ავტორი: იზა ვეფხვაძე
1910 წლის ადრიანი გაზაფხულია ფარცხნალში… საწვეულო სამოსში გამოწყობილი მიდამო ვიღაცას ელოდა… „ის“ კი იმ წუთებში საკუთარ წარმოსახვაში ჯერ კიდევ უხილავ ფარცხნალის ბუნებას აცოცხლებდა ჩვეულ ჰანგზე:
„მალე ფერგადაშლილი
ამწვანდება ტყე-ველი,
გაიშლება ყვავილი,
სურნელების მფრქვეველი;
გაცოცხლდება დაფნარი,
მთის მწვერვალი, ტყის პირი
და დაივლის ნარნარი
გაზაფხულის ზეფირი.“
ყოველივე ამას წინ უჩვეულო ამბები უძღოდა:
1909 წელს, სემინარიელი გალაკტიონ ტაბიძე ჟურნალ „ფასკუნჯის“ თანამშრომელი ხდება. პარალელურად თანამშრომლობს ჟურნალებში: „პირველი ტალღა“, „საქართველოს მოამბე“, ალმანახ „პირველ ნაბიჯში“.
ლიტერატურული მუშაობით გატაცებული გალაკტიონი გულს იყრის სემინარიაში სწავლაზე.
ამ გულაცრუებას დაემატა ისიც, რომ 1910 წლის 18 იანვარს თავი მოიკლა სემინარიელმა, გალაკტიონის უახლოესმა მეგობარმა დიმიტრი (ქუჩუ, დემონი) ქავთარაძემ. ამ თვითმკვლელობამ გამანადგურებლად იმოქმედა გალაკტიონზე, საბოლოოდ გულგატეხილმა მიატოვა სემინარია და რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ სოფელს–ჭყვიშს მიაკითხა. მისი სწავლა-განათლებით დიდად დაინტერესებული დედა და ძმა უზომოდ აღშფოთდნენ ამ ფაქტით და გალაკტიონთან უსიამოვნებაც კი მოუვიდათ.
საშინელმა სევდამ შეიპყრო, ყოველივე ამას ემატებოდა უკიდურესი ხელმოკლეობა. აუცილებელი გახდა საარსებო საშუალებების ძიება, რის გამოც იძულებული გახდა და თხოვნით მიმართა სკოლების მთავარ მეთვალყურეს, ცნობილ ისტორიკოსს თედო ჟორდანიას, რომ იქნებ სადმე პედაგოგად გაეგზავნათ.
სულ მალე გალაკტიონის თხოვნა დაკმაყოფილდა და იგი შორაპნის მაზრის სოფელ ფარცხნალის დაწყებითი სკოლის პედაგოგად დაინიშნა. ეს მოხდა 1910 წლის გაზაფხულზე.
გალაკტიონი დაბა ხარაგაულიდან სოფელ ფარცხნალისაკენ მიმავალ გზაგასაყარზე წუთით შეყოვნდა. ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო. ეს იყო ახალგაზრდა კაცი–ფარცხნალელი ნიკოლოზ ბუაჩიძე, რომელიც გალაკტიონს ღმერთმა თანამგზავრად გაუჩინა.
მეგზურმა გალაკტიონი სოფლის მღვდელ კირილე კელენჯერიძესთან მიიყვანა. კირილემ გულთბილად მიიღო სტუმარი, თუმც მაშინ არც სტუმარმა და არც მასპინძელმა არ უწყოდა, რომ „თვით უკვდავება“ დააბიჯებდა ფარცხნალის დალოცვილ მიწაზე.
ფარცხნალის დაწყებითი სკოლის პედაგოგმა, 18 წლის გალაკტიონ ტაბიძემ, ბინა ხარაძეების უბანში, დიმიტრი ხარაძის სახლში დაიდო. არავინ იცის, რატომ და რისთვის ისურვა გალაკტიონმა სკოლიდან მთელი კილომეტრნახევრით დაცილებულ უბანში ცხოვრება, მაგრამ ვინც ფარცხნალის მიდამოებს გულისყურით შეათვალიერებს, უსათუოდ თვალში მოხვდება ხარაძეების უბნის გამორჩეულობა და ბუნების მრავალფეროვნება.
პოეტმა, დიმიტრი ხარაძის ლამაზ ოდა-სახლში ყველაზე პატარა და მყუდრო ოთახი აირჩია. მთელ მის ავლა-დიდებას მაგიდა, საწოლი და სკამი შეადგენდა. ოთახს ჰქონდა ერთი ფანჯარა, საიდანაც სოფლის ულამაზესი ხედები იშლებოდა. ეს ოთახი დღემდე ისეა შენახული, როგორც მაშინ, გალაკტიონის დროს; ოჯახის წევრები დღესაც მორიდებით აღებენ ოთახის კარს, თითქოს იქ კვლავ დააბიჯებდეს გალაკტიონის ხატება.
გალაკტიონს აქვს ადრეულ პერიოდში დაწერილი ერთი უთარიღო ლექსი, რომელიც რატომღაც ხარაძეთა ოდა-სახლის ფანჯრიდან მზირალ გალაკტიონს მახსენებს:
„აი, ფანჯარა იმ სახლის,
დაუვიწყარი ფანჯარა,
რომელთა დღეთა სიახლის
ჩემს გულში არა დარჩა რა.
სამუდმოდ ამიერიდან
დახურულია ის კარი,
საიდან მფენდა ნათელსა
ამომავალი ცისკარი!“
ფარცხნალის დაწყებითი სკოლა სოფლის შუაგულში, ეკლესიის ეზოში, უხეირო ხის
ქოხში ყოფილა მოთავსებული. სკოლის ინვენტარს შეადგენდა ხელით გამოჩორკნილი ხის მერხები და სკამები, რომელზეც ათიოდე ბავშვი იჯდა: ერმალოზ, აფრასიონ და სოსო ბუაჩიძეები (სოსო ბუაჩიძე-შემდგომში დიდი მხედართმთავარი და სამხედრო მოღვაწე), მინაგო და მიტია თაბუკაშვილები, მარო სახვაძე, ფაცო კიკნაძე და კიდევ რამდენიმე სხვა.
ამ ათიოდე მოსწავლეს ორი პედაგოგი ჰყავდათ: გალაკტიონ ტაბიძე და ღვთისმეტყველების პედაგოგი, დეკანოზი სიმონ ხარაძე.
დღესაც ჰყვებიან ფარცხნალში იმის შესახებ, თუ რა გამორჩეული გულისხმიერებით შესძლებია გალაკტიონს ბავშვების სიყვარული. ერთხელ, გაკვეთილზე არ გამოცხადებულა გალაკტიონის საყვარელი მოსწავლე – ერმალოზ ბუაჩიძე. გაკვეთილების შემდეგ გალაკტიონს ოჯახში მიუკითხავს და არყოფნის მიზეზი გაურკვევია. ერმალოზის დედას მოუბოდიშებია, ერთადერთი შარვალი გავურეცხე, გაშრობა ვერ მოასწრო და გაკვეთილებიც ამიტომ გაუცდაო. გალაკტიონს 50 კაპიკი ამოუღია ჯიბიდან და ბიჭის მშობლებისათვის უთხოვია, ამ ფულით ერმალოზს შარვალი უყიდეთო. გალაკტიონი სოფელში ხშირად აწყობდა ლიტერატურულ საღამოებს, კითხულობდა ლექსებს, ბავშვებთან ერთად ამ საღამოებს მშობლები და სოფლის მოსახლეობაც ესწრებოდა. გალაკტიონი დამსწრე საზოგადოებას პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების შესახებ ესაუბრებოდა და ქართული ენის, ლიტერატურის სიყვარულს უნერგავდა. მასწავლებლობა გალაკტიონისათვის მეტად საპატიო საქმე შეიქნა, რომლის დასტურიც გახლავთ 1911 წელს ჟურნალ „განათლებაში“ დაბეჭდილი მისი ლექსი
„პირველი ენკენისთვე“:
„…ხალხო ბედკრულო! მე მიჭირავს ხელში სანთელი,
არ შეუდრკება საშინელ ხვედრს მასწავლებელი!”
1910 წელს, ქუთაისში შეკრებილა სოფლის მასწავლებელთა ყრილობა, რომლის მუშაობაში გალაკტიონსაც მიუღია მონაწილეობა. ყრილობაზე მას მგზნებარე სიტყვა წარმოუთქვამს და დაუგმია სკოლებში ქართული ენის განდევნის პოლიტიკა: „სკოლებში ქართული ენის სწავლება არაფერი საჭირო არ არისო, გვეუბნებიან და ამას ჩვენ ვითმენთ, ხოლო – ქართველობა რად გინდათო, ვინმემ რომ გვითხრას, ალბათ ცოცხალი ვერ გადაგვირჩება. ეს ხომ ერთი და იგივეა, ქართული ენა თუ არ გვექნება, არც ქართველები ვიქნებით“.
პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად გალაკტიონი ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე, განუწყვეტლივ კითხულობდა, წერდა, ფიქრობდა. ამ პერიოდში დაბეჭდილა ჟურნალ-გაზეთებში მისი მრავალი ლექსი:
„მსახიობ ქალს“, „პოეზია“, „მხოლოდ ბუნება“, „ფარვანა“. „მუზავ, შენც სულით“, „არ
მშორდება სევდა მწარე“, „დილა“, „მუსიკა“, „შემოდგომა“, „გაშლილ წალკოტში“,
„ტყეში“, „ნიაღვარი“, „ველთა შორის გამოისმა“ და მრავალი სხვა.
დიმიტრი ხარაძის საცხოვრებელი სახლის ლამაზ შემოგარენში დააბიჯებდა ღრმა ფიქრებში წასული პოეტი. ზვიადი, ცადმიმავალი მთების ტყვეობაში მყოფი, ვინ იცის, რა ფიქრებს შეეპყრო, რა გრძნობები თარეშობდნენ მის სულში… ბუნება კი ზეიმობდა, ხარობდა, ნაძვის ტოტებზე მოფრთხიალე ჩიტები გაბმული გალობით ამცნობდნენ პოეტს ბუნების ზეიმს:
„ნაძვებს სუნი ედება
როგორც ნაზი ტკივილი,
აქ არ მიეხეტება
ქუჩის ჟივილ-ხივილი“.
ამ სიმყუდროვეში, დამრეცი მთის ფერდობებში ჩაკარგული ხევი მოხუცივით აბოლებდა ნისლს და უსასრულოდ ჰყვებოდა ბუნების მშვენიერებასა და მარადიულობაზე:
„რას იგონებს ნეტავ ხევი,
მრავალ საუკუნეთ მტევი,
აწ რას ფიქრობს ტყიანი მთა,
გაწოლილი, როგორც დევი“.
დილით, ჯერ კიდევ მელანშეუმშრალ ფურცლებს მაგიდაზე ტოვებდა გალაკტიონი და სკოლისაკენ მიიჩქაროდა. ისტორია და წარსულის მეხსიერება მხოლოდ რამდენიმე წერილის შინაარსს გვამცნობს იმ პერიოდში მისი გულის მფლობელის–რაისა ჩიხრაძისადმი:
„გამარჯვება, რაისა!
ხომ კარგადა ხართ? რა ამბავია ქუთაისში? რა ამბავია გაზეთებში? მე მათ დიდ ხანია აღარ ვკითხულობ. ახალი აქ მხოლოდ ის არის, რომ ერთ პოემას ვწერ… შიგ ერთი გმირი ქალიცა მყავს გამოყვანილი–სახელად რაისა (ხომ არ გეწყინათ?) რანაირად ვსწუხვარ, რომ ქუთაისში ვერ გამოვიარე, ვერც აღთქმული წამოგიღეთ, მაგრამ არა უშავს რა, შემდეგისთვის იყოს. „ბრანდიც“ თქვენთვის შემომიწირავს.
მალე დავაბეჭდვინებ.
მშვიდობით, თქვენი პატივისმცემელი გ. ტაბიძე:
14 იანვარი, 1911 წელი.“
სოფელ ფარცხნალში დღემდე ამბობენ, თითქოს გალაკტიონმა საცხოვრებლად ხარაძეთა უბანი იმიტომ აირჩია, რომ იქ სოფლის ლამაზმანები ცხოვრობდნენო. ვინ იცის, იქნებ ასე არც იყო, ის კი დანამდვილებით იცოდნენ სოფლის ჭორიკანა დედაკაცებმა, რომ ყმაწვილ მასწავლებელს თავს აწონებდნენ ბუაჩიძეთა და ხარაძეთა გაუთხოვარი ქალიშვილები: ნინა, მაშიკო, ივლიტე, დონიკა… სოფლის წყაროსთან, სადაც სკოლისაკენ მიმავალ გალაკტიონს უნდა გაევლო, მთელი დღე რეცხავდნენ სარეცხს ყმაწვილი ქალები, რომ გალაკტიონის ყურადღება მიექციათ. ამის შემხედვარე აბესალომ ბუაჩიძეს უხუმრია: „ამ ჩვენმა სოფლის მასწავლებელმა არ ასწავლა რეცხვა ამ გოგონებსო?“
ერთ დილით, სკოლის ეზოში შესულ გალაკტიონს არასასიამოვნო სურათი დახვედრია: წინა ღამით ძლიერ ქარს ეკლესიის ეზოში დარგული ხუთწლიანი ცაცხვის ნარგავი მოუთხრია. გალაკტიონს მიწის ფხოჭნა დაუწყია. ამ დროს ეზოში მისი მოწაფე ერმალოზ ბუაჩიძე შემოსულა–არიქა, ერთი სარი მიშოვნე სადმეო,–უთხოვია გალაკტიონს, ცაცხვის ხისთვის მიწა მიუყრია, შემდგომ ჭიგო დაუსვია და ზედ მიუკრავს, ამის შემდეგ, განსაკუთრებით პატრონობდა ცაცხვის ახალგაზრდა ნერგს, წყალს უსხამდა, ელოლიავებოდა. სოფელში ამ ცაცხვის ხეს დღესაც გალაკტიონის ცაცხვს ეძახიან და რატომღაც ეს ხე სხვა ხეთა შორის გამორჩეული და მკერდგანიერია.
საოცარიც არაა, ის ხომ გალაკტიონის ხელშენახებია, მისი სიამაყე და სიდიადე სწორედაც რომ უნდა ჩრდილავდეს სხვა ხეებს. ფარცხნალში მუშაობის პერიოდში პოეტის მეხსიერებაში აღბეჭდილა ერთი შემთხვევა, რომელსაც იგი თურმე ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა: „… როდესაც სემინარიიდან გამოვედი, სადგურ ხარაგაულის ახლოს, სოფელში მასწავლებლის ადგილი მომცეს. კვირა, უქმე დღეებში სოფლიდან სადგურზე ჩამოვდიოდი, აქ თავს იყრიდნენ ჩემი ამხანაგი მასწავლებლები…
საღამოობით თბილისიდან მატარებელი ჩამოივლიდა და ესეც ერთგვარ სიამოვნებას გვგვრიდა. სრულიად მოულოდნელად რომელიმე ნაცნობი გადმოვიდოდა მატარებლიდან, მოგვიტანდა თბილისის ამბებს, გვეტყოდა რასმე ნაცნობების შესახებ. ერთხელ დიდხანს ვიდექი სადგურზე… ვსაუბრობდი, ვიცინოდით… მატარებელი მოვიდა. იდგა ჯგუფი ახალგაზრდა ქალებისა და მგზავრებს ათვალიერებდა.
ამ დროს მატარებლის მეორე კლასის ფანჯარა ჩამოიწია. კუპიდან ღმერთივით გადმოიხედა ბამბის ქულასავით ჭაღარამ, ოლიმპიურად ამაყი სახის მქონე მოხუცმა…
–აკაკი! – ჩაილაპარაკა ვიღაცამ.
ელექტრონის ძალასავით იმოქმედა ამ სიტყვამ ყველაზე. ერთხანს გაშეშებულნი ვიდექით, მე თვალებით ვჭამდი ამ სახეს, აკაკიმ წაიკითხა სადგურის შენობაზე მიკრული სახელწოდება და ფანჯარა ისევ დახურა. ვხედავ, რომ იგი დინჯად დაეშვა სავარძელში. ყველანი იმ კუპესაკენ გაექანნენ… ზოგმა მატარებელში შესვლა მოინდომა… დაიკივლა ამ დროს მატარებელმა, მისცეს მესამე ზარი და მატარებელი გაექანა სიპივით გალესილ რელსებზე… მე მატარებელს მივყევი ნელი ნაბიჯით… შემდეგ დიდხანს დაყრუებულივით ვიდექი“.
ხშირად, ძალიან ხშირად მდგარა გალაკტიონი ცადატყორცნილი ალვის ხეების ჩრდილში შეყუჟული ხარაგაულის მყუდრო სადგურის ბაქანზე და ვერც წარმოიდგენდა მაშინ, რომ მისი იქ დგომა, ხარაგაულის სადგურის პატარა ბაქანს ოქროს ასოებით ჩაწერდა ისტორიაში. მყუდრო სადგურის უშფოთველობით უზომოდ მოხიბლული და მოლოდინის გრძნობით აღსავსე პოეტი მშვენიერ სტრიქონებს ჩაწერს თავის უბის წიგნაკში და სამუდამოდ უკვდავყოფს ხარაგაულის სადგურს.
„მახსოვს ხარაგაულის
სევდიანი სადგური,
მისი ყრუ სამკაული–
აცვივნული აგური.
უშფოთველი ცხოვრება,
წყნარი, როგორც გუგული,
მესმის მოახლოებულ
ორთქმავალის გუგუნი“.
არავინ იცის, რატომ… 1911 წლის ივნისის ერთ დღეს გალაკტიონს გადაუწყვეტია თავი დაენებებინა სკოლის მასწავლებლობისათვის, დაეთმო ეს „საზიზღარი“ მყუდროება და ცხოვრების მღელვარე ზვირთებს შერთვოდა:
„დღეს მეზიზღება მყუდრო ნაპირი–
სხვა არაფერი;
ქარი მწყურია მე პირდაპირი–
სხვა არაფერი.
რომ ღამე იყოს შავი, მწყურია,
ერთი უბრალო ნავი მწყურია,
ო, ნავი, ნავი, ნავი მწყურია,
ერთიც ნიჩაბი–
სხვა არაფერი“.
ტოვებს გალაკტიონი მყუდრო ნაპირს და ეძებს ნავს, რომელიც ცხოვრების შუაგულში შეაცურებს, ყველაფერს ყირამალა დააყენებს, ოღონდ მთავარია
„დაჰქროლოს ქარმა“.
„მე ქარიშხალთან შებმა მინდა,
დაჰქროლე, ქარო!“
არ შეიძლება ის დღე ჩვეულებრივი ყოფილიყო, როცა გალაკტიონი ფარცხნალს ტოვებდა, როგორც არ იყო ჩვეულებრივი ის დღე, როცა მან პირველად დაადგა ფეხი ფარცხნალის მიწას. ალბათ კოკისპირულად წვიმდა, ან ქარიშხალი ახეთქებდა ერთურთს ხეთა კენწეროებს, ხარაგაულის მყუდრო სადგური კი მოახლოებული ორთქლმავლის გუგუნის მოლოდინში ცოცხალი არსებასავით თრთოდა… დიახ, „საცაა გავა მატარებელი“, წაიყვანს „უჩვეულო“ მგზავრს და ხარაგაულის გუგულივით წყნარი ცხოვრების ყოველდღიურობაში ნათელ სხივს დატოვებს და კიდევ ნაფეხურებს, რომელიც დღემდე ამჩნევია ფარცხნალის დალოცვილ მიწას.