Covid 19

როგორ გახდა ოქროს საწმისი „კოლხეთის სამეფოს“ საგანძური?

 

         ძველი ბერძნული მითი არგონავტებისა და ოქროს საწმისის შესახებ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: თქმულება ფრიქსესა და ჰელეს შესახებ და თქმულება იაზონისა და მედეას შესახებ.

         ფრიქსე და ჰელე იყვნენ ღრუბლების ქალღმერთის ნეფელის და ქალაქ ოქრომენის მეფის ათამანტეს შვილები. მეფე მეორედ დაქორწინდა თებეს მეფის შვილ ინოსზე და როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება, დედინაცვალს სძულდა თავისი გერები და გადაწყვიტა მათი თავიდან მოშორება. ღრუბლების ქალღმერთმა ნეფელამ თავისი საყვარელი ქალ-ვაჟი სასახლიდან მოიტაცა ღმერთი ჰერმესის ნაჩუქარი ფრთებიანი ოქროსმატყლოვანი ვერძით და შორეული ქვეყნებისაკენ გაისტუმრა. როცა ვერძი ეგეოსის და პროპონტიდას (თანამედროვე მარმარილოს ზღვა) ზღვებს შორის მდებარე სრუტეს კვეთდა, ჰელე ზღვაში ჩავარდა და დაიღუპა. ამ სრუტეს მისი სახელი, ჰელესპონტი ანუ ჰელას ზღვა ეწოდა (თანამედროვე დასახელებაა დარდანელის სრუტე).

 

 

გრავიურა ვერცხლის სარკეზე.

ფრიქსე ცდილობს გადაარჩინოს ჰელე.

რომის მუზეუმი. ჩ.წ. აღრიცხვით 138-193 წწ.

 

         ვერძმა, რომელსაც ლაპარაკიც შეეძლო, ფრიქსე ანუგეშა და გზა განაგრძო. მან ფრიქსე შავი ზღვის მახლობლად მდებარე ქალაქ ეაში მიიყვანა, სადაც მეფობდა მზის ღმერთის, ჰელიოსის ვაჟი აიეტი („ეა“ ქუთაისის ძველი დასახელებაა, ხოლო „კოლხეთის სამეფოს“ ტერიტორია მოიცავდა თანამედროვე დასავლეთ საქართველოსაც). მეფე აიეტს ჰყავდა ორი ასული: მშვენიერი მედეა და ქალკიოპე და ვაჟი – აფსირტე. მან მეგობრულად მიიღო ახლადმოსული უცხოელი. აიეტს ისე მოეწონა ფრიქსე, რომ, ნიშნად თავისი კეთილგანწყობილებისა, თავისი ასული ქალკიოპე მიათხოვა. ფრიქსემ დედინაცვლის ვერაგობისაგან თავის დაღწევის აღსანიშნავად ვერძი მსხვერპლად შესწირა ლტოლვილთა მფარველ ზევსს, ოქროს საწმისი კი მადლიერების ნიშნად მეფე აიეტს უბოძა.

         აიეტმა სიძის ნაჩუქარი ოქროს საწმისი ღმერთ არესის საღვთო ჭალაში მუხის ხეზე ჩამოკიდა და ფხიზელ დარაჯად საშინელი გველეშაპი მიუჩინა. ოქროს საწმისი, როგორც ფასდაუდებელი ძვირფასი განძი, ყველა ქვეყნის ყურადღებას იპყრობდა. ყველა ქვეყნის საუკეთესო გმირები ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ, რომ, მეფე აიეტისთვის ოქროს საწმისი მოეტაცნათ, მაგრამ მათი ცდა ყოველთვის უნაყოფოდ სრულდებოდა. გველეშაპი დღედაღამ ფხიზლად დარაჯობდა ოქროს საწმისს. 

 


 

არგონავტები

 

         ბერძნულ მითოლოგიაში არგონავტები ქვეყანა „ეასკენ“ (კოლხეთისკენ) მცურავი გემი „არგოს“ ეკიპაჟის წევრები არიან. მათი წინამძღოლი იყო იასონი, იოლკოსის მეფე ესონის შვილი. ესონს ჰყავდა ნახევარძმა, პელიასი, რომელმაც ტახტი მზაკვრულად დაისაკუთრა. შვილის გადასარჩენად ესონმა მისი გარდაცვალების ამბავი შეთხზა, სინამდვილეში კი კენტავრ ქირონს მიაბარა აღსაზრდელად. ოცი წლის იასონი თანატოლებისგან გამოირჩეოდა ახოვანებით, ძლიერებით და გამბედაობით. მან განიზრახა სამართლიანობის აღდგენა და დღესასწაულზე მეფე პელიასს ტახტის დაბრუნება მოსთხოვა. პელიემ ვერ მოკლა ძმიშვილი, რადგან ღმერთების განრისხების შეეშინდა. მეფე შეპირდა იასონს ტახტს, ოქროს საწმისის კოლხეთის სამეფოდან ჩამოტანის სანაცვლოდ. ოქროსმატყლიანი ვერძის ტყავს კოლხეთში გველეშაპი იცავდა და მისი მოპოვება შეუძლებელი იყო. იასონი საგმირო საქმეებისთვის აღზარდა ქირონმა, ამიტომაც მან მშვიდად მიიღო ეს დავალება.

         დელფოსელმა წინასწარმეტყველმა იასონს ურჩია დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყო. სახელოვანმა გმირმა არგოსმა ააგო ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდი და თავისი სახელის მიხედვით „არგო“ უწოდა, ხოლო ჰერამ ფესალიელი მებრძოლები დაარწმუნა „არგოს“ ეკიპაჟს შეერთებოდნენ.

 

 

ათენა და არგოს მშენებლები.

1 საუკუნე ჩვენი წელთაღრიცხვით, ბრიტანეთის მუზეუმი.

       

      არგონავტებს შორის იყვნენ პოეტი ორფეუსი და გმირი ჰერაკლე. მათ გადაცურეს ჯადოსნობებით სავსე ზღვა, ეწვივნენ გასაოცარ მიწებს, გადალახეს უამრავი დაბრკოლება და მივიდნენ კოლხეთში, სადაც ჰელიოსის ვაჟიშვილმა, მეფე აიეტმა ისინი თავაზიანად მიიღო.

         ძვირფასი განძის დათმობა არ უნდოდა აიეტს, ამიტომ, თვალთმაქცურად დათანხმდა მათ ოქროს საწმისის გადაცემაზე. იასონს ამისთვის ევალებოდა შეესრულებინა ისეთი დავალება, რომელიც მისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა _ გმირს უნდა შეება უღელში ორი სპილენძისფეხებიანი ცეცხლისმფრქვეველი ხარი, მოეხნა მინდორი და დაეთესა ჯადოსნური გველეშაპის კბილები, მათგან აღმოცენებული ძლიერი მეომრები კი უნდა დაემარცხებინა. ბოლოს კი უნდა შებრძოლებოდა დრაკონს, რომელიც ოქროს საწმისს იცავდა.

         ჰერამ და ათენამ იასონის დასახმარებლად სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს მიმართეს. აფროდიტემ აიეტის ასულ მედეას იასონი შეაყვარა. მედეას დახმარებით იასონმა შეასრულა მეფის ყველა დავალება და მოიპარა ოქროს საწმისი. არგონავტებმა საჩქაროდ დატოვეს კოლხეთი ნადავლთან და მედეასთან ერთად. იასონი მედეას შეპირდა რომ ფესალიაში დაბრუნებისთანავე ცოლად მოიყვანდა.

 

იასონი მარადიული სიყვარულის ფიცს დებს

1742-43, ჟან ფრანსუა დე ტროი

 

         აიეტმა გაქცეულებს ფლოტი დაადევნა, მაგრამ, მედეამ თავისი მცირეწლოვანი ძმა აფსირტოსი მოკლა და მისი დანაწევრებული ცხედარი ზღვაში გადააგდო. დამწუხრებულმა აიეტმა შეწყვიტა დევნა და შვილის გვამის სათანადოდ დასაკრძალად მისი ნაწილების შეგროვება დაიწყო. ზევსი განარისხა ასეთმა საქციელმა და ჰელიოსის ქალიშვილ გრძნეულ კირკესთან გაგზავნა ისინი ცოდვებისგან განსაწმენდად. ჯადოქარ კირკასგან წამოსულ გმირებს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ, გადაურჩნენ სირინოზებს, მშვიდობიანად გაიარეს ვიწრო სრუტე მონსტრებს - სკილას და ხარინბას შორის, იპოვეს ტრიტონის ტბის გამოსასვლელი, სპილენძის გოლიათი ტილოსი დაამარცხეს და დაბრუნდნენ იოლკოსში.

 

 Copyright © 2016 DIMITRIS M. STEFANIDIS, SIGMA PUBLICATIONS

       

         არგონავტები დაუბრუნდნენ სახლებს. იასონმა ოქროს საწმისი მიუტანა პელიასს, რომელსაც იასონის მოგზაურობის დროს მისი ძმა და მამა მოეკლა. მედეამ და იასონმა შური იძიეს პელიასზე, მაგრამ, იასონმა ტახტის დაბრუნება მაინც ვერ შეძლო. პელიასის ძემ მედეა და იასონი ქალაქიდან გააძევა. ისინი კორინთოს მეფე კრეონმა შეიფარა, სადაც ცხოვრობდნენ ათი წელი ბედნიერად, მაგრამ შემდეგ იასონმა გადაწყვიტა კრეონის ასულის ცოლად შერთვა, რის გამოც ის მედეამ სასტიკად დასაჯა _ მოუკლა საცოლე და დახოცა საკუთარი შვილები. ერთი ვერსიით იასონმა ვერ გაუძლო ამდენ უბედურებას და თავი მოიკლა, ხოლო მეორე ვერსიით იასონმა ღალატის გამო დაკარგა ჰერას მფარველობა და მოკვდა უბედური, მარტოობაში. ის მაშინ დაიღუპა, როდესაც დასასვენებლად დრო_ჟამისგან უკვე შელახული „არგოს“ ჩრდილში წამოწვა. ამ დროს ხომალდი სიძველისგან ნაწილებად დაიშალა და ნამსხვრევებში მოიყოლა გმირი.

         ოქროს საწმისი კი ცაზე სიმბოლურად ასახულია ვერძის თანავარსკვლავედით.