გეგუთის სასახლე გეგუთის სასახელე, ერთადერთი შემორჩენილი სამეფო სასახლე ფეოდალური ხანიდან. თარიღდება მე-12 საუკუნით, თუმცა ნაგებობაში შემორჩენილი ფენები ინახავენ მე-5 - მე-6 საუკუნის ფრაგმენტებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ნაგებობიდან დარჩენილია ძალიან მცირე ნაწილი, მეცნიერებმა შეძლეს სასახლის ორიგინალური იერსახის აღდგენა. ის იყო კვადრატული ფორმის სასახლე, რომელიც 21 ოთახისაგან შედგებოდა. საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ სასახლე აღჭურვილი იყო აბაზანებით და წყლის გამყვანი სისტემით. სასახლე წარმოადგენდა ზამთრის რეზიდენციას, გარშემორტყმული იყო მუხნარი ტყით, სადაც ისვენებდნენ და ნადირობდნენ ქართველი მეფეები.
კურორტი წყალტუბო კურორტი წყალტუბო მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, იმერეთის რეგიონში, ქუთაისიდან 9 კილომეტრის დაშორებით. ქალაქის უნიკალური ღირსშესანიშნაობაა მისი არქიტექტურა, რომელიც წარმოადგენს საბჭოთა, სტალინური ამპირის სტილში გადაწყვეტილ შენობებს, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ საჭიროებს აღდგენას, თუმცა სწორედ ეს ობიექტები იზიდავენ ინდუსტრიული ტურიზმის მოყვარულებს. წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში და დღესაც განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. წყაროები სამკურნალო თვისებებით შეუდარებელია. მინერალური წყალი გამოირჩევა საკმაოდ მდგრადი ფიზიკო-ქიმიური თვისებებით და განეკუთვნება სუსტად რადონულ ქლორიდულ - მაგნიუმიან წყლებს. წყლის ტემპერატურა 33-35 გრადუსია, რბილი, კამკამა და უსუნოა. კურნავს შემდეგ დაავადებებს: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიურ დააავადებებს, რევმატიზმს, პოლიომიელიტს და ცერებრალურ დამბლას. წყლები რეკომენდირებულია, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვისაც (3 წლიდან ზემოთ). სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრები მდებარეობს ქალაქის შუაგულში გაშენებული ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (78ჰა), საიდანაც ხდება აბანოების მიწისქვეშა მინერალური წყლით მომარაგება. პარკში გაშენებული მრავალწლიანი და იშვიათი ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები, მარადმწვანე დეკორაციული მცენარეები და ყვავილნარი ქმნის ქალაქში სასიამონვო კლიმატს.
დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა გალერეა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ქართული მხატვრობისა და სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვან ნამუშევრებს ინახავს. დაფუძნდა 1976 წელს და მის ფონდში დღეს უკვე 3000–მდე ექსპონატი ინახება. საგამოფენო დარბაზის ექსპოზიციის ნახატებს შორის თქვენ ნახავთ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრების – ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ფელიქს ვარლას და ბევრი სხვა ადგილობრივი მხატვრის ნახატებს. დავით კაკაბაძე, რომლის სახელსაც ატარებს გალერეა, დაიბადა ქუთაისთან ახლოს, პატარა სოფელში. ქართველი ქველმოქმედის დახმარებით ის სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომელიც 1916 წელს დაამთავდა. თბილისში ხანმოკლე დაბრუნების შემდეგ კი საქართველოს მთავრობის დახმარებით ის პარიზში გაემგზავრა და იქ ცხოვრობდა 1919 – 1927 წლებში. მისი შემოქმედება მასშტაბურია. მისი ტილოები გვიჩვენებს მშობლიური იმერეთის კოხტა სოფლებსაც და მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი კუბისტური ნახატები, რომელთა ნაწილის ნახვა გალერეაში შესაძლებელია. დავით კაკაბაძის ინოვაციური ხედვები დღესაც კი აქტუალურია. მან შექმნა უსათვალო სტერეო-კინო აპარატის კონცეფცია, ასევე მუშაობდა მოდიფიცირებადი განათების იდეაზე, 3D გამოსახულებაზე და სხვა.
ქუთაისის ოპერის თეატრი შენობა ქალაქის ცენტრში, შემკული ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი ქანდაკებებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრია. ქუთაისს ქართულ საოპერო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უპირველესად იმიტომ, რომ ქართველი საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, მელიტონ ბალანჩივაძე (ცნობილი ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინის მამა) 1863 წელს ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელში დაიბადა და დაწყებითი განათლებაც ქუთაისში მიიღო. ოპერების „აბესალომ და ეთერი“, და „დაისი“ ავტორი, ზაქარია ფალიაშვილი ასევე დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ფელიქს ვარლამიშვილის ქუჩაზე დღესაც დგას სახლი, სადაც მან ბავშვობა გაატარა. ქუთაისის ოპერის თეატრის ადგილზე იმ დროისთვის არსებულ შენობაში ქუთაისის თეატრი დგამდა წარმოდგენებს. სხვადასხვა დროს შენობაში სხვადასხვა დაწესებულება ფუნქციონირებდა, თუმცა ყოველთვის მათი საქმიანობა მუსიკასთან იყო დაკავშირებული. 1969 წლის შემდეგ კი აქ ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის აშენდა ახალი შენობა, სადაც დღესაც იდგმება როგორც საერთაშორისო დონეზე ცნობილი საოპერო წარმოდგენები „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ჯამბაზები“ და სხვა, ასევე ქართული ნაწარმოებები: „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“ და კიდევ ბევრი. ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2010 წელს შესრულდა და მისი საზეიმო გახსნა 2010 წლის 29 დეკემბერს შედგა.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საინტერესო ცნობებს რეგიონისა და ქალაქის წარსულის შესახებ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მიიღებთ. აქ დაცულია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის არტეფაქტები. ნახავთ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით. საბჭოთა ოკუპაციის და ეკლესია-მონასტრების დახურვის შემდეგ იმერეთის და ახლომდებარე მხარეების ტაძრების ხატები და სიწმინდეები ამ მუზეუმში იქნა შემონახული. შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძველესი ტიხრული მინანქრის ნიმუშები, მათი მორთულობა და ჭედურობა.
პრომეთეს მღვიმე ყველაზე დიდი კარსტრული მღვიმე საქართველოში. მდებარეობს ქუთაისიდან 20 კილომეტრში, ბალნეოლოგიური კურორტის, წყალტუბოს მახლობლად. მღვიმის მნახველებს ეძლევათ უნიკალური საშუალება აღმოჩნდნენ მიწისქვეშა სამყაროს საუფლოში. მილიონობით წლის განმავლობაში შექმნილი სტალაგტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, გაქვავებული ჩანჩქერები ქმნიან განუმეორებელ სილუეტებს და ჯადოსნურ ატმოსფეროს. 1060 კილომეტრინი მარშრუტი გადის ბუნების მიერ შექმნილ უზარმაზარ პავილიონებზე, გვერდს უვლის მიწისქვეშა მდინარეებს, ტბასაც კი. სურვილის შემთხვევაში სტუმრებს შეუძლიათ მარშრუტის ნაწილი ნავით დაძლიონ. მღვიმის მუდმივი ტემპერატურა 14 გრადუსია.
ქუთაისის სინაგოგა ებრაელთა ისტორია საქართველოში ითვლის არა საუკუნეებს, არამედ ათასწლეულებს, ხოლო, მათი ქუთაისში დასახლების შესახებ პირველი ოფიციალური ცნობები მოგვეპოვება 1644 წლიდან. ებრაული უბანი დღემდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია. მის ტერიტორიაზე განლაგებულია სამი სინაგოგა. ყველაზე დიდი ( საქართველოში სიდიდით მეორე ) სინაგოგა 1853 წელსაა აშენებული. ხოლო მეორე, რომელიც 1912 წლით თარიღდება, გარშემორტყმულია დამხმარე ნაგებობებით. აქ ისწავლებოდა ივრითი, ატარებდნენ სხვადასხვაგვარ იუდეურ რიტუალს. აქვე იყო საცხობი, სადაც ცხვებოდა „მაცა“ ( პასექის პური). ქუთაისელმა ებრაელებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქის განვითარებაში. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საბჭოტა ებრაელების ისრაელში რეპატრიაციის დროს ადგილობრივი თემის ძირითადმა ნაწილმა დატოვა ქალაქი. 2014 წელს მთავარი სინაგოგის შესასვლელში დაიდგა ბორის გაპონოვის, „ვეფხისტყაოსნის“ ივრითზე მთარგმნელის, ძეგლი.
მწვანეყვავილას ეკლესია რიონის მარცხენა სანაპიროზე, ისტორიულ ებრაულ უბანს გადაჰყურებს მწვანეყვავილას ეკლესია, რომელიც მე-17 საუკუნეშია აშენებული. უფრო ძველი, 1013 წელს აგებული ბაზილიკური ეკლესიის მხოლოდ ნანგრევები არის შემორჩენილი. აქვეა იგივე პერიოდის თავდაცვითი დანიშნულების ნაგებობა _ ციხე-კოშკი. ეკლესიის მიმდებარე ტერიოტრიაზე 1956 წელს დაარსდა მწერალთა და საზოგაო მოღვაწეთა პანთეონი. აქ განისვენებენ: იოსებ ოცხელი პირველი ქართული გიმნაზიის დამაარსებელი დასავლეთ საქართველოში, მელიტონ ბალანჩივაძე ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, ცნობილი ამერიკელი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის მამა. მწვანეყვავილას მაღლობიდან იშლება ულამაზესი პანორამა ქალაქსა და მის შემოგარენზე.
გელათი გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. მისი მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მეფემ - დავით მე-4 აღმაშენებელმა. მშენებლობა 1106 წლიდან 1125 წლამდე მიმდინარეობდა. გაფორმება და საბოლოო სახის მიცემა 1130 წლისთვის მოხდა. კომპლექსის მთავარი ღირშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელმაც პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე. ტაძრის გუმბათის მხატვრობა 12-ე საუკუნისაა. აღსანიშნავია საკურთხეველში ღვთისმშობლის და მთავარანგელოზების მოზაიკური კომპოზიცია, რომელიც 1125-1130 წლებით თარიღდება. მონასტრის კედლების ფრესკული მოხატულობა განახლებულია მე-16, მე-18 სს_ში, თუმცა დასავლეთ სტოაში მე-12 საუკუნის ფრესკაც არის დაცული. კომპლექსის შემადგენლობაში შედის საერო დანიშნულების, კულტურულ-საგანმანათლებლო ძეგლი - გელათის აკადემია. თანამედროვეებში ის მოიხსენიებოდა “მეორე იერუსალიმად” და “სხუად ათინად”. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსები. გელათის აკადემიამ დაგვიტოვა ფასდაუდებელი კულტურულ-მეცნიერული მემკვიდრეობა ხელნაწერი წიგნების სახით, რომლებიც ახლა დაცულია ქუთაისის მუზეუმში.
მოწამეთის მონასტერი მდინარე წყალწითელას ხეობაში,იმერეთის ხავერდოვან მთებში, ჩაფლულია ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი - მოწამეთას მონასტერი. „მოწამეების ადგილი“, „მოწამეების კუთვნილი“ - ამ მნიშვნელობას ატარებს მონასტრის სახელწოდება, რომლის აღქმა და წარმოთქმა ხშირად რთულია უცხოელი სტუმრებისთვის. XIII საუკუნეში, საქართველოში, ხალიფა მურვან ყრუს შემოსევის დროს, არაბებმა არგვეთის ერისთავები დავითი და კონსტანტინე აწამეს და მათი ცხედრები მდინარე წყალწითელაში ჩაყარეს. მდინარემ გამორიყა მოწამეების ნეშტი ზუსტად იმ ადგილას, სადაც დღეს მონასტერი მდებარეობს. დავითი და კონსტანტინე არაბების მიერ დანგრეულ ხარების ეკლესიაში დაკრძალეს. ეკლესია მოგვიანებით აღადგინეს და მას წმინდანად შერაცხული ძმების მხეიძეების სახელობა მიანიჭეს.
თეთრი ხიდი ქუთაისი ხიდების ქალაქია, და თითქმის ყველა მათგანი ისტორიული მნიშვნელობისაა. თეთრი ხიდი ქალაქის ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. იგი 1850 წელს აშენდა, სამხედრო ინჟინერის ვიტეს მიერ. პირველი რეკონსტრუქციის მერე 1860 წელს ხიდის მოაჯირი თეთრად შეღებეს,რამაც განაპირობა ხიდის სახელწოდება. თეთრი ქვები ხიდის ქვეშ, აჟურული, გამჭვირვალე მოაჯირი, ხედი ძველ ქალაქზე _ სწორედ ამ კომპოზიციის ერთიანობა ქმნის განუმეორებელ ჰაეროვნების განცდას, რაც ასე იზიდავს, როგორც ქუთაისელებს, ასევე ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს. თეთრ ხიდზე, „პიკასოს ბიჭის“ სკულტპტურასთან გადაღებული ფოტო არის ქალაქის სამახსოვროდ დასატოვებელი აუცილებელი „სუვენირი“.
ოქროს ჩარდახი ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ქუთაისში შუა საუკუნეებში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული იყო სამეფო რეზიდენცია. მოგზაურების ჩანაწერების მიხედვით ეს იყო სხვადასხვა ნაგებობებისაგან შემდგარი კომპლექსი. საუბარია თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეისათვის სხვადასხვა დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია მხოლოდ ერთი, ორსართულიანი შენობა, იმერელ მეფეთა მისაღები დარბაზი, რომელსაც „ოქროს ჩარდახს“ ეძახიან. მე-19 საუკუნეში „სასახლე“ საგრძნობლად გადაკეთდა, თუმცა მასში დღემდეა შენარჩუნებული მე-17 საუკუნით დათარიღებული ფრაგმენტები, ამიტომაც ის საინტერესოა, როგორც შუა საუკუნეების ქართული საერო ხუროთმოძღვრების იშვიათი ნიმუში. სასახლის ეზოში დგას 800 წლიანი ჭადრის ხე, რომელიც ასევე მე-17 საუკუნის უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებშია მოხსენიებული.
ქალაქის ცენტრალური ბაღი ქუთაისის ცენტრალური ბაღი , ოდესღაც იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ასულს დარეჯანს ეკუთვნოდა. ეს ბაღი მას მზითვად გადაეცა მაშინ, როცა ის ცოლად ქაიხოსრო აბაშიძეს გაყვა. იმერეთის პრინცესის მფლობელობაში ბაღი 1820 წლამდე იმყოფებოდა. მას შემდეგ მან უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა,თუმცა ყოველთვის და დღემდე რჩება ქუთაისელების თავმოყრის უსაყვარლეს ადგილად. მე-19 საუკუნეში მას რატომღაც ბულვარს ეძახდნენ. აქ უნიშნავდნენ ერთმანეთს პაემნებს შეყვარებული გიმნაზისტები, იკრიბებოდნენ პოეტები, რევოლუციონერები, ირჩეოდა ქვეყნის ბედი და რაც მთავარია, მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. თანამედროვე ბაღის ტერიტორიაზე აღმართულია პოეტ აკაკი წერეთლის ძეგლი, ასევე კომპოზიტორ ზ. ფალიაშვილისა და ცნობილი ქართული სიმღერების შემსრულებლების დები იშხნელების ქანდაკებები.
ბოტანიკური ბაღი ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, რომლის დაარსება 1840 წლით თარიღდება, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კარგი იქნება თუ ამ მანძილს ფეხით გაივლით და ისტორიული ჯაჭვის ხიდიდან გაყვებით რიონის სანაპიროს, რომლის მეორე მხარეს დაინახავთ ქუთაისის ღირშესანიშნაობებს, ქუთაისის ისტორიულ კათოლიკურ კვარტალს, მათ ძველ ტაძარს და მწვანეყვავილას ეკლესიას. ბაღის ფლორა წარმოდგენილია სუბტროპიკული ხეებითა და ბუჩქებით, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყვავილოვანი მცენარით. ბაღში სეირნობისას ხეებზე ციყვებსაც შენიშნავთ. ბოტანიკური ბაღის ცენტრში, 400 წლის მუხის ხის ფუღუროში, ნახავთ პატარა სამლოცველოს, რომელიც ერთ ან ორ ადამიანს თუ იტევს.

სათაფლიის ნაკრძალი

უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დინოზავრების ნაკვალევი, პრეისტორიული კარსტული მღვიმე და მინის ხიდიდან დაათვალიეროთ იმერეთის პანორამული ხედები.

ბაგრატის ტაძარი

საქართველოს სამი ყველაზე დიდი კათედრალიდან ერთ–ერთი. აგებულია 1003 წელს და მას შემდეგ ბევრჯერ დაზიანდა მტრების შემოსევების გამო. ბოლოს მისი აღდგენა 2012 წელს განხორციელდა.

თეთრი ხიდი

თეთრი ხიდი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. იგი 1850 წელს აშენდა და ქალაქის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა.

კოლხური შადრევანი

ქალაქის შუაგულში მდებარე შადრევანი ლამაზი ფიგურებით არის მორთული. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ, ეს ფიგურები უძველესი არტეფაქტების ასლებია.

დრამატული თეატრი

ქუთაისის თეატრი განსაკუთრებულია ისტორიით და შენობის არქიტექტურით. მდებარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე.

ბაგრატის ტაძარი

საქართველოს სამი ყველაზე დიდი კათედრალიდან ერთ–ერთი. აგებულია 1003 წელს და მას შემდეგ ბევრჯერ დაზიანდა მტრების შემოსევების გამო. ბოლოს მისი აღდგენა 2012 წელს განხორციელდა.

თეთრი ხიდი

თეთრი ხიდი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. იგი 1850 წელს აშენდა და ქალაქის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა.

სათაფლიის ნაკრძალი

უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დინოზავრების ნაკვალევი, პრეისტორიული კარსტული მღვიმე და მინის ხიდიდან დაათვალიეროთ იმერეთის პანორამული ხედები.