მთა ცხრაჯვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 1569 მეტრზე, იმერეთისა და რაჭის საზღვარზე, ნაქერალას უღელტეხილთან. მთიდან იშლება დასავლეთ საქართველოს ულამაზესი ხედები, კარგ ამინდში მოსჩანს შავი ზღვა, კოლხეთის დაბლობი და კავკასიონის მუდამ თოვლით დაფარული მწვერვალები. აქ აგებულია წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი. სალოცავის აგებას უკავშირდება ლეგენდა, რომლის მიხედვით ერთ-ერთმა მამამ ომში 9 ვაჟი გაგზავნა, მათი მშვიდობით დაბრუნებისთვის კი ამ ადგილას ცხრა ჯვარი აღმართა და სალოცავი ააგო. მისი სათხოვარი ღმერთმა შეისმინა და ცხრავე ვაჟი უვნებელი დაბრუნდა ომიდან. ყოველწლიურად, მაისის ბოლო შაბათს იმართება ცხრაჯვარობის დღესასწაული. ცხრაჯვარის სალოცავამდე მისასვლელი ბილიკი 2 კილომეტრამდე სიგრძისაა და საშუალო სირთულის, მაგრამ სასურველია სალაშქროდ აღიჭურვოთ. ბილიკი კლდის ქარაფს მიუყვება, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე. ზაფხულში აქ ტემპერატურა საშუალოდ 18,5 გრადუსია. ქუთაისიდან დაშორება 50 კმ.