვენარი ნიკო ნიკოლაძე  შვეიცარიით  დაინტერესდა, რადგან   ისიც საქართველოსავით მთიანი, მცირე, მრავალეროვანი ქვეყანა იყო, მაგრამ საქართველოსაგან განსხვავებით მდიდარი და დამოუკიდებელი, ყველა პატივისცემითა და რიდით, რომ ექცეოდა. ნიკომ ამ ფენომენის შესწავლა და გაანალიზება გადაწყვიტა. 1865 წელს სასწავლებლად გადადის ჟენევის უნივერსიტეტში. 1868 წელს ამთავრებს ციურიხის უნივერსიტეტს და  ფრანგულ ენაზე იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე:  „განიარაღება  და  მისი  ეკონომიკურ – სოციალური  შედეგები“.

  ნიკოლაძე პირველი ქართველია, რომელმაც უცხოეთში  დაიცვა დისერტაცია  საერო მეცნიერებებში და მოიპოვა უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის წოდება და  საერთოდ, პირველი დისერტანტი  რომელმაც მშვიდობისა და განიარაღების საკითხებს მიუძღვნა თავისი სამეცნიერო ნაშრომი.

  1869 წელს ნიკო ნიკოლაძე  ბრუნდება  სამშობლოში   და    ილიასთან და სხვებთან ერთად  (და მათ გვერდით) სათავეში ჩაუდგება ეროვნულ- განმათავისუფლებელ და სოციალური უფლებების მოპოვებისთვის  გაჩაღებულ მოძრაობას.

  მე-19 საუკუნის    70-იან წლებში     ნიკო ნიკოლაძე  გიორგი   წერეთელთან  და სერგეი მესხთან ერთად  თაოსნობს    ,,ახალი ახალგაზრდობის“  ჯგუფს, შემდეგში   ცნობილს, როგორც   ,,მეორე დასი“.  თანამშრომლობს  ჟურნალებში –  „მნათობი“ (1869-1870),  „კრებული“(1871-1873) და გაზეთ „დროება“(1869-1877).      

  უკვე მე-19   საუკუნის 70-იან  წლებიდან  ნიკოლაძე დიდი ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურულ  პროექტებს   უყრის   საფუძველს  საქართველოში.    კერძოდ, იგი საქართველოში აარსებს პირველ საერთაშორისო სააქციო საზოგადოება „ნახშირას“, ეს საზოგადოება, ჭიათურის, ტყიბულისა და ტყვარჩელის მარგანეცისა და შავი ქვის მოპოვება – დამუშავება ექსპორტის საკითხებზე მუშაობდა. ნიკოლაძე ევროპელ ბიზნესმენებთან ამყარებს  ურთიერთობას და აინტერესებთ მათ საქართველოს წიაღისეულით.

      ნიკო ნიკოლაძეს  დიდი ღვაწლი  მიუძღვის  ამიერკავკასიის პირველი – ფოთი-თბილისის რკინიგზის  ხაზის (1872 წ), ასევე ტყიბულის,   ჭიათურის,   ტყვარჩელის, ზუგდიდის,  რკინიგზის შტოების აგებაში, სურამის უღელტეხილზე  გვირაბის (1884-88 წ.წ) მშენებლობაში. 1915 წელს იგი კახეთის რკინიგზის საზოგადოების გამგეობის დირექტორად  აირჩიეს. ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობისათვის ნიკო დაჯილდოვდა ოქროს ჟეტონით,  რომლითაც მას შეეძლო უფასოდ ემგზავრა რუსეთის  რკინიგზაზე პირველი კლასის ვაგონით.

  1873 წელს  გაზეთ ,,დროების“ ირგვლივ  თავმოყრილმა  ინტელიგენციამ  ქართველი გოგონები გაგზავნა  შვეიცარიაში უმაღლესი განათლების  მისაღებად, მათ შორის იყვნენ ნიკოს პირველი და მეორე მეუღლე – ბოგუმილა ზემიანსკაია და ოლგა გურამიშვილი, მისი დები-ოლიმპიადა და ეკატერინე, დეიდაშვილები-ხელთუფლიშვილები, აგრეთვე ეკატერინე მელიქიშვილი, პელაგია ნაცვლიშვილი, მარიამ წერეთელი, ფეფო ელიოზიშვილი.

   1873 წელს შვეიცარიაში  ნიკო ნიკოლაძისა  და გიორგი წერეთლის თაოსნობით ქართველმა სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია ,,უღელი“. მისი იდეური ხელმძღვანელი ნიკოლაძე იყო.

1881 წელს ნიკო ნიკოლაძე (1843–1928) პარიზში დაესწრო  ელექტრიკოსთა  საერთაშორისო კონგრესს,  სადაც ფრანგმა ფიზიკოსმა და ინჟინერმა  მარსელ დეპრემ (1843 -1918 ) წარადგინა თავისი გამოგონება, რაც გულისხმობდა შორ მანძილზე წვრილი სადენების მეშვეობით ელექტროდენის გადაცემას. დეპრეს ამ ნოვატორულ იდეას საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებიც კი სკეპტიკურად შეხვდნენ. მათგან განსხვავებით ნიკოლაძემ არა მხოლოდ დაიჯერა ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა და განჭვრიტა მომავალი სარგებელი, არამედ დაარწმუნა როტშილდები, რის შედეგად 1886 წელს მოხდა პარიზის ელექტრიფიცირება ჩანჩქერ კრეილზე აგებული ჰესიდან ნაწარმოები ელექტროენერგიით.

 ნიკო ნიკოლაძემ განჭვრიტა  რა დიდ დადებით  ცვლილებებს გამოიწვევდა ელექტროფიკაცია ჩვენს მთიან ქვეყანაში.  ნიაგარის ჩანჩქერზე ელექტროსადგურის  გაშვების შემდეგ  მან საქართველოში ანალოგიური  მშენებლობის შესწავლა დაიწყო.   დაუკავშირდა ინჟინრებს – ბორის იბანიცკის, რომელსაც ნანახი ჰქონდა ნიაგარის ელექტროსადგური და ელექტროინჟინერ თეოდორ ფონ როპს. ჯერ კიდევ 1903 წლიდან ამუშავებდა დასავლეთ საქართველოს ელექტროფიკაციის  პროექტს და ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია,  რიონი და ენგური ჰქონდა მხედველობაში.  შემდეგ საქმეში მისი ვაჟი გიორგი ნიკოლაძეც ჩაერთო და მამა-შვილმა დაასკვნა,  ელექტრო სადგურის მშენებლობა ენგურზე უფრო ადვილი იქნებოდა.  ნიკო ნიკოლაძის დავალებით გიორგი ნიკოლაძე  ბარონ ფონ როპთან ერთად მთელი ხუთი თვის განმავლობაში იკვლევდა ენგურის ხეობას მაგრამ, მაშინ იდეის რეალიზაცია შეუძლებელი აღმოჩნდა მატერიალური სახსრების არ არსებობის გამო. დღეს ენგურჰესი უდიდესი უდიდესია კავკასიაში  ნიკოლაძეთა პროგნოზი გამართლდა  და მათ წამოწყებაც, მართალია, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მაგრამ, მაინც წარმატებით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით განხორციელდა მდ. კაპარჭინაზე ელექტროსადგურის მშენებლობა, საიდანაც   წარმოებული ელექტრო ენერგიით  სრულად განათდა ქ. ფოთი.

  საქართველოში  არ არსებობს მეორე საზოგადო მოღვაწე, რომელსაც თავის მრავალმხრივ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ-ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან ერთად პრაქტიკულად იმდენი გაეკეთებინოს  თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის, როგორც ეს შეძლო ნიკო ნიკოლაძემ. იგი მრავალმხრივი პრაქტიკოსი მოღვაწე გახლდათ. მისი ცხოვრების დევიზი იყო: „მწერლის თითოეულ სიტყვას უნდა ახლდეს საქმე და სიტყვა უნდა იყოს საქმიანი“.         

  ნიკოლაძეს მიუძღვის დამსახურება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა ათვისებისა  და მრეწველობაში მათი დანერგვის საქმეში.  ძნელად მოიძებნება პრაქტიკული საქმიანობის სფერო საქართველოში, სადაც „ დიდ ნიკოს“ თავისი  სიტყვა არ ეთქვას. მას ეკუთვნის მოთავეობა დიდი მასშტაბის საქმეების, როგორიცაა თბილისის წყალსადენი, ფოთის ნავსადგური, ამიერკავკასიის რკინიგზა, პროექტი გროზნო-ფოთის ნავთობსადენის შესახებ და მრავალი სხვა. ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებით, შესაძლებელი იყო კაპიტალიზმის დანერგვა. ევროპაში ცხოვრებისას მან კარგად დაინახა, რა როლს ასრულებდა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში საბანკო საქმე და ვაჭრობა. სწორედ ამიტომ სურდა, საქართველოს ეკონომიკა იმავე გზით განვითარებულიყო.              

    მომდევნო საკითხი, რომლისთვისაც ნიკო ნიკოლაძე იბრძოდა, იყო ერობა – ადგილობრივი მმართველობა. ფაქტობრივად ის იყო პირველი ვინც ერობის ანუ თვითმმართველობის შექმნის აუცილებლობზე საუბრობდა. და თავადაც იყო არჩეული თბილისის თვითმმართველობაში.                                                                                                                                                                  

        ნიკო ნიკოლაძე ასევე დაჟინებით მოითხოვდა დედაქალაქს ჰყოლოდა სანიტარული ექიმი და ჰქონოდა სადეზინფექციო კამერა, გაიტანა კიდეც ეს საკითხი. საბოლოოდ, ორივე დაფინანსდა. კამერის პროექტის მომზადება ოდესაში, ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პეტრე მელიქიშვილს სთხოვა. ნიკო ნიკოლაძემ მოახერხა და 1886 წლიდან თბილისში დაინიშნა სანიტარული ექიმი და მადათოვის კუნძულზე აშენდა სადეზინფექციო კამერა, რაც ქალაქში მანამდე არ არსებობდა და შესაბამისად, ძალიან მძიმე სანიტარული პირობები იყო.

       ნიკო ნიკოლაძემ წამოაყენა დედაქალაქში კანალიზაციის ქსელის მოწყობის იდეა. პროექტი, რომელიც მაშინდელმა საკრებულომ დააფინანსა, ფრანგმა ინჟინერმა ლინდ ლეიმ შეიმუშავა. მანამდე ქალაქში, ფაქტობრივად, არ არსებობდა ერთიანი სისტემა.

ასევე, 1883 წლამდე თბილისში  არ არსებობდა საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტი, იყო ფაეტონები, ომნიბუსები მაგრამ, მუნიციპალური ტრანსპორტი – არა. სწორედ ნიკოლაძის დაჟინებული მოთხოვნით შემოიღეს თბილისში ცხენის ტრამვაი, ვაგონში შებმული იყო 2 ცხენი და ტრანსპორტი მოძრაობდა ლიანდაგზე.

                    მისი იდეა იყო თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბების კასკადის გაკეთება, სადაც ტბები იქნებოდა დაგუბებული და ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს ხრიოკ და ქარიან კლიმატს გარდატეხდა და აღნიშნული ადგილი საკურორტო ზონად იქცეოდა.

თავდაპირველი იდეაც და პროექტიც ბაქოს  ნავთობის  ტრანზიტისა საქართველოს გავლით ეკუთვნის ნიკო ნიკოლაძეს. მან შეიმუშავა  სრულიად ორიგინალური პროექტი ბაქო – ბათუმის ნავთობსადენის მშნებლობისა, XIX საუკუნის 80-იან წლებში ჩამოიყვანა როტშილდები საქართველოში, დააფინანსებინა და განახორციელებინა ამ ნავთობსადენის მშენებლობა.

     მეორე ნავთობსადენის პროექტიც შეიმუშავა ნიკომ სიცოცხლის ბოლო  1927-1928 წლებში – გროზნო – ფოთის ნავთობსადენის მშენებლობის პროექტი. ეს ორი ნავთობსადენი – ბაქო – ბათუმისა და გროზნო -ფოთისა უნდა შეერთებოდა ერთმანეთს ფოთთან. უნდა მომხდარიყო გადამუშავება და გატანა, რაც უდიდეს მოგებას მისცემდა ქვეყანას. მას კამათიც კი ჰქონდა ძმებ ნობელებთან, რომლებსაც ინვესტიციები ჰქონდათ ჩადებული ბაქოს ნავთობში და ფლობდნენ ამიერკავკასიის რკინიგზებს იმის თაობაზე, რომ ამ ნავთობსადენებს გაევლოთ უსათუოდ საქართველოზე და არა ჩრდილო კავკასიის გავლით ქერჩისა და სევასტოპოლისაკენ ანუ არა რუსეთის ტერიტორიაზე.

   ტელეგრაფის პირველი ხაზი ნიკომ გერმანელ ბუნგეს გააყვანინა თბილისიდან კოჯრამდე. განახორციელა მრავალი წარმატებული პროექტი.

1894 წელს ნიკოს ირჩევენ ქალაქ ფოთის თავად.   მის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ილია და აკაკი. ილიამ ხუმრობით ლექსიც კი მიუძღვნა:

 ,,ხმელეთს რომ ვერ ეტეოდა

ფოთს ჭაობი იპოვაო,

ვიყი-ყიყი-დიდი ნიკო,

ვაყა-ყაყა-იონაო“.

  ნიკო ნიკოლაძემ ჯერ კიდევ 70-იან წლებში განსაზღვრა ფოთის უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იმ უმოკლეს ტრანზიტში, რომელსაც უნდა გაევლო ბერლინიდან პეკინამდე,  ბერლინი – ფოთი – პეკინი , რომელშიც ფოთს მძლავრი ხიდის ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

   ნიკოლაძემ თვრამეტი  წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე მაგრამ, უკვე 10 წელიწადში ,,სასწაული“ მოახდინა. დაჭაობებული და ხის ქოხმახებით დასახლებული ადგილიდან, რომელიც მალარიის ამოუშრობელ კერას წარმოადგენდა ფოთი გადააქცია თანამედროვე ევროპული სტილის დიდ საპორტო ქალაქად.

ფოთისათვის ნიკომ გადმოიღო პარიზისა და ნიუ იორკის  გეგმა, რადიალური, მზისებური ფორმისა და ქალაქში ააგო პირველი რკინა-ბეტონის შენობა – ტაძარი, რომელიც არის აია-სოფიას ასლი. ქალაქი გააშენა ამ ნაგებობის მიმართ, საიდანაც 12 მოციქულის მსგავსად 12 მთავარი ქუჩა გამოდის და ამომავალი მზის ფორმას აძლევს ქალაქს.

     დააშრო ჭაობები, რკინა ბეტონის ზღუდეებით შემოფარგლა ქალაქი ზღვიდან. ააგო და გახსნა ქალთა და ვაჟთა გიმნაზიები, ჰოსპიტლები, შექმნა არაჩვეულებრივი სოციალური ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია ააგო ფოთის პორტი, სადაც შემომავალ და გამავალ ყველა გემს დაუწესა საბაჟო გადასახადი. ეს შემოსავალი ქალაქის კეთილმოწყობას მოახმარა. მდ. კაპარჭინაზე ააგო ელექტროსადგური და უკვე საუკუნის დასაწყისში ქალაქში  მისასვლელი გზები, ქალაქი და პორტი გაანათა.

    1886 წელს ნიკოლაძე ჩამოვიდა თავის დედულეთს დიდ ჯიხაიშში, იყიდა 25 ჰექტარი მიწა და მოაწყო ექსპერიმენტული, ევროპული ტიპის მეურნეობა. ბევრ დარგს მისდევდა და ყველაფერი რენტაბელურად ჰქონდა განაწილებული – ტყე, სახნავ-სათესი, ვენახი, ბოსტანი, ბაღი, ბაღჩა, საძოვარი.

     ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანა სხვადასხვა ჯიშის  ცხოველი, ფრინველი და მცენარეები. ადგილობრივ ჯიშებს შეაჯვარა და სოფელში გაავრცელა. ევროპის ქვეყნებიდან ჩამოიტანა სასოფლო სამეურნეო მანქანა-იარაღები, ვაზის სხვადასხვა ჯიშები და აქ ქართულ ჯიშებთან ერთად უზარმაზარი ზვრები ჰქონდა გაშენებული. თვითონ იყო არაჩვეულებრივი მევენახე და მეღვინე. მონაწილეობას იღებდა მევენახეთა და მეღვინეთა საერთაშორისო სიმპოზიუმებში ლიონსა და ოდესაში. საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი ენდემური ჯიშის ხეებით საკუთარი ხელით არაჩვეულებრივი დენდრო პარკი გააშენა თავისი სახლის ირგვლივ. გამოიყვანა სარწყავი არხი მათხოჯიდან იანეთამდე.

   გახსნა სკოლები დიდი ჯიხაიშში, რომლის პირველი მასწავლებლები მისი ოჯახის წევრები იყვნენ: ოლგამ – ნიკო ნიკოლაძის მეუღლემ, ქალთა გიმნაზიაც გახსნა და დიდი ჯიხაიში  იყო ერთადერთი სოფელი მთელს რუსეთის იმპერიაში, სადაც ქალთა გიმნაზია არსებობდა. ამ სკოლაში ოლგამ ძირითად საგნებთან ერთად შემოიღო პოლიტექნიკური სწავლება. ასწავლიდნენ აბრეშუმის მოვლას, ძაფის ამოღებას, ფარდაგებისა და ხალიჩების ქსოვას, ბამბუკებისაგან ავეჯის დამზადებას, გოდრებისა და კალათების დაწვნას, სახლის მშენებლობას, ბაღისა და ვენახის  მოვლას.  

                 აქვე გახსნა ნიკომ ფოსტა-ტელეგრაფი, საავადმყოფო, აფთიაქი, დააარსა ბაზრობა „ოთხშაბათობა“ , სადაც დასავლეთ საქართველოს სოფლების გლეხები სოფლის პროდუქტებით ვაჭრობდნენ. ვაჭრობა ღირსების საქმედ მიაჩნდა ნიკოლაძეს და იმ ფენომენად, რომელსაც შეუძლია ეკონომიკურად ააღორძინოს ქვეყანა, თვითდისციპლინას და პატიოსან შრომას მიაჩვიოს ხალხი და სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოაყალიბოს ერი. ვაჭრობით გამდიდრებული ქვეყნის ნიმუშად მას მიაჩნდა იაპონია, როგორც მომავლის ქვეყანა და ებრაელი ხალხი, რომელიც სულ მალე თავის ძლიერ სახელმწიფოს შექმნისო, ისტორიამ გაამართლა ნიკოს პროგნოზი. ააგო იანეთის რკინიგზის სადგური, გეგმავდა მდინარე გუბისწყალზე მიკრო ჰესის აშენებას. აგებდა ხიდებსა და ბოგირებს მდინარეებზე.

             ჯიხაიშშივე დააარსა სახალხო ბანკი და უკვე XX საუკუნის დასაწყისში ნიკოს მიერ აქ გატარებულმა რეფორმებმა სოფელი ისე დააწინაურა ფინანსურად და ეკონომიკურად, რომ ახალქალაქსაც კი უწოდებდნენ.

       20-იან წლებში, როდესაც საქართველოში კომუნისტები შემოვიდნენ და დაიწყო წითელი ტერორი, ნიკოლაძის ოჯახი  გააკულაკეს, წაართვეს ცხოვრების სახსარი და აიძულეს აქედან წასულიყო. იმისათვის, რომ სახლი და ეს ევროპულად მოწყობილი მეურნეობა გადაერჩინა, 1925 წელს მან თავის საცხოვრებელ სახლში ხელისუფლებას გაახსნევინა დაბალი ტიპის ორ წლიანი სასოფლო – სამეურნეო სასწავლებელი, რომელიც 1930 წელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად გადაკეთდა. ნიკოსეული მეურნეობაც ამ სასწავლებელს შეუერთდა სასწავლო საბაზო მეურნეობად.

    ნიკო ნიკოლაძე მოესწრო, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობას, ისე მის დაკარგვასაც. საბჭოთა ოკუპანტების შემოსვლას საქართველოში.  ნიკო ასე  მიმართავდა თავის სამშობლოს: „მას აქეთ რას ჩემს თავს ვიცნობ, ერთი წადილის მეტი არა მქონია რა, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია, მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა, მე შენ მიყვარდი რომლის ბედი და უბედობა ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა, მე დამივლია მთელი ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყანაში, ბევრ წარმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები მაგრამ, ყველგან და ყოველთვის სადაც კი ვყოფილვარ ერთი საგანი მქონია შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა. არც საფრანგეთის ამაღლებულ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას, არცერთი წამის განმავლობაში არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შევუცდენივარ და არ მივუზიდივარ იმის მაგიერ, რომ იქაურ ცხოვრებას მივებირე და სხვებსავით დამევიწყა ჩემი ერთი ციცქნა ქვეყანა ჩემი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა,  სხვაგან და ჩვენში, მწერალი და გაჩუმებული, ნიადაგ შენი ერთგული და შენი მსახური ვიყავი“.

     ნიკო ნიკოლაძის სახელი დაკავშირებულია 1918 წელს საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან.   ყოველ მხრივ  ცდილობდა, დამოუკიდებლობის აღდგენისთვის  ვითარება მოემზადებინა.  ნიკო ნიკოლაძეს დიდი გამოცდილება ჰქონდა კავკასიის მხარეში თურქეთთან ურთიერთობის საკითხში. ამ გამოცდილებისა და თავისი კონტაქტების გამო, 1918 წელს, გაზაფხულზე ნიკო ნიკოლაძე ბათუმში  შეუერთდა დელეგაციას აკაკი ჩხენკელის ხელმძღვანელობით. უკვე არსებობდა გერმანიის მხარდაჭერა და დამოუკიდებლობის  გამოსაცხადებლად მხოლოდ თურქეთთან ზავი იყო საჭირო. ნიკო ნიკოლაძე 25 მაისს ბათუმიდან წერდა ნოე ჟორდანიას, არ გადაედო დამოუკიდებლობის გამოცხადება. 26 მაისს მოაწერეს ხელი ზავს თურქეთთან, ერთ საათში კი თბილისში დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოაცხადეს. ნიკო ნიკოლაძე და ზურაბ ავალიშვილი ბათუმიდან ფოთში წავიდნენ, რათა  შეემუშავებინათ ქვეყნის ეკონომიკური პროგრამა და მესამე დღეს, ამ დოკუმენტის წარსადგენად, გერმანიაში გაემგზავრნენ.

    ნიკო იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის  საპატიო თავმჯდომარე. 1919 წელს იგი რვა კაციან  დეპუტაციასთან ერთად  ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეული იყო საქართველოს დამფუძნებელ კრებაში.

      საქართველოს გათავისუფლების კომიტეტმა გერმანიაში იგი დააჯილდოვა ქართველ „ლეგიონერთა ორდენით“ თამარ მეფის გამოსახულებით. ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო საქართველოს გათავისუფლებისათვის გაწეული სამსახურისათვის.

       1924 წელს ნიკოლაძე დაბრუნდა საქართველოში და დააარსა პირველი საპატიო საზოგადოება „ქართული წიგნი“. ეს საზოგადოება, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც და წესდების  ავტორი  ნიკო იყო, მიზნად ისახავდა ქართული მწერლობის აღორძინებას.

      1924 წელსვე ნიკოლაძე მიწვეული იქნა ზაჰესის მშენებლობაზე კონსულტანტად, როგორც ელექტროფიკაციის საქმის შესანიშნავი მცოდნე. ზაჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ნიკოს დისშვილი- პირველი ქართველი ჰიდრომშენებელი-ინჟინერი ბესიკ ჭიჭინაძე, ხოლო მთელ რიგ საკითხებში კონსულტაციას უწევდა ნიკო ნიკოლაძე.

        დიდი ნიკო ნიკოლაძე გარდაიცვალა 1928 წელს 1აპრილს 84 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და  საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მისი საუკეთესო მეგობრის აკაკი წერეთლის გვერდით.