Covid 19

ტრადიციული ქართული სუფრა ესაა ერთმანეთში გადაჯაჭვული აზია, ევროპა, კავკასია და თვითონ ქართული ხასიათი, რომელიც ერთის მხრივ მუდმივად განიცდიდა უცხო კულტურების ზეგავლენას და მეორეს მხრივ თვითონ ქმნიდა ახალს და უნიკალურს. 2017 წელს ,,ქართული სუფრა“ არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხას შეუერთდა. ქართული გასტრონომია მრავალფეროვანი კერძების მთელი ასორტიმენტია, რომელიც, საქართველოში მოგზაურობისას იცვლება, კუთხიდან - კუთხემდე, ბარიდან - მთამდე, თუმცა, თუკი გაგიმართლათ და მოხვდით იმერულ სუფრაზე, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ და შეიგრძნოთ ქართული კულინარია მთელი თავისი ბრწყინვალებით. იმერული სამზარეულო კი წარმოადგენს კერძებს, შეზავებულს იმპროვიზაციის გასაოცარი ნიჭით, მრავალფეროვანი სუნელებითა და მწვანილებით, რომელსაც ემატება ვარიაციები ნიგვზით, ტყემლით ან ძმრით. ქართული კლასიკური სუფრის ისეთი საბაზო კერძების რეცეპტები, როგორიცაა საცივი, მჭადი, მხალეული თუ ხაჭაპური საქართველოს ულამაზესი და მრავალფეროვანი ბუნებისა და გასაოცარი სტუმარმასპინძლობის წიაღში იქმნებოდა და იხვეწებოდა საუკუნეების განმავლობაში.