Covid 19

✔"კრუკოვსკის სახელობის ინტერდისციპლინარულ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის" ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიციის ფარგლებში, არქეოლოგთა ჯგუფი მუშაობას განაგრძობს ქუთაისის ისტორიულ ნაქალაქარზე, ბაგრატის ტაძრის მიმდინარე ტერიტორიასა და გაბაშვილის გორაზე, ვაჟა-ფშაველას ქ.#13-ში, #20 საჯარო სკოლის ეზოში. ცენტრი განთავსებულია ქუთაისში; ის 2018 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას სამეცნიერო, არქეოლოგიურ-კულტურული, სხვადასხვა შინაარსის სოციალური პროექტებისა და პროგრამების განხორციელების მიმართულებით, ერთობლივი კვლევითი და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების მიზნით.

 

✔გათხრებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მითითებულ ლოკაციებზე 2017 წლის ივლისში დაიწყო, რასაც 2018 წელს ქუთაისში ცენტრის დაარსება მოჰყვა. არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა 2018-2019 წლებშიც; სამუშაოები შეფერხდა 2020 წლის კოვიდ-პანდემიის გამო, გაგრძელება კი ახლახან გახდა შესაძლებელი.

 

✔სამუშაოებს პატრონაჟობს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგარზრდობის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

 

✔ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ბატონ როლანდ ისაკაძის განმარტებით, არქეოლოგიური სამუშაოების ძირითადი მიზანი არის, ქუთაისის იუნესკოში ნომინაციისთვის ისტორიული მასალებით საფუძვლების შემზადება და გამყარება. შუასაუკუნეების ქუთაისი მეცნიერთა კვლევის საგანი არაერთგზის გამხდარა, ამიტომ, თემა შედარებით უკეთ არის შესწავლილი, რასაც ვერ ვიტყვით შუა და გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებზე. შესაბამისად, ქუთაისის ტერიტორიაზე აღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოების მიზანს სწორედ შუა და გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების კვლევა და მათი შესწავლა წარმოადგენს.

 

✔ამ დროისათვის ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, დათეშიძის გორასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირებულია გალავნითა და 6 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიღრმის თავდაცვითი თხრილით დაცული ნამოსახლარის ნაშთები. თავდაცვითი თხრილის ფსკერში ამოღებული პალეობოტანიკური ნაშთები ძვ. წ. აღ. 14 საუკუნის შუახანებით თარიღდება. ძვ.წ.აღ. 10-9 საუკუნეების მიჯნაზე, თავდაცვითი თხრილი პირვანდელ დანიშნულებას კარგავს, ამოვსებული და გაუქმებულია, მასზე ცხოვრების კვალი ანტიკურ ხანამდე გრძელდება.

 

✔აღნიშნული კვლევა უდიდესი დატვირთვის მატარებელია, როგორც ქუთაისის, ისე ზოგადად ქვეყნის ისტორიული საგანძურის კვლევის საქმეში, რადგან აღმოჩენა მიუთითებს ქუთაისში არგონავტიკის პერიოდით დათარიღებული არტეფაქტების არსებობას, რაც აქამდე მეცნიერებისთვის ცნობილი და ფაქტებით გამყარებული არ ყოფილა.

 

✔პარალელურად, ქუთაისის ნაქალაქარზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად, რომელიც უფრო კონკრეტულად ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთ ნაწილის ტერიტორიაზე ხორციელედება, ხდება შესწავლა დაახლოებით 15-14 საუკუნეებით დათარიღებული შუა და 13-8 საუკუნეებით დათარიღებული გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების. რადგანაც გვიანბრინჯაოს ნამოსახლარების ზემოდან შუა, 8-14 საუკუნეების კულტურული ფენები დევს, ბოლო წუთებამდე ხდება სამეცნიერო წესების დაცვით ფენების ფიქსირება, აღება, რათა გასათხრელად მომზადდეს შუა და გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები.