Covid 19

რა ვნახოთ?

ბაგრატის ტაძარი

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელსაც ბაგრატის ტაძრად მოვიხსენიებთ, აშენდა 11-ე საუკუნეში, მეფე ბაგრატ მესამე ბაგრატიონის მიერ, როგორც საქართველოს გაერთიანების სიმბოლო. ტაძარი ქალაქს გადმოჰყურებს. უქიმერიონის მთიდან, რომელზეც ის მდებარეობს, შეგიძლიათ თვალი მოავლოთ თითქმის მთელს ქუთაისს. გადმოცემის მიხედვით, საქართველოს ყველაზე ძლევამოსილი მეფე, დავით აღმაშენებელი, 16 წლის ასაკში სწორედ ბაგრატის ტაძარში აკურთხეს მეფედ.

სრულად...
ოქროს ჩარდახი

ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ქუთაისში შუა საუკუნეებში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული იყო სამეფო რეზიდენცია. მოგზაურების ჩანაწერების მიხედვით ეს იყო სხვადასხვა ნაგებობებისაგან შემდგარი კომპლექსი. საუბარია თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეისათვის სხვადასხვა დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია მხოლოდ ერთი, ორსართულიანი შენობა, იმერელ მეფეთა მისაღები დარბაზი, რომელსაც „ოქროს ჩარდახს“ ეძახიან. მე-19 საუკუნეში „სასახლე“ საგრძნობლად გადაკეთდა, თუმცა მასში დღემდეა შენარჩუნებული მე-17 საუკუნით დათარიღებული ფრაგმენტები, ამიტომაც ის საინტერესოა, როგორც შუა საუკუნეების ქართული საერო ხუროთმოძღვრების იშვიათი ნიმუში. სასახლის ეზოში დგას 800 წლიანი ჭადრის ხე, რომელიც ასევე მე-17 საუკუნის უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებშია მოხსენიებული.

სრულად...
კოლხური შადრევანი

ქალაქის შუაგულში, მის მთავარ მოედანზე დგას საინტერესო ნაგებობა - შადრევანი. ის გაფორმებულია საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტების _ მინიატურული სკულპტურების გადიდებული ფიგურებით. მაგალითად, ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება „თამადა“, რომელიც ჩვ.წ აღრიცხვამდე მე-7 საუკუნით თარიღდება, ასევე შადრევნის მთავარი ფიგურა ქალის სასაფეთქლეები _ ანტიკური პერიოდის ქართული საიუველირო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში. სასაფეთქლეების ორიგინალური ზომა მხოლოდ 13 სანტიმეტრია.

სრულად...
თეთრი ხიდი

ქუთაისი ხიდების ქალაქია, და თითქმის ყველა მათგანი ისტორიული მნიშვნელობისაა. თეთრი ხიდი ქალაქის ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. იგი 1850 წელს აშენდა, სამხედრო ინჟინერის ვიტეს მიერ. პირველი რეკონსტრუქციის მერე 1860 წელს ხიდის მოაჯირი თეთრად შეღებეს,რამაც განაპირობა ხიდის სახელწოდება. თეთრი ქვები ხიდის ქვეშ, აჟურული, გამჭვირვალე მოაჯირი, ხედი ძველ ქალაქზე _ სწორედ ამ კომპოზიციის ერთიანობა ქმნის განუმეორებელ ჰაეროვნების განცდას, რაც ასე იზიდავს, როგორც ქუთაისელებს, ასევე ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს. თეთრ ხიდზე, „პიკასოს ბიჭის“ სკულტპტურასთან გადაღებული ფოტო არის ქალაქის სამახსოვროდ დასატოვებელი აუცილებელი „სუვენირი“.

სრულად...
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

საინტერესო ცნობებს რეგიონისა და ქალაქის წარსულის შესახებ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მიიღებთ. აქ დაცულია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის არტეფაქტები. ნახავთ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით. საბჭოთა ოკუპაციის და ეკლესია-მონასტრების დახურვის შემდეგ იმერეთის და ახლომდებარე მხარეების ტაძრების ხატები და სიწმინდეები ამ მუზეუმში იქნა შემონახული. შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძველესი ტიხრული მინანქრის ნიმუშები, მათი მორთულობა და ჭედურობა.

სრულად...
დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა

გალერეა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ქართული მხატვრობისა და სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვან ნამუშევრებს ინახავს. დაფუძნდა 1976 წელს და მის ფონდში დღეს უკვე 3000–მდე ექსპონატი ინახება. საგამოფენო დარბაზის ექსპოზიციის ნახატებს შორის თქვენ ნახავთ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრების – ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ფელიქს ვარლას და ბევრი სხვა ადგილობრივი მხატვრის ნახატებს. დავით კაკაბაძე, რომლის სახელსაც ატარებს გალერეა, დაიბადა ქუთაისთან ახლოს, პატარა სოფელში. ქართველი ქველმოქმედის დახმარებით ის სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომელიც 1916 წელს დაამთავდა. თბილისში ხანმოკლე დაბრუნების შემდეგ კი საქართველოს მთავრობის დახმარებით ის პარიზში გაემგზავრა და იქ ცხოვრობდა 1919 – 1927 წლებში. მისი შემოქმედება მასშტაბურია. მისი ტილოები გვიჩვენებს მშობლიური იმერეთის კოხტა სოფლებსაც და მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი კუბისტური ნახატები, რომელთა ნაწილის ნახვა გალერეაში შესაძლებელია. დავით კაკაბაძის ინოვაციური ხედვები დღესაც კი აქტუალურია. მან შექმნა უსათვალო სტერეო-კინო აპარატის კონცეფცია, ასევე მუშაობდა მოდიფიცირებადი განათების იდეაზე, 3D გამოსახულებაზე და სხვა.

სრულად...
ზაქარია ფალიაშვილი მუზეუმი

გამოჩენილი კომპოზიტორი, დირიჟორი, ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი (1871-1933 წწ.) დაიბადა ქუთაისში, სადაც ის 16 წლამდე ცხოვრობდა. ზაქარია ფალიაშვილმა ქართული ხალხური სიმღერებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის სინთეზით შექმნა ქართული კლასიკური მუსიკის სტილი. ზაქარია ფალიაშვილმა სამუზეუმო ექსპონანტებს შორის აღსანიშნავია უნიკალური, ევროპული მექანიკური მუსიკალური საკრავები, რომლებსაც ის ბავშვობაში უსმენდა. სამუშაო დღეები: ყოველ დღე 10:00-18:00 ბილეთის ფასი: შესვლა უფასო

სრულად...
ქუთაისის ოპერის თეატრი

შენობა ქალაქის ცენტრში, შემკული ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი ქანდაკებებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრია. ქუთაისს ქართულ საოპერო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უპირველესად იმიტომ, რომ ქართველი საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, მელიტონ ბალანჩივაძე (ცნობილი ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინის მამა) 1863 წელს ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელში დაიბადა და დაწყებითი განათლებაც ქუთაისში მიიღო. ოპერების „აბესალომ და ეთერი“, და „დაისი“ ავტორი, ზაქარია ფალიაშვილი ასევე დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ფელიქს ვარლამიშვილის ქუჩაზე დღესაც დგას სახლი, სადაც მან ბავშვობა გაატარა. ქუთაისის ოპერის თეატრის ადგილზე იმ დროისთვის არსებულ შენობაში ქუთაისის თეატრი დგამდა წარმოდგენებს. სხვადასხვა დროს შენობაში სხვადასხვა დაწესებულება ფუნქციონირებდა, თუმცა ყოველთვის მათი საქმიანობა მუსიკასთან იყო დაკავშირებული. 1969 წლის შემდეგ კი აქ ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის აშენდა ახალი შენობა, სადაც დღესაც იდგმება როგორც საერთაშორისო დონეზე ცნობილი საოპერო წარმოდგენები „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ჯამბაზები“ და სხვა, ასევე ქართული ნაწარმოებები: „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“ და კიდევ ბევრი. ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2010 წელს შესრულდა და მისი საზეიმო გახსნა 2010 წლის 29 დეკემბერს შედგა.

სრულად...
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ქუთაისის დრამატული თეატრი ქალაქის ცენტრალური მოედნის მთავარი ღირშესანიშნაობაა. შენობა მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აშენდა,თუმცა თეატრის ისტორია ქუთაისში ასი წლით ადრე დაიწყო. პირველი სპექტაკლი ქალაქში 1861 წელს დაიდგა. ქართული თეატრის ბევრმა ფუძემდებელმა და ცნობილმა მსახიობმა თავიანთი კარიერა სწორედ ქუთაისის თეატრის სცენაზე დაიწყო.

სრულად...
კათოლიკური უბანი და ხარების ეკლესია

XVII საუკუნეში ქუთაისში ჩამოვიდნენ ფრანცისკანელთა ორდენის მისიონერები, ე.წ. კაპუცინები და დასახლდნენ რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც მოგვიანებით „ფრანგების უბანი“ ეწოდა. XIX საუკუნის დასაწყისში მეფე სოლომონ II, კათოლიკე მისიონერებს „წყალობის სიგელით“ უბოძა ქუთაისში ადგილი, სადაც 1862 წელს კათოლიკური ეკლესია აშენდა. (ამჟამად ხარების სახელობის მართმადიდებლური ეკლესია).

სრულად...
ქუთაისის სინაგოგა

ებრაელთა ისტორია საქართველოში ითვლის არა საუკუნეებს, არამედ ათასწლეულებს, ხოლო, მათი ქუთაისში დასახლების შესახებ პირველი ოფიციალური ცნობები მოგვეპოვება 1644 წლიდან. ებრაული უბანი დღემდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია. მის ტერიტორიაზე განლაგებულია სამი სინაგოგა. ყველაზე დიდი ( საქართველოში სიდიდით მეორე ) სინაგოგა 1853 წელსაა აშენებული. ხოლო მეორე, რომელიც 1912 წლით თარიღდება, გარშემორტყმულია დამხმარე ნაგებობებით. აქ ისწავლებოდა ივრითი, ატარებდნენ სხვადასხვაგვარ იუდეურ რიტუალს. აქვე იყო საცხობი, სადაც ცხვებოდა „მაცა“ ( პასექის პური). ქუთაისელმა ებრაელებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქის განვითარებაში. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საბჭოტა ებრაელების ისრაელში რეპატრიაციის დროს ადგილობრივი თემის ძირითადმა ნაწილმა დატოვა ქალაქი. 2014 წელს მთავარი სინაგოგის შესასვლელში დაიდგა ბორის გაპონოვის, „ვეფხისტყაოსნის“ ივრითზე მთარგმნელის, ძეგლი.

სრულად...
ქუთაისის თანამედროვე არქიტექტურა

საქართველოს პარლამენტი 6 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა არქიტექტორების ალბერტო დომინგოსა და კარლოს ნაზაროს მიერ აგებულ ფუტურისტულ შენობაში. ეს შენობა 21-ე საუკუნის კრეატიული არქიტექტურის პირველი პრეცენდენტია ქუთაისში. ორიგინალური ფორმები და უჩვეულო წყობა კოსმოსური ხომალდის ასოციაციას ქმნის. მწერალმა დათო ტურაშვილმა ის ეკზიუპერის სპილოს ჩანახატს მიამსგავსა “პატარა უფლისწულიდან”. ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტის ყოფილი შენობა არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ობიექტი ქუთაისის სტუმართათვის.

სრულად...
მწვანეყვავილას ეკლესია

რიონის მარცხენა სანაპიროზე, ისტორიულ ებრაულ უბანს გადაჰყურებს მწვანეყვავილას ეკლესია, რომელიც მე-17 საუკუნეშია აშენებული. უფრო ძველი, 1013 წელს აგებული ბაზილიკური ეკლესიის მხოლოდ ნანგრევები არის შემორჩენილი. აქვეა იგივე პერიოდის თავდაცვითი დანიშნულების ნაგებობა _ ციხე-კოშკი. ეკლესიის მიმდებარე ტერიოტრიაზე 1956 წელს დაარსდა მწერალთა და საზოგაო მოღვაწეთა პანთეონი. აქ განისვენებენ: იოსებ ოცხელი პირველი ქართული გიმნაზიის დამაარსებელი დასავლეთ საქართველოში, მელიტონ ბალანჩივაძე ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, ცნობილი ამერიკელი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის მამა. მწვანეყვავილას მაღლობიდან იშლება ულამაზესი პანორამა ქალაქსა და მის შემოგარენზე.

სრულად...
ქალაქის ცენტრალური ბაღი

ქუთაისის ცენტრალური ბაღი , ოდესღაც იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ასულს დარეჯანს ეკუთვნოდა. ეს ბაღი მას მზითვად გადაეცა მაშინ, როცა ის ცოლად ქაიხოსრო აბაშიძეს გაყვა. იმერეთის პრინცესის მფლობელობაში ბაღი 1820 წლამდე იმყოფებოდა. მას შემდეგ მან უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა,თუმცა ყოველთვის და დღემდე რჩება ქუთაისელების თავმოყრის უსაყვარლეს ადგილად. მე-19 საუკუნეში მას რატომღაც ბულვარს ეძახდნენ. აქ უნიშნავდნენ ერთმანეთს პაემნებს შეყვარებული გიმნაზისტები, იკრიბებოდნენ პოეტები, რევოლუციონერები, ირჩეოდა ქვეყნის ბედი და რაც მთავარია, მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. თანამედროვე ბაღის ტერიტორიაზე აღმართულია პოეტ აკაკი წერეთლის ძეგლი, ასევე კომპოზიტორ ზ. ფალიაშვილისა და ცნობილი ქართული სიმღერების შემსრულებლების დები იშხნელების ქანდაკებები.

სრულად...
ბოტანიკური ბაღი

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, რომლის დაარსება 1840 წლით თარიღდება, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კარგი იქნება თუ ამ მანძილს ფეხით გაივლით და ისტორიული ჯაჭვის ხიდიდან გაყვებით რიონის სანაპიროს, რომლის მეორე მხარეს დაინახავთ ქუთაისის ღირშესანიშნაობებს, ქუთაისის ისტორიულ კათოლიკურ კვარტალს, მათ ძველ ტაძარს და მწვანეყვავილას ეკლესიას. ბაღის ფლორა წარმოდგენილია სუბტროპიკული ხეებითა და ბუჩქებით, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყვავილოვანი მცენარით. ბაღში სეირნობისას ხეებზე ციყვებსაც შენიშნავთ. ბოტანიკური ბაღის ცენტრში, 400 წლის მუხის ხის ფუღუროში, ნახავთ პატარა სამლოცველოს, რომელიც ერთ ან ორ ადამიანს თუ იტევს.

სრულად...